დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პაატა თედიაშვილი: „მეც ვეფერები ქუთათურებს თბილი სიმღერებით...“
2012/05/14 12:24:34

ამბობს, რომ ქუთაისი ძალიან უყვარს, ამიტომაც არაერთხელ სტუმრობს ჩვენს ქალაქს. მისთვის აქაური მსმენელი განსხვავებულია და განსაკუთრებული... სხვანაირი ტაში, ოვაცია და იმერული იუმორი.

პაატა თედიაშვილი ფართო მსმენელმა ფოლკლორულ მოტივებზე შექმნილი რამდენიმე პოპურით გაიცნო ტელეეკრანიდან. პირველი მისი სიმღერა თუშური იყო.

„სიმღერა ჩვენი ოჯახური ტრადიციაა. დედა და დაც მღერიან. ბაბუაჩემი, გივი იაშვილი, ცნობილი ლოტბარი იყო და ხაშურში „შვიდკაცაში“ მღეროდა. სწორედ ამ გარემოებამ გამიჩინა სურვილი, რომ მეცადა ჩემი ძალები სიმღერაში. ბავშვობიდან ვცეკვავ ხალხურ ცეკვებს, სიმღერით კი სცენაზე პირველად 15 წლის ასაკში დავდექი. მოგვიანებით ჩამოვაყალიბე რეპჯგუფი „მე და ღამე“, მუსიკასა და ტექსტს თავად  ვქმნიდი. ვიყავი ჯგუფის ქორეოგრაფიც და დიდი შრომის შემდეგ გავხდით კულტურის სამინისტროს, სტუდია „კამერტონის“ და ფესტივალ „ოქროს მართვეს“ ლაურეატები. გარკვეული მიზეზების გამო, ჯგუფმა ვეღარ შეძლო არსებობა და სოლო კარიერა დავიწყე. პირველი სიმღერა, რომელმაც წარმატება მომიტანა იყო თუშური სიმღერების პოპური, შემდეგ - „ბინდისფერია სოფელი“, რომელიც, მრავალი ოპონირების მიუხედავად, შეიყვარა მსმენელმა და ასე გამიცნო საქართველომ. მოგვიანებით, ჩავწერე და გადავიღე ახალი სიმღერა და კლიპი „წარსულის ფესვები“ - სვანურ მოტივებზე, ტექსტიც და მელოდიაც ნაწილობრივ ჩემია.“

როგორც მომღერალი აღნიშნავს, ეს სიმღერა სკანდალურიც კი აღმოჩნდა იმის გამო, რომ იყო რეჩიტატული, რაც სვანურ ფოლკლორში მანამდე არ მომხდარა.

შესაძლოა, მსმენელმა არც იცოდეს, რომ ცნობილი მოცეკვავე და მომღერალი პროფესიით ექიმი-თერაპევტია.

„დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი და სამი წელი ვიმუშავე ექიმ-თერაპევტად. იმის გამო, რომ ხშირად მიწევდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა, იძულებული გავხდი, პროფესიული საქმიანობისთვის თავი დამენებებინა და გულით რაც იყო ჩემი მოწოდება, ის გამეკეთებინა.

სამედიცინოს პარალელურად ვსწავლობდი ორ მუსიკალურ სასწავლებელში, ვოკალის განხრით. ჩემი პედაგოგი იყო კომპოზიტორი, პიანისტი და მომღერალი ოთარ ტატიშვილი. წლების მანძილზე კი ვცეკვავდი ანსამბლ „ერისიონის“ ბაზაზე.“

შემოქმედი თვლის, რომ წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია მიზანდასახულობა, ნიჭი, უნარი, შრომა და კეთილი კონკურენციის უნარი. მისი თქმით, მომღერალმა უნდა იცოდეს, თუ როგორ მივიდეს მსმენელის გულამდე.

„გარკვეული წარმატების შემდეგ მივხვდი, რომ უნდა მემღერა და კიდევ მრავალი სათქმელი მეთქვა ჩვენი თანამედროვეებისთვის, შემეხსენებინა, რომ წარსულის ფესვები არის ღრმა და მნიშვნელოვანი. ახლახან დამთავრდა მუშაობა კლიპზე, რომელსაც „ნაირნაირად“ ჰქვია, იგი ქალაქურია და კლიპში გაცოცხლებულია ძველი თბილისის კოლორიტები, ასევე უდიდესი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის „კინტაურის“ ცეკვის კადრები.

პაატა თედიაშვილს ხშირად აქვს კონცერტები ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საბერძნეთი, ავსტრია, ჩეხეთი, პოლონეთი, იტალია, გერმანია, ბულგარეთი და მოლდავეთი უკვე „დალაშქრა“ თავისი შემოქმედებით.

„მაქვს ხშირი კონცერტები და ტურნეები საქართველოს სხვადასხვა კუთხესა თუ ქალაქებში. ძალინ მიყვარს ქუთაისი და აქაური ხალხი, რადგან ძალიან თბილი და სტუმართმოყვარენი არიან. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტით ვიყავი ქუთაისში. ყოველი კონცერტი სრულდება მეგობრობით და დიდი სიყვარულით. სწორედ ასე ვეფერები ქუთათურებსაც - თბილი სიმღერებით.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2736
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია