დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვაიმეზობლის პოლიტმუჯლუგუნები
2009/11/02 12:44:52

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი კვლავ უცვლელია. ათასობით მუქარა, პროვოკაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანთა გატაცებები - ყოველივეს თავი და თავი რუსეთია.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა დღემდე ვერა და ვერ გამოიტირა საბჭოთა კავშირის დაშლა და მას „მეოცე საუკუნის უდიდესი კატასტროფა“ უწოდა. ამ კავშირს თავდაღწეული ქვეყნები, მათ შორის - საქართველო კი ისევ გაუგებარ ჭიდილშია კრემლის პოლიტიკასთან. ტერიტორიების მითვისებით გაუმძღარი „მეზობელი“ თავისას არ იშლის და ურთიერთობების გამწვავებას ყოველნაირად ცდილობს. თექვსმეტი ქართველი, რომელიც ამ დღეებში დუშეთის რაიონში - გრემის ხევიდან გაიტაცეს, კვლავ ტყვეობაშია. საკუთარ მიწაწყალზე გადაადგილება უკვე შიშით გვიწევს და ეს შიში უსაფუძვლო არაა.

მართალია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ ეს გზა ეკლოვანი უფროა, ვიდრე ყვავილოვანი. რაც შეეხება პოლიტიკურ შეცდომებს, ბევრი გამოჩენილი ქართველი მოღვაწის პირად ბიოგრაფიაში ეს ნათლად აღინიშნება.

მაგალითად, საინტერესოა, რას ფიქრობდა საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, როცა საკავშირო კომუნისტური პარტიის ერთ-ერთ ყრილობაზე, მოსკოვში აცხადებდა: „ჩვენი მზე ჩრდილოეთიდან ამოდის“ (ამ ნათქვამმა კმაყოფილი რუსი კომუნისტების მქუხარე ტაში დაიმსახურა). სწორედ ასეთი რენეგატი ქართველების დიდი დამსახურებაა, დღეს რომ ასე უჭირს მოძალადე იმპერიას „ლანგრით მირთმეული ულუფის“ დაკარგვა. რაც შეეხება ე.წ. „მზეს“, მართალია „ნათების წერტილი“ შეცვალა, მაგრამ ჩრდილოვანი სიცივეები მაინც თან სდევს.

აფხაზეთის, ცხინვალის და ახალგორის შემდეგ რუსის მზერა პანკისის ხეობისკენაა მიპყრობილი, ხეობისკენ, რომელიც არაერთი ტერორისტული დაჯგუფების თავშესაფრად მიიჩნეოდა 2001 წლამდე. მაშინ ჩატარებული სპეცოპერაცია, მართალია, წარმატებული იყო იმ დროისთვის, მაგრამ პანკისი კვლავ საფრთხის მოლოდინშია.
იმედის თვალს კი ამერიკის თანადგომას მივაპყრობთ, თუმცა ობამას ადმინისტრაცია, აშკარად, კრემლთან ურთიერთობის დათბობის ფაზაშია და, ღმერთმა იცის, გაალღობს თუ არა ეს ტემპერატურა საქართველოს გაყინულ პოლიტიკურ იმედებს...

მართალია, ჯერ ზამთარი არ დამდგარა, მაგრამ რუსეთი ევროპას ისევ ეთამაშება. უგაზობის საშიშროების წინაშე ევროპის მოსახლეობის 80 პროცენტი დგას.

ორიოდე წლის წინათ ასე ჩვენც ხომ „გაგვეთამაშა“ კრემლი შუა ზამთარში. ჯერჯერობით კი მსოფლიო სათამაშო მოედანზე. არ გამოსულა ძალა, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებებისაგან თავდახსნილ რუსულ დათვს მრისხანედ ღრიალის სურვილს ჩაუკლავდა.

 

ლიკა ჩახუნაშვილი,

პოლიტოლოგიის მაგისტრანტი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2001
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია