საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შვედი საბავშვო მწერლები საქართველოში
2009/11/09 13:41:21

უკვე მეოთხე წელია, რაც საქართველოში ქართული საბავშვო წიგნის დღე აღინიშნება, რომელიც 2006 წელს საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის „ლიბოს“ ინიციატივით დაწესდა. წელს ეს დღე ქართველმა მწერლებმა შვედ კოლეგებთან ერთად  აღნიშნეს.

საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი „ლიბო“ (ლიტერატურული ინოვაციები და ბავშვთა ორიენტირები 2006 წელს შეიქმნა). ორმა საბავშვო მწერალმა, ქალბატონებმა ირმა მალაციძემ და მარიამ წიკლაურმა დააარსეს. ფონდი მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლების პოპულარიზაციას, მათ ხელშეწყობას, შემოქმედებითი კავშირების ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას ქართველ და უცხოელ ავტორთა შორის. ამ ფონდის ეგიდით უკვე მეოთხეჯერ აღინიშნა „ქართული საბავშვო წიგნის დღე - 27 ოქტომბერი“. 

2009 წლის თებერვალში საქართველოს ესტუმრნენ შვედეთის მწერალთა და ილუსტრატორთა კავშირის წარმომადგენლები მარი ოსკარსონი და ჰელენა ბერგენდალი, რომლებიც საქართველოში საბავშვო ლიტერატურის სემინარსა და ერთობლივ „ვორკშოპს“ გეგმავდნენ. მსგავსი პროექტი მათ გასულ წელს ინდოეთში განახორციელეს. ქართულ-შვედური სემინარის ჩატარება სწორედ ქართული საბავშვო წიგნის დღისათვის დაიგეგმა.

ოქტომბრის ბოლოს თბილისში ჩამოვიდნენ შვედეთის საბავშვო ლიტერატურის ინსტიტუტის წარმომადგენლები, საბავშვო მწერლები და ილუსტრატორები და ქართველ კოლეგებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. ორდღიანი სემინარის პროგრამა საინტერესო და დატვირთული იყო. ორივე მხარის წარმომდგენლებმა საკუთარი ქვეყნის საბავშვო ლიტერატურის ისტორიის და თანამედროვე  მიმართულებებისა და ტენდენციების წარდგინება გააკეთეს.

პარალელურად ჩატარდა ძალიან მრავალფეროვანი გამოფენა შვედური და ქართული საბავშვო წიგნისა. ამ გამოფენას ისიც სძენდა განსაკუთრებულ ელფერს, რომ წელს საქართველოში პირველი ნაბეჭდი წიგნის გამოცემიდან 300 წელი შესრულდა. მათ ჩამოიტანეს ყველა ასაკისთვის გამოცემული საბავშვო წიგნი. სემინარი თბილისის თოჯინების მუზეუმში მიმდინარეობდა.

სემინარის დასასრულს შვედეთის საელჩოში მოეწყო გულთბილი მიღება სემინარის ორგანიზატორებისათვის. შემდგომ მუშაობა გაგრძელდა ბათუმში. „ვორკშოპში“ ქართული მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ ნანა კაციაშვილი, გვანცა ჯობავა, სანდრო ასათიანი, სოფიო კინწურაშვილი, მაკა მიქელაძე და თარჯიმანი თამუნა მაისურაძე, რომელიც მთელ სემინარს უძღვებოდა.

შვედური მხრიდან „ვორკშოპში“ მონაწილეობდნენ ანა ჰოგლუმდი, ანდერს ვესტბერგი, ვივეკა შოგრენი, მატიას დანიელსონი, ლილიან ედვალი და კაისა გორდანი. 

როგორც შვედმა კოლეგებმა აღნიშნეს, 1965 წელს განათლების სამინისტროს დაფინანსებით დაარსდა „საბავშვო წიგნის ინსტიტუტი“, უზარმაზარი უფასო ბიბლიოთეკით. შვედები ატარებენ ძალიან მიზანმიმართულ და სწორ პოლიტიკას საკუთარი 2 მილიონი შვედი ბავშვისთვის. დაბადებისთანავე სახელმწიფოსაგან ბავშვის სახელზე გაიცემა საჩუქარი ბიბლიოთეკიდან - წიგნები. წლის განმავლობაში საბავშვო წიგნი უამრავი ფასიანი და უფასო პრიზით ჯილდოვდება, ყველაზე აქტიური რგოლია საბიბლიოთეკო სექტორი. იქაური მწერალთა და ილუსტრატორთა კავშირები უზრუნველყოფენ შემოქმედთა საავტორო უფლებების დაცვას, იურიდიულ და სოციალურ პრობლემების მოგვარებას.

თუ თვალს გადაავლებთ იქაურ საგამომცემლო სპექტრს, ყველა ასაკის ბავშვისათვის (18) წლამდე გამოიცემა თანაბრად საინტერესო და მრავალფეროვანი წიგნები. და არცერთი წიგნი არ რჩება რეცენზირებისა და მონიტორინგის გარეშე. მკითხველს უამრავი საორიენტაციო ალმანახი მიეწოდება უფასოდ საბავშვო წიგნების შესახებ.

გაზაფხულზე იგეგმება სემინარის ქართველი მონაწილეების ვიზიტი შვედეთში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1552
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია