დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რუსული სინდრომი ქართულ პოლიტიკაში
2010/03/01 13:48:21

ოპოზიციაში პოზიციები გაარკვიეს. ფორმულა „ყველას მინუს ნოღაიდელი“ აღარ არსებობს. ოპოზიციურ „მოღალატედ“ შერაცხული ზურაბ ნოღაიდელი ოპოზიციის დიდ ნაწილთან კონსულტაციების შემდეგ მათ რიგებში აღმოჩნდა და 24 თებერვალს თბილისის ჭადრაკის სასახლეში ფორმულის „ყველას პლუს ნოღაიდელის“ პრეზენტაციაც შედგა. ზურაბ ნოღაიდელმა ერთობისთვის მადლობა გადაუხადა ოპოზიციონერებს, განსაკუთრებით კი - ირაკლი ალასანიას.

როდესაც „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა ხელშეკრულება გააფორმა „ედინაია როსიასთან“, საქართველოში მისი საქციელი დაგმეს. თუმცა ნოღაიდელი იმედოვნებდა, რომ მის გზას ბევრი სხვა ოპოზიციონერი დაადგებოდა. აკი ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმაც არ დააყოვნა.

„ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა: „დიალოგი მტერთანაც აუცილებელია.“

„საქართველოს გზის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმაც ბრძანა: „არ ვებრძვი ნოღაიდელს იმის გამო, რომ მისი არჩევანი რუსეთთან დაახლოებაა.“

ზურაბ ნოღაიდელი ირწმუნება, რომ იგი საქართველოს საქმეს ემსახურება და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის გამთლიანებაში. საქართველოს ხელისუფლებისთვის ქართველი პოლიტიკოსის ასეთი ქმედება კატეგორიულად მიუღებელია: „რუსეთი ჩვენს ქვეყანაში ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნას ცდილობს, რომელიც ახალი აგრესიის საშუალებას და თბილისში თავის მარიონეტის დასმის საშუალებას მისცემს, არ ვიცოდი, ნოღაიდელი თუ ასე დაეცემეოდა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დიდმა რუსეთმა ქართველ ხალხთან ჩატეხილი ხიდის აღსადგენად ზურაბ ნოღაიდელი აირჩია. თუმცა მოსახლეობის განწყობა მის მიმართ ცალსახაა: ქვეყანაში პრორუსულ ძალებს დღეს დიდი მხარდაჭერა არ აქვს. დრო გვიჩვენებს, რამდენად ეფექტური იქნება რუსეთისთვის     „ნოღაიდელის ვოიაჟები.“ თუმცა, როგორც ჩანს, მოსკოვი მასზე დიდ იმედებს ამყარებს. რუსეთს სჯერა მის მიერ არჩეული კანდიდატის „მოსკოვი ვარაუდობს, რომ 2013 წელს ნოღაიდელს გამარჯვების შანსი აქვს. კვლავ უნდა გახლიჩოს ყვეყანა პრორუსულ და პროდასავლურ კანდიდატებს შორის? მოსკოვმა უკვე დაატრიალა ასეთი „რულეტი“ პოსტსაბჭოთა საქართველოში და ვერც ერთხელ ვერ მიაღწია,“ - წერს         „ნეზავისიმაია გაზეტა.“

არის თუ არა დღეს ამისი საშიში ტენდენცია? თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ოპოზიცია ნოღაიდელთან გაერთიანდა, საშიშროება ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან ყოველთვისაა. თუ ისტორიას გადავხედავთ, დიდი რუსეთი მუდამ ქართველებში ეძებდა დასაყრდენს. ეს პოლიტიკა არ შეცვლილა დღესაც. მოსკოვის მიზანია ქართველი ქართველითვე დაამარცხოს. საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაპირისპირებას და მის შეცვლას რუსეთი აქტიურად ცდილობს. ჩვენი ქვეყნის მიერ არჩეული დასავლური ორიენტაცია - ნატოში გაწევრიანება, - ჩრდილოელ მეზობელს წინაღობას უქმნის საქართველოს მიმართ მისი გეგმების განხორციელებაში. საგარეო ორიენტაციებს შორის არჩევანი საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს, თუმცა საფრთხეები კვლავ გამოჩნდა.

რამდენად საშიშია რუსული სინდრომი, ამას დრო და ქართული პოლიტიკური სპექტრის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი გვიჩვენებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1939
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია