დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფრანკფურტიდან - ბჟოლებამდე
2010/09/13 14:08:13

ეს ფრაგმენტებია ვრცელი საუბრიდან, რომელიც ჩვენსა და ქალაქ ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველ ენათმეცნიერ ზაქარია ფურცხვანიძეს შორის გაიმართა. ზაფხულის არდადეგებზე მშობლიურ ქალაქში ჩამოსული პროფესორი საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა.

- რამდენად ტოლერანტულები არიან გერმანელები უცხოელი მოქალაქეების მიმართ?

- უცხოელებთან დაკავშირებული დისკუსია გერმანიაში, უწინარესად, რელიგიაზე დაიყვანება და გამოიხატება მარტივი და რეალობისაგან მოშორებული ფორმულით: „ისლამი ვერსუს ქრისტიანობა“. ამ დისკუსიამ გერმანიაში ბოლო წლებში ისტერიული ფორმები მიიღო. ისლამიზმის კრიტიკოსები მაჰმადიანობაში ხედავენ ფუნდამენტურ საშიშროებას დასავლური ღირებულებებისათვის და აღიქმება, როგორც არარეფორმირებადი და აბსოლუტისტური. მათ, ვინც ამ პოზიციას არ იზიარებს, განიხილავენ, როგორც დასავლური ცივილიზაციის იდეალების მოღალატეს. ამ დისკუსიაში არ არსებობს რაციონალური შუალედი, არამედ - მხოლოდ კეთილი ან ბოროტი.

გერმანული საზოგადოების ერთი ნაწილი უნდობლად უყურებს ემიგრანტებს იმ ქვეყნებიდან, სადაც ქვით ჰქოლავენ ადამიანებს, ანდა საიდანაც არაადექვატურად რეაგირებენ, მაგალითად, მუჰამედის კარიკატურებზე. ამგვარი ფაქტების მიმართ თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად გერმანიის ჟურნალისტთა კავშირი მთავარ წლიურ პრემიას გადასცემს კარიკატურების ავტორს კურტ ვესტერგაარდს.

განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიაში, სადაც მერკელის პარტიას ბევრი ნეო-ნაციონალისტია შეკედლებული, გაისმის სლოგანი: „ყველაფერში ისლამია დამნაშავე“ (ისლამისტების სლოგანის საპირისპიროდ: „ისლამშია ხსნა“).

- გერმანიაში - ევროპის უძველეს ქვეყანაში - როგორ უყურებენ ლიბერალიზმს?

- ყველა საზოგადოებას, ლიბერალურობის ხარისხისდა მიუხედავად, მაინც გააჩნია რაღაც ტაბუ. გერმანულ საზოგადოებაში ეს ტაბუ გახლავთ რასიზმნარევი ნაციონალიზმი - არცთუ ისე შორი წარსულის გამო.

ბევრის სწავლა შეუძლია ქართულ საზოგადოებას გერმანული კრიტიკული ისტორიული დისკურსის მაგალითზე, რომელიც ტაბუს მსხვრევის ნიმუშია.

- მაგალითად?

- საკონცენტრაციო ბანაკების გათავისუფლების შემდეგ დასავლური ალიანსის ავტორიტეტებმა რეალურად აიძულეს გერმანული ცივილური მოსახლეობა, კოლექტიური ექსკურსიები მოეწყოთ საკონცენტრაციო ბანაკებში და საკუთარი თვალით ენახათ ნაციონალ-სოციალისტების მიერ ჩადენილი საშინელება.

განახლებული გერმანული საზოგადოების სახელმწიფო სტრატეგიად იქცა „კოლექტიური სინდისის ქენჯნის“ კრიტიკული დისკუსიის ჩამოყალიბება. ამ მრავალწლიანი და ტიპური გერმანული უფსკერო სიღრმით წარმოებული დისკუსიის შედეგად გერმანულმა საზოგადოებამ აღმოაჩინა ერთი დამნაშავე: არა პარიზის პაქტი, არა ნაციონალ-სოციალისტური პარტია, არა ადოლფ ჰიტლერი, არამედ - საკუთარი თავი!  რომელმაც დაუშვა ფაქტი: ნაციონალ-სოციალიზმი; ფაქტი - ადოლფ ჰიტლერი. ხშირი კითხვის საგანია, თუ როგორ მოახერხა მიწასთან გასწორებულმა საზოგადოებამ 25 წლის თავზე ევროპის ლოკომოტივად გადაქცევა? ეკონომიკური სტრუქტურების გაახლებისა და პოლიტიკური დისციპლინის თავიდან დაფუძნებისას გერმანელებმა გამოავლინეს საოცარი სიმსუბუქე. ეს „სიმსუბუქე“ უფრო უპირატესად ასახსნელი მგონია, ვიდრე - საფინანსო-ინდუსტრიული საფეხურების ანალიზი. კრიტიკული დისკურსის შედეგად გერმანულმა კულტურულმა მახსოვრობამ ჩამოაყალიბა საზოგადოებაში მაქსიმალურად იდენტიფიცირებადი ჭეშმარიტება, რომელსაც თვალი გაუსწორა საზოგადოების უმრავლესმა ჯგუფმა. ამ პროცესში მან კი არ ჩამოიხსნა ისტორიული დანაშაულის „ტვირთი“, არამედ - საოცარი სიზუსტით „აწონა“ ეს ტვირთი! იმ ფაქტით, რომ ეს ისტორიული ტვირთი საზოგადოებამ აღიარა, მოხდა მისი პროექცია მთელს საზოგადოებაზე და ამით, მისი თანაბარი გადანაწილება! განაწილებული „ტვირთი“ კი გაცილებით ადვილი სატარებელია.

- გაგვაჩნია ქართველებს კრიტიკული ისტორიული დისკურსი?

- ქართული საზოგადოებრივი განვითარების სიმძიმე, მოუქნელობა, არათანმიმდევრულობა კაუზალურ  მიმართებაშია სწორედ კრიტიკული ისტორიული დისკურსის არარსებობასთან. ეს არის ფაქტი, რომელსაც ჩვენი საზოგადოება უშვებს, რომელსაც ჩვენი საზოგადოება არ კრძალავს: უნარებ-დეფიციტური მთავრობა, ნდობა-დეფიციტური ოპოზიცია, სამოქალაქო-მორალ-დეფიციტური ინტელიგენცია, ფაქტები, რომლებსაც უშვებს ქართული საზოგადოება და რომლებსაც არ კრძალავს ქართული საზოგადოება. დროდადრო ქართულ სინამდვილეშიც ხდება კრიტიკული ისტორიული მახსოვრობის კონტურების გამოკვეთა. ხან ძალუმად - „თერგდალეულები“, ხან სუსტად - „მამარდაშვილი“, ხან ინსტიტუციონალურად - „ილიას უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“.

გერმანულმა საზოგადოებამ კრიტიკული ისტორიული და სოციალური დებატების შედეგად მიიღო ოპტიმალური მოდელი, სადაც შესაძლებელი გახდა პირველი თურქი წარმომავლობის გერმანელის ფედერალურ მინისტრად არჩევა ქვემო საქსონიაში, სადაც თვით ბუნდესპრეზიდენტი მიმართავს ყველაზე მრავალრიცხოვან არაგერმანულ თემს: „თქვენ გერმანიის ნაწილი ხართ, მაგრამ თქვენც უნდა დაატანოთ მეტი ძალა თავს.“ ასე რომ ყველა, ვინც საქართველოსთვის „თავს ძალას ატანს“, საქართველოს ნაწილია.

- თქვენი ვაჟის მაგალითზე - როგორ მიმდინარეობს გერმანიაში ახალგაზრდა მიგრანტების სულიერი და ინტელექტუალური ფორმირების პროცესი?

- თაობათა განსხვავებისათვის შემოღებულია საკმაოდ გამჭვირვალე ცნებები - „დიგიტალური ემიგრანტები“ ვერსუს „დიგიტალური ავტოქტონები“. დიგიტალური ემიგრანტების თაობას ვეკუთვნით მე და ყველა ის ადამიანი, რომელიც სამყაროს იცნობდა ინტერნეტის ანუ world wide web-ის გარეშე. ჩვენი თაობის ემიგრირება ინტერნეტიან მსოფლიოში ერთჯერადი და გვერდითი ეფექტია ამ ტექნოლოგიური რევოლუციისა. ახალი თაობა, რომელიც სამ-ყაროს ინტერნეტის გარეშე არ იცნობს, ანუ დაიბადა ამგვარ მსოფლიოში, თავს მშობლიურად გრძნობს. ისინი აღარ თამაშობენ მგელობანას და ლახტს, არამედ მართავენ ციფრულ პულტებს და სიმულირებენ რეალურთან მიახლოებულ გალაქტიკურ ფრენას. ეს თაობა დღეს უკვე უნივერსიტეტის მერხებთან ზის და მისი სასწავლო ქცევა განსხვავებულია ტრადიციულისაგან. ბევრი გამოკვლევა აჩვენებს, რომ მათი აღქმის ფოკუსი „ფურცლიდან“ გადადის „თხევად კრისტალებიან“ მონიტორზე. ამიტომ რთულია ამ თაობის მიზიდვა ბიბლიოთეკაში გაყვითლებული ფურცლების წასაკითხად, ისინი „ითხოვენ“ ვირტუალურ ბიბლიოთეკებს, ვირტუალურ აუდიტორიებს. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ გერმანული ახალი თაობა გაცილებით ინდივიდუალური და, კარგი გაგებით, პრეტენზიულია, ვიდრე მათი ქართველი თანატოლები. 

გიორგი 15 წლისაა და ქუთაისში ქართული დაწყებითი სკოლის გავლის შემდეგ წმინდა ურსულას გიმნაზიაში, ქალაქ ჰანოვერში სწავლობს. ურსულინებს აკადემიურობის ძველი ტრადიცია გააჩნიათ და დიდ როლს ანიჭებენ ჰუმანისტურ განათლებას. მე ვერ ვიტ-ყვი, რომ გიორგი მისი (დიგიტალური) თაობის ტიპური წარმომადგენელია. იგი უსმენს Ska Punk-ს, ისევე როგორც ბევრი მისი თანატოლი გერმანიაში, სრიალებს skate board-ზე და სურს, რომ ოდესმე ვუდი ალენის ყველა ფილმი ნახოს. მისალმების დროს ხელის ჩამორთმევის პროცედურას ყველა ჯგუფი თავისი საკუთარი პერფორმანსით ასრულებს და ტანსაცმლის ზოგიერთი ატრიბუტით საკუთარი ჯგუფის იდენტიფიკაციას ახდენს.

მე ვცდილობ, ბევრი არ ვილაპარაკო მასზე, რადგან ეს თემა მასთან არ შემითანხმებია - ესეც ახალი თაობის მახასიათებელია: მათ გააჩნიათ უფლებები, რომელთა დაცვას საზოგადოება და სახელმწიფო მშობლების წინაშეც კი კისრულობს. მეც არ მინდა დავარღვიო გიორგის უფლებები პირად ინფორმაციაზე და მის გარეშე ამის შესახებ ვისაუბრო.

- რაც შეეხება სტუდენტებს? საერთოდ, რა არის დამახასიათებელი გერმანელი სტუდენტი ახალგაზრდობისათვის?

- ჩემი გადასახედიდან ვგრძნობ სოციალური დისონანსის გავლენას ახალგაზრდებზე, მათ ოჯახებზე და განათლების დონეზე. როგორც წესი, ტენდენციურად, 20 წლამდე ასაკში შვილის გაჩენა დაბალი სოციალური ფენის ინდიკატორად მოიაზრება და განათლების მისაღებად სწრაფვა აქ ნაკლებ მოსალოდნელია. უმრავლესი გერმანელი აბიტურიენტებისა უმაღლესი განათლების მიღებას უხამებს სურვილს მოშორდეს ოჯახს და ისწავლოს საკუთარი უნარებით თავის გატანა. ამის გამო ისინი ირჩევენ უნივერსიტეტებს ასეული კილომეტრით შორს სახლიდან, ანდა სულაც საზღვარგარეთ.

პოლიტიკურად და მსოფლმხედველობრივად გერმანელი სტუდენტობა საზოგადოების მთელ სპექტრს ასახავს. მე განსაკუთრებული ინტერესით ვადევნებ თვალს მათ კრიტიკულ, ანალიტიკურ აზროვნებას, რომლის წიაღშიც გამოიცდებიან მოხუცი ავტორიტეტები. ეს დაკვირვება ძალიან იმედისმომცემია ბევრი გერმანელისათვის.

რამდენიმე კვირის წინ ფრანკფურტში რამდენიმე დღით ჩემი მეგობრის შვილი, 20 წლის ზურა წიტაიშვილი მსტუმრობდა. საშუალება მქონდა, Live-ში შემედარებინა ორი ქვეყნის ერთი თაობის სხვადასხვა ტიპაჟი. ძალიან მეამაყება იმის დასკვნა, რომ პიროვნული სიმწიფის, მიზანსწრაფულობისა და ღირსების იშვიათი შეგრძნების თვისებებით ჩემი მეგობრის შვილი გაცილებით შორს იყო თავის გერმანელ თანატოლებთან შედარებით. ჩემი ეს დაკვირვება უკვე ჩვენი ქვეყნისთვისაა, ალბათ, იმედისმომცემი.

- ფრანკფურტის ხსენებაზე, წესით, წიგნი და წიგნის ბაზრობები უნდა გაგვახსენდეს...

- რა თქმა უნდა!

ფრანკფურტის კულტურული ცხოვრების მეგა-მოვლენათა რიცხვს მიეკუთვნება „ფრანკფურტის წიგნის გამოფენა-ბაზარი“. ორი წლის წინ ამ გამოფენაზე, ქართველ მწერლებთან შეხვედრისას ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორს მანანა თანდაშვილს დაებადა ლიტერატურული სალონის შექმნის იდეა. დღეს ეს სალონი, „ევტერპეს“ სახელით, ფრანკფურტის ლიტერატურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ბევრმა ქართველმა მწერალმა წაიკითხა ამ სალონში გერმანულად ნათარგმნი საკუთარი ტექსტები და მოისმინა გერმანელი მკითხველის აზრი. მე მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლი: ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი, დათო ტურაშვილი, ბასა ჯანიკაშვილი, ზაზა ბურჭულაძე, ნინო ხარატიშვილი. ერთ საღამოზე ბაკურ სულაკაურიც გვეწვია და ქართული წიგნის ბაზრის პერიპეტიებზეც ისაუბრა. ამ პროცესში გერმანულმა გამომცემლობამ Reichelt Verlag სურვილი გამოთქვა თანამედროვე ქართული ანთოლოგიის გამოცემისა, რომელიც პროფესორ თანდაშვილის რედაქტორობით მართლაც გამოცემის პროცესშია და წლევანდელ „წიგნის ბაზარზე“ მკითხველის წინაშე წარსდგება კიდეც. ანთოლოგია ორენოვანია და თავისი ფორმით ძალიან ორიგინალური.

- ქართველი ემიგრანტების დაბრუნება ძალზე აქტუალური თემაა ჩვენში. პირადად, რა აზრი გაგაჩნიათ?

- დიახ, ქართული საზოგადოების სხვადასხვა მხრიდან გაისმის განსხვავებული დამოკიდებულება იმაზე, თუ საით მიდის საქართველოდან გადახვეწილთა გზა. ღია დისკუსიაში დომინირებს საქართველოში დაბრუნების მოწოდება, ვიწრო წრეში კი ხშირად მსმენია დაახლოებით ამგვარი ფრაზა:   „აბა, ამ დაქცეულ ქვეყანაში რატომ უნდა დაბრუნდეო...“                                              

ჩემი გადასახედიდან ეს კითხვა არის თავისი ბუნებით ქართული და ცალმხრივი. მე ვფიქრობ, რომ ამგვარი კითხვის დასმის საფუძველი არ არსებობს. ყველა, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში ემიგრირებული, ქართველი, გლობალურმა სამყარომ, პოტენციაში, უკვე დააბრუნა საქართველოში. რას ვგულისხმობ: ერთ დროს კომუნიკაციების უკან „ურმის გზა“ იგულისხმებოდა და გადახვეწა ნაკლებად გულისხმობდა დაბრუნების შესაძლებლობას. ის ფაქტი, რომ შესაძლებელია, დილის 6 საათზე ფრანკფურტიდან 2 საათი სტამბულში ვიფრინო და იქედან საათნახევარი ბათუმში ისე, რომ შუა დღით ქუთაისში, ბჟოლებში, ჩემს მეგობრებთან ერთად „ელდეპოში“ ხინკალი და ყაზბეგის ჩამოსასხმელი ლუდი გეახლოთ, უკვე მიქმნის იმის რეალურ შეგრძნებას, რომ არსადაც არ წავსულვარ. ამიტომ, დაბრუნებაზეც ვერ ვლაპარაკობ. გლობალური სამყარო პატარა სოფელიღა გახდა. ქართული  „სოფელიც“ ხომ სულ რაღაც ასიოდე წლის წინ მთელს სამყაროს აღნიშნავდა (წინადადებით შემოვდივარ, თანამედროვე მსოფლიოს აღსანიშნავად ისევ         „სოფელი“ შემოვიღოთ. ვხუმრობ). თუ ამ შესაძლებლობებს ვირტუალური ურთიერთობის ფორმებსაც დავუმატებთ სოციალური ქსელების სახით, ვფიქრობ, ზოგადად „წასვლა-წამოსვლის“ თემა შედარებითი (რელატიური) ხდება, შესაბამისად - „დაბრუნება-არდაბრუნებაც“. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2034
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია