დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანკარის როლი გეოპოლიტიკურ „პასიანსში“
2010/06/21 12:54:38

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი ჭიღვარიამ სულ ახლახან მოიპოვა ისტორიის აკადემიური დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ნაშრომით: „თურქეთის გეოპოლიტიკა მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან“. 

აღსანიშნავია, რომ ეს გახლდათ ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველი მეცნიერული გამოკვლევა, რომელშიც კომპლექსურადაა შესწავლილი ჩვენი მეზობელი ქვეყნის თანამედროვე გეოპოლიტიკა, მისი ვექტორები რუსეთის, სამხრეთ კავკასიისა და ევროპა-ამერიკის მიმართულებით, ასევე - ანკარის მიდგომები მისთვის ისეთ მტკივნეულ საკითხებთან, როგორიცაა კუნძული კვიპროსი და ქურთული ეთნოსი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

ჩვენ ვთხოვეთ ახალგაზრდა ექსპერტს, გიორგი ჭიღვარიას გაზეთ „P.S.“-ის მკითხველისათვის გაეცნო თურქეთის თანამედროვე გეოპოლიტიკური მიმართულებები და მათი მნიშვნელობა საქართველოსათვის.

- გიორგი, მაინც როგორია თურქეთის საგარეო პოლიტიკა დღეს?

- მოგეხსენებათ, 1990 წლიდან თურქეთში თანდათან ჩნდება ევრაზიულობის გეოპოლიტიკური კონცეფცია. იწყება საუბარი იმის შესახებ, რომ თურქეთი - ესაა ევრაზიის გეოგრაფიული ცენტრალური ქვეყანა, მოწოდებული ტრანსკონტინენტური გავლენების გასავრცელებლად. ამავე პერიოდიდან ანკარა იწყებს მცდელობას, გამოიყენოს თავისი სტრატეგიული მდებარეობა და გახდეს „ღერძული ქვეყანა“, მასტაბილიზებელი ძალა თავის საზღვრებთან, რაშიც, უპირველესად, კავკასია, ცენტრალური აზია და ახლო აღმოსავლეთი იგულისხმება.

აღნიშნული მიზნებისთვის 90-იანი წლებიდან თურქებმა დაიწყეს ახალი გეოპოლიტიკური კონცეფციის შემუშავება, რომელიც უშუალოდ დაუკავშირეს ცენტრალურ აზიურ და კავკასიურ პოლიტიკას. ამას, თავის მხრივ, ხელს უწყობდა სსრკ-ს დაშლის შემდეგ, რუსეთში არსებული შიდა არეულობები და მის რეგიონში ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა.

ანკარამ, თვლიდა რა თავს, თურქული სახელმწიფოების ლიდერად, სწრაფად გააცნობიერა საკუთარი გეოსტრატეგიული მდგომარეობა და აამოქმედა რეგიონში მცხოვრები თურქული წარმოშობის ხალხებისათვის მხარდამჭერი ფონდები. მნიშვნელოვანი მიზეზების გამო, ფონდებში მრავლად იყვნენ გაერთიანებული თურქეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებიც. რეგიონში ანკარის გავლენის გაფართოებას აქტიურად უწყობდნენ ხელს, როგორც აშშ, ისე დასავლეთის სხვა ძლიერი სახელმწიფოებიც, რადგან ისინი იმედოვნებდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური თამაშის დროს თურქებს ისევ გამოიყენებდნენ, როგორც ერთ-ერთ შემაკავებელ ბერკეტს.

- ამ ბოლო დროს თურქეთი საკმაოდ თამამ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს, თუნდაც ირანთან მიმართებით...

- დიახ, ბოლო პერიოდში მიმდინარეობს თურქეთის რესპუბლიკის მთელი საგარეო პოლიტიკის გადასინჯვა, რომლის მიზანია, შეიქმნას მეგობრული სახელმწიფოების რკალი მისი საზღვრების პერიმეტრზე. სწორედ ამის მაგალითია, რომ მიუხედავად თურქეთის ძველი და სტრატეგიული მოკავშირის, ვაშინგტონის განაწყენებისა, ქვეყანა ერთგვარად უახლოვდება ირანს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრ ერდოღანის ვიზიტი ირანში, რაც იმ მომენტს დაემთხვა, როცა ოფიციალური თეირანი გარკვეული პირობებით დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წინადადებას - თავისი ურანი საზღვარგარეთ გაამდიდროს. მიუხედავად ამისა, ერდოღანმა ბრალი დასდო დასავლეთს „ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში“ და ირანის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაში, ამასთან განაცხადა: „ხმები ირანის სამხედრო ბირთვული პროგრამის შესახებ დაუსაბუთებელია და შესაძლოა, სიმართლეს არ შეესაბამებოდეს.“

- ეს კი საკმაოდ მოულოდნელი ნაბიჯი იყო საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე, არა?

- თურქეთის პოზიცია მართლაც მოულოდნელი გახლდათ დასავლეთისათვის, რადგან ერდოღანის ამ გამოსვლით ირანი გამოვიდა არა აგრესორი, არამედ, პირიქით, დაჩაგრული სახელმწიფო! თავის მხრივ, თეირანი დღეისათვის ანკარასთან ფართოდ თანამშრომლობს როგორც სადაზვერვო, ისე სამხედრო დონეზე - თავის ბრძოლაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ. ყურადღების ღირსია ასევე ის ფაქტი, რომ ორივე ქვეყანას საკმაოდ კარგი ეკონომიკური ურთიერთობებიც აქვთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე წლის დასაწყისში ანკარის და თეირანის მიერ ხელმოწერილი ხუთწლიანი ძვირადღირებული გარიგება, რომელიც თურქეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიის მოდერნიზებას ითვალისწინებს.

მნიშვნელოვანია თურქეთის რესპუბლიკის მიერ ურთიერთობათა გაჯანსაღება არაბულ ქვეყნებთან, უპირველესად - სირიასთან. მასთან ხომ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

ამრიგად, მიმდინარე პერიოდში ანკარას ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან, გარდა სომხეთისა, აქვს მჭიდრო მეგობრული და ეკონომიკური ურთიერთობა.  თურქეთს დღეს ვეღარ განვიხილავთ „ვაშინგტონის ნების შემსრულებლად“, რასაც მას ძალიან ხშირად აბრალებდნენ დასავლეთევროპელი და რუსი პოლიტოლოგები.

- თურქეთი სამხედრო თვალსაზრისითაც იჩენს აქტიურობას...

- კეთილმეზობლურ პოლიტიკასთან ერთად, პარალელურად იგი თავის ახლო აღმოსავლელ მეზობლებს მკაფიოდ უჩვენებს „მძლავრ კუნთებს“. მაგალითად, მონაწილეობდა 1990-91 წლების კოალიციაში ქუვეითიდან ერაყის საოკუპაციო ჯარების განდევნაში. 90-იან წლებში რამდენჯერმე შეიყვანა ჩრდილო ერაყში თავისი სამხედრო ნაწილები მეამბოხე „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ბაზების გასანადგურებლად და, ვაშინგტონის უკმაყოფილების მიუხედავად, იმავეს აკეთებს 2007 წლიდან. თურქეთი თანდათან ემსგავსება ისეთ მოთამაშეს, რომელსაც აქვს ტრადიციული მოკავშირეების ინტერესებისაგან განსხვავებული საკუთარი ხედვა - (იგულისხმება აშშ და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ევროპული ქვეყნები). ასეთ ვითარებაში უფრო ნათლად იკვეთება ფაქტორები, რომლებიც მეტყველებენ თურქული პოლიტიკისა და მუსლიმური პოლიტიკის იდენტურობაზე...

- თურქული გეოპოლიტიკის რუსულ ვექტორზეც ვისაუბროთ.

- „ცივი ომის“ დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იანი წლებიდან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებამ სტარტი თავიდან აიღო, რაც დღემდე გრძელდება და თანდათან სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს.

შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში თურქეთისა და რუსეთის ტრადიციული დაპირისპირების მიუხედავად, დღეს სწორედ აქ იკვეთება მათი ინტერესების ერთგვარი დაახლოება. ამ შემთხვევაში იმის გადაჭრით მტკიცება, რომ ეს დაახლოება ტაქტიკურ, ან სტრატეგიულ ხასიათს ატარებს, ძალიან ნაადრევია.

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, პოლიტიკაში მაინც არსებობს იმის ალბათობა, რომ რუსეთი და თურქეთი დასავლეთის მიმართულებით სინქრონული პოლიტიკის გატარებაზე შეთანხმდნენ. დღეს, როცა თურქეთს საბჭოთა საფრთხე აღარ ემუქრება, ხოლო ევროკავშირში მისი გაწევრიანების საკითხი გაურკვეველი ვადით არის გადადებული, სავსებით შესაძლებელია, ეს ორი სახელმწიფო სტრატეგიულად დაახლოვდნენ, რაც, ჩვენი აზრით, უარყოფითი მოვლენა იქნება როგორც დასავლეთის, ასევე საქართველოსათვის.

- როგორი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს თურქეთს დღეს სამხრეთ კავკასიის მიმართ?

- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თურქეთის მთავარი მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიდერის როლის მოპოვება და თავისი გავლენის გაზრდა. როდესაც რეგიონის სამმა სახელმწიფომ (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) თავისუფლება მოიპოვა, ქვეყნის ახალი საგარეო-პოლიტიკური დოქტრინის თანახმად, ანკარამ დაუყოვნებლივ აღიარა მათი დამოუკიდებლობა, რითაც ღიად დაუჭირა მხარი დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ს ისთებლიშმენტისა და ნატოს ხელშეკრულების ე.წ. „გაფართოების კონცეფციას“. ამასთანავე აუცილებელია, ხაზი გაესვას, რომ თურქეთის მიერ ხსენებული ქვეყნების სუვერენიტეტის აღიარების პროცესში ადგილი არ ჰქონია არავითარ დისკრიმინაციულ პოლიტიკას, მათ შორის - თვით სომხებთან მიმართებაში.

საუკუნის დასაწყისიდან სომხურ-თურქული დამოკიდებულების განხილვამ ძალიან ფართო ხასიათი მიიღო. 2003 წლის ივნისში, მადრიდში გამართულ ნატოს მინისტერიალზე, იმდროინდელმა თურქეთის საგარეო მინისტრმა გიულიმ ახლო მომავალში სომხეთთან საზღვრის გახსნის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მიუხედავად ამისა, იგი მკაცრად უსვამდა ხაზს ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური პრობლემების მოგვარების აუცილებლობას, რაც, პირველ რიგში, დაკავშირებული გახლდათ სომეხთა  გენოციდის არ აღიარების საკითხთან და მთიანი ყარაბახის პრობლემის გადაწყვეტასთან.

დღეისათვის, თურქეთ-ამერიკის პოლიტიკური ურთიერთობების გამწვავების ფონზე, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დროებით ჩიხში მოექცა. თუმცა, პერსპექტივაში, მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს.

- რაც შეეხება საქართველოსა და აზერბაიჯანს?

- დღესდღეობით, თუ მომავალში რაიმე არ შეიცვალა, თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი გაზისა და ნავთობის მილსადენებით ერთმანეთთან უკვე დაკავშირებული არიან და ერთობლიობაში ქმნიან ენერგოკორიდორს კასპიის ზღვიდან ევროპამდე.

ამ სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს რკინიგზა, რომელიც რეგიონის შიგნით, თბილისისა და ახალქალაქის გავლით, ბაქოს ყარსთან დააკავშირებს. ამ პროექტის იდეა თურქეთს 1993 წლიდან ჰქონდა, თუმცა რეალურად მისი განხორციელება მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყო. პროექტი ოფიციალურად გაიხსნა 2007 წლის ნოემბერში, ხოლო რკინიგზის ამუშავება 2010-11 წლებისათვის იგეგმება. ამ პროექტს, გარდა რეგიონული შიდა დატვირთვისა, უფრო მასშტაბური მნიშვნელობაც აქვს. ერთი მხრივ, 2012 წლისათვის იგეგმება ბოსფორის სრუტის გავლით რკინიგზის ხაზის მშენებლობა, რითაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზი ევროპასაც დაუკავშირდება, ხოლო, მეორე მხრივ, აზერბაიჯანული წყაროებით, ამ პროექტში ჩართვის სურვილი ჩინეთმა და ყაზახეთმაც გამოთქვეს. მიიჩნევა, რომ, განხორციელების შემთხვევაში, პროექტი კონკურენციას გაუწევს რუსეთზე გამავალ ტრანსციმბირულ მაგისტრალს, რაც, თავისთავად, კრემლის გეოპოლიტიკასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. ევროპისა და ჩინეთის მზარდი ინტერესების ფონზე, ზოგადად ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონების და, კონკრეტულად, არსებული ენერგორესურსების მიმართ, აღნიშნული გეგმის მნიშვნელობა იმატებს. სწორედ ამიტომ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი უკვე მოიხსენიება, როგორც აბრეშუმის გზის აღდგენის მცდელობა.

- გამოდის, თუ თურქეთმა საგარეო პოლიტიკა რადიკალურად შეცვალა, ეს მთელი რეგიონისათვის გამოიწვევს უდიდეს ცვლილებებს, შესაძლოა - უარყოფითსაც?

- არა მარტო რეგიონისათვის, მთელი მსოფლიოსათვის იქნება მნიშვნელოვანი დღევანდელ გეოპოლიტიკურ პასიანსში ანკარის საბოლოო როლი. იმ შემთხვევაში, თუ თურქეთმა მოახდინა სერიოზული გეოპოლიტიკური ძვრა და თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი „ჰარტლანდის“ ანუ ევრაზიულობის სასარგებლოდ შეცვალა, მაშინ საფრთხე შეექმნება როგორც აშშ-ს დემოკრატიულ პოლიტიკას და ღირებულებებს რეგიონში, ისე - თვითონ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების დამოუკიდებლობას. ხოლო თუ მოვლენები ასე არ განვითარდა და ანკარამ თავისი გეოპოლიტიკური კურსი და ძველი მოკავშირეები შეინარჩუნა, ეს უკვე იქნება აბსოლუტურად ახალი შესაძლებლობებისა და პერსპექტიული ინიციატივების პერიოდი, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, ასევე რეგიონის ისეთი პატარა ქვეყნისთვისაც, როგორიც ჩვენი საქართველოა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3096
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია