დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რაზე ოცნებობს ლელა სანაია?
2012/04/17 12:27:29

აფხაზეთის ომმა, რომელიც 1992-1993 წლებში შავი ღრუბელივით შემოეხვია საქართველოს, უამრავი მსხვერპლი და კიდევ  მეტი დევნილი გააჩინა. აფხაზეთიდან  დევნილი უამრავი ადამიანი იძულებული გახდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დასახლებულიყო. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ერთი წუთითაც არ დაუკარგავთ აფხაზეთში დაბრუნების იმედი.

იმ თითქმის ნახევარი მილიონიდან ერთ-ერთი, ვინც იძულებით წამოვიდა მშობლიური მიწა-წყლიდან, ლელა სანაიაა, რომელსაც ექვსი წლის  ასაკში დაატოვებინეს აფხაზეთი, გულრიფშის რაიონის ულამაზესი სოფელი მერხეული. მისი გზა, როგორც თითქმის ყველა  დევნილისა, რთული აღმოჩნდა. ლელას, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მცირე ასაკისა იყო, კარგად ახსოვს ის წლები, როცა პურის გარდა არაფერი ჰქონდათ კვების რაციონში. ძნელია, როდესაც ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადადიხარ, მაგრამ უფრო ძნელია, როცა ეს ყოველივე იძულებით ხდება.
დევნილობის პერიოდის საწყისი ეტაპი ხელისუფლების უყურადღებობას და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან კონფლიქტებს უკავშირდება.

„ადგილობრივთ გარკვეული ნაწილი დევნილებს ჩამოთრეულებს გვეძახდა, გვეუბნებოდნენ, იქ რატომ არ დარჩით, რატომ არ დაიხოცეთო, რატომღაც ძალიან ცივად იყვნენ ჩვენს მიმართ განწყობილი, თუმცა წლების გასვლასთან ერთად, ეს დამოკიდებულება თანდათან იცვლებოდა და დღეს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს,“ - გულისტკივილით გვითხრა ლელამ.

დღეს აფხაზური მიწის ნახვას, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერავინ ახერხებს, არადა, იმის სურვილი, რომ მშობლიური კუთხე მოინახულოს, ყველას აქვს, მათ შორის - ლელასაც. სჯერა, რომ აფხაზსა და ქართველს შორის ხიდი ბოლომდე არ ჩამტყდარა. არსებობს იმის შანსი, რომ ქართველმა და აფხაზმა, როგორც ეს საუკუნეების მანძილზე იყო, კვლავ ერთმანეთის გვერდი-გვერდ იცხოვრონ და დანათესავდნენ.

ლელას სკოლის პერიოდი  და ბავშვობა ქუთაისს უკავშირდება, სადაც მან უამრავი მეგობარი შეიძინა, მაგრამ  სურვილი, რომ მშობლიურ  მერხეულს დაუბრუნდეს, დიდია:        „მეც მინდა განვიცადო ის სითბო და სიყვარული, რასაც ჩემი მშობლები განიცდიან აფხაზეთის მიმართ,“ - გვითხრა ლელამ.

იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც აფხაზეთი მცირე ასაკში დატოვეს, ეს კუთხე სიშორის ტკივილთან ასოცირდება და ორი ათეული წელია, გრძელდება. ლელას იმედი აქვს, ოდესმე ეს ოცნება აუხდება და ენგურის ხიდი ხელმეორედ გადაკვეთს.

 

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2799
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია