დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა უჯდება საქართველოს ხელისუფლებას ამერიკაში თავისი ინტერესების ლობირება
2010/03/09 12:05:58

ბოლო წლის მანძილზე ოპოზიციურმა სპექტრმა რამდენჯერმე გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი ინტერესების გამტარებელი ლობისტებისთვის რამდენიმე ათას დოლარს იხდის. თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამერიკაში ქართული ინტერესების ლობირებისთვის ფულის ხარჯვა გაცილებით ადრე დაიწყო.

ისტორია 1991 წლის 3 ივნისიდან იწყება და 1992 წლის 24 ნოემბრამდე გრძელდება, ვინმე ჯონ ადამსს საქართველოს მთავრობისთვის კონსულტაცია უნდა გაეწია საზოგადოებრივი ურთიერთობების საკითხებზე, ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. თუმცა ამ მომსახურებისთვის საქართველოს მთავრობას ფული არ გადაუხდია.

პირველი ფულადი ანგარიშსწორება საქართველოს მთავრობამ Capitol Advisors-თან 1998-2001 წლებში მოახდინა. ხელისუფლებამ 100 000 დოლარი გადაიხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველ თანამდებობის პირთა შეხვედრების ორგანიზებაში და აშშ-ში აქტიური ჩართულობის ადვოკატირებისთვის. გარდა მთავრობისა საქართველოს, რკინიგზაც იცავდა თურმე თავის ინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ უკანასკნელს 2002 წლის 28 იანვრიდან 2003 წლის 30 სექტემბრამდე Swidier Berlin Shereff Friedman, Harbour Group-ისთვის 425.000 დოლარი აქვს გადახდილი. სანაცვლოდ კი საქართველოს რკინიგზა რეგისტრირებული ლობისტისგან ამერიკაში საქართველოს რკინიგზის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას, აშშ-ს პოლიტიკის შემქმნელებში  გარკვეული იმიჯის შექმნას და საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობდა ხელს. ამ ჩამონათვალში განსაკუთრებული ადგილი საქართველოს რკინიგზის PR-ს და ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობირებას უკავია. თუმცა საქართველოს რკინიგზამ კონსულტაციების გაწევაზე, აშშ-ში კანონების ლობირებაზე, მედია სტრატეგიის გაწევასა და საჯარო პოლიტიკაზე 360 000 დოლარი 2003 წლის24 იანვრიდან 2004 წლის 28 თებერვლამდე Hogan and Hartson-ს გადაუხადა.

საერთო ჯამში, საქართველოს მთავრობამ, ეროვნული უშიშროების საბჭომ, ვინმე მაია თოფურიამ (პარტია „სამართლიანობა“, პრემიერ-მინისტრმა, ასლან აბაშიძემ და ცოტნე ბაკურიამ (დემოკრატიული აღორძინების კავშირი) ამერიკაში თავისი ინტერესების ლობირებისა და სხვა სახის მომსახურებისთვის 2000 წლიდან 2010 წლის 26 იანვრამდე 3270350 დოლარი გადაიხადეს. ამ თანხაში რკინიგზის ინტერესების დაცვისთვის გადახდილი თანხაც იგულისხმება.

არის ჯერ კიდევ დაუსრულებელი ლობისტური საქმიანობების ნუსხაც. 2009 წლის 28 ივლისს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობას ვინმე Mark Saylor Company-ისთვის 720 000 დოლარი აქვს გადახდილი. მომსახურების ვადა 2010 წლის 31 დეკემბერს სრულდება. სანაცვლოდ კი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე იურე რესპუბლიკები PR-ის მომსახურებას და კონსულტაციებს მიიღებენ. აფხაზეთის შემთხვევაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სამართლებრივი სისტემის შექმნა, ძლიერი ეკონომიკის განვითარება და ეთნიკური უმცირესობის დაცვაა, ხოლო ოსეთის შემთხვევაში ომის დროს და ომის შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ  სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ წარმოებული ძვირადღირებული და აგრესიული პოლიტიკის საპირისპირო და ახალი თავდასხმისგან დასაცავად გადახდილი თანხაა.

უახლესი კონტრაქტი საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 22 იანვარს Gephardt Group Govemment Affairs-თან გააფორმა. 436 000 დოლარს საქართველოს მთავრობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობირებისა და სამთავრობო ურთიერთობების მომსახურების გაწევისთვის გადაიხდის.

ამ საკითხებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ ექსპერტს მათიას იორშს.

- ბატონო მათიას, რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ, საქართველოში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ფონზე სახელწიფომ ათასობით ლარი პიარში დახარჯოს...

- მირჩევნია, ამის ანალიზი თქვენ მოგანდოთ. ვფიქრობ, რომ საკითხი იმის შესახებ, კარგი ინვესტიციაა თუ არა სახელმწიფოსთვის ლობისტურ საქმიანობასა და სარეკლამო საქმიანობაში დახარჯული მილიონები, თქვენნაირი ჟურნალისტების და ქართული საზოგადოების განსჯის საგანი უნდა გახდეს. ასევე მიმაჩნია, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება, თუკი საქართველოს ხელისუფლება ლობისტებთან და მრჩევლებთან დადებულ ყველა კონტრაქტს საჯაროს გახდის, რათა ყველამ ნახოს, თუ რა რაოდენობის თანხა იხარჯება ამგვარი ტიპის საქმიანობებზე.

- ამ ჩამონათვალში არის უკვე დასრულებული კონტრაქტები. რამდენად გაამართლა ამ კონკრეტულ საკითხებში ფულის ხარჯვამ?

- კონტრაქტებში ძალიან ხშირად მხოლოდ ზოგადი პირობებია მოცემული. გაფორმებული კონტრაქტების უმეტესობაში ლობისტური კომპანიების საქმიანობები მეტად ბუნდოვნადაა განსაზღვრული და მკაფიოდ  არ არის გამოყოფილი მისაღწევი მიზნები (მაგალითად გავლენიან პოლიტიკოსებთან და მენეჯერებთან შეხვედრების ორგანიზება და მედიასთან მუშაობა). ასე რომ, კონტრაქტებზე დაყრდნობით, ძნელია იმის თქმა, რამდენად წარმატებულად მოხდა მათი განხორციელება. მაგრამ ის ფაქტი, რომ რამდენიმე კონტრაქტი განახლდა, როგორც, მაგალითად, „ორიონ სტრატეჯის“ შემთხვევაში და ის, რომ ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასა და ლობისტურ კომპანიას შორის უკვე რამდენიმე წელია გრძელდება, იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება მისთვის გაწეული სამსახურით კმაყოფილია.

 - როგორ ფიქრობთ, მიიღო თუ არა საქართველომ ის შედეგი, რაც უნდა ჰქონოდა?

- უმეტეს კონტრაქტებში არ გვხვდება მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები და, როგორც წესი, ხდება მხოლოდ იმ სფეროს ან საკითხების დეკლარირება, რაზეც  კომპანიას მოუწევს მუშაობა. ეს ართულებს თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემას,  რადგანაც არ ვიცი, აპირებდა თუ არა ხელისუფლება გარკვეული მიზნების მიღწევას მხოლოდ აღნიშნულ ლობისტურ საქმიანობებზე დაყრდნობით და თუ ეს ასე იყო, მაშინ რა იყო ეს მიზნები? „ორიონ სტრატეჯისთან“ გაფორმებული გრძელვადიანი კონტრაქტის ერთ-ერთი მიზანი იყო საქართველოს წინსვლის ხელშეწყობა ნატოს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. ზოგადად კი ხელისუფლება, სავარაუდოდ, იმედოვნებდა  პოზიტიური განწყობის შექმნას შეერთებულ შტატებში გადმოცემულ ახალ ამბებში და ამით ცდილობდა, დადებითი ზეგავლენა მოეხდინა  საზოგადოებრივ აზრზე საქართველოში. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას მიზნად ჰქონდა ურთიერთობების გაუმჯობესება ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ხმის მიწვდენა ვაშინგტონის გავლენიან წრეებთან.

- ის ლობისტები, რომლებიც კონტრაქტში ქართული მხარის პარტნიორია, რამდენად გავლენიანი ჯგუფებია ამერიკაში?

- ვაშინგტონში ათასობით ლობისტია. ზოგადად, ჩემთვის ძალიან რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად მნიშვნელოვანნი და წარმატებულნი არიან ინდივიდუალური ლობისტები და კომპანიები. თუმცა, „ორიონ სტრატეჯის“ დამფუძნებელი რენდი შოინემანი, რომელმაც 2004-2010 წლებში 800 000 აშშ დოლარი მიიღო, სენატორ ჯონ მაკკეინის მთავარი საგარეო პოლიტიკური მრჩეველი გახდა მისი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, რამაც ის იმ პერიოდში მეტად გავლენიან ფიგურად აქცია. Utg/fhln Uhjeg Ujdthyvtyn Faafbhc - ის დამფუძნებელი, რომელთანაც საქართველოს ხელისუფლებამ კონტრაქტი იანვარში გააფორმა, არის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ყოფილი ლიდერი დემოკრატიული პარტიიდან დიკ გეპჰარდტი. ჩემი ვარაუდით, ის კვლავაც სარგებლობს მჭიდრო კონტაქტებით „კაპიტოლ ჰილთან“.

- როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის ეს ფულის გათეთრების ერთ-ერთი ხერხი?

- ჩვენ ვერ მივაკვლიეთ ფულის გათეთრების, ან კორუფციის დამადასტურებელ რაიმე შემთხვევას, თუმცა ჩემთვის ნამდვილად გასაკვირი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ 2002-2003 წლებში საქართველოს რკინიგზამ შეერთებულ შტატებში ლობისტური საქმიანობის განსახორციელებლად 785 000 აშშ დოლარი დახარჯა! ამ საქმიანობის მიზნები და მიზეზები ჩემთვის გაურკვეველია. შესაძლოა, ეს თქვენთვის აღმოჩნდეს კარგი საგამოძიებო შემთხვევა, რომ გაესაუბროთ იმ პერიოდში საქართველოს რკინიგზაში მომუშავე ადამიანებს და მოიძიოთ ინფორმაცია საქართველოს რკინიგზის მიერ დაქირავებული კომპანიის შესახებ.

ამ ინფორმაციის წყარო, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი, უცხოელი პირების რეგისტრაციის შესახებ კანონის შესაბამისად, http:/www.fara..gov.-ია. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში ლობისტები არეგისტრირებენ კონტრაქტს  fara–სთან გარიგების ხელმოწერიდან რამდენიმე კვირაში. ოსეთის და აფხაზეთის შემთხვევაში თვეში ამ ორი რეგიონიდან 36 000-36 000 დოლარი ლობისტს ერიცხება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1917
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია