დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ფოლკლორის დღესასწაული
2009/10/14 14:06:29

ჩვენ არც ისე ბევრი ვართ ამ სამყაროში, რომ ერთმანეთი ვერ მოგვეძებნა. ამისთვის მხოლოდ სურვილიც საკმარისი იყო, მიზეზად კი - ქართული კულტურა: ქართული სიმღერა, ცეკვა - გადამდები და სულის ამაფორიაქებელი არამარტო ქართველის, არამედ სხვა ერის შვილებისთვისაც.

 

ფესტივალი „ჩვენებურების“ პირველი მოკრძალებული ნაბიჯებიდან არცთუ დიდი დროა გასული - წელთაღრიცხვა 2004 წლის 23 ნოემბრიდან იწყება, ის კი უკვე უჩვეულოდ ადუღაბებს ქართველ ერს და აკავშირებს მას დანარჩენ მსოფლიოსთან. მოკლე დროში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეიქმნა ანსამბლები, რომლებიც ქართულ სიმღერას მღერიან და ქართულ ცეკვებს ცეკვავენ. ამ შემოქმედებით კოლექტივებში მარტო ქართველები არ არიან, მათში სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებიცაა გაერთიანებული და ისინიც მთელი სულითა და გულით მღერიან თუ ცეკვავენ ქართულს. სახელი კი, რადგან ქართულზე არიან შეყვარებული, ყველას ერთი დაერქვა  - „ჩვენებურები.“ მათ მრავალმა ქალაქმა უმასპინძლა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ამჯერად მასპინძელთა გრძელ სიას ქუთაისიც მიემატა.

„ჩვენებურები“ გაუხუნარი მუხტია და თან გადამდები. სწორედ ეს მუხტი გადაედო მთელ დარბაზს მესხიშვილის თეატრში. რადგან უბრალოდ, არ შეძლება, განსაკუთრებულად არ იგრძნო თავი მაშინ, როცა ქართული სულის აჟღერებას სხვა ერის შვილი შეძლებს.

ჯგუფი „სამზეო“ დიდ ბრიტანეთში შეიქმნა 2007 წელს. ჰელენ კურტისი, ჯული მარლი, ჯენი სმიტი, სარა კობჰამი, იზი ფრიით-ჰეილი, ემა დევისი, ანგუს უორდი და ბენ ვოლკერი იორკშირში მოღვაწეობენ და პროფესიით მუსიკოსები არიან. „სამზეო“ ქართველ მაყურებელს პირველად შეხვდა. ამის საშუალება მათ „ჩვენებურებმა“ მისცა. ქუთაისშიც იმღერეს.

თურქეთში, იზნიკში ბევრი ქართველი ცხოვრობს, იზრდებიან თაობები, თუმცა, ქართული ხელოვნების, ქართული სულის სიყვარული არ იცვლება. ამიტომაც, წლებია, იქ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი არსებობს და მისი წევრები არა მარტო ქართველები, თურქებიც არიან. მათაც იცეკვეს მესხიშვილის თეატრში.

იცეკვეს მოსკოვში მოღვაწე ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ „კოლხიდას“ წევრებმაც, ქართველმა და რუსმა სოლისტებმა - ეკატერინა პონომარიოვამ, ელიზავეტა პუშკოვამ, დავით ფორჩხიძემ და გიორგი ცეკვავამ. ამ ანსამბლის მხატვრული ხელმძღვანელია აჭარის დამსახურებული არტისტი, რუსეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწე, ტატიანა კრამრი.

კარლ ლანიქმა პირველად ქართული სიმღერა ამერიკის „ქართული ანსამბლის“ შესრულებით მოისმინა, ეს ჯგუფი ამერიკელებისგან იყო შედგენილი. მოგვიანებით თავადაც შეუერთდა ამ ჯგუფს და დაიწყო ქართული სიმღერის შესწავლა.

„როცა საქართველოში ჩამოვედი, ჩემი პირველი ქალაქი ქუთაისი იყო, პირველი მასპინძელი - ზაზა ქათამაძე. მიხარია, რომ დღეს ისევ ვარ ამ ქალაქში, ჩემს ორ ბიჭთან ერთად,“ - თქვა მან სცენიდან და სიმღერაც თავის მასპინძელს მიუძღვნა.

კარლს მთელი საქართველო ფეხდაფეხ აქვს მოვლილი და ქართული სიმღერები შესწავლილი. ამერიკაში თავადაც ასწავლის ქართულ სიმღერას და ყველაზე მთავარი - ქართული სულისკვეთებით ზრდის თავის ორ ვაჟს, რომლებიც უკვე სუფთა, უაქცენტო ქართულით მღერიან.

ბაიარ შაჰინი (გუმბარიძე) კი ფესტივალ „ჩვენებურების“ ხშირი სტუმარია, მისი სიმღერები ერთნაირად პოპულარულია საქართველოშიც და თურქეთშიც.

აჭარის სახელმწიფო ანსამბლი კი  ქუთაისური „ჩვენებურების“ ერთ-ერთი ქართველი მონაწილე იყო. ლამის ფრთები გამოისხეს ქართული ცეკვის შესრულებისას. ამიტომაც დაუდგათ დარბაზი ფეხზე, ამიტომაც იყო უსასრულო ოვაცია და რაღაც უჩვეულო სიამაყეც და აღმაფრენაც...

პროფესორი გიული ალასანია, ფესტივალის ერთ-ერთი დამაარსებელი: „ჩვენებურებს ყველგან ელიან, ისინი ყველგან სასურველი სტუმრები არიან, მაგრამ მათი ნამდვილი სახლი საქართველოა. აქ ისინი ყველაზე მეტად უყვართ.“

ანზორ ერქომაიშვილი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი: „ხელოვნების ენა უნივერსალურია და ფესტივალი ამის ერთ-ერთ ნათელ დადასტურებას წარმოადგენს. უკვე საქართველოს ფარგლებს გავცდით და ქართული ფოლკლორი ნამდვილ დღესასწაულად იქცა.“

შარშან, აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ლონდონში 100 ინგლისელი ტემზის ნაპირზე შეიკრიბა და ქართული სიმღერით გამოხატა საქართველოსადმი მხარდაჭერა...

„ჩვენებურები“ მთელ სამყაროში გააგრძელებენ ერთმანეთის მოძებნას...

ჩვენ არც ისე ბევრი ვართ, მაგრამ ჩვენს მრავალხმიან სიმღერასა და ცეკვას მარადიულობასთან თანაზიარობის სურნელი ასდის.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1888
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია