დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პუტინი და სააკაშვილი ერთი სახელმძღვანელოდან სწავლობენ?!
2009/10/14 13:58:24

რა წერია ტალიავინის დასკვნაში? ეს საკითხი ოპოზიციური და სახელისუფლებო წარმომადგენლების მორიგი დაპირისპირების საგანი გახდა. გაორებულია ევროპული სახელმწიფოების დიპლომატიური კორპუსის აზრიც, თუმცა ქართველი ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას ტალიავინის დასკვნის რეალურად აღქმისკენ მოუწოდებენ. ფაქტია, რომ რუსეთის და საქართველოს მთავრობები ამ დასკვნას თავიანთ სასარგებლოდ ირგებენ და ერთსა და იმავე პუნქტს სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევენ. დასკვნის კონკრეტულ დეტალებზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

 

- ბატონო სოსო, რამდენად ველოდით ასეთი შინაარსის დასკვნას?

 

- მოლოდინი იყო, რომ ასეთი გამოცდილი ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი შემოგვთავაზებდა დოკუმენტს, რომელიც დამაჯერებელი იქნებოდა თავისი სიცხადით და აღარ გაჩნდებოდა ზედმეტი კითხვები. თუმცა მივიღეთ დოკუმენტი, რომელმაც ჩვენში ქაოტური განცდები გამოიწვია. ამ დოკუმენტში კითხვა უფრო მეტი გაჩნდა, ვიდრე პასუხი. ტალიავინის კომისიას არ ეყო გამბედაობა, მათ მიერვე აღწერილი ფაქტებისთვის შესაბამისი სახელები დაერქმია. როდესაც ლაპარაკია შეფასებით ნაწილზე, ვხედავთ, რომ სადავო ბევრია. ეს გახლდათ ფაქტების დამდგენი მისია და არა საგამოძიებო კომისია. მაგრამ როდესაც დასკვნის აღმწერები შეფასებით ნაწილზე გადადიან და არ კმაყოფილდებიან აღწერით, ცხადია, უნდა აცნობიერებდნენ იმას, რომ მათ არ გააჩნიათ რაიმე ექსკლუზიური უფლება ამ შეფასებებისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება თანაბრად ჩაერთვება ამ შეფასებების განხილვაში და საკუთარი გეგმის განხორციელებაში. ფაქტია, რომ ეს დოკუმენტი გახდა ყველაზე მეტად კითხვადი არამარტო საქართველოსა და რუსეთში, არამედ, შეიძლება ითქვას, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში. ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები აკეთებენ სრულიად განსხვავებულ განცხადებებს ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, არამედ ანალოგიური განხეთქილებაა ჟურნალისტურ წრეებშიც. პრესა დიამეტრალურად საწინააღმდეგო და შეუფასებელ ინფორმაციას ავრცელებს. თავისთავად, ის ფაქტი, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს დოკუმენტი გახლავთ მათი ქვეყნის დიდი დიპლომატიური გამარჯვება, იმაზე კი არ მიუთითებს, რომ დოკუმენტმა არც მწვადი დაწვა და არც შამფური, არამედ, პირიქით, დღეს მწვადიც დამწვარია და შამფურიც. დღეს არც ერთ მხარეს არ აქვს რეალურად კმაყოფილების საფუძველი და არც ერთი მხარე არც ერთ კრიტიკულ მომენტზე საკუთარ პასუხისმგებლობას და შეცდომას არ აღიარებს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ მათ თავიანთ დანაშაულზე საუბარიც არ სურთ.

- კონკრეტულად ვის ადანაშაულებს ეს დოკუმენტი? 

- დოკუმენტი საკმაოდ მკაფიოდ ადანაშაულებს ორივე მხარეს, რომ მათ დაარღვიეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. ამ საკითხზე ორივე ხელისუფლება დუმს. მე მგონი, ეს ის დუმილია, რომელიც თანხმობის ნიშანია. ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა არც ერთ მხარეს არ უარუყვია. რადგან ფაქტი ტალიავინის კომისიას უფრო მეტი აქვს, ვიდრე ეს რომელიმე მხარეს თავის მართლებისთვის შეიძლება აღმოაჩნდეს.

- ხელისუფლება ტალიავინის დასკვნის შემდეგ თვლის, რომ მათი ნაბიჯები მართებული იყო კონკრეტულ შემთხვევაში. როგორ თვლით, ის არგუმენტები, რომლებსაც ხელისუფლება ასახელებს, რამდენად დამაჯერებელია?

- რუსეთი ათწლეულების მანძილზე საქართველოსთან დაპირისპირების მიზეზს ეძებდა. თუმცა რეალურ მიზნებს ვერ ასახელებდა, რადგან საერთაშორისო საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა. რუსეთისთვის მიუღებელი იყო საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა, შემდეგ რუსეთის გვერდის ავლით ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურების განვითარება. და მესამე მიზეზი, რომელიც ასევე ღიად სახელდებოდა - საქართველოს პრეზიდენტის პერსონა. უკაცრავად, მაგრამ როდესაც მოსკოვმა უფლებამოსილება აჰყარა თბილისს, კონტროლი გაეგრძელებინა სოხუმსა და ცხინვალზე (1992-93 წლებში), ეს მათ მიერ დასახელებული მიზეზები ბუნებაში არ არსებობდა. ანუ, აი, ამ მიზეზების გამოყენება საომარი ქმედებების დაწყებისთვის იყო ყალბი. ახლა კი საომარი მოქმედებების დაწყებას ამართლებენ სამშვიდობო ძალებზე, თავდასხმით, მათი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით და ოსი ხალხის გენოციდის შეჩერებით. ტალიავინის დასკვნამ ეს სამივე არგუმენტი გააქარწყლა. იქ წერია, რომ ადრესირებული შეტევა, ანუ მიზანმიმართული შეტევა სამშვიდობო ძალებზე, არ დაფიქსირებულა; ის, რომ ცხინვალში არავითარი რუსეთის მოქალაქეები არ არსებობდნენ იმიტომ, რომ რუსეთის პასპორტების დარიგება არის საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა და მესამეც - არავითარი გენოციდი ოსური მხარისა არ ყოფილა და ის 2000 გვამი არ აღმოჩენილა. ეს ფაქტი რუსეთმა დააფიქსირა. წარმოიდგინეთ, რა ვითარებაშია ამ დასკვნის შემდეგ რუსეთი, როდესაც მათი პრეზიდენტი საუბრობდა რუსული შეიარაღებული ძალების შეჭრის აუცილებლობაზე, მათ არგუმენტად ამ ფაქტის გამართლებისთვის სახელდებოდა ის, რომ 2 000 ოსი ეროვნების ცხინვალის მაცხოვრებელი იყო დაღუპული. ეს ციფრი ვიღაცამ შეთხზა, შექმნა და დაუდო პრეზიდენტს. ანუ თავად რუსეთმა შექმნა მიზეზი არარსებული რუსეთის მოქალაქეებით, 2 000 გვამით და, თავისი ჭკუით, ხელი გაიხსნა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე  კანონიერი ქმედებისთვის. ეს ცალსახად არის დაფიქსირებული დასკვნაში და თითქოს დავას აღარ უნდა იწვევდეს ამ ფაქტების შეფასებაც. ქალბატონი ტალიავინის ჯგუფი შეფასებით ნაწილში სამივე მიზეზს ისევ იმეორებს, როგორც საფუძველს რუსეთის ჯარის შემოჭრის, მაგრამ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტად ამ შემოჭრას არ აფიქსირებს. ამ ჯგუფს არ ეყო გამბედაობა იმისა, რომ თავიანთი მოკვლეული ფაქტებისთვის საკუთარი სახელი დაერქმიათ.

- თქვენ თვლით, რომ ტალიავინის კომისიამ სწორი ანალიზის გაკეთებას თავი აარიდა?

- დიახ, სწორედ ეს გახლავთ რუსეთისაგან დროშის ფრიალის საფუძველი. ისინი ამბობენ, რომ პირველი შეტევა ქართულმა ჯარმა დაიწყო ცხინვალის მიმართულებით მძიმე არტილერიის,      „გრადის“ გამოყენებით, ხოლო თავად არ დაურღვევიათ  საერთაშორისო სამართალი, ისე აღმოჩნდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთი ამ შემოჭრას დარღვევის ფაქტად არ აღიარებს.

- ეს დასკვნა რომელი მხარისთვის უფრო მომგებიანი აღმოჩნდა - ქართულის თუ რუსულის? როგორ ფიქრობთ, შეინარჩუნებს თუ არა რუსეთი გავლენის სფეროებს მსოფლიოში იმის პარალელურად, როცა ევროკავშირიდან მისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხიც კი განიხილებოდა?

- ჩემი აზრით, ეს დოკუმენტი რაიმე ტიპის სიამოვნების მომგვრელი არც ერთი გონიერი ადამიანისთვის არ უნდა იყოს. ეს არის ორ წაგებულ მხარეს შორის დაყენებულ ბრალდებათა სერია. ახლა ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ცუდად მოიქცა. სანამ საკუთარ შეცდომას და დანაშაულს არ აღიარებ და არ მოინანიებ, არავის აქვს მორალური უფლება, სხვის დანაშაულზე ისაუბროს. ეს არის ლოგიკა. მაგრამ რაც შეეხება შეფასებებს და რუსეთის მიმართ დამოკიდებულებებს, გამოქვეყნებული დოკუმენტი ვერ დაამთავრებს, პირიქით, დასაბამს მისცემს შემდგომ დისკუსიებს. პრესაშიც კი ურთიერთგამომრიცხავი სტატიები იბეჭდება - ამ შემთხვევაში უცხოურ პრესას ვგულისხმობ. ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ლონდონში ისეთი სტატიები იბეჭდება, თითქოს სრულიად სხვადასხვა დოკუმენტი ჰქონდეთ წაკითხული.

- გამოდის, ამ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო ორად არის გაყოფილი?

- ინფორმაციის სხვადასხვაობა გამორიცხავს ერთსულოვნებას ფართო საზოგადოების დამოკიდებულებაში. ეს საინფორმაციო ომის რეალური მოვლენაა. უბრალოდ, დასანანია, რომ პუტინის და სააკაშვილის პროპაგანდას ფრაზებიც კი ერთი და იმავე სახელმძღვანელოდან აქვთ ნასწავლი. ამ დოკუმენტის გამოქვეყნებამდე ორივე მხარე ემზადებოდა და, არ გამოვრიცხავ, ერთი და იმავე მასწავლებელთან.

- ვის გულისხმობთ „ერთი და იმავე მასწავლებელში“?

- კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ჩემი აზრით, პიარის რუსული სკოლაა.

- და თქვენ ფიქრობთ, რომ სააკაშვილს პიარის რუსული სკოლა აქვს გავლილი?

- სააკაშვილს - არა, მაგრამ პიარისტები საკუთარ ტექნოლოგიებს ამუშავებენ სხვადასხვა მიდგომით. ერთდროულად ორივე ხელისუფალისგან ერთი და იგივე ფრაზა აჟღერდა, რომ „ეს გახლავთ ჩვენი დიპლომატიის დიდი წარმატება“, ორივე მხარემ ყველაფერი უარყო და მოწინააღმდეგის ბრალეულობა წარმოაჩინა. ეს არასერიოზულია საერთაშორისო ურთიერთობებში და იწვევს ნიჰილიზმს ზოგადად ორივე ხელისუფალის მიმართ. ასეთ შემთხვევაში ვერც ერთი მათგანი მაღალი კლასის საერთაშორისო მოთამაშის როლს ვერ შეასრულებს.

- ქართველებმა ცხინვალზე იერიში 7 აგვისტოს, გამთენიისას მიიტანეს. ამ დროს ქვეყანაში არ იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი, საომარი მოქმედებების დაწყების წინ კი საქართველოს პარლამენტი კვლავ საზაფხულო შვებულებაში იყო. შეიძლებოდა, ქვეყნის მთავარსარდალი ასეთ ვითარებაში დალოდებოდა თავდაცვის მინისტრის ჩამოსვლას და პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას?

- ძნელია დროის უკან დაბრუნება და სხვა ვერსიების განხილვა. მე მხოლოდ შემიძლია გავიმეორო დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაკეთებული დასკვნის რამდენიმე ელემენტი, რომელიც გასული წლის ბოლოს გამოქვეყნდა. ჩვენ შევისწავლეთ ხელისუფლების ქმედებები და ვეყრდნობოდით იმ დოკუმენტებს, რომელიც საჯარო იყო და ხელმოწერილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით არის გაკეთებული მკაფიო დასკვნა: თუ რუსეთის ჯარი შემოვიდა საქართველოში 7 აგვისტოს, ან უფრო ადრე, მაშინ დარღვეულია პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის ორი მუხლი. თუ შემოვიდა 7 აგვისტოს შემდეგ, მაშინ აგრეთვე დარღვეულია პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის სხვა ორი მუხლი, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, საკმარისია პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოცხადების საფუძვლად. ეს დასკვნა ცნობილია პარლამენტარებისთვის, თუმცა არც ერთი კრიტიკული ნაბიჯი ამ მიმართულებით იურიდიული განათლების მქონე ადამიანებისგან არ ყოფილა გადადგმული. ცხადია, არც რეაქცია არ მოჰყოლია იმპიჩმენტის მიმართულებით, რადგან, მოგეხსენებათ, პარლამენტი სრულიად მკაფიო სურათია იმისა, რაც საქართველოში ხდება.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ გააქტიურდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან?

- არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში კიდევ დადგეს, მაგრამ, ჩვენი კანონმდებლობით, გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის პარლამენტს. სწორედ ამიტომ სურდა ხელისუფლებას, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ყოფილიყო.

- ტალიავინის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ირაკლი ალასანიას მიმართაც გაისმა ბრალდებები. ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს მის მიმართაც გაუჩნდათ კითხვები...

- ვერ გეტყვით, რომ ოპოზიციის მხრიდან დუმილი ალასანიას ფაქტორი იყოს. დროში გაწელილ დუმილს ბევრი ფაქტორი აქვს. თუმცა ალასანიამ ოპოზიციას გაუჩინა საფიქრალი, ოღონდ სხვა მიმართულებით. მან პირველმა ჩამოაყალიბა დიზაინი საკუთარი პოლიტიკური გემოვნების მიხედვით და შექმნა ალიანსი. დანარჩენებს დაუდგათ მომენტი იმ გადაწყვეტილებების მიღებისა, რისი ტაქტიკაც და კულტურაც საქართველოში არ არის. ყველა პარტია დღეს შეერთებაზე საუბრობს, მაგრამ არც ერთი არ არის მზად, რომ თავად შეუერთდეს და სხვა პარტიის სივრცეში განაგრძოს პოლიტიკური საქმიანობა. სამი ან ოთხი ასეთი ერთობა სრულიად საკმარისი იქნება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ამინდის შესაქმნელად, თუმცა არჩევნებში წარმატების 35 სუბიექტიანი პრეტენზიები სამკურნალო ერის დიაგნოზს დაასმევინებს ნებისმიერ უცხოურ ანალიტიკოსს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1744
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია