დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მაგდა - ქართველოლოგიის მომავალი ვარსკვლავი
2012/04/23 12:07:07

თავის სამშობლოსა და ლაზებზე უსაზღვროდ შეყვარებული, არაორდინარული გოგონა

„ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა ართვინში ჩასვლა. როცა უკან ვბრუნდებოდი, ბავშვს ვუყვებოდი ყველაფერს ლაზების შესახებ, ძალიან სტუმართმოყვარეები და ჩვენი ძმები არიან-მეთქი...“ - ეს სიტყვები ჩვენი 16 წლის რესპონდენტის, მაგდა არსენიძის მამას, ბატონ რევაზს ეკუთვნის. მამის ნათქვამი თურმე პატარა მაგდას ღრმად ებეჭდებოდა გონებაში, გამუდმებით ფიქრობდა ქართველებისა და ლაზების ისტორიულ ურთიერთობებზე.  

ის ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, მაგრამ იშვიათად თუ გამოჩნდება მისი ასაკის ადამიანი, ვინც მშობელი ქვეყნის ამხელა სიყვარულით არის სავსე!

 

მაგდა იხსენებს: „ხუთი წლის წინ პირველ არხზე გადიოდა გიორგი კალანდიას გადაცემა „ჩვენებურები“ და იქიდან განსაკუთრებით დავინტერესდი ამ თემით. იქ ძალიან საინტერესოდ აღწერეს ქართველების, გურჯების ისტორიული ტკივილი. დიდი ემოციური მუხტი მივიღე. მერე დავიწყე ყველაფრის მოძიება... პირველ რიგში, როდესაც კომპიუტერთან მივედი, მომღერალ ბაიარ შაჰინს (გუნდარიძეს) დავუკავშირდი, რომელიც თურქეთში მოღვაწე ქართველია. მოგეხსენებათ, ის ძალიან პოპულარულია როგორც თურქეთში, ასევე საქართველოშიც. ცამეტი წლის ყოფილა, როცა საცხოვრებლად სტამბულში გადასულა ოჯახთან ერთად, შემდეგ ცოლი მოიყვანა, წარმოშობით ქართველი, ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც მამის კვალს - მუსიკას მიჰყვებიან.“

მაგდას თქმით, ბაიარი ორ ქვეყანას შორის გადებული ხიდია და ორთავე ქვეყნის კულტურას ემსახურება. 2010 წელს ბაიარმა ჩამოაყალიბა ორგანიზაცია სახელად „ბაიარ ტური“. ამ ორგანიზაციის მეშვეობით ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა, იმოგზაუროს ძველ ქართულ ტერიტორიებზე, მაგალითად - ტაო-კლარჯეთში. ბაიარ შაჰინს, როგორც მომღერალს, რამდენიმე ჯილდო აქვს აღებული და ალბომებიც გამოშვებული, იგი საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს.

ჩვენთან საუბრისას მაგდა კვლავ უბრუნდება გადაცემა „ჩვენებურებს“, აღნიშნავს, რომ გიორგი კალანდიამ დიდი ტკივილი გადმოსცა და ამან კიდევ უფრო გააღვივა მასში პატრიოტიზმის გრძნობა.

„ის ტკივილი, რომელიც გიორგიმ გვაგრძნობინა, ძალიან შემაძრწუნებელი იყო და მინდოდა, მომავალში რაღაცით დავხმარებოდი ლაზებს, მათი ტკივილი თუ სიხარული გამეზიარებინა, მეც მათი ცხოვრების ნაწილი გავმხდარიყავი. სამი წელია, facebook-ზე რაც ვარ, უამრავი ლაზი მეგობარი მყავს, მათ შორის - მომღერლები, უმეტესწილად - ბაიარის ამხანაგები. ლაზებთან ხშირი ურთიერთობა მაქვს. დაპატიჟებულიც კი ვარ ხოფაში, სადაც მალე ვაპირებ წასვლას.“

პატარა მაგდა, შეიძლება ითქვას, ლაზების ცხოვრებას კვალდაკვალ მისდევს, ეძებს ინფორმაციებს, თუ როგორ მიმდინარეობს იქ ჩვენებურების ცხოვრება, როგორი წესები და ტრადიციები აქვთ, რა ულხინთ, ან უჭირთ. მაგდა facebook-ზე  გაცნობილ ლაზ მეგობრებს ქართული სიმღერებით ანებივრებს, საქართველოს შესახებ უამბობს და თუ რამე შეეშლებათ ქართულ ლაპარაკში, უსწორებს ხოლმე. ისინი კი თურქულ ლაპარაკს ასწავლიან. ფარნა-ბექა ჩილაშვილი, მაგდას თქმით, ის ადამიანია, რომელიც თურქეთში ქართულ ანბანს ასწავლის. მაგდა მალე აპირებს გამგზავრებას ლაზეთში:

„რომ ჩავალ, ლაზეთი უნდა დავათვალიერო, საკუთარი თვალით ვნახო, თუ როგორ ცხოვრობენ. იქ სამი ტიპის ლაზები არიან, ერთნი ფიქრობენ, რომ მეგრელები და ლაზები ნათესავები არიან, მეორენი თვლიან, რომ ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს, მესამეთ კი მიაჩნიათ, რომ ჩვენ და მათ ერთი სისხლი გვაქვს. ასევე არიან ჩუმი ქრისტიანებიც, ანუ - ისეთები, რომლებიც მალავენ სარწმუნოებას, რადგან მერე პრობლემები შეექმნებათ. მაგრამ ქრისტიანულად ასაფლავებენ ახლობლებს, ბავშვებს ნათლავენ, ეს ყველაფერი ჩუმად ხდება... ანუ ქრისტიანული ტრადიციები აქვს ზოგს, ყველას - არა.“

ლაზების შესახებ ინფორმაციას, ძირითადად, ინტერნეტით დაეძებს, ხშირად მასალას ის ამხანაგებიც აწვდიან, რომლებიც ნამყოფი არიან თურქეთის ტერიტორიაზე.

მაგდას თქმით, ლაზები ყველანაირად ცდილობენ, თავიანთი კულტურა არ დაკარგონ. ქაზიმ ქოიონჯუმ არაჩვეულებრივად მოახერხა ლაზური სიმღერის არანჟირება და თანამედროვეობამდე მისი უკვდავი სულის მოტანა. მან ახალ თაობას უსაზღვროდ შეაყვარა ეს სიმღერები, გასულ წლებში კი ლაზური სიმღერა აქა-იქ თუ გაისმოდა.

„ლაზური მუსიკა ძალიან ჰგავს ქართულს, მაგალითად, ფანდურზე როგორც ჩვენ ვუკრავთ, ზუსტად ისე უკრავენ ისინიც და, რომ შეხედავ ლაზს, გაგიჭირდება  თქმა, თუ რომელი გორისა არის. ისინი ამბობენ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და მოვა დრო, ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით. ძალიან მენდობიან, მეგობრობენ ჩემთან.

საქართველოში ლაზები თითქმის დავიწყებული თემაა, ჩვენებურებს კი ეს ძალიან სტკივათ და განიცდიან: მეუბნებიან, აღარ გახსოვართ თქვენ ქართველებსო, ქათამი წიწილას რომ დაკარგავს, ეძებს და თქვენ შვილების ნახვა არ გინდათო. ფერეიდნელი ქართველებიც ძალიან დაახლოებული მყავს...“

მაგდამ ისიც გვითხრა: „თურქეთში თუ უამრავმა ადამიანმა იცის ქართული ენა, ეს აჰმედ მელაშვილის დამსახურებაა, თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის ის იყო მეორე ილია ჭავჭავაძე. როცა ცოცხალი იყო, მას შეუთვალეს, დაანებე ქართულს თავიო, მაგრამ მაინც არ შეეშვა და საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს წლების წინ. დარჩა ორი შვილი - იბერია და თამარი. იბერია საქართველოს გამო დაარქვა, იქ ყველას უკვირდა, იბერია და თამარი რატომ ჰქვიათო. ბატონი იბერია Facebook-ზე ხშირად მეხმიანება.“

მაგდას დიდი ნატვრაა, ქართველები და ლაზები ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ამიტომ თითქმის ყოველდღიურად იდება სოციალურ ქსელში მაგდალენა არსენიძის კედელზე ლაზური და ქართული სიმღერები, უამრავი ინფორმაცია საქართველოს და ლაზეთის შესახებ. მას ერთნაირი ინტერესით კითხულობენ როგორც ქართველი, ისე ლაზი „ფრენდები“.

უმრავლესობამ არც კი იცის, რომ ამ მრავალფეროვანი, საინტერესო მასალის ავტორი ჯერ კიდევ ბავშვია - ქუთაისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მეთერთმეტეკლასელი.

რომ იცოდეთ, რა შორსმიმავალი მიზანი აქვს დასახული: აპირებს, თავისი მომავალი ქართველოლოგიას დაუკავშიროს. საამისოდ უკვე დაიწყო სერიოზული მუშაობა, თურქულს სწავლობს და უამრავ სამეცნიერო მასალასაც ეცნობა. გოგონას ეს განსაკუთრებული ნიჭი და უნარი უკვე დაინახეს: მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მოსწავლეა, იგი სტაჟირებაზე მიიწვიეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. რამდენიმე თვის მანძილზე მაგდა მომავალ კოლეგებს ქართულ-თურქულ ხელნაწერებზე მუშაობაში დაეხმარება და პირველ სამეცნიერო გაკვეთილებსაც მიიღებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3491
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია