დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახა ბენდუქიძე:ეს არის დრამა, მაგრამ არა - ტრაგედია
2012/10/04 17:56:55

„ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის მიერ საპარლამენტო არჩევნების შეფასებას, რომელიც მან "ლენტა.რუ"-სთან ინტერვიუში გააკეთა.

 ეს არის დრამა, მაგრამ არა - ტრაგედია, - ასე, "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი, კახა ბენდუქიძე საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხებას აფასებს. 
"ლენტა.რუ"-სთან ინტერვიუში ბენდუქიძე აცხადებს, რომ "ტექტონიკური ძვრები" ქართველი ამომრჩევლის სიმპათიებში საქართველოს ციხეებში მომხდარმა სკანდალმა განაპირობა. 
ბენდუქიძე სააკაშვილს ელცინსა და რუზველტს ადარებს და აცხადებს, რომ მან საკუთარი ძალა აჩვენა. 
ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლას კი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი "არასასიამოვნო სანახაობას, მაგრამ გარდაუვალს" უწოდებს. 
სააკაშვილის დამსახურებას ბენდუქიძე წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებში ხედავს და აცხადებს, რომ ის წარმოჩინდა, როგორც ნამდვილი დემოკრატი. 
"რაც მოხდა, მოხდა. პრინციპში, ძლიერი ტექტონიკური ძვრები უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მოხდა. სასწორის თეფშები გადაიხარა. აქამდე ოპოზიციის შანსები გაცილებით მცირე იყო, ჩემი პროგნოზით 100/40-თან "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ", - განაცხადა ბენდუქიძემ. 
მისივე თქმით, არჩევნების შედეგები არ მოსწონს, თუმცა ეს რეფორმების ნათელი შედეგია. 
"გაიზარდა თაობა, რომელსაც ადამიანის უფლებების საკითხი აწუხებს. ჩემი და თქვენი თაობის ადამიანებს არ უკვირთ, როდესაც პატიმრებზე ძალადობის შესახებ ესმით. რუსეთის ან სხვა მეზობელი ქვეყნების ქუჩებშიც არავინ გამოდის, ისევე, როგორც არ გამოვიდნენ მაგნიტსკის სიკვდილისას. ბევრი, ვინც მზად იყო ხმა სააკაშვილის პარტიისთვის მიეცა, არჩევნებზე არ წავიდა. პირიქით, არჩევნებში მონაწილეობა სკანდალით აღშფოთებულმა მოქალაქეებმა მიიღეს. ხმის მიცემისას 20 წუთის განმავლობაში რიგში ვიდექი, რაც აქამდე არ ყოფილა", - აღნიშნა ბენდუქიძემ.
მისივე თქმით, ეს ერთადერთი ფაქტი არ არის, რამაც სააკაშვილის დამარცხება გამოიწვია. როგორც ბენდუქიძე აცხადებს, არიან ადამიანები, რომლებიც შევარდნაძის პრეზიდენტობისას "ფულს შოულობდნენ" – მაგალითად, საბაჟო სამსახურის თანამშრომლები, კორუმპირებული პროფესორები. 
"არიან ადამიანები, ვისაც უბრალოდ ხელისუფლებაში მოსვლა და სტატუს-კვოს აღდგენა სურს – იგივე კანონიერ ქურდებს. უკმაყოფილო ადამიანი ბევრია. ეკონომიკის სამინისტროდან პირადად ორი ათასამდე ადამიანი გავათავისუფლე. ისინი, რა თქმა უნდა, ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" არ მისცემდნენ. სხვა უწყებებიდანაც უამრავი რაოდენობის ადამიანი გათავისუფლდა, მათ შორის, ძველი პოლიციელები", - განაცხადა ბენდუქიძემ. 
მისივე თქმით, ხელისუფლებასთან თავადაც იმდენი პრეტენზია აქვს, რომ 1000-გვერდიანი წიგნის დაწერას შეძლებდა. 
ესთეტიკურ პრეტენზიებს შორის ბენდუქიძე "თავისუფლების მოედანს" ასახელებს და განმარტავს, რომ შენიშვნები აქვს განათლების რეფორმის დეტალებთან, ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ გადასახადები დაბალი უნდა იყოს და სახელმწიფო ინვესტიციები სხვა მიმართულებებით გამოიყენონ. 
გარდა ამისა, სოციალურ პრობლემებზე საუბრისას ბენდუქიძე ხაზს ჯანდაცვის სამინისტროს მაღალ ბიუჯეტს უსვამს. მისი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ორჯერ დიდია, ვიდრე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთად აღებული. 
როგორც ბენდუქიძე აცხადებს, ხელისუფლებაში რომ იყოს ბევრად უფრო მოკრძალებულ და იაფფასიან საზოგადოებრივ შენობებს ააშენებდა, თუმცა მისი თქმით, ეს შენობები სახლში არავის მიაქვს. 
"სააკაშვილს სურდა, რომ ისინი ახალი საქართველოს სიმბოლოები ყოფილიყო. არა მხოლოდ ის, რომ პენსიონერს ბევრად მეტი პურისა და ხორცის ყიდვა შესძლებოდა, ვიდრე 2004 წელს, არამედ იმისთვის, რომ დაენახა, როგორ იცვლება ქვეყანა. ადამიანების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის სასახლე მილიარდი დოლარი დაჯდა. ეს ნონსენსია, რადგან ამ თანხის გაღება საქართველოს არ შეუძლია. ქუთაისის პარლამენტის ახალი შენობა კი 100 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა", - აღნიშნა ბენდუქიძემ. 
მისივე თქმით, პარლამენტის ქუთაისში გადატანის ერთ-ერთი ინიციატორი თავად იყო. 
"იმის მიუხედავად, რომ ძალიან არ მიყვარს ზედმეტი საბიუჯეტო ხარჯები, მიმაჩნია, რომ ეს ცვლის ქუთაისს და ჩვენს გონებას. ცხოვრება მხოლოდ დედაქალაქში არ არის. ადრე თუ გვიან ყველა მიხვდება, რომ ამით ახალი ცხოვრება და აზროვნება ყალიბდება", - განაცხადა ბენდუქიძემ.
 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2749
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია