საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ევროპამ თავისი ვალი დიპლომატიურად მოიხადა
2009/10/05 12:28:01

ტალიავინის საგამოძიებო კომისიამ აგვისტოს ომის თაობაზე საბოლოო „ვერდიქტი“ გამოიტანა - ომის გაჩაღებაში ბრალი ორივე მხარეს მიუძღვის. თუმცა, დასკვნას ერთი მთავარი „ღირსება“ აქვს - ისე არის შედგენილი, რომ რუსეთსაც და საქართველოსაც შეუძლიათ, დოკუმენტში თავისთვის სასარგებლო არგუმენტები იპოვონ და მისი ინტერპრეტაცია ისე მოახდინონ. „ანგარიშში მოყვანილი თითქმის ყველა ფაქტი მოვლენათა განვითარების ქართულ ვერსიას ადასტურებს,“ - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ჩვენი აზრით, კომისიის მუშაობას ფუჭად არ ჩაუვლია - ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი გამოიტანს დასკვნას, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის   წინააღმდეგ   აგრესია   დაიწყო  საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ. საბოლოო ჯამში, სწორედ ესაა მთავარი შედეგი „ტალიავინის კომისიის“ მუშაობისა,“ - მიიჩნევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მოკლედ რომ ვთქვათ, ევროპამ თავისი ვალი დიპლომატიურად მოიხადა.

 

ევროკავშირის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის დასკვნას, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება 10 თვე ელოდა, პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე - ვინ დაიწყო ომი?! კომისიის დასკვნა ისე არის შედგენილი, რომ ამ მთავარ კითხვაზე პასუხიც კი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. შვედმა დიპლომატმა, ფაქტების და მოვლენების აღწერით, ბრალის ტვირთი, დიპლომატიურად, ორივე მხარეზე გადაანაწილა და პრობლემას უფრო ზოგადსაკაცობრიო თვალსაზრისით შეხედა:  „დღეს ყველა დამარცხდა: საქართველო გაყოფილია, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა მხოლოდ ერთმა მუჭა სახელმწიფოებმა აღიარეს და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, 35000 ადამიანზე მეტი, გაურკვეველი დროით, იძულებით გადაადგილებულად იქცა. როგორ შეიძლებოდა ამ კატასტროფის თავიდან აცილება?  ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ნამდვილად იქნებოდა პროცესში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართვა,“ - წერს კომისიის თავმჯდომარე ჰაიდი ტალიავინი „ნიუიორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელსაც „საქართველოს კონფლიქტის გაკვეთილები“ ჰქვია. რადგანაც კომისიის დასკვნა იმდენად დიდია, რომ დაწვრილებით ჯერ ექსპერტებიც კი არ გაცნობიან, უპრიანი იქნება, უშუალოდ ქალბატონი ჰაიდი ტალიავინის სტატიას მივმართოთ იმის გასაგებად, თუ ვინ დაიწყო ომი.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, ბატონმა თემურ იაკობაშვილმა დასკვნის გამოქვეყნებისთანავე განაცხადა, არაფერი მიუთითებს დასკვნაში, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ნებისმიერი ასეთი ინტერპრეტაცია სპეკულაცია იქნებაო. რუსული მხარე კი, პირიქით, სწორედ იმას ხედავს დასკვნაში, რასაც ქართველი მინისტრი სპეკულაციას უწოდებს და რაც უმთავრესი კითხვა იყო, კომისიის შექმნიდან მოყოლებული. ჰაიდი ტალიავინი კი თავის სტატიაში პირდაპირ წერს: „ისე, როგორც ყველა კატასტროფულ მოვლენას, 2008 წლის ომს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. უშუალო მიზეზი 2008 წლის 7 აგვისტოს ქართული ჯარის მიერ სეპარატისტული პროვინციის, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის - ცხინვალის დაბომბვა გახდა, რასაც რუსეთის არაპროპორციული პასუხი მოჰყვა...“ პრაქტიკულად, ამ ფრაზით იმ კითხვას, რაც კომისიის შექმნის საფუძველი გახდა, პასუხი გაეცა. ოფიციალურმა თბილისმა დასკვნის ამ ნაწილთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ საქართველო საკუთარ მოქალაქეებს იცავდა და მოქმედებდა ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო.

ასე რომ, კითხვას, თუ ვინ გახსნა პირველად საომარი ცეცხლი - კომისიამ ცალსახად უპასუხა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მანამდე ადგილი ჰქონდა ისეთ პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც უხეშად არღვევდნენ საერთაშორისო სამართალს და საქართველოს სუვერენიტეტს. შვედ დიპლომატს რამდენიმე მაგალითი სტატიაშიც მოჰყავს: სეპარატისტული რეგიონების პასპორტიზაცია რუსეთის მხრიდან (რის გამოც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სულ უფრო დგებოდა რისკის ქვეშ) და აფხაზეთის საჰაერო სივრცეში ქართული თვითმფრინავების ჩამოგდება. ასე რომ, „...ომის მეორე ფაქტორი თხუთმეტ წელზე დიდი ხნის განმავლობაში ორი „გაყინული კონფლიქტის“ გადაწყვეტის პროცესში პროგრესის უკმარისობა იყო,“ - წერს ქალბატონი ტალიავინი თავის სტატიაში, რაც ნიშნავს, რომ თუკი უშუალო მიზეზთან დაკავშირებით საქართველოს ბრალი კონკრეტულად ჩანს, სხვა ფაქტორებში დამნაშავეა ზოგადად ყველა: საქართველო და რუსეთი იმიტომ, რომ საერთო ენა ვერ მონახეს, ხოლო საერთაშორისო საზოგადოება (და არა, მაგალითად, კონკრეტულად ევროპა) კი დამნაშავეა, რომ ინდეფერენტული იყო მანამდე, სანამ ომი დაიწყებოდა. „...გარე სახელმწიფოების ჩარევამ, სამწუხაროდ, საერთო პოზიციების მოძიების ნაცვლად მიდგომათა გამკაცრება გამოიწვია. არავის უცდია კონფლიქტის ყველა მონაწილის რეალური წუხილის აღიარება,“ - წერს კომისიის თავმჯდომარე „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ამრიგად, „ტალიავინის კომისიამ“ 2008 წლის აგვისტოს ომის თაობაზე დასკვნა უკვე გამოაქვეყნა. ისიც უნდა ითქვას, რომ რაიმე განსაკუთრებული მოულოდნელობა ნამდვილად არ ყოფილა. კომისიის მუშაობისას, მისი წევრები გზა და გზა აჟღერებდნენ ხოლმე დასავლურ მედიაში დასკვნის შესაძლო ვარიანტებს და საქართველოს ადანაშაულებდნენ. იმასაც ამბობდნენ, რომ რუსეთიც არ დარჩებოდა „თავისი წილი“ პასუხისმგებლობის გარეშე. დღეს უკვე ოფიციალურად არის ნათქვამი, რომ აგვისტოს ომის უშუალო მიზეზი ქართული მხარის მიერ ცხინვალის დაბომბვა იყო, თუმცა იქვე ისიც არის ხაზგასმული, რომ მანამდე რუსეთის მხარე პროვოკაციულად იქცეოდა და საქართველოს სუვერენიტეტს არღვევდა. ერთი სიტყვით, ევროპამ თავისი ვალი დიპლომატიურად მოიხადა... ორივე მხარეს მისცა იმის საშუალება, რომ მათთვის სასარგებლო არგუმენტები ეპოვათ დასკვნაში. თუმცა, ტალიავინის კომისიის დასკვნას კიდევ ერთი კუთხიდან უნდა შევხედოთ - მოახდენს თუ არა ის რაიმე გავლენას შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, როგორც განსაკუთრებულად ელოდებოდნენ საქართველოში დასკვნის გამოქვეყნებამდე.   მოჰყვება    თუ   არა „ტალიავინის   კომისიის“  დასკვნას  შიდა პოლიტიკური  ეფექტი,  ეს  ბევრ  რამეზე არის დამოკიდებული და ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1565
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია