დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თამლიანების ოჯახის ამბავი
2012/10/03 11:51:15

„ჩავჯექი კუბოებს შორის და ისე ჩავფრინდი ბაბუშერაში...“

ისე მოხდა, რომ სწორედ 27 სექტემბერს - ჯვართამაღლების და, იმავდროულად, სოხუმის დაცემის დღეს შევხვდი ყვარლიდან, გრემიდან ჩამოსულ, მრავალი წლის უნახავ ქეთევან ცუცაშვილს. 

მამით ქისტს და დედით ქართველ ქეთინოს განსაკუთრებული ბიოგრაფია აქვს. მეოთხე კლასში იყო, როცა ქრისტიანმა თანასოფლელებმა მამამისს - სოფელში ერთადერთ მუსულმან რამაზ ცუცაშვილს, რაღაც აღთქმის გამო, თავიანთი შვილის მონათვლა სთხოვეს. საბჭოურ პერიოდში საეკლესიო ცხოვრებაც არეული იყო და - მღვდელმა ნათლობის რიტუალი, მცირე ყოყმანის შემდეგ, - თურმე, მართლაც ჩაატარა: რაკი ასე გინდათო...- ისეთი ლამაზი მომეჩვენა მართლმადიდებლური ნათლობის რიტუალი, ისეთი საინტერესო, რომ აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიიდან აღარ გამოვდიოდი, ღრიალი მოვრთე, მეც მომნათლეთ-მეთქი. - იგონებს ქეთინო, - ძლივს წამათრიეს მასპინძლის სახლამდე. იქაც გავაფიჩინე ფეხები, მთელი ღამე მოვთქვამდი - მომნათლეთ და მომნათლეთ-მეთქი. მამაჩემი ლამის გაგიჟდა, ერთადერთმა შვილმა გაქრისტიანება რომ მოვინდომე. ახლობლებმა სცადეს მისი დათანხმება, დედაც ჩემს მხარეს დადგა და თავმობეზრებულმა კაცმა ბოლოს ხელი ჩაიქნია - რაც გინდათ, ისა ჰქენითო. მეც ეს მინდოდა, მაშინვე გავვარდი, ქუჩაში მომავალი ორი ლამაზი გოგო გავაჩერე და ვთხოვე, ჩემი ნათლიები იყავით-მეთქი. ასე მოვინათლე.

ქეთინოს ცხოვრებიდან არანაკლებ საინტერესოა ის ეპიზოდიც, როცა ის, კომკავშირის კომიტეტის მდივანი, გრემის მთავარანგელოზის ეკლესიაში სანთლებს ანთებდა და ჩუმად ლოცულობდა. მეზობლის ბავშვებს კი კანფეტებს ჩუქნიდა და სთხოვდა, ვინმე „ისეთი“ რომ გამოჩნდეს, შემატყობინეთო. ისინიც ერთგულად ეხმარებოდნენ მლოცველ მდივანს.

მრავალი წელი არ მენახა და, აი, კვლავ შევხვდი ჩვენს ცუცას (გვარის გამო, სიყვარულით, ასე ვეძახდით). გულრიფშელ მიხეილ თამლიანზე გათხოვილა, სამი შვილის დედა გამხდარა, უფროსი ვაჟი, პაატა, უკვე 29 წლისა ყოფილა, დიანა - 28 წლის, ნაბოლარა ზაალი - 23 წლის. მერე საუბარს მივყევით და ქეთინომ თავისი ოჯახური ისტორიის მოყოლა დაიწყო.

ვერ წარმოვიდგენდი, თუ საკუთარ სტუმართან დიქტოფონის ჩართვა მომინდებოდა. დიახ, ჩავრთე დიქტოფონი, რადგან ის, რასაც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქე, 56 წლის ქალბატონი ქეთევან ცუცაშვილი-თამლიანი ჰყვება, უთუოდ თქვენც უნდა მოისმინოთ. ეს არ არის უბრალო ისტორია, ეს ცრემლის, ტკივილისა და იმედის ნაზავია.

 

ქეთევან ცუცაშვილი-თამლიანის მოთხრობილი ამბავი:

- გულრიფშის რაიონის სოფელ განახლებაში გავთხოვდი. ჩემი ქმარი, მიხეილ თამლიანი, 23-ე საარტილერიო ბატალიონის ასეულის მეთაურის მოადგილე იყო, იქ მსახურობდა. ომი რომ მოახლოვდა, უფროსი ბავშვები დედაჩემთან წამოვიყვანე კახეთში, გრემში, პატარა კი აფხაზეთში დავტოვე - დედის ხელი სჭირდება და ჩემთან იყოს, მალე დავბრუნდები-მეთქი.

რომ უნდა დავბრუნებულიყავი, მესამე დღეს ომიც დაიწყო. ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ყველანაირი მარშრუტი შეწყვეტილი იყო. რა მექნა, აღარ ვიცოდი. წავედი აეროპორტში - ვიფიქრე, იქნებ აფხაზეთში სამხედროებს გავყვე-მეთქი. არა და არა, არავინ ახლოს არ მიკარებდა. მერე ერთ-ერთი ათმეთაური ვნახე, ახალგაზრდა ბიჭი და იმას ვუთხარი: შვილო, პატარა ბავშვი მყავს დატოვებული მამის ამარა, ერთი წლის ბავშვი, და გთხოვ, წამიყვანო, ჩემს შვილს მივხედო-მეთქი. იმან მითხრა: ქალბატონო, ჩვენ ვერაფერს გიშველით, გელა ლანჩავა არის მეთაური, ის შემოვა მალე და იმას სთხოვეთ. თუ დაგთანხმდათ, რა პრობლემაა, წაგიყვანთო. მართლაც, მალე მოვიდა გელა ლანჩავა და დავუწყე თხოვნა. ქალბატონო, განა სასეირნოდ მივდივართ, ომში მივალთ ჩვენაო, დავუშვათ და გვესროლეს, ჩამოგვაგდეს, სად მიდიხართ მერეო? სადაც თქვენ, იქ - მეც-მეთქი, ვუთხარი. პროფესიით ექთანი ვარ, სხვა თუ არაფერი, დაგეხმარებით მაინც რაღაცაში, სანამ ჩემს შვილთან მივაღწევ-მეთქი. არაო, დამანებე თავიო!

გამოვეკიდე უკან, ფარაჯაზე დავეკიდე და შევეხვეწე: შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, ოღონდაც შვილთან წამიყვანე! ჩემი ქმარიც სამხედროა, წავა სამსახურში და სახლში დატოვებულ ჩვილს ხომ უნდა მიხედვა-მეთქი.

კაი, ქალბატონო, წამოდიო, მაგრამ, თუ ვინიცობაა, რამე მოხდა, მე არ ვიყო დამნაშავეო. მე ნამდვილად არ მინდა შენი წაყვანა, მაგრამ, რაკი არ მეშვები, წამოდიო.

ვაიმე, ნანული! ნეტავი, არ ავსულიყავი თვითმფრინავში! პატარა, ჭყლიპარტი ბავშვებით, ცხირმოუხოცავი ბავშვებით სავსე იყო მთელი სალონი! იგინებოდნენ, თავისებურად ბილწსიტყვაობდნენ, ცეკვავდნენ, თამაშობდნენ, ჰქონდათ სრული თავისუფლება. მეუბნება ერთ-ერთი: ქალბატონო, არ გეწყინოთ, რა, ხომ იცით, ომში მივდივართ, შეიძლება, ვერც დავბრუნდეთ. იქედანო.

- არაფერია, შვილო, თქვენს ნებაზე იყავით! მე აქ არა ვარ და არ გისმენთ-მეთქი.

ჩავედით სოხუმის აეროპორტში, უკვე დაცარიელებული იყო, საფრენი ბილიკები კი - აქა-იქ ანგრეული ჭურვების გამო. ძლივს დაჯდა თვითმფრინავი.

გაიყვანეს ეს ბიჭები და მე დავრჩი ტრიალ მინდორში, პატარა ჩანთით ხელში. როგორც იქნა, გამოვედი ბაბუშერას აეროპორტიდან. დრანდამდე ერთი კაი 7-8 კილომეტრი იქნებოდა კიდევ, იქამდე ფეხით უნდა ავსულიყავი და იქიდან კი ჩემს სოფლამდე კიდევ 13 კილომეტრია. ტრანსპორტი არაფერი დადიოდა და რომ მოვდიოდი ასე წვალებით, გამოიარა ამ დროს სამხედრო მანქანამ. ვხედავ, ჩემი თანამგზავრი ბიჭებითაა სავსე. - მოდი, მოდი, ჩვენთან მოდიო! - ჩამჭიდეს ხელი ბიჭებმა, ამიტაცეს და ჩამჭყლიტეს ამ გავსებულ მანქანაში. ასე ამიყვანეს დრანდის მოსახვევამდე, იქიდან კი გზას დავადექი, 13 კილომეტრი ფეხით ვიარე.

რომ მივუახლოვდი ჩვენს სოფელს, შორიდან ჩემი მამამთილი დავინახე. ბაბა, ბაბა-მეთქი, დავუძახე. შემოტრიალდა და შეცბუნებულმა მკითხა: - შენა ხარ? ბავშვები?!.

თურმე, რა მომხდარა: დედამთილისთვის მიუცია ეს ჩვენი პატარა ჩემს ქმარს (დედამთილ-მამამთილის სახლი იქვე, ახლოს იყო), თვითონ ნაწილში წასულა, იქ კი, „პეპელა-პუშკას“ ეძახდნენ, ის აფეთქებია ხელებში. მთელი სახე, ტანი, ხელები სულ დამწვარი ჰქონდა. ვხედავ, ჩემი ქმარი ისეა, თითქოს ეშმაკი დაგინახავს: წელს ზემოთ შიშველი ზის, სახე, ტანი - მთლიანად ატყავებული, გაუბედურებულია ეს კაცი (ჩემი დედამთილის დედა ცოცხალი იყო მაშინ, იმან იცოდა სოფლის წამლები: კვერცხი, ზეთი - რაღაცები გაუკეთა და ისე მოურჩინა, ახლა ნაკვალევიც არ ეტყობა)!

ქმარს ვუთხარი, ბავშვი უნდა წავიყვანო. შენც დამწვარი ხარ, მოგცემენ, ალბათ, უფლებას და წამოდი კახეთში, იქ მოგხედავ-მეთქი.

შენ ხომ არ გაგიჟდი, მე იქ რა მინდაო! ჩემი ადგილი აქ არის, მე აქ უნდა მოვკვდეო! წაიყვანე შვილი დროზე და წადიო, - მითხრა.

გამაცილა ჩემმა მაზლმა. ის პერიოდი იყო, როცა პანიკაში ჩავარდნილი ხალხი გემითა თუ ნებისმიერი საშუალებით ცდილობდა გაქცევას. ძლივს შევეტენე თვითმფრინავში.

მერე, ბავშვი რომ ჩამოვიყვანე, დედაჩემს დავუტოვე, ვერ მომითმინა გულმა და ერთ თვეში ისევ ქმართან დავბრუნდი. მაშინ მიცვალებულები გადმოჰყავდათ სოხუმიდან, ისევ ხომ უნდა დაბრუნებულიყო უკან თვითმფრინავი ცარიელი კუბოებით, ჰოდა, ჩავუვარდი იმათ ფეხებში და ვთხოვე, წამიყვანეთ-მეთქი. ქალბატონო, როგორ წაგიყვანოთ, სად გვაქვს ადგილი, კუბოები მიგვაქვსო. მე ვუთხარი, ჩავწვები კუბოში და წამიყვანეთ, ქმარი მყავს დაჭრილი, იმას უნდა მივხედო-მეთქი. ეს ქალი გიჟიაო. შეხედეთ, კუბოსიც არ ეშინიაო! - გაუკვირდათ. მოკლედ, ჩავჯექი კუბოებს შორის და ისე ჩავფრინდით ბაბუშერაში. მაშინ კი მაგრად გამიმართლა: დროგის ცხენით ავედი სახლამდე. გაგიჟდნენ ყველანი: ჩემი დედამთილი, მამამთილი, მაზლი, ჩემი ქმარიც - რამ ამოგიყვანაო.

ორი კვირა დავრჩი იქა. როგორც ჩემი ქმარი დადიოდა თავის ნაწილში, ისე დავდიოდი მეც, უკან დავყვებოდი. სროლები დაიწყებოდა, გვესროდნენ მეზობელი სოფლიდან, ატყდებოდა წივილ-კივილი, გავიქცეოდი, დაჭრილ მეზობლებს გადმოვიყვანდი იქიდან, ჭრილობებს შევუხვევდი. სანამ სასწრაფო მოვიდოდა, მანამდე ჭრილობას ხომ უნდოდა დამუშავება. ასე რამდენი ვინმე შევახვიე!.. როგორც გიჟი, ისე ვიქცეოდი. მეხივით ვიყავი გამაგრებული, რამდენი დაჭრილისათვის გამიწვდია ხელი და გადამირჩენია! ღმერთო, ნათელში ამყოფე, ისინი, ვინც ჩემს ხელში დალია სული! მაშინ კი ვიყავი გამაგრებული, მაგრამ მთელი ორი თვე დამჭირდა კახეთში, რომ ნერვული სტრესებიდან გამოვსულიყავი.

მოკლედ, მალე ისევ კახეთში აღმოვჩნდი - აღარ გამაჩერეს გულრიფშში ქმარმა და ნათესავებმა - წადი, ბავშვებს მიხედეო. უფროსი ბავშვები სკოლაში მივიყვანე, პატარა - ბაღში, მეც ვმუშაობდი. ძალიან გაჭირვება იყო. ჩამოვივლიდი სოფელში, 20 ლიტრა არაყს ვიყიდიდი იაფად, წავიღებდი თბილისში, იქ ჩავასხამდი ბოთლებში, ავიკიდებდი ჩანთას და ვყიდიდი, რომ ბავშვები შიმშილით არ დამეხოცა და მათთვის ცოტა საჭმელი მეყიდა.

 ერთ მშვენიერ დღეს ატყდა: აუფ, „პერემერია! პერემერია!“ შერიგება მოხდა, იქ ელცინი ჩაერია, აქ შევარდნაძე გამოვიდა... „ომი დამთავრდა, ომი არ იქნება! განიარაღება მოხდება, ყველამ იარაღი ჩააბარეთ!“ სინამდვილეში, ქართველები განაიარაღეს, აფხაზებმა კი იარაღი შეინახეს...

ჩემი ქმარი გახარებული მოვარდა გრემში - წავიდეთ, დამთავრდა ომიო. გამოვიყვანეთ ბავშვები სკოლიდან და წამოვედით გულრიფშში. ორ კვირაში ატყდა ისეთი ამბავი, დედა შვილს ვერ აიყვანდა: ბათქა-ბუთქი, სროლა, უბედურება...

ჩემს ქმარს გადამალული ჰქონდა ორი „პუშკა“, ერთი ტანკი, რამდენიმე ავტომატი. მარტო ჩვენს თივის ზვინში კი არა, სხვადასხვა ადგილასაც დამალეს იარაღი. სვანები, ხომ იცი, იარაღის გიჟები არიან, ვერ გაიმეტეს ჩასაბარებლად...

ერთ დღეს ატყდა ჩიტების ჟივჟივი და გუნდ-გუნდად ტრიალი ცაში. ხალხმა - რაღაც ცუდი ამბავი ხდებაო. ამის თქმა იყო და, ერთ საათში დაიწყო ბათქა-ბუთქი, სოხუმის დაბომბვა. სოხუმი რომ იბომბებოდა, ჩვენი სახლი ზანზარებდა განახლებაში. იმ დღეს ჩემი ქმარი წასული იყო ნაწილში, სახლში ვიყავით მე და ბავშვები. მეორე სახლში - დედამთილი და სხვები. დაიწყო განგაში. ჩემი ქმარი მოქანდა - ბარგი ჩაალაგეო, ჩემი ძმა ბეტეერით გამოივლისო, ბავშვები და შენ წაყევით, მე ზაპანის უღელტეხილზე დაგეწევითო (ზაპანი წებელდასთან არის).

ამასობაში ბავშვები გაცვივდნენ გარეთ, ტანკები მოდიანო. მე ბავშვებს გამოვეკიდე - ფოსტლებით, საშინაო კაბით. ტანკები კი არა, ბეტეერები მოდიოდნენ. ჩემი მაზლი ჩამოხტა მანქანიდან და სასწრაფოდ შეგვყარა შიგ. ბარგი-მეთქი? შენი ქმარი მოგვყვება უკან და ის წამოიღებსო.

ასე, რაც გვეცვა, იმის ამარა გამოვიქეცით (ბარგი ქმარმა, რა თქმა უნდა, ვერ წამოიღო და სახლში დარჩა).

ზაპანის უღელტეხილიდან პატარა მანქანებით ავედით ჩხალთამდე, მივაღწიეთ ჭუბერის უღელტეხილამდე, იქიდან ფეხით გადმოვედით.

რამდენი უბედურება ვნახე გზაში! ხალხი ყველაფერს ყრიდა, როცა უკვე აღარ შეეძლოთ წამოღება. მანქანებს წვავდნენ, ნივთებს ანადგურებდნენ, რატომ დავუტოვოთ აფხაზებსო.

ცოტა უკან მივბრუნდები: სანამ ჭუბერზე გადმოვიდოდით, ჩემმა ქმარმა და მაზლმა მიგვიყვანეს აძგარაში. იქ ჩვენი საზაფხულო საძოვრები იყო, საქონელი გვყავდა გარეკილი. კარავი, ბინები გვქონდა, კარგი მეურნეობა მოწყობილი: დიდძალი საქონელი, 60 სკა ფუტკარი, უამრავი ქათამი... ჩემი დედამთილი ზაფხულობით იქ იყო ხოლმე, ზამთარში კი გულრიფშში ჩამოდიოდა. ჩემი ქმრის საქონელიც იქ იყო გარეკილი, იმ საზაფხულო საძოვრებზე.

აძგარადანაც რომ წამოვედით, ჩემმა დედამთილმა და მამამთილმა სამოცივე სკაში მდუღარე წყალი ჩაასხეს, დახოცეს ფუტკარი, მტერს რომ არ დარჩენოდა. მამამთილი ტიროდა, ამას რომ აკეთებდა, ისე ენანებოდა.

დატოვეს ქათმები, გამორეკეს საქონელი. ეს საქონელიც სადღაც-სადღაც დაეკარგათ გზაში. რაც გადმოიყვანეს, დაუძლურებული, გამხდარი იყო. დიდი წვალებით მოაღწიეს ჭუბერის უღელტეხილამდე...

უღელტეხილის ძირში იყო საშინელი მოროდიორობა. უღირსი ქართველები თავს ეცემოდნენ დაბანაკებულ ხალხს და ძარცვავდნენ. ოთხი მაზლი მყავდა, მეხუთეც ჩემი ქმარი იყო, იარაღი ჰქონდათ და ჩვენ ვერაფერს გვიბედავდნენ. მაგრამ ვინც შეიარაღებული არ იყო, იმას ეცემოდნენ თავს.

ერთ ღამეს ატყდა წივილ-კივილი, მიშველეთ, მიშველეთო! ფეხმძიმე, მუცელგაბერილი ქალისათვის ოქროულობა წაუგლეჯიათ და ხელის თითებიდან სისხლი სდიოდა. საშინელება იყო!

გზაში უმცროსი ბავშვი ცუდად გამიხდა, დიზენტერია დაემართა, ხელში მაკვდებოდა. მაგრამ, ვის ესმოდა ჩემი ბღავილი და მოთქმა!

თურმე, უღელტეხილზე, მაღლა, ესპანელ ექიმებს ჰქონდათ გაშლილი სამედიცინო კარავი, ეს ჩემი წივილ-კივილი გაიგონეს და გამოცვივდნენ. სულ პატარა, ამხელა გოგოები იყვნენ. ეს ბავშვი გამომტაცეს ხელიდან, შეარბენინეს თავიანთ სამედიცინო კარავში და იქ რა გაუკეთეს, არ ვიცი, მანამ არ მაჩვენეს, სანამ ბავშვმა დედა არ მოითხოვა. საღსალამათი, მოსულიერებული ჩამაბარეს ჩემი პატარა.

მერე უკრაინელების ბრიგადა მოფრინდა, პირდაპირ უღელტეხილზე დააჯინეს თვითმფრინავი. ინვალიდები, მოხუცები, ბავშვებიანები - ეს გაჭირვებული ხალხი ვინც იყო, ჩაგვსხეს ამ თვითმფრინავში. იმდენი ვიყავით, თვითმფრინავი ვერ დაიძრა. გამოვიდა პილოტის დამხმარე და, ვინც კართან ახლოში იყო, ყველა ძირს ჩაუშვა, გადადით უკანვეო. ამაში მოვყევი მეც - ჩამომიშვეს. ეს რომ ჩემმა ბავშვებმა დაინახეს, მორთეს წივილ-კივილი. მგზავრებმა უთხრეს მფრინავებს, ეს ქალი რომ ჩაიყვანეთ, ამას სამი ბავშვი ჰყავს აქ, თვითმფრინავშიო. მე ამომიყვანეს და ორი მოხუცი ჩაიყვანეს. იმათი ცოდვით ახლაც ვიწვები. მეორე რეისზე კი გადმოიყვანდნენ იმათაც, მაგრამ მაშინ, იმ მომენტში, ყველას რომ ასე ეჩქარებოდა გამოფრენა, ალბათ, იმ მოხუცებისთვის როგორი ტრაგედია იქნებოდა! რამდენს დამწყევლიდნენ!

გადმოგვიყვანეს ქუთაისის აეროპორტში. აქედან „იკარუსით“ წაგვიყვანეს თბილისში. ერთი ღამე გავათიე ბავშვებთან ერთად რკინიგზის ვაგზალში, რადგან ღამე იყო და ვერაფერს გავყვებოდით კახეთამდე. მეორე დილით კი გზას გავუყევით...

რაც შეეხება ჩემს ქმარს, ის ჭუბერში დარჩა საქონლის გადმოსარეკად, შვიდი ძროხა გვყავდა. ჩემი დედამთილიც არ წამოვიდა, დარჩა თავის საქონელთან. ცუდად გამხდარა. მეორე რეისით ჩემი დედამთილი გადაუფრენიათ მესტიაში სხვებთან ერთად, საქონელი კი ქმარმა და მაზლებმა გადმორეკეს და წაიყვანეს ლატალში, ნათესავებთან. დარჩნენ იმ ზამთარს იქ, საქონელს მიხედვა ხომ უნდოდა. მაშინ კუპონები იყო და ქმარმა კუპონებზე გაყიდა ეს ამხელა ძროხები (სამი ძროხა გზაში დაეკარგა). კუპონები ისე იყო გაფუჭებული, იმ ერთი ძროხის საფასურად ოთხ კილო ფქვილსაც ვერ იყიდიდი.

ჩამოვიდა ჩემი ქმარი ამდენი წვალების შემდეგ და - აიო, მოგიტანეთ ფულიო...

მე ვუთხარი, რაღად მინდა ეს ფული, მაგას ის მერჩია, ძროხები ცოცხლად გაგეშვა-მეთქი.

დანარჩენი კი ყველაფერი გულრიფშში დაგვრჩა: 41 ინდაური, 18 გოჭი, 12 ხბო, 60-მდე ქათამი... იმხელა სასათბურე მეურნეობა! მოგვიანებით ხმა მოგვივიდა, რომ ერთ-ერთმა აფხაზმა მეზობელმა ჩვენი სამეზობლოს ავეჯი ტუაფსეში გაზიდა და იქ გაყიდაო... ახლა თურმე ნასახლარები დგას ჩვენს მშვენიერ სოფელში, იქაურობა ტყეებადაა ქცეული...

დღეს ზუსტად 20 წელი გავიდა. ეს ყველაფერი კი ისე მიცოცხლდება თვალწინ, თითქოს გუშინ გადამხდა თავს.

 

*** 

 

ქეთინო ცუცაშვილმა იმ გაუსაძლის გაჭირვებაზეც ისაუბრა, მომდევნო წლებში, დევნილობისას რომ იწვნია. მაგრამ ეს კიდევ სხვა თემაა.

არც იმას აღვწერ დაწვრილებით, თავისი ოჯახის ისტორიის თხრობისას რამდენჯერ გადმოუვარდა თვალებიდან სიმწრის ცრემლი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3121
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია