საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ქოიჩქუნო, ცხოვრება ტანჯვის გამოცდაა!..“
2012/06/11 13:13:22

რა „აღმოაჩინა“ ნანა ჯეჯეიამ ამერიკაში?

 

- შენ გყავს დამეგობრებული სოციალურ ქსელში ნანა ჯეჯეია? - მეკითხება ერთ-ერთი ახლადშეძენილი მეგობარი, - ნანა უკეთილშობილესი ადამიანია, ნამდვილი ქველმოქმედი. ხომ ხედავ, რა ორიგინალური ტორტების ფოტოებს დებს თავის ვებ-გვერდზე, მრავალფეროვანი ყვავილებით გაფორმებულს. იცოდე, რომ თითოეულ ამ ტორტში აღებული თანხით ის ვიღაცას ეხმარება, გვერდით უდგას ობოლს და გაჭირვებულს, თანაც - ისე, რომ თავის ვინაობას არ ამხელს.  

ამის შემდეგ ძალიან მომინდა, Facebook-ში ნანახი ტორტების ისტორიაზე დამეწერა, მაგრამ შაქარლამის „ფლორის“ შემქმნელი ქალბატონი ისეთი ღრმა და საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა, ტორტები სულ დამავიწყდა.

- წარმოიდგინეთ, რომ კაფეში ვსხედვართ, ფინჯან ყავასთან, და საკუთარ ცხოვრებაზე მიამბობთ! - მივწერე ნანას.

ასე ფრაგმენტ-ფრაგმენტ შემოვიდა ჩემს ელექტრონულ ფოსტაში, პატარ-პატარა წერილების სახით, მისი ცხოვრება - სავსე სევდით და სიხარულით, ტკივილითა და ბედნიერებით...

ჩემს მრავალრიცხოვან რესპონდენტთაგან ამერიკაში მცხოვრები ქართველი ქალი ნანა ჯეჯეია, ალბათ, ერთადერთია, რომელსაც თავისი ცხოვრების უსიამოვნო და ტკივილიანი ფურცლები არ ამოუხევია ჟურნალისტის თვალწინ.გალი, ქუთაისი და ნინიკო

ფულარიანის ამბავი

გამარჯობა, ნანული, გენაცვალე! ჩემთვის მისაღებია ასე შორიდან საუბარი თქვენთან, რადგანაც ჩემი ემოციები ლაპარაკს ნაკლებად დამაცდიდა.
გალში დავიბადე, გავიზარდე, საშუალო სკოლაც იქ დავამთავრე.

მყავდა ქართული ლიტერატურის არაჩვეულებრივი მასწავლებელი ქალბატონი გულნარა ხაბურძანია (გაანათლოს მისი სული უფალმა), რომელიც ხშირად ამბობდა: ეს ბავშვი მეგულება ჩემს შემცვლელადო. სამწუხაროდ, არ მოხდა ასე, თუმცა ამ სიტყვებს დღესაც არ დაუკარგავს ჩემთვის ფასი და მნიშვნელობა.
ძალიან ლამაზი მშობლები მყავდა. დედას არაჩვეულებრივი გემოვნება ჰქონდა და, რაც დრო გადის, უფრო ვხვდები ამას... ჩემი ამერიკაში წამოსვლის წელს ჩამაკვდა ხელში - იქ, აფხაზეთში, და თითქმის 5 წელი დამჭირდა  გონზე მოსასვლელად...

მაინც ბებიას და ბაბუას მივიჩნევ ჩემს გამზრდელებად(სკოლაშიც ბაბუას გვარს ვატარებდი - ზაქარაიას). ბებიას დედას ვეძახდი, ქუთაისელი იყო დედა, თამარ ფულარიანი. გაუგონარი სიკეთის და სითბოს მატარებელი ადამიანი გახლდათ, ყველას უყვარდა. არ მახსოვს, ვინმეზე ცუდი ეთქვა ბოროტად. „დედაშვილობას“ - ასე მიმართავდა ყველას. ისე დაბერდა, ქართული ვერ დაივიწყა, მეგრული ბოლომდე ვერ ისწავლა და შიგადაშიგ რუსულსაც გამოურევდა, და ეს ყველაფერი ერთ წინადადებაში ეტეოდა:)
ერთი მეზობელი გვყავდა (ნათესავი), რომელსაც ქმარი ხშირად ეჩხუბებოდა და ამ ქალს დედა იფარებდა ხოლმე, თან ასე არიგებდა (თუ ანუგეშებდა, არ ვიცი):         „გულიელა დედა, ხომ ქოიჩქუ (იცი), ეს ცხოვრება ტანჯვის ეგზამენებიაო.“

დიდი ქუთაისური ოჯახიდან იყო დედა, გორაზე, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ცხოვრობდნენ. იქ გაიარა ჩემმა ბავშვობამაც, ყველა მეზობელი მახსოვს, მიყვარს იქაურობა... დედას ბევრი ტკივილიანი მოსაგონარი ჰქონდა, განსაკუთრებით - დაზე, ნინიკო ფულარიანზე, რომელიც თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი იყო და სტუდქალაქში დედას ნაჩუქარი შარფით კარებზე თავი ჩამოიხრჩო. ლავრენტი ბერიას დაუბარებია და გარიცხვით დამუქრებია - ასე იგონებდა დედა და მწარედ ატირდებოდა, მახსოვს ყვებოდა, თუ როგორ არ მისცეს სტუდენტებს უფლება, მატარებლის ვაგონს მიახლოებოდნენ, რომლითაც ქუთაისში ნინიკოს მოასვენებდნენ და როგორ ესროდნენ სტუდენტები შორიდან ყვავილებს ვაგონს... მგონი, თემას გადავუხვიე და მეც ავფორიაქდი ძალიან...

სკოლა რომ დავამთავრე, ქუთაისის პედინსტიტუტში შევიტანე საბუთები, მაგრამ ბოლო, მეოთხე გამოცდა ინგლისურ ენაში იყო და „ორიანი“ დამიწერეს. არ ვამბობ, არ მეკუთვნოდა-მეთქი, მაგრამ, წინა სამი გამოცდის შედეგების მიხედვით, არაფერი დაშავდებოდა,                           „სამიანი“ რომ დაეწერათ და მეც სამუდამოდ შემოვრჩებოდი ქუთაისს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. არ ვიცი, რატომ, ვბერდები უკვე და ყოველთვის მაკანკალებს, როცა ქუთაისს ვუახლოვდები ფიზიკურად თუ ფიქრებში. ტკივილიც მომყვება, ეს დახურული თემაა და მისი გახსენებისას საკუთარ თავსაც კი გავურბივარ...

 

მამა

ძალიან გამიჭირდა, გადამეწყვიტა იმის მოყოლა, რაზეც არასდროს, არავისთან მისაუბრია...

მამა, გენო ტუფურია, დედისერთა იყო. დედა და ბებია ზრდიდნენ, მამა 37-ში დაუხვრიტეს. კარგად სწავლობდა, მაგრამ სკოლიდან მაინც გარიცხეს და აქედან დაიწყო მისი უბედურება...

დედა მე-9 კლასში იყო, რომ მოიტაცა. უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ დედას ბედნიერება ვერ მოუტანა...

იყო ციხე, მერე ნარკოტიკი, ისევ ციხე, ისევ ნარკოტიკი და ასე დაუსრულებლად ტრიალებდა ეს ჯოჯოხეთი, რომელმაც ჩემი ბაბუის და ბებიის უძლიერესი ოჯახი გაანადგურა. თანდათან ყველაფერი გაქრა სახლიდან...

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მამას ზრდილობა ბოლომდე შემორჩა. ბაბუას დიდი მეურნეობა ჰქონდა სოფელში, საქონელიც ჰყავდა (თავის დროზე სულ მეურნეობის დირექტორად მუშაობდა, მერე რაიაბრეშუმის ფაბრიკის დირექტორად), მახსოვს, დაღლილი რომ მოვიდოდა, მამა ცხელ წყალში ჩააყრევინებდა ფეხებს, დაბანდა, მერე კალთაში ჩაიდებდა ბაბუას ფეხებს და ფრჩხილებს მოუწესრიგებდა, პაპიკოს ეძახდა სიმამრს. ამის პარალელურად, იყო, რა თქმა უნდა, აგრესიის მომენტებიც, ესმოდა, თვითონ ყველაზე უკეთ ესმოდა, რომ იღუპებოდა და სცადა თავის დანებება წამლისთვის... ჯოჯოხეთი იყო ის დღეები... გამოუვიდა და ცოტა ხნით ბედნიერება დაბრუნდა ჩემს ბავშვობაში... ცოტა ხნით. მერე ალკოჰოლმა ბებერს დაამსგავსა და 46 წლის ასაკში გათავდა ყველაფერი. მე წიგნებმა მიშველა მაშინ, მე-10 კლასში გადავდიოდი...

დედა ცდილობდა, როგორც შეეძლო, არაფერი მოგვკლებოდა.
გალის მე-2 საშუალო სკოლა დავამთავრე, კარგი მოგონება ბევრი მაქვს სკოლის პერიოდის, მაგრამ ორი წამლავს ყველაფერს...
სასკოლო ჟურნალში, ხომ გახსოვთ, მოსწავლის სახელის და გვარის გასწვრივ, ბოლო ფურცელზე, მშობლების საქმიანობა იწერებოდა... ყველა მოსწავლეს ეკითხებოდა კლასის დამრიგებელი: მამა მუშაა თუ მოსამსახურე? როგორ ვნატრობდი მაშინ, ჩემი გვარი გამორჩენოდა მასწავლებელს... კიდევ, სანიტრად ამირჩიეს: თეთრი ჩანთა წითელი ჯვრით, იოდით, ბამბით, ბინტით და ორი კლასელის ჩურჩული:“ იოდის მაგივრად მორფი არ წაგვისვას!..“ აააააააჰ, ყოველთვის ყვირილი მინდა, ამას რომ ვიხსენებ, მინდა ჩემს ბავშვობას ხელი მაგრად ჩავკიდო და შორს გადავმალო...

ეს იყო მე-4 კლასამდე. მაღალ კლასებში ყველა, განურჩევლად - კლასელი იყო თუ მასწავლებელი, რაღაცნაირი პატივისცემით მექცეოდა, უფრო მოწიწებას ჰგავდა ეს ყველაფერი, ვგრძნობდი ამას ყოველ ნაბიჯზე, მხოლოდ, რა იყო მიზეზი, არ ვიცი. ნანული, თქვენ, ალბათ, სხვა რამეს ელოდით? ანუ ბედნიერ ისტორიას? ვერ ვიტან ტყუილს, ან უნდა ჩუმად ვიყო, ან ვთქვა ის, რაც იყო, რაც ვარ, რისგანაც მოვდივარ და ჩამოვყალიბდი. აბსოლუტურად არ მეწყინება, თუ ჩემი ნაამბობი არ მოგეწონებათ, ვერ გეტყვით, რატომ გწერთ, რატომ გაგიხსენით გული, ყველას ყოველთვის ძალიან ბედნიერი ვგონივარ, ჩემი ბავშვობა არ მაძლევს ამის უფლებას...

 

„ყოველთვის თამამად თქვი...“

 

მადლობა, რომ ბოლომდე ჩაიკითხეთ, არ არის ეს ის ისტორია, რითაც დღევანდელი მკითხველი დაინტერესდება...

მადლობა, ნანული ძვირფასო, არ მქონია ფიქრად, რომ ეს გამოქვეყნდება, არა იმიტომ, რომ მრცხვენია... არა, ჩემი ასაკი მაძლევს უკვე ამ სითამამეს და ამერიკამ ბევრი რამ მასწავლა. კიდევ ერთი და - ამით დავხურავ თემას. არ მინდა ზედმეტი ემოციით დაგტვირთოთ, ვიცი, რომ სხვა საქმეც ბევრი გაქვთ.

სკოლაში ადრე მივედი და, სანამ ჩემი კლასელები მოგროვდებოდნენ, ვიცდიდი. ცამდე ასული ნაძვები იდგა სკოლის ეზოში და ამ ხეებს შორის ფიცრები იყო ჩაჭედებული. იქ ვიჯექი.

ერთი ქალბატონი მომიახლოვდა, შემათვალიერა (წინათ გწერდით, რომ დედაჩემს კარგი გემოვნება ჰქონდა და ეს ჩვენ, ძმას და დებს, ყოველთვის გვეტყობოდა). მკითხა: ვისი შვილი ხარო? მამა იმ პერიოდში ციხეში იჯდა, დედას ვალები ჰქონდა... უცებ ვერ ვუპასუხე, მერე მაინც დედას სახელი ვარჩიე, მეთქვა. პატარა ვიყავი... ასე ვეცადე, მამა დამემალა, თუ დამეცვა...

თვალწინ მიდგას იმ ქალბატონის (ნინა დეიდას) ლამაზი თვალების სითბო, ჩამიხუტა და ჩუმად მითხრა ყურში:    „არასდროს,  არასდროს არ თქვა ასე, ყოველთვის თამამად თქვი, რომ გენოს შვილი ხარ“. მერე ბევრი რამ ისეთი მიამბო მამაზე, რაც სიამაყედ დღემდე მომყვება. ნინა დეიდა ვერც წარმოიდგენდა მაშინ, რომ წლების მერე თვითონაც გამოცდიდა იმ უბედურებას, რასაც ნარკომანია ჰქვია.

ასე დაიწყო სიკეთის გაკვეთილები ჩემთვის.

ნანული, თქვენ მიმიხვდებით, რატომ გწერთ ამ ყველაფერს, ძვირფასო. იქნებ ერთი ადამიანი მაინც დაფიქრდეს და სცადოს, გვერდი აუაროს იმას, რასაც უგულო ადამიანთა ჯიბის გასქელება, საკუთარი ოჯახის გაუბედურება და შვილების ბავშვობაშივე „დაბრძენება“ ჰქვია.

 

ანიკო დეიდას „მულინის“ ძაფები

 

ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი გამონათება იყო ანიკო დეიდა (დედას მეორე და) და მისგან ქუთაისიდან მიღებული „დეპეშა“: „თამარა, ჩამოვდივარ პირველი რეისით, დამხვდით“.

ანიკო დეიდას ჩამოჰქონდა ჩვენთვის ტყემლის ტყლაპები, რომლებსაც სარეცხის გასაშრობ თოკზე გადაფენდა დედა. ისეთი ლამაზები იყო, სულ ლაპლაპი გაუდიოდა და იმ თოკზევე ქრებოდნენ ნელ-ნელა, ვინ აცლიდა გაშრობას...

კიდევ „მულინის“ ფერადი საქარგი ძაფებით სავსე, გამოკრული ფუთა მოჰქონდა ანიკო დეიდას. ვიქექებოდით იმ ფუთაში, ვშლიდით და ოცნებასთან ერთად ისევ ვახვევდით ძაფებს. მაგრამ მოქარგვით არაფერს ქარგავდა ანიკო დეიდა და ისევ ისე გამოკრული მიჰქონდა ის ფუთა უკან, ქუთაისში... ერთი ძმა სამამულო ომში ჰყავდათ დაკარგული და დედასგან ვიცი, რომ იმ მძიმე წლებში ნემსის წვერით ინახავდა ობლად დარჩენილ ძმისშვილებს და თვალის ჩინიც დაკარგა... ჩვენთან, დედასთან იყო ბოლო წლებში და გალში გარდაიცვალა.

მახსოვს, გონებით სულ ქუთაისში იყო, ეძახდა ელგუჯას, ვაჟას, ღუღუნას (ძმისშვილებს), ეძახდა თავის მეზობლებს: კოკიას, ჟორჟიკას, კაკოია ბოგვერაძეს, თინაია დარსაძეს... ქუთაისში ჩამოასვენეს ძმისშვილებმა.

ცოცხალივით მენატრება, წელს აუცილებლად დილიდან საღამომდე დავრჩები მის სასაფლაოზე და რამდენ რამეს მოვუყვები...

 

 

ადამიანს ან აქვს მორალი, ან - არა

 

ავთო ჯეჯეია კომკავშირის რაიკომის მდივანი იყო, ყველასთვის სასურველი სასიძო... მე სწორედ მისი იქ მუშაობა არ მომწონდა. დედამ იცოდა თქმა: როგორ გაამუტრუკეს კომუნისტებმა ხალხიო და, მგონი, ეს იყო მიზეზი, მეგონა - ყველა ერთნაირი იყო, საბედნიეროდ, ასე არ აღმოჩნდა და მე დღესაც მის გვერდით დედოფალი მგონია თავი:)

მანამდე კი იყო ბევრი შური, უფრო მეტი - ჭორი, ცოტა სიმართლე და არნახული უსინდისობა... გავუძელით, უფრო სწორად, სიყვარულმა აიტანა და დაიტია ეს ყველაფერი.

სამშობლოს დატოვება და ამერიკაში წამოსვლა არ იყო ჩვენი ოცნება. მაგრამ ის ომისშემდგომი 10 წელი, რომელიც ხან უკრაინაში დავყავით და ხან რუსეთში - დაბრუნების იმედით, გულუბრყვილობად და დროის დაკარგვად მიმაჩნია. რა მიამიტები ვიყავით და რა ადვილად ვტყუვდებოდით, თუ ვიტყუებდით თავს!

ყველა მედალს ხომ ორი მხარე აქვს და, ჩემდაუნებურად, დღემდე ვაკვირდები ამ ყველაფერს.
ლტოლვილობამ დამანახა ადამიანები უნიღბოდ. ჩემთვის აშკარა გახდა ის თანდაყოლილი თუ ჯიშით გამოყოლილი თვისებები, რომლებსაც ასე ნიღბავდნენ თურმე იქ და მერე გაჭირვების მიზეზით ამართლებდნენ.
მაგალითად, ეს იყო არგაჩენილი ბავშვების დაბადების მოწმობები... რამდენ ჩემს ნაცნობს „გაუჩნდა“ მესამე და მეოთხე შვილი, რამდენი იღებდა დიდი ხნის გარდაცვლილი ახლობლების პენსიებს და დახმარებებს წლობით, რამდენი ომამდე გარდაცვლილი გახდა „გმირი“, რათა მათი შვილები ჩარიცხულიყვნენ უმაღლეს სასწავლებლებში, რამდენმა იკადრა უკადრებელი, რომ „თანამდებობა“ ჰქონოდათ ისევ და ამ ხალხისგან ჭკუის სწავლება იყო ყველაზე ძნელი მოსასმენი. ხან ჰქონდათ მორალი და ხან არა, მე კიდევ მგონია, რომ ადამიანს ან აქვს მორალი და ან არა.

და არავინ მითხრას, რომ ეს გაჭირვების ბრალია, რომ დრო ცვლის ადამიანებს და ა.შ. ბევრი ვიცი ღირსეული მაგალითიც, როცა ადამიანებს უკიდურესმა გაჭირვებამაც კი ვერ შეუცვალა სახე და ვაღმერთებ ასეთებს! მიყვარს ისინი!

ერთხელ გალში დედამ წამიყვანა ბაზარში, ხორცი უნდა გვეყიდა. მაშინ იქაც რიგები იყო და თქვენ გემახსოვრებათ, როგორ მოძრაობდა ეს „რიგი“. ერთი ქალბატონი ძალიან აქტიურობდა, ვერ ეტეოდა ხალხში თუ თავისსავე კანში, არ ვიცი. რატომღაც, მგონია, რომ ასე აქტიურობენ ის ქალები, რომელთა ქმრებს სახლში ბევრი ფული მოაქვთ და, როგორც წესი, განზე საყვარელი ჰყავთ (და ეს ცოლებმა იციან). მე არ ვიცი, რის კომპენსაციას ცდილობენ ისინი ამ „პირველობით“ ბაზარში. მოკლედ, ამ ქალბატონს არც ეეჭვებოდა, რომ ყველაზე დიდი და კარგი ნაჭერი მას ეკუთვნოდა.

დედაჩემი მშვიდად იდგა, ყოველთვის ეტყობოდა დედას, სავსე ოჯახში რომ იყო გაზრდილი და არც არაფერზე ფეთდებოდა. ბაზრიდან ცარიელიც რომ წამოსულიყო, მაინც მოახერხებდა რაღაცას და მშივრებს არ დაგვტოვებდა.

ჩემი ყურადღება გასაყიდ ხორცს არ მიუპყრია მაშინ, მეხსიერებაში ჩამრჩა შემდეგი სურათი: ხორცის მოზრდილ ნაჭრებს შორის ენერგიულად მოძრავი, სიმსუქნეშეპარული, ნუნებამდე (ალბათ - სიმწრით, ჩუმად) დაკვნეტილი ფრჩხილები და თითებზე იმავე ხორცის ქონისგან გადაგლესილი, სხივჩამკვდარი ბრილიანტის თვლიანი ბეჭდები...

ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს და ეს როგორმე უნდა ვისწავლოთ ქართველებმა.

კიდევ, მეზობელი გვყავდა ერთი, ისეთი პრეტენზიულად მედიდური სახით დადიოდა, თითქოს ყველა უნდა დამალულიყო გარშემო! შინ და გარეთ ოქროს „ცეპები“ ეკიდა გულზე, და არც თითებს და ყურებს ეტყობოდათ, რომ  „დაჩაგრულები“ იყვნენ. უთუოდ გადამყიდველთან ნაყიდი, „ძვირიანი“ კაბები ეცვა ყოველთვის. აი, ფეხებზე კი... ოი, როგორ მეცოდებოდა ის „ბასანოჩკები“, რომლიდანაც ზაფხულობით წინ ფართე, მოუვლელი ფრჩხილები და უკან დახეთქილი ქუსლები მოუჩანდა. მე, რატომღაც, იმ ქალის ქმარი უფრო მაღიზიანებდა, რომელიც ვერასდროს ამჩნევდა ამ საცოდაობას! ან იქნებ ხედავდა კიდეც ყველაფერს, ვინ იცის... ან რა ჩემი საქმე იყო ამის დანახვა?

 

აქ, ამერიკაში

ამერიკაში არავინ იპრანჭება ყოველდღიური ჩაცმა-დახურვით. სამსახურშიც (თუ ფორმას არ ითხოვენ) სადად და უბრალოდ აცვიათ. აქ არავის იღებენ ჩაცმით, შეხვედრაც და გაცილებაც ჭკუის მიხედვით ხდება ორივე.

ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ავთომ განახორციელა, ეკუთვნოდა დევიდ ჩერიტონს, რომელიც არის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორი სტენფორდის უნივერსიტეტში და არის ოფიციალური მილიარდერი და   google-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი. დღესაც პალო ალტოში (ქალაქია) შეიძლება ქუჩაში შეხვდეთ მას, თავის ძველ ველოსიპედთან,  ან  1986  წლის „ფოლკსვაგენთან ერთად“. და არაფერი მის ღირსებას ამით არ აკლდება.

შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ ამერიკაში ყველა ჭკვიანია, კოხტაა და ა.შ. მაგრამ ჩვენთან, საქართველოში, ნამეტანი მოსდით...

ასევე არ იციან აქ თავიანთი ბიოგრაფიის შელამაზება, არ ერცხვინებათ ინვალიდი შვილები, ახლობლები და არ კეტავენ მათ ცხრა ბოქლომს მიღმა. მე მყავდა ბიძა, რომელიც 7 წლის ასაკში მენინგიტით დაავადდა და ბებიამ და ბაბუამ ხელისგულზე გაზარდეს. გუთო - ჩემი ტკივილიანი მოგონება და სიყვარული!.. ცინიკური შეკითხვაც მოუციათ ხშირად, თუ ვინ იყო ის ჩემი. არავის განვიკითხავ, მეტიც, ვფიქრობ, რომ მათაც არ ესმოდათ, რას მეკითხებოდნენ... 55 წლის ასაკში გარდაიცვალა და მთელმა ქალაქმა დაიტირა, მადლობა ჩემს გალელებს ამ სიყვარულის გამოხატვისთვის. მის საფლავზე ხშირად დამხვედრია ცოცხალი ყვავილი და ახლაჩაფერფლილი სიგარეტი, გუთოს სიმღერა და კინო უყვარდა ძალიან.
ისევ გადავუხვიე თემას...

 

ოჯახი

ორი ქალიშვილი გვყავს, თამარი და ნინო. ორივემ სკოლა აქ დაამთავრა.

თამუნამ საქართველოში გაიმარჯვა კონკურსზე „XXI საუკუნის ლიდერები“ და ამ პროგრამით ჩამოვიდა ამერიკაში. მერე სწავლა გააგრძელა ოსტინის კერძო კოლეჯში, მისი განხრა საერთაშორისო ურთიერთობებია. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს მიანიჭეს ბუკბურნეტის (ქალაქი) საპატიო მოქალაქის წოდება.

ცხოვრობს მეუღლესთან ერთად  ვაშინგთონში და იქვე მუშაობს სახელმწიფო სამსახურში. უამრავი შეხვედრა ჰქონდა საინტერესო ადამიანებთან, დალაი ლამადან მამა ბუშის ჩათვლით, შეხვედრია მიხეილ სააკაშვილსაც... თამუ ისევ აპირებს სწავლის გაგრძელებას და წელს ოთხი ყველაზე დიდი უნივერსიტეტი გაუღებს კარებს. ვნახოთ, რომელს აირჩევს. არ უყვარს, როცა აქებენ და, ეს რომ წაიკითხოს, მეტყვის: კარგი, რა, დე...

ჩვენი სიძე, კარლი, ამერიკელია, თანაკურსელები არიან. შარშან გვქონდა დიდი ტეხასური ქორწილი. ძალიან კეთილ და სათნო ხალხთან დაგვამოყვრა თამუმ. ქორწილი მართლა დიდი იყო, მხოლოდ, ისინი იყვნენ 300 და ჩვენ სამნი (ავთო, მე და ნინო), მაგრამ ეკლესიაში ვგრძნობდი, რომ ყველა ჩემიანი იქ ტრიალებდა, ბევრი ვიტირე, ვერაფრით  მოვერიე თავს, იმ დღეს კიდევ უფრო მწარედ ვიგრძენი ჩვენი წელში გაწყვეტილი ლტოლვილობა...

დიდი ყურადღების ქვეშ ვიყავით, ყველა გვეფერებოდა, გვიხუტებდნენ გულში, მადლობას გვიხდიდნენ ასეთი ლამაზი და ჭკვიანი შვილისთვის, დიდი სითბო ტრიალებდა ირგვლივ, მაგრამ მე მაინც მაკლდა, მაკლდა, მაკლდა ჩემი ქვეყანა და ქართული...

ნინომ სკოლის მერე კოლეჯი დაამთავრა, პარალელურად მუშაობდა, და ეხლა დევისის უნივერსიტეტს ამთავრებს, ფსიქოლოგი გახდება მალე. ორივე ჩართულია საქველმოქმედო პროგრამებში, ეხმარებიან ძალიან გაჭირვებულ ბავშვებს. ნინო თავისუფალ დროს უფასოდ მუშაობს ცხოველთა თავშესაფარში, მეც მიყვარს ძალიან ცხოველები და, საერთოდ, ბუნება. კეთილი და უბრალო ბუნების გოგონები არიან, ზედმეტი არაფერი უყვართ.
იცით, არანაირ აღფრთოვანებას არ განვიცდი, როცა საქართველოში ჩასულს ჩემი მეგობრები თუ ნაცნობები თავს მაწონებენ იმით, თუ როგორ უყიდეს შვილს ბინა, მანქანა, მოაწყვეს სამსახურში, „მოუყვანეს“ ცოლი... ასეთ დროს ყოველთვის უხერხულად ვარ, ჩემთვის ბევრად საინტერესოა, იმ „ბავშვმა“, რომელიც 25-30 წლისაა, რა გააკეთა ამისთვის, ანუ რა არის მისი მიზანი და მისაღწევი ცხოვრებაში.

ავთო თავისი პროფესიით მუშაობს (ინჟინერმშენებელია), ენა კარგად იცის, შრომა არ ეზარება და თავისი წესიერებით კარგი ავტორიტეტი აქვს.

 

იცით, რა „აღმოვაჩინე?“

 

მე „John Muir“-სი ვმუშაობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი სამედიცინო                   ჰოსპიტალური ქსელია ამერიკაში. ჩემს თვალწინ დღეში მრავალი ეროვნების, ფერის და ორიენტაციის ადამიანი ირევა და, იცით, რა „აღმოვაჩინე“, ნანული? ყველა ადამიანი ერთნაირადაა კეთილი და ბოროტი, ლამაზი და უშნო, ზრდილობიანი და უხეში, ჭკვიანი და სულელი და ა.შ. ყველას ერთნაირად სტკივა, უხარია, ერთნაირად სჭირდება ყურადღება და თანადგომა.

აქ ყველა ესალმება ერთმანეთს, გისურვებენ ბედნიერ დილას თუ საღამოს.

რამდენჯერ ჩამხუტებია უცნობი ადამიანი და უთქვამს მადლობა, გაუთბია და გაულამაზებია დღე ჩემთვის. განა იმიტომ, რომ უპრობლემოები არიან და არაფერი უჭირთ... ყოველდღიური ყოფითი კულტურა მეტია და მინდა ასე იყოს საქართველოშიც.

სამსახურიდან თავისუფალ დროს ნამცხვრებს ვაკეთებ,  მიყვარს მათი გაფორმება ჩემივე გაკეთებული (ზოგჯერ მოგონილი) ყვავილებით. მიმაჩნია, რომ ტორტით არ უნდა ძღებოდნენ, ის ესთეტიკური სიამოვნებისთვის უფრო მგონია...

ამდენი არასდროს მილაპარაკია საკუთარ თავზე და, ცოტა არ იყოს, მეუხერხულება, თქვენ ჩემზე ბევრად, ბევრად უკეთ იცით, თუ რა ფორმას მისცემთ ამ წერილებს, ან იქნებ სულაც არ არის საჭირო მათი გამოქვეყნება?

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2169
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია