საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უმცირესობის აზრით, ბაჩო ახალაია რევანშის მსხვერპლი და პოლიტიკური პატიმარია
2012/11/07 01:44:00

გავრცელდა ინფორმაცია, რომ  მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაბარებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, დაკითხვის შემდეგ  დააკავეს და სავარაუდოდ, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.  

ბაჩო ახალაია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის III ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს , მას ბრალს ხვალ ან ზეგ წაუყენებენ. "ბრალის წარსადგენად პროკურატურას 48 საათიანი ვადა აქვს, ამიტომ ეს ხვალ ან ზეგ მოხდება",- ამის შესახებ პროკურატურასთან მყოფ ჟურნალისტებს ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემ განუცხადა. 
თუმცა, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით.

ადვოკატის განმარტებით, დაკითხვისას შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდს. საუბარი იყო თანამშომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებზე, სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლების ფაქტებზე და ამ მხრივ უფლებამოსილების გადამეტებაზე. დეკანოიძის შეფასებით, ახალაიას დაკავების საფუძველი აბსურდულია."დაკავების საფუძვლად დასახელდა ის, რომ თურმე ბაჩო ახალაიამ თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობის დროს შეურაცხყოფა მიაყენა რამდენიმე თანამშრომელს სხვების თანდასწრებით. კარგა ხანია საადვოკატო საქმიანობას ვეწევი და ასეთი აბსურდული საფუძვლით ადამიანის დაკავება პირველად ვნახე", - აღნიშნა დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
მისივე განმარტებით, დაკითხვის პროცესში ახალაიასთვის სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებით არც ერთი შეკითხვა არ დაუსვამთ. 

  "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც ახალაიამიმართ სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიების დაწყებას და   დაკავებას უსაფუძვლოდ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.

 საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური ბაჩო ახალაიას მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიების დაწყებას ირაკლი ალასანიას მხრიდან პოლიტიკურ შურისძიებად აფასებს . "ვფიქრობ, რომ ამაში პოლიტიკური საფანელი დევს. ყველაზე მეტად ამას ვუკავშირებ თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას სამარცხვინო დამარცხებას ზუგდიდში. ესაა პოლიტიკური შურისძიება იმისთვის, რომ იქ ხალხმა აირჩია ბატონი როლანდ ახალაია. ძალიან არ მინდა, რომ ბაჩო ახალაიას სახით საქართველოში გაჩნდეს პირველი პოლიტპატიმარი ისე, რომ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ იქნება", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრში" საუბრისას.

 აკაკი მინაშვილმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას პირდაპირ განაცხადა, რომ ბაჩო ახალაია პოლიტიკური პატიმარია. "თუ ბაჩო ახალაია არის დამნაშავე, ე.ი. ჩვენც, მისი გუნდის წევრებიც ვართ დამნაშავეები, მეც ვარ დამნაშავე და დამაკავონ", - აღნიშნა მინაშვილმა.

 უმცირესობის წარმომადგენელთა ამ განცხადებებს დღესვე მოჰყვა გამოეხმაურება როგორც უმრავლესობიდან, ასევე – უფლედამცველთაგან:

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძე გადაცემა "პოლიტმეტრში" საუბრისას განაცხადა, რომ რევანში აქ არაფერშუაშია. მისი თქმით, "უმცირესობას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ ასეთი განცხადებები აკეთოს. რევანში არაფერ შუაშია. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა თავიდანვე გააკეთა განცხადება, რომ არანაირი პოლიტიკური დევნა არ იქნება, მაგრამ ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული, მან პასუხი უნდა აგოს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ შურისძიებაზე უმცირესობის მხრიდან საუბარი თითიდან გამოწოვილია".

დვოკატი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას პროკურატურასთან საპროცესო გარიგების შესაძლებლობა აქვს .
როგორც მუხაშავრიამ "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში"  საუბრისას განაცხადა, ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ახალაია ზემდგომი პირების წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს.
"ბაჩო ახალაია დანაშაულებრივი ვერტიკალის თვალსაზრისით დღეს არის უკეთეს პირობებში. მას ექნება შესაძლებლობა, საპროცესო შეთანხმება დადოს პროკურატურასთან და ამით თავი გადაირჩინოს, ოღონდ იმის ხარჯზე, რომ ზემდგომი პირების წინააღმდეგ მისცეს ჩვენება", - აღნიშნა მუხაშავრიამ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1933
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია