დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამერიკაში მოღვაწე ქართველი - საქართველოს შესახებ
2010/05/17 12:17:12

უცხოეთში განათლების მისაღებად წასულმა შოთა მხეიძემ ამერიკაში წარმატებული კარიერა გაიკეთა. მან ფლორიდის შტატში, ჯექსონელში ამერიკის შეერთებული შტატებისა და კავკასიის ასოციაცია - დემოკრატიისა და მშვიდობისათვის (USCA) დააარსა. ორგანიზაცია უმთავრეს აქცენტს რეგიონების განვითარებაზე აკეთებს. ის, უკვე წლებია, შორიდან ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ანალიზს ახდენს.

 

- ბატონო შოთა, რამდენი წელია, რაც ამერიკაში იმყოფებით და რა მიზნით წახვედით?

- ამერიკაში 13 წლის წინ ჩამოვედი უმაღლესი განათლების მისაღებად. ამ მიზნის მისაღწევად ჯერ მომიწია ინგლისური ენის შესწავლა, შემდეგ - ბაკალავრიატის გავლა პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურიერთობებში და ბოლოს - მაგისტრატურის გავლა ბიზნესის ადმინისტრირებასა და საკადრო მართვაში.

- გვიამბეთ თქვენი ორგანიზაციის ძირითად საქმიანობაზე, რა სიახლეები გაქვთ და რა იგეგმება მომავალში?

- ამერიკის შეერთებული შტატებისა და კავკასიის ასოციაცია (USCA) წარმოადგენს ამერიკულ, დამოუკიდებელ, არაპარტიულ, არამომგებიან კორპორაციას; მისი მიზანია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამტკიცება; კავკასიის რეგიონში დემოკრატიის, მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა.

2008 წლის 5 იანვარს, USCA-იმ დემოკრატიული განვითარების პროექტის ფარგლებში საქართველოში განახორციელა, საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისა და ეროვნული პლებისციტის მონიტორინგი. ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ორგანიზაციის ვებგვერდზე (www.uscadp.org). ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით საქმიანობას და ვგეგმავთ 2010 წლის 30 მაისის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს.

2010 წლის აპრილში მე საშუალება მომეცა, ხელი მომეწერა პარტნიორულ თანამშრომლობისთვის ქალაქ ქუთაისის მერთან და ამით საფუძველი ჩაგვეყარა „კულტურული დიპლომატიის“ პროექტისათვის. ეს პროექტი გულისხმობს საქართველოსა და ამერიკის ქალაქებისა და რეგიონების დამეგობრებას და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, აგრეთვე ხელს შეუწყობს კულტურულ - საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ და კომერციულ გაცვლებს. ამ პროექტის პირველი ნაბიჯი გახლავთ ჰავაის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული მემორანდუმი აკაკი წერეთლისა და „ქუთაისის უნივერსიტეტს“ (ქელბაქიანი) შორის 2010 წლის 13 აპრილს.    

ამასთანავე, 2011 წლიდან მუშაობას ვიწყებთ სრულიად ახალ პროგრამაზე „სტრატეგიული კომუნიკაციები“. ეს გახლავთ აზიისა და წყნარი ოკეანის უსაფრთხოების ცენტრთან (APCSS) ერთობლივად შემუშავებული, ამერიკასა და კავკასიას შორის უსაფრთხოების თანამშრომლობის პროექტი, რაც ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან მაღალი ჩინოვნიკების (გენერალიტეტის) და მათი ექვივალენტური სამოქალაქო კადრების მოპატიჟებას ჰავაის კუნზულებზე 4-6 კვირიანი, NATO-ს სტანდარტების სემინარ-ტრენინგებზე. ამ ტრენინგების მიმართულება იქნება ტრანსნაციონალური უსაფრთხოება, რეგიონული უსაფრთხოება, ტერორიზმთან ბრძოლა და კრიზისის მენეჯმენტი და ბევრი სხვა.

ეს პროექტი არამარტო ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არამედ საშუალებას მისცემს ამერიკელ ექსპერტებს, მჭიდროდ ითანამშრომლონ თავიანთ ქართველ კოლეგებთან ყველა იმ კრიტიკულ საკითხში, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონულ უსაფრთხოებას და რაც თავისთავად ხელს უწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის პროცესის განვითარებას.

- უკვე წლებია, შორიდან ადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს, იქნებ თქვენეული ანალიზი გაგვიკეთოთ?

- საქართველო აგვისტოს მამდე: აგვისტოს ომამდე საქართველო ექსტენსიური ეკონომიკური რეფორმებით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით 2005-2007 წლებში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა 9% ზრდის ტენდენციას ინარჩუნებდა, რაც ადეკვატურად იყო ასახული GDP (VVP) პროდუქტზე, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომამდე 12.4%-ით იყო დაფიქსირებული.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო 2008 წელს 10 საუკეთესო ქვეყანას შორის იყო (Doing Business). ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე, მის სამეზობლოსთან შედარებით (თურქეთი - 59, სასომხეთი - 44, აზერბაიჯანი - 33, რუსეთი --120). საერთაშორისო ინვესტიციები 4-ჯერ გაიზარდა და გასცდა კიდეც 2 მილიარდ დოლარს. გარდა ეკონომიკური რეფორმებისა, საქართველოს მთავრობა კარდინალური ნაბიჯებით გამოირჩეოდა კორუფციასთან და დანაშაულებრივ სამყაროსთან ბრძოლის მიმართებით, რამაც განაპირობა საქართველოს მყარი იმიჯის შექმნა.

საქართველო აგვისტოს ომის შემდეგ: მესმის, რომ ომის შედეგები საქართველოსათვის დიდად მტკივნეულია. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ომმა მოახდინა ქართველი ხალხის სრული კონსოლიდაცია საერთო მტრის წინაშე და ამით გამოიხატა ყველა რეგიონის ერთიანობა; ომმა განაპირობა მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე საქართველოს მნიშვნელოვანი სახელით დამკვიდრება.

ერთერთი, ყველაზე დიდი ზიანი ომმა ეკონომიკას მიაყენა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 9%-იდან 3.5%-მდე შემცირდა. საქართველოს ბანკის მონაცემებით, რომელიც საქართველოში უმსხვილეს ბანკს წარმოადგენს, ომის შემდგომ გამოწვეულმა პოლიტიკურმა შიშმა განაპირობა ბანკის სადეპოზიტო ანგარიშის 165 მილიონი დოლარით შემცირება. ამ ყოველივეს ართულებს ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია არ ჩქარობს ჯარების გაყვანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

საქართველოს ტერიტორიების საბოლოო დეოკუპაცია შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო ძალისხმევით, მხედველობაში მაქვს დასავლური ინსტიტუტების გააქტიურება. 

ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამოცანა საქართველოს მთავრობისათვის, ჩემი აზრით, არის ის, რომ საქართველომ შეძლოს უწყვეტ რეჟიმში მუშაობა, რომ უმოკლეს ვადებში დაასრულოს NABUCCO-ს მილსადენის პროექტი. NABUCCO-ს პროექტი საქართველოსათვის დიდად მნიშვნელოვანია: NABUCCO მოახდენს პოლიტიკური შიშის კომპენსაციას. ის იქნება სტაბილურობის გარანტის ერთგვარი სიმბოლო. ეს კი თავისთავად შეუწყობს ხელს ინვესტიციების ზრდას საქართველოში.

პროექტის სატრანზიტო შემოსავალი არანაკლებ მნიშვნელოვანია. წინასწარი გაანგარიშებით სატრანზიტო შემოსავალი გაზრდის საქართველოს ბიუჯეტს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარით.

60% ბუნებრივი გაზისა EU-ს მიეწოდება რუსეთის ფედერაციიდან. ხშირ შემთხვევაში ამას თავისი გავლენაც მოსდევს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. დარწმუნებული ვარ, NABUCCO დიდ კონკურენციას გაუწევს „Nord Stream“-ის პროექტს და მოახდენს EU-სათვის ბუნებრივი აირის მიწოდების ბალანსირებას. შედეგად, ევროპული ქვეყნები ნაკლებად იქნებიან დამოკიდებული რუსეთზე და ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამენ 2008 წლის ბუქარესტის NATO-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

- რა ხდება დემოკრატიის გავითარების მხრივ კავკასიაში - საქართველ წინ მიიწევს თუ პირიქით?

- კავკასიაში დემოკრატიის განვითარება არცთუ სახარბიელოა. მართალია, რიგი ეკონომიკური, კონსტიტუციური და სასამართლო რეფორმები გატარდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამას კოსმეტიკური ხასიათი აქვს. ყველაზე ნაკლები წინსვლა იგრძნობა საარჩევნო სისტემაში. მხედველობაში მაქვს არჩევნების დროს დარღვევები. ჩვენმა ორგანიზაციამ ასეთი სახის დარღვევები არაერთხელ დააფიქსირა და გამოაქვეყნა ჩვენს ვებგვერდზე (www.uscadp.org)

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ელექტორატის აქტიურობამ წინა წლებთან შედარებით დაიწია 69% დან 47%. ამის ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ამომრჩევლები სულ უფრო უნდობლობით უყურებენ არჩევნებს. პროგრესული ნაბიჯები დემოკრატიის განვითარების მხრივ საქართველოში მეტად იგრძნობა, ვიდრე მის მეზობელ ქვეყნებში. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ეგრეთ წოდებული „ფერადი რევოლუციების“ ქვეყნებიდან, რომელიც ინარჩუნებს პოლიტიკურ სტაბილურობას, ეკონომიკურ მდგრადობას და სულ უფრო მტკიცედ იმკვიდრებს თავის ადგილს საერთაშორისო საზოგადოებაში.

მიუხედავად იმისა, რომ რეფორმების ტენდენციურობამ მკაფიოდ განასხვავა საქართველო მისი მეზობელი ქვეყნებისაგან, მისი მიმართულება ყოველთვის არ იყო ყველა სფეროს მიმართ ადეკვატური. კიდევ მეტიც, ხშირად ოპოზიციის პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი არ იყო აქტიურად ჩართული მიმდინარე რეფორმის პროცესებში, რაც თავისდათავად უნიპოლიზაციურ შეგრძნებას იწვევდა საზოგადოებაში და ხშირ შემთხვევაში არასასურველ შედეგებამდეც მიჰყავდა საქმე. ამის მაგალითია ნოემბრის მოვლენები და ასევე შემდგომ დაგეგმილი აპრილის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური აქცია. 

- როგორი იყო თქვენი და მანდ მცხოვრები ქართველების ემოციები რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შორიდან როგორ ჩანდა აქ მიმდინარე მოვლენები?

- შევძრწუნდით, როდესაც გავიგეთ რუსეთის ინტერვენცია. ყველაზე მეტად ის ფაქტი ამძიმებდა ვითარებას, რომ აეროპორტი იქნა დახურული და ყველა ფრენა საქართველოსკენ იყო გადადებული. ფაქტობრივად, ვერც ვერავინ გამოდიოდა და ვერც შედიოდა საქართველოში. ვითარება კიდევ უფრო გაართულა იმ ფაქტმა, რომ მობილური კომუნიკაცია გამოვიდა მწყობრიდან. ასე რომ, გვიწევდა მოვლენებზე ზემოდან ცქერა და ერთმანეთის ნუგეშისცემა.

- ოგორ ფიქრობთ, კიდევ მოსალოდნელია კონფლიქტი რუსეთთან?

- მე მგონია, ეს თემა სავარაუდო არც არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ   კონფლიქტი     რუსეთთან    დაიწყო   გაცილებთ  ადრე, აგვისტოს ომამდე და არც არასოდეს შეჩერებულა - ის მხოლოდ ღვივდებოდა.. არა მგონია, რუსეთთან კონფლიქტი შეწყდეს, რადგან ამჟამინდელი რუსეთის მთავრობა ვერ შეეგუება, მის გვერდით მყოფი პოსტსაბჭოთა ქვეყანა იყოს წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა. არადა, თუ საქართველო შეძლებს სტაბილურობის შენარჩუნებას (აარიდებს ომს თავს), ის უთუოდ გახდება წარმატებული  დემოკრატიული ქვეყანა.  ეს კი, რა თქმა უნდა, გარდაუვალს გახდის რუსეთში საზოგადოების მობილიზაციას დემოკრატიული ცვლილებებისკენ.

მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ რუსეთ-საქართველოს ომი არის შეჩერებული და არა - დასრულებული, რადგან რუსეთის მიერ დასახული მიზანი - „რეჟიმის შეცვლა“ მიღწეული არ არის. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ ყველა (მშვიდობიან) ღონეს უნდა მიმართოს, რათა თავიდან აიცილოს პროვოკაციები. ამის მიღწევა კი შეუძლებელია სამოქალაქო კონსოლიდაციისა და დასავლეთის ქვეყნებიდან მყარი მხარდაჭერის გარეშე.

დარწმუნებული ვარ, არჩევნების წინ და შემდგომშიც არაერთი აქცია გაიმართება. აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება ყველა მოსალოდნელი პროვოკაციისა და აქციების ორგანიზატორებთან ერთად, გამჭვირვალედ შეიმუშაოს „Exit Strategy“ რათა განხილულ იქნას ალტერნატიული ვარიანტები აქციის ესკალაციის თავიდან აცილებისა. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არანაკლები პასუხისმგებლობა გადადის თავად აქციის ორგანიზატორებზეც.

დასავლეთის ქვეყნის ლიდერებს უფრო სიფხიზლე მართებთ, რათა არ გამეორდეს უკრაინისა და ყირგიზეთის მსგავსი მოვლენები საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში დემოკრატიის განვითარების პერსპექტივები პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი ხნით შეჩერდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2244
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია