დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლონური გამოცდილება - ქართველი ჟურნალისტებისათვის
2013/06/24 14:31:37

რამდენიმე წელია, პოლონური ასოციაცია „დემოკრატიული აღმოსავლეთი“, კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრის“ თბილისის ოფისთან თანამშრომლობით, მხარს უჭერს საქართველოს რეგიონულ გაზეთებს და ეხმარება მათ  დამოუკიდებლად განვითარებაში.

 

სწორედ ამ ასოციაციის პროექტის - „საქართველოს ადგილობრივი გაზეთების მომზადება მცირე განცხადებების მოძიების სისტემის ჩამოყალიბებისათვის“ - ფარგლებში, მაისში პოლონეთის დედაქალაქ ვარშავას ვსტუმრობდით რეგიონული გაზეთების გამომცემლები და რედაქტორები. ოქტომბერში კი საქართველოში ველოდებით ჩვენს პოლონელ მასპინძლებს.

პროექტი თანადაფინანსებული გახლავთ პროგრამა „დემოკრატიის მხარდაჭერის“ ბიუჯეტიდან, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის „პოლონეთის დახმარება 2013 წ.“ ფარგლებში და ასევე - ამერიკული ფონდის მიერ.

5 დღე პოლონეთში ძალიან საქმიანად ჰქონდათ დაგეგმილი  ჩვენს არაჩვეულებრივ მასპინძლებს: ანნა ჰეიმანს, აგნიეშკა ნოვინსკას, ალექსანდრა (ოლა) გრაბოვსკას და მარინა ურბანოვიჩ-ვარსიმაშვილს, რათა მაქსიმალურად მოგვესწრო როგორც საქმიანი შეხვედრები სხვადასხვა რედაქციასა თუ ადგილობრივ თვითმმართველობაში, ასევე - ვარშავის ღირსშესანიშნაობების მონახულება.

პროფესიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრები გვქონდა ვიშკოვისა და ლეგიონოვოს პოვიატებში გამომავალი რეგიონული გაზეთების რედაქციებში.

 „ნოვი ვიშკოვიაკ“-ის გამომცემელმა მაჩეი კოვალსკიმ  და ლეგიონოვოს ოთხი გაზეთის გამომცემელმა პაველ კოზერამ გვიამბეს თავიანთი საქმიანობის შესახებ და აგვიხსნეს მეთოდები, თუ როგორ ახერხებენ მცირე განცხადებების მოძიებასა და განვითარებას,როგორ ხდება მცირე განცხადებების გამოქვეყნება ინტერნეტის მეშვეობით, ან კიდევ - ფასებისა და განცხადებების რუკის დადგენა.

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მასპინძლებმა აღნიშნეს, რომ დასაწყისი ყოველთვის რთულია, მაგრამ მუდმივი ძიებისა და მთელი სარედაქციო გუნდის დაუღალავი შრომით, ფუნქციების სწორად გადანაწილებით წარმატებებიც მალე მოდის. მათ ასევე პასუხები გასცეს ქართველი ჟურნალისტების ყველა კითხვას.

ვიზიტის მონაწილეებს განსაკუთრებულად გულთბილი შეხვედრა მოგვიწყო ქალაქ დაგმინა რადზიმინის ბურგომისტრმა ზბიგნიევ პიოტროვსკიმ. რადზიმინი პოლონეთის ერთ-ერთი ისტორიული ქალაქია . ის  განსაკუთრებით იმითაა ცნობილი, რომ 1920 წლის 15 სექტემბერს პოლონურმა არმიამ სწორედ რადზიმინის ველზე შეაჩერა ბოლშევიკური ჯარი, რომელიც პოლონეთის აღებას ცდილობდა. ამიტომაცაა, რომ ძმათა სასაფლაოს ხილვა რადზიმინის ყველა სტუმრისთვის დიდი პატივია.

 ბურგომისტრმა სიამაყით გვიამბო  თავისი ქალაქის ისტორიისა და გერბის შესახებ.  ასევე, გაგვაცნო თვითმმართველობის ამჟამინდელი პრიორიტეტები და ადგილობრივ მედიასთან თანამშრომლობის ფორმები.

ბატონი ზბიგნიევის საუბრიდან შევიტყვეთ, რომ რადზიმინში ხუთი დამოუკიდებელი ადგილობრივი გაზეთი გამოდის. თვითმმართველობა განცხადებების გამოსაქვეყნებლად კონკურსის წესით არჩევს მათ შორის ყველაზე მაღალტირაჟიან, გავრცელების ფართო არეალის მქონე და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან გაზეთს, რომელიც ნაკლებ ფასს სთავაზობთ.

ასევე, გავიგეთ, რომ რადზიმინის პოვიატის წლიური ბიუჯეტი 65 მილიონი ზლოტია (ცნობისათვის: პოლონეთში 16 სავოევოდია, რომლებიც დაყოფილია პოვიატებად, პოვიატები კი - გმინებად ანუ თემებად). აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები არ აღემატება 5 პროცენტს. ეს წესი ეხება არა მარტო მერიას, არამედ - ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ყველა ორგანიზაციას. ბურგომისტრის განცხადებით, ცდილობენ, რომ ერთმანეთს უახლოვდებოდეს საჯარო მოხელისა და ბურგომისტრის ხელფასი.

ქართული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ დავინტერესდით, როგორ ხდება საჯარო მოხელეების დასაქმება მათთან, ნათესავ-მეგობრობით თუ სხვა პრინციპით; როგორია თანამშრომელთა პრემიების გაცემის მეთოდები და ა.შ. ბურგომისტრის პასუხი კი ასეთია: ყველა მოხელე კონკურსით საქმდება. ყოველთვიურად განყოფილებების ხელმძღვანელები ადგენენ სიებს, თუ ვის ეკუთვნის პრემია. შტატების ზრდა თითქმის არ ხდება. თვითმმართველობაში არ არსებობს დაფარული ინფორმაცია და მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე სისტემატურად აქვეყნებენ. ბიუჯეტის შედგენა ხდება მოსახლეობასთან შეთანხმებით, ყველა სხდომა ჩაწერილია და განთავსებულია ინტერნეტში.

რადზიმინის თვითმმართველობა განსაკუთრებულად ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, მარტოხელა დედებსა და უმუშევრებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ მოქალაქეები მარტო სოციალური დახმარების მიღების იმედად არ უნდა ცხოვრობდნენ, რადგან ასე მათი ცხოვრება ერთ დონეზე დარჩება.

რაც შეეხება მედიასთან თვითმმართველობის ურთიერთობის ფორმებს, მოვიყვან რამდენიმე ციტატას  ბურგომისტრის საუბრიდან:

  • · „არავის უნდა ისეთი გაზეთის წაკითხვა, სადაც მარტო ის წერია, ბურგომისტრმა რა გახსნა, საიდან მოვიდა და სად წავიდა“;
  • · „ადგილობრივი დამოუკიდებელი გაზეთების არსებობის აზრი ისაა, რომ გამოაქვეყნონ კრიტიკული სტატიები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას გვაძლევს ჩვენი საქმიანობის „გარედან“ შეხედვისა და ნაკლოვანებების გამოსწორების შესაძლებლობას“.
  • · „ჩვენ რომ საკუთარი ნაკლის დანახვა არ გვდომებოდა, თავად გავაკეთებდით გაზეთს და „ყველაფერი იქნებოდა კარგად“.
  • · „ძალიან ვაფასებ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, რადგან ჩვენს მუშაობას კრიტიკულად აფასებენ. თუ რამე წარმატებას მივაღწიეთ, გვიხარია, რომ ისინიც ხედავენ.“

საქართველოში, სამწუხაროდ, ძნელად მოიძებნება  ისეთი ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე თუ გუბერნატორი, რომელსაც მედიის მიმართ ასეთი ხედვა ჰქონდეს. ესეც, ალბათ, დემოკრატის ხარისხის ტესტია.

და ბოლოს, ზბიგნიევ პიოტროვსკის საუბრიდან კიდევ ერთი გულწრფელი ციტატა, რითაც მან  წარმატების ის ფორმულა გაგვიმხილა, რის გამოც რადზიმინის მოსახლეობამ სამჯერ აირჩია ბურგომისტრად:

„მე რადზიმინის მოსახლეობას ვექცევი ისე, როგოც საკუთარი ოჯახის წევრს, თავად დავდივარ მანქანით, არ ვსვამ ალკოჰოლს და არ ვღალატობ ცოლს!“

 

ეპილოგის მაგიერ 

ძნელია, ერთ პატარა საგაზეთო წერილში სრულად ჩაატიო ის შთაბეჭდილებები, რაც ამ პოლონურ ვიზიტთანაა დაკავშირებული, თუმცა, ფაქტია, რომ პოლონური გამოცდილება დემოკრატიის მშენებლობის, მედიისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების თვალსაზრისით, მართლაც სამაგალითო და მისაბაძია, ამიტომ კიდევ ერთხელ უდიდესი მადლიერებით ვეხმიანები ჩვენს პოლონელ მასპინძლებს და  მოუთმენლად ველოდები მათთან მომდევნო შეხვედრებს - თბილისში, ქუთაისში, ვარშავაში, კრაკოვში და ასე, დაუსაბამოდ...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2738
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია