დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ დაანგრია მარიამ ნემსიწვერიძემ წარმოდგენები ნაადრევად გათხოვილ გოგონებზე
2012/09/24 12:11:02

„ეს უმშვენიერესი გოგონა არის მარიამ ნემსიწვერიძე. მე მას მივიჩნევ წლის ადამიანად. აი, რატომ: მან ერთ წელიწადში შექმნა ბედნიერი ოჯახი, დაამთავრა სკოლა ოქროს მედალზე, შეეძინა უსაყვარლესი ბარბარე და კიდევ ერთი უმთავრესი - ჩაირიცხა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტის მოპოვებით.“ - ასეთი წარწერით გავრცელდა სოციალურ ქსელში ქუთაისელი გოგონას ფოტო. წარწერას მრავალმა ადამიანმა უპასუხა: „არის! არის! დასტურ!“

მაინც, ვინ არის მარიამ ნემსიწვერიძე?

 

დაიბადა ქუთაისში, ექიმების ოჯახში. მამა - მამუკა ნემსიწვერიძე - დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის ანესთეზია-ინტენსიური თერაპიის სამსახურის უფროსია, დედა - შორენა ჯანაძე - რადიოლოგიური სამსახურის უფროსი.

„მარიამი ჰოროსკოპით ლომია და ხასიათითაც ასეთია, ლიდერია შინაგანად, - გვიამბობს დედა, ქალბატონი შორენა ჯანაძე, - არ არის ხმაურიანი, მაგრამ მაინც ლიდერია, პრინციპული, ძალიან ზუსტად იცის, რა უნდა. მარი 11 წელი სწავლობდა ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში და ნამდვილად დიდი წვლილი მიუძღვით მის, როგორც კარგი მოსწავლის, აღზრდაში მარინა ჭეიშვილს, მაია გოცირიძეს, მედიკო კალანდარიშვილს და სხვებს. მაგრამ მერაბ ჭოხონელიძეს და გოჩა გოქაძეს მაინც განსაკუთრებული მისია ჰქონდათ მარიამის ცხოვრებაში.

მან დაამთავრა შპს „პირველი სკოლა,“ რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მასში. ეს კერძო სასწავლებელია, რომელიც თანამედროვე საგამოცდო სისტემას უაღრესად მორგებულია თავისი მიდგომებით. ძალიან პროგრესული სკოლაა. ბავშვები მეცადინეობენ ძალიან მიზანმიმართულად. მარიამმა ყველა საგანში     „ათიანი“ მიიღო, და არა მარტო - მან. სულ ექვსმა კურსდამთავრებულმა აიღო ოქროს მედალი.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ექიმები ჰყავს, ეს პროფესია მარიამმა მერაბ ჭოხონელიძის გამო აირჩია, მან შეაყვარა ბიოლოგია, შეუდარებელი მასწავლებელია. მე არ დამიძალებია შვილისთვის, პირიქით, ვეხვეწებოდი, ყველგან შეგიძლია ჩააბარო და სხვა რამეზე იფიქრე-მეთქი. ვერ გადავათქმევინე.

ნუ, გადაწყვიტა, გადაწყვიტა - ვერც ვერაფერს შევაცვლევინებდი, რადგან ძალიან პრინციპულია და ყველაფერს თვითონ წყვეტს საკუთარ თავთან დაკავშირებით - მე მგონი, დაბადებიდან...

გათხოვებაც საკუთარი გადაწყვეტილება იყო, რომელმაც მარტო მშობლები კი არა, მგონი, ყველა მისი მასწავლებელი დაშოკა...“

მართლაც, ადვილი წარმოსადგენია, როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ პედაგოგები, როცა შეიტყობდნენ, რომ მათი საუკეთესო მოსწავლე, 17  წლის გოგონა, ვისზეც ყველანი განსაკუთრებულ იმედებს ამყარებდნენ, როგორც იტყვიან, მერხიდან გაიპარა.

ლამაზი სიყვარულის ისტორია მაშინ დაიწყო, როცა მარიამი მათემატიკის საკითხების გასარკვევად მივიდა დედის მეგობართან, პროფესორ შალვა კირთაძესთან, იქ კი მოსკოვიდან ჩამოსული ქართველი ბიჭი, ავთანდილ თევდორაძე დახვდა, რომელიც ზოგად უნარებში მეცადინეობდა.

იმ დღის მერე, როგორც ქალბატონი შორენა გვიამბობს, მარიამი „ისე გადაირია მათემატიკაზე, ერთ გაკვეთილსაც არ აცდენდა. კი მიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე - ყოჩაღ, შალვას-მეთქი და თურმე...

მერე მე გავიგე, მერე ვუშლიდი, მერე ადგა და გაჰყვა ცოლად ერთი წლის წინ...“

ავთანდილი ახლა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტია.

რაც შეეხება მარიამს...

იგი მთელი წლის მანძილზე თურმე ძალზე სტაბილურად, განსაკუთრებულად მეცადინეობდა. მისი მონდომებით კმაყოფილი მასწავლებლები რომ ეტყოდნენ, გათხოვილს არ ჰგევხარო, - ღიმილით პასუხობდა: მე უნდა დავანგრიო წარმოდგენები ნაადრევად გათხოვილ გოგონებზე, გათხოვება ჭკუის დაკარგვას კი არ ნიშნავსო.

და „დაანგრია“ კიდეც:

ივნისში საკეისრო კვეთით ქვეყანას მოევლინა ბარბარე - ახალგაზრდა მშობლების ულამაზესი პირმშო, ხოლო „ქალბატონი“ ბარბარე სულ ერთი კვირისა იყო, როცა მის დედიკოს ეროვნული გამოცდები დაეწყო.

მარიამმა უმაღლეს ქულებზე ჩააბარა საგნები და 100 პროცენტიანი გრანტი მოიპოვა სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე.

„მე ასე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი დედა შვილს უზრდის ოჯახს და სამშობლოს,“ - საუბრისას მოკრძალებით აღნიშნა ქალბატონმა შორენამ.

მარიამის შემთხვევაში, ეს ნამდვილად ასეა.

 

ნანული ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5771
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია