დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უბერებელი გიტარა
2013/03/25 12:05:29

60-იანი წლების პოპულარული ბიჭი 80 წლის გახდა

 

ეს მრავალი ათეული წლის წინ იყო: სიყვარულის დღეს დაბადებულს, რატომღაც, მურმანი დაარქვეს.

ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახში, ნახალოვკაში იზრდებოდა ანჯაფარიძეების ორი არაჩვეულებრივი ბიჭი - ავთანდილი და მურმანი. 1937 წელს მათ მამა და ბავშვობა ერთად წაართვეს. რეპრესირებული ოჯახის ყოფა იმდროინდელ თბილისში გაუსაძლისი გახდა. დედას, ლუბა კარტოზიას, კერვის ცოდნა გამოადგა და დღედაღამ მუშაობდა, რათა შვილების გამოკვება მაინც მოეხერხებინა. მშობელს ბიჭებიც ედგნენ მხარში, ცდილობდნენ, ისე მოქცეულიყვნენ, რომ დედისათვის გული არ ეტკინათ. მალე ომიც დაიწყო, ომმა კი გულის კუნჭულში დარჩენილი ბავშვობის ნაკუწებიც გააცამტვერა და ნაადრევად დააკაცა პატარა ბიჭები. ამას ისიც დაერთო, რომ დედას მშობლები გარდაეცვალა და იძულებული გახდნენ, მარტვილში, სოფელ ბანძაში გადასულიყვნენ საცხოვრებლად.

სოფელმა სხვაგვარად გაალაღა ქალაქელი ბიჭები, მართალია, აქ შრომაც მეტი უხდებოდათ, მაგრამ თავისუფალ დროს ფეხბურთს თამაშობდნენ საკუთარი ხელით გაკეთებული ბურთით. მერე მურმანს ბიძაშვილმა გიტარაზე დაკვრა ასწავლა. გიტარის ჟღერადობამ ისე მოხიბლა, რომ ერთი წუთითაც არ უნდოდა მასთან განშორება, ხმაც ხავერდოვანი ჰქონდა და მსმენელს დღითიდღე იკრებდა.

მურმან ანჯაფარიძე გამორჩეული მოსწავლე იყო ბანძის საშუალო სკოლაში, თანაკლასელების და პედაგოგების სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა. განსაკუთრებით გეოგრაფია უყვარდა. ამიტომაც არავის გაჰკვირვებია, რომ 1953 წელს, სკოლის დამთავრებისთანავე, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, გეოგრაფიულ ფაკულტეტზე ჩააბარა მისაღები გამოცდები.

ოქროს ხანა გამოდგა სტუდენტობა, მურმანი ანჯაფარიძე იმთავითვე ყურადღების ცენტრში მოექცა. მაღალ, გამორჩეული აღნაგობის ახალგაზრდას, სწავლისადმი დიდი ინტერესი და სიმღერისადმი განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა. მის გარემოცვაში ყოფნა ყველას სურდა, განსაკუთრებით - გოგონებს. ბევრი უიმედოდაც კი იყო შეყვარებული.

მაშინდელი პედაგოგიური ინსტიტუტი განებივრებული გახლდათ ნიჭიერი სტუდენტებით. უცხო ენების ფაკულტეტზე იმ დროს სწავლობდა ახლა უკვე ცნობილი კინომცოდნე გოგი დოლიძე.

მურმანმა და გოგიმ ერთმანეთი აღმოაჩინეს და დუეტი შედგა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ტოლმა ტოლი ნახა. მარტო სიმღერების მოსასმენად კი არა, მათი იშვიათი მამაკაცური გარეგნობის სანახავადაც მიდიოდა ბევრი. სცენაზე იდგა ორი წარმოსადეგი, ხიბლიანი ბიჭი და ხავერდოვანი ხმით აჯადოებდა მსმენელს. პოპულარული ბიჭები გახდნენ. ყველა ცდილობდა მათთან დაახლოებას, ისინიც ყოველგვარი ქედმაღლობის გარეშე მეგობრობდნენ მათთან.

ორი წელი იარსება დუეტმა, რომელსაც, მართალია, სახელი არ ჰქონდა, მაგრამ ძალიან ცნობილი გახდა.

„წარმოიდგინეთ, სცენაზე ვდგავართ მე და მურმანი, ორივე მაღალი ბიჭი და ვმღერით:„პაწაწინა, თოხიტარა რტო ვარ...“ როგორია?“ - გაიცინებს გოგი დოლიძე წლების შემდეგ.

„ხიბლიანი სტუდენტობა, გალაღებული ქუთაისი... თითქოს ყველას აშლილი ჰქონდა სიყვარულის საღერღელი. ქუთაისი სეირნობის ქალაქი იყო, საღამოობით ყველა გამოდიოდა და სეირნობაში მონაწილეობდა - ისეთი გამოწკიპულები, მათ ნახვას რომ არაფერი სჯობდა!“ - იხსენებს ბატონი მურმანი.

მერე დუეტი ტრიომ შეცვალა: გოგი დოლიძე თბილისში გადავიდა სასწავლებლად, მურმანმა კი ძმები ავთანდილ და ბადრი კილაძეები გაიცნო. ასე შეიქმნა პოპულარული ტრიო. მათი კონცერტებით განებივრებული იყო მაშინდელი ქუთაისი.

გაირბინა ოთხმა წელმაც და დადგა ცხოვრების სულ სხვა ეტაპი. ეტაპი იმისა, რომ საკუთარი ცხოვრების შენებას უნდა შესდგომოდა.

მამიდასთან ცხოვრობდა სტუდენტობის დროს, ბარათაშვილის ქუჩაზე, ახლა კი, დამოუკიდებლობა რომ ეგრძნო, ნაქირავებ ბინაში გადავიდა, მამიდის წინააღმდეგობის მიუხედავად. ერთდროულად რამდენიმე სკოლაში ჩამოაყალიბა სიმღერის გუნდი, მაშინდელ პიონერთა სასახლეში კი - გიტარის პირველი წრე.

ბავშვებთან ხალისით მუშაობდა, ცდილობდა, მათთვისაც ჩაენერგა მუსიკის სიყვარული. გარდა მუსიკისა, თავისი უმთავრესი პროფესიაც არ დაუტოვებია ყურადღების მიღმა. ჯერ იყო და, ორი-სამი წელი მშობლიურ ინსტიტუტში უკითხავდა ლექციებს მომავალ გეოგრაფებს, მერე მე-19 სკოლაში მუშაობდა გეოგრაფიის მასწავლებლად. უკვე შეიძლებოდა საკუთარ ბინაზე ფიქრიც. ამიტომაც საბუთები და საჭირო თანხა შეიტანა კოოპერაციულ ბინათმშენებლობაში და სასტუმრო „თბილისთან“ ახლოს, მაშინდელი ლენინის პროსპექტზე, ახლადაშენებულ ბინაში, ერთოთახიანი ბინის კარებზე სიამაყით გააკრა პატარა აბრა: „მურმან ანჯაფარიძე“. ეს იყო მისი შრომის პირველი შედეგი. მთელი ღამე არ ეძინა, დაუჯერებელი ამბავი ეგონა, მაგრამ მალე დაიჯერა. ახლა კი თავს უფლება მისცა, ოჯახის შექმნაზეც ეფიქრა. თუმცა, თაყვანისმცემელთა არმიიდან, რატომღაც, არცერთზე არ უფიქრია, არც იმ გოგონებზე შეუჩერებია არჩევანი, ვინც თავად მოსწონდა. ერთ მშვენიერ დღეს ქუთაისის ტრიკოტაჟის ქარხანაში, სადაც სიმღერის გუნდი ჰქონდა, გაიცნო 19 წლის ულამაზესი გოგონა ლიანა ხაჭაპურიძე. მან მანამდე არსებულ ტრფობის ობიექტებს ფერი დაუკარგა. ერთი კვირის განმავლობაში კაცი წყობილებიდან გამოიყვანა მომხიბვლელმა გოგონამ და ერთკვირიანი სიყვარულის ისტორია, „დიდი სიყვარულის ამბავი“, ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა.

წლები გავიდა. ორი ვაჟკაცის მამა შვილების მიმართ განსაკუთრებულ სითბოს და სიახლოვეს იჩენდა. რამაზი და ზურიკოც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მამის სიყვარულში. გასტროლებზე ხშირად წასულ მამას მოუთმენლად ელოდნენ, რომ ყველაფერი, რაც კი ამ ხნის მანძილზე გადახდათ, მისთვის მოეყოლათ. მურმან ანჯაფარიძეს 26 ქვეყანაში უმღერია. 26 ქვეყნის მსმენელის აპლოდისმენტი დაუმსახურებია, მაგრამ... „ქუთაისის სცენაზე დიდი არცერთი სცენა არაა! აქ სხვანაირი ღელვა, სხვანაირი შიში და მოკრძალება მჭირდა. აქ თითქოს ხმაში ბზარი მიჩნდებოდა. ეს განცდა განსაკუთრებული იყო...“

1976 წელს ქუთაისის პირველი საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი გახდა დირექტორის, ილია გენძეხაძის მონდომებით. „ეს იყო აბსოლუტურად სხვა განცდა, სხვანაირი მოწიწება და რიდი მქონდა ამ კედლების მიმართ. ვცდილობდი, ისეთი პედაგოგი ვყოფილიყავი, როგორიც ეკადრებოდა  ამ ცოდნის ტაძარს.“ - ცრემლიანი თვალებით იხსენებს ბატონი მურმანი.

მოახერხა კიდეც, მრავალ თაობას შეაყვარა გეოგრაფია. უამრავი ჯილდო და დიპლომი სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებზე, ბევრი კარგი მოსწავლის წარმატება პედაგოგს სტიმულს მატებდა. თავის მოსწავლეებთან ერთად თითქმის მთელი საქართველო მოიარა, ბევრი მდინარის სათავესთან მივიდნენ, ბევრი ხეობა და მთა დალაშქრეს.

ყველაფერთან ერთად, ფოტოხელოვნებაზეც უზომოდ იყო შეყვარებული, მისი ფოტოარქივი უამრავ საინტერესო ფაქტსა და მოვლენას ინახავს.

გამორჩეულ პედაგოგს თავისი ბევრი ყოფილი მოსწავლის ფოტოსურათები დღემდე ალბომში აქვს. „ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საგანძურია, ეს ჩემი ყველაზე კარგი მოსაგონარია. რამდენმა ბავშვმა გაიარა ჩემს თვალწინ, ყველა მიყვარდა, მათგანაც დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. ეს სიყვარული დღემდე მივსებს გულს სიცოცხლის წყურვილით,“ - ამბობს და ალბომში ჩაკრულ ნამოწაფრების ფოტოს ეფერება, თვალზე კი ცრემლი ადგება...

14 თებერვალს 80 წელი შეუსრულდა ბატონ მურმანს. ოჯახურ გარემოცვაში აღნიშნეს იუბილე. სამმა თოჯინამ, როგორც ის თავის შვილიშვილებს ეძახის - მარიამმა, ანამ და ლიზიმ - მიულოცეს ღირსეულ ბაბუს დაბადების დღე, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

 

ლელა თოლორდავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2666
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია