საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მარგალიტა, მიზანა და რეზო გაბრიაძის დიდი სამყაროს სხვა მობინადრეები
2012/10/03 11:52:21

ძალიან ძნელია, ცდუნებას გაუმკლავდე და არ დაინტერესდე საყვარელი მწერლის შიდა ლაბორატორიით: როგორ ქმნის ის სიუჟეტს; როგორ იყენებს პროტოტიპის თვისებებს მხატვრული სახის შესაქმნელად; როგორ აისახება მის შემოქმედებაში რეალურად ნანახი და განცდილი...

 

ჰო, კაცმა რომ თქვას, რა ჩვენი საქმეა! მკითხველებმა უკვე გამზადებული და გარანდული ნაწარმოები უნდა ვიკითხოთ, ხოლო მწერლის უბის წიგნაკში თუ მეხსიერების დაფაზე ჩაწერილი, სამზეოზე გამოუტანელი სიტყვები, სახელები, ფაქტები რა ჩვენი განსახილველია! მაგრამ მაინც... როგორ უნდა გაუძლო ცნობისმოყვარეობას და არ მოუსმინო ადამიანებს, რომლებიც დიდი რეზო გაბრიაძის შესახებ თავისებურად გიყვებიან?!. 

 

ბუჩქი დეიდას მოყოლილი ამბები

„ტორპედოს“ სტადიონის წინ, მიხეილ მესხის ქუჩაზე, ორსართულიანი, კერძო სახლებია ჩამწკრივებული. ერთ-ერთი მათგანის ჭიშკართან მივაკვლიეთ ფრიად კოლორიტული გარეგნობის, 72 წლის ქალბატონს. მოკლესახელოებიანი მონაცრისფრო კაბა ეცვა, მარცხენა ღაწვზე დიდი, მუქი ხალი ჰქონდა, თავზე კოხტად შემოხვეული შავი ხილაბანდიდან კი ჭაღარაშერეული, მოწითურო, ხვეული კულულები უჩანდა. იფიქრებდი, შეხნიერებული მარგალიტა ბიცოლაა  „შერეკილებიდანო“, ისე ჩამოჰგავდა... ახალგაზრდობაში მართლაც მშვენიერი ქალი იქნებოდა.

მასთან საუბრისას ასეთი საინტერესო რამ მოვისმინეთ:

- სახლში ბუჩქის მეძახიან, ისე ქსენია მქვია პასპორტში. ქმარი იყო ჩემი ბრეგვაძე, ვალიკო ბრეგვაძე. რეზოს ბებია და ჩემი მამამთილი ბესარიონი და-ძმანი იყვნენ. კინოში რო მარგალიტაა, სინამდვილეში, იყო რეზოს კვიდრი დეიდა. ისედაც მარგალიტა ერქვა. მართლა გავდა იმას, ეკრანზე რომაა: დიდი, მოსული, ფართესახიანი ქალი იყო ისიც, სახეზე ის ქონდა, რა ქვია, ნაბატონარს რო იტყვიან... ნაყვავილარს... კაი შეხედული ქალი იყო ძაან.

მარიფათიანი ქალი, უი, რაფერი!

ჯერ მუშაობდა კონდუქტორად - პირველად რო გევიდა ტროლეიბუსი აქანე, მაშინ. იცოდა გადმოძახება მგზავრებში: საყვარლებო, ოქროიებო, გენაცვალეთ! - ეფერებოდა ხალხს, ბილეთის ფულს რო ითხოვდა. მერე გადმევიდა სუნელებზე დიდ ბაზარში. ნიორებს ქე რო ყიდიან ახლა, იმ რიადში იჯდა.

ყველას უყვარდა მარგალიტა და პატივს ცემდა, სანათესაოშიც კაი ქალი იყო ნამეტანი.

დიდი ხანია, გარდაიცვალა. იქნება ერთი 15 წლის, მეტის გარდაცვლილი. შვილი ყავდა ერთი, მაყვალა, კაი გოგო ძალიან და მოკვდა ისიც, საწყალი! კაი შთამომავლობა დარჩა მაყვალას, ნასწავლი ხალხი.

ჩემ მამამთილს, როგორც გითხარით, ბესარიონი ერქვა, მართლა კაი კაცი იყო, მშრომელი, გულკეთილი, გიჟდებოდა დიშვილებისთვის. ეს ფილმი, „შერეკილები“ რო გამოვიდა, რეზო ემასხრა: შენ გამოგიყვანე, ბიძიაო. ასეაო. შენ არ იცი გადახთა ვალის და ამიზა გამოგიყვანეო. ჩემ მამამთილს ეწყინა, ასეთი ვარ მეო? - და დაემდურა. ჩემი მამამთილი ფილმში რომელია და - მიზანა ბრეგვაძე. რა იყო გულმოსასვლელი, მარა ჩემ მამამთილს გული დაწყდა მაინც: მე ასეთი ვარო? მე მიყვარს სხვის ხარჯზე ყოფნაო? ერთი პატარა ამბავი მომხდარა დიდი ხნის წინათ, - ჩემი მამამთილი გვიყვებოდა, - თურმე, შროშაში წასულა რეზოს ბაბუას, ვარლამის ფაეტვნით, ჭურების ჩამოსატანად, ესე იგი, სიძე და ცოლისძმა. ხოდა, რახან ახლობლები იყვენ, ჩემმა მამამთილმა, ბესარიონმა, ფული არ გადაუხადა, თურმე, სიძეს. ეს ახსოვდა, ეტყობა, რეზოს. ამაზე ააგო მიზანას ხასიათი, მგონია, რა ვიცი.

მარგალიტასაც უთხრა თურმე: დეიდა, ეს შენ ხარო და იმასაც წყენია - როის იყო, ბიჭო, მე ბუხრებში ვაძვრენდი კაცებსო. მარა, ყველაფერი ზუსტად ისე ხო არ იქნებოდა, მწერალი ხო ამატებს და ლამაზად ყობა ამბავს. მე მარგალიტაც ძაან მომწონს და მიზანაც. რეზოს ნაჩუქარი წიგნები მაქვს, სიამოვნებით ვკითხულობ, მარა ახლა ამათმა საცხა გადამიკარგენ ამ რემონტის დროს.

თვითან რეზოც როგორი კაი კაცია ურთიერთობებში! უყვარს უბრალო ადამიანები. იცის შეკითხვები, კი. ნამდვილად არ არის ისეთი, ქე რო გეიპრანჭებიან. უფრო - შინაურული და თბილი კაცია. წიგნებიც რა კაი აქვს დაწერილი! როგორ იყო, რაფერ იზრდებოდა, - ყველაფერი აქვს ერთ წიგნში შეტანილი...

 

უფროსი და

პროტოტიპებსა და მწერლის შინაურ გარემოზე სასაუბროდ, სად უნდა იპოვნო მის ღვიძლ დაზე უკეთესი რესპონდენტი?

როგორც კი თბილისის ქუჩაზე, მწვანე სუროში ნახევრად ჩაფლული სახლის სადარბაზო კარს გაგიღებს თოვლისფერი ქალბატონი, ღვაწლმოსილი ექიმი ნორა გაბრიაძე, პირველი გაოცება შეგიპყრობს: „როგორ ჰგავს სახის ნაკვთებით ძმას!..“

- ქალბატონო ნორა, თქვენი ნათესავის თქმით, მარგალიტას პროტოტიპი რეზო გაბრიაძის დეიდაა. ასეა?

- მე ვფიქრობ, რომ რეზოს პერსონაჟებს ერთი კონკრეტული პროტოტიპი არ ჰყავთ. ისინი ცხოვრებაში შეხვედრილი ადამიანებისა და გამოგონილის კრებითი სახეა, მხატვრულად გარდაქმნილი და დამუშავებული. ასე რომ, ვერ დავადასტურებ.

რეზოს უნიკალური მეხსიერება აქვს. ისეთ რამეებს გაიხსენებს ხოლმე წარსულიდან, ისეთ შემთხვევებს, ფაქტებს, ადამიანებს, უწვრილმანეს დეტალებს, რომ ყოველთვის გაოცებული ვარ - საიდან გახსოვს-მეთქი. აი, ის შთაბეჭდილებები და ემოციებია მხატვრულად გარდასახული მის ნაწარმოებებში.

მაგალითად, მიზანა მამაჩვენის ერთ-ერთ თანამშრომელს ერქვა... არა, არა, თანამშრომელი კი არა, ფარდულში ღვინოს ყიდდა. ძალიან კარგი, სიმპათიური კაცი იყო. რეზომ მერე სწორედ მიზანა დაარქვა თავის ერთ, სრულიად განსხვავებულ პერსონაჟს, რომელსაც, ვფიქრობ, ძალიანაც მოუხდა ეს სახელი. მის პერსონაჟებს შორის ბევრს ჰქვია ჩვენი ახლობლების სახელები, გვარები. მაგალითად, ვარლამი (რომანიდან „ქუთაისიც ქალაქია“) ჩვენი ბაბუას სახელია და ა.შ.

მე რეზოზე ხუთი წლით უფროსი ვარ. გვყავს კიდევ ერთი და, ლალი. იმის მიუხედავად, რომ მამაჩვენი, ლევან გაბრიაძე, უმაღლესი პარტიული მუშაკი იყო, ჩვენი ოჯახიც, სხვების მსგავსად, ძალიან დიდ გაჭირვებაში ცხოვრობდა. ისე, რომ, თქვენ წარმოიდგინეთ, როცა სასწავლებლად თბილისში გადავედი და იქაურ ოჯახებში მოვხვდი, ზოგიერთი კერძი პირველად გავსინჯე და ბევრი რამ პირველად ვნახე. ჩვენ არასოდეს გვქონია ფუფუნება და სხვებისგან განსხვავებული ყოფითი პირობები. მძიმე დრო იყო, შიშის და გაჭირვების დრო. ჩემგან, ალბათ, კარგი დიზაინერი დადგებოდა, მაგრამ ექიმის პროფესია ამირჩია ოჯახმა და, იცით, რატომ? - გადასახლებაში რომ მოხვდეს, ამ პროფესიით უფრო გაიტანს თავსო... აი, ასეთ დროში ვცხოვრობდით, თუმცა ამ წლებიდან ბევრი კარგიც გვახსოვს - ადამიანური ურთიერთობების, ქალაქური ტრადიციების, კულტურის სილამაზე... ეს ყველაფერი დალექილია რეზოს ნაწარმოებებში, როცა მათ ვკითხულობ, ვეღარ გამოვდივარ იმ ძველი, მშვენიერი ქუთაისის ნორსტალგიიდან. რეზო ისე წერს, ვეღარც ვამჩნევ, სად მთავრდება ნამდვილი ქუთაისი და სად იწყება რეზოს შემოქმედება.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ შემოქმედ ძმასთან?

- მე შემიძლია ვთქვა, რომ მუდამ მისი ერთგული მკითხველი ვიყავი. როცა რაიმეს შექმნიდა და წამაკითხებდა, იცოდა, რომ გულწრფელად გავუზიარებდი ჩემს შთაბეჭდილებებს, შენიშვნებს. თუმცა, ნაკლებად მახსენდება, რომ რაიმე შენიშვნა მიმეცეს - ის ისე ლამაზად, განსხვავებულად წერდა, რომ, როგორც მკითხველი, ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას ვგრძნობდი.

ახლა აღარ მაკითხებს. არც ვიცი, რაზე მუშაობს. მგონი, უფრო ხატავს. მას ერთი დღითაც კი არ შეუძლია, არ ხატოს. აი, აგერაა მისი ძველი ნახატებიც - დააკვირდით, ხომ საკუთარი, განსხვავებული ხელწერა აქვს?

- დიახ, ძალზე გამორჩეული.

- მისი ძველი ნახატები უფრო მეტი მქონდა; წლებია, ვინახავ. მაგრამ, რამდენჯერაც ჩამოვიდა, იმდენჯერ შეარჩია ნამუშევრები და წაიღო. ერთხელაც, გავუბრაზდი და ვუთხარი - აწი, შენი ჩამოსვლის წინ, ნახატებს სადმე გადავმალავ-მეთქი. მე ისე მიყვარს თითოეული ნამუშევარი და ისე ვუფრთხილდები, ძალიან გული მწყდება, როცა მიაქვს.

- ბატონი რეზო ქუთაისში ჩამოსვლისას სულ თქვენი ოჯახის სტუმარია?

- დიახ, რა თქმა უნდა. აი, ეს მისი საყვარელი კუთხეა, აქ იძინებს ხოლმე. მისი ნახატებიც აქვეა გამოფენილი.

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: რეზოს ჩემთან პატარა უბის წიგნაკი დარჩა, შიგ რაღაცები აქვს ჩანიშნული... ძალიან მიყვარს ეს წიგნაკი, ამიტომ არ ვეუბნები, ჯერჯერობით, რომ ესეც არ წამართვას.

- ქალბატონო ნორა, შეიძლება, ცალი თვალით მაინც ჩავიხედოთ ამ წიგნაკში?

- ჯერ არა. ჯერ ვეტყვი რეზოს. მერე, პირობას გაძლევთ, პირველი, ვინც ამ წიგნაკში ჩაიხედავს, თქვენ იქნებით. მაინც სადღაც მაქვს გაბნეული...

- უღრმესი მადლობა. ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს: თქვენი მეუღლე საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ცნობილი მოქანდაკე და კოლორიტული პიროვნება გოგილო ნიკოლაძე ბრძანდებოდა. ზოგჯერ ამბობენ, რომ სწორედ გოგილო ნიკოლაძე იყო რეზო გაბრიაძის „არაჩვეულებრივი გამოფენის“ გმირის - აგული ერისთავის პროტოტიპი. მართალია?

- აი, თქვენს წინაშეა გოგილოს ნამუშევრები, დააკვირდით - ეს ხელმოცარული მოქანდაკის ნაწარმოებებია? ერთხელ ვიღაცამ დაწერა და მერე სხვებმაც აიტაცეს, თითქოს გოგილო იყო აგულის პროტოტიპი. არავითარ შემთხვევაში! მინდა ეს ხაზგასმით გითხრათ, სხვების გასაგონადაც, რომ ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს ამაზე ლაპარაკი: გოგილო ნიკოლაძე არ არის აგულის პროტოტიპი! სხვა მხატვარია, დასახელება არ მინდა...

- მოდით, ბატონი რეზოს მარიონეტებზეც მითხარით რამე: „არაჩვეულებრივი გამოფენის“, „არ დაიდარდოს“, „ფეოლას“, „შერეკილების“ - ამ აღიარებული, შესანიშნავი ფილმების შემდეგ, რეზო გაბრიაძემ, ყველასთვის მოულოდნელად, მარიონეტების თეატრისაკენ აიღო გეზი...

- ზუსტად მახსენდება ის დღე და ადგილიც კი - სპორტის სასახლესთან, წითელ შუქზე იყო მანქანა გაჩერებული, როცა რეზომ უეცრად მითხრა, რომ მარიონეტების თეატრის გაკეთებას აპირებს. მე გავოცდი: რას ამბობ, კინოსამყაროში ასეთი ცნობილი ხარ, შენი სცენარებით შექმნილი ფილმები მსოფლიოშია აღიარებული, კინოს როგორ ტოვებ-მეთქი?

მიმაჩნია, რომ რეზომ, როგორც შემოქმედმა, საოცარი წინათგრძნობით განჭვრიტა ის პროცესები, რაც მსოფლიო კინოში მალე მოხდებოდა... დაიწყო სრულიად სხვა ჟანრში მოღვაწეობა და შექმნა კიდეც თავისი სრულიად განსხვავებული, ახალი სამყარო.

რამდენჯერ მიტირია მისი ამა თუ იმ სპექტაკლის დროს! მაგალითად,                „სტალინგრადის ბრძოლა“-ში არის სცენა, როცა მოახლოებული მატარებლის ბორბლების ხმაურში ჟღერს სიმფონია, რომელსაც ქვემეხებისა და ზარბაზნების შემზარავი გრიალი ჩაანაცვლებს: ...ისეთი ემოციური ეპიზოდი იყო, წნევამ ამიწია. რეზოს ვუთხარი, გასკდა გული, მეტი აღარ შემიძლია, რას მიშვრები-მეთქი. იმის მერე „სტალინგრადის ბრძოლა“ საერთოდ აღარ მინახავს.

მარიონეტები, მხატვრობა, მუსიკა, ტექსტი - ყველაფერი ისე სინთეზურადაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ სცენური პირობითობიდან უცებ ნამდვილ ცხოვრებაში აღმოჩნდები და, გგონია, ამ ტრაგიკომედიის უშუალო თვითმხილველი და მონაწილე ხარ.

- გამორჩეულად რომელი ნაწარმოები გიყვართ ბატონი რეზოს შემოქმედებიდან?

- „შერეკილები“. შესავალი მაინც საოცარია, დიდებულია. რამ დაგაწერინა ეს-მეთქი, კიდეც ვუთხარი აღფრთოვანებულმა.

- თქვენი ბავშვობის ოკრიბაში აღმოჩნდით, არა? ძუყნურში...

- არც კი ვიყავი ნამყოფი.

- როგორ...

- ერთადერთხელ გახლდით მაშინ, საწყალი ზურაბ გაბრიაძე რომ დაასაფლავეს, საზოგადოება „ბაღისკიდის“ თავმჯდომარე.

არა, მანამდეც ვარ, კი, ერთხელ ნამყოფი, 7-8 წლის წინათ.

- ესე იგი, მხოლოდ ბატონი რეზო დადიოდა ბავშვობაში ძუყნურში?

- ბავშვობაში სად დადიოდა!.. ჩვენ არსადაც არ დავყავდით... საიდან შეიგრძნო და დახატა ასე ღრმად სოფელი, პირდაპირ გაკვირვებული ვარ. შეიძლება, რომ წამოიზარდა, მერე დადიოდა? არ ვიცი.

ზურაბის დაკრძალვაზე რომ ვიყავით ძუყნურში, ჟრუანტელმა დამიარა: ვხედავ, სასაფლაოს ქვებზე ყველგან აწერია: გაბრიაძე, გაბრიაძე... ვიღაც ყმაწვილი გვახლდა მეგზურად, იმას გავუზიარე ჩემი ემოცია, რამდენი გაბრიაძეა-მეთქი და - მეც გაბრიაძე ვარო. ვუთხარი, მეც-მეთქი. ისე გაუხარდა, ისე გაუხარდა, არ იცოდა, რითი გამოეხატა პატივისცემა.

- ქალბატონო ნორა, ვისაც „შერეკილები“ აქვს წაკითხული, ან რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი უნახავს, როგორ დაიჯერებს, რომ მწერალი „ტურფა ოკრიბის ქვეყანას“ უღრმესი ფესვებიდან არ იცნობს? ამ ფრაზას, სხვა შემთხვევაში, მწერალი როგორ დაწერდა: „იწივლა მიზანამ, ხმა ზეცას ებდღვნა, ეჩხუბა, შემდეგ მოეფერა, თავქვე დაეშვა და, ის იყო, სუფრას უნდა დაბრუნებოდა, ისევ აფრინდა ზევით და ისევ იწყო ცაში ბრდღვნა და გლეჯა...“

- თქვენ ზეპირად გცოდნიათ „შერეკილები!“

ქალბატონი ნორა იღიმება.

და კიდევ ერთხელ ვამჩნევ, უფროსი და როგორ საოცრად ჰგავს სახის ნაკვთებით თავის სახელოვან ძმას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4912
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია