დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვარსკვლავების ცქერით გავიზარდე...
2012/04/17 12:26:34

რამდენიმე დღის წინ სტუმრად მაღალი რანგის ჟურნალისტი მყავდა, რომელიც, ჩემი სხვა, უმეტესი კოლეგებისაგან განსხვავებით, მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთით სულდგმულობს - ფეხბურთით ნაყრდება და ფეხბურთით სუნთქავს. ამ კაცს განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, მით უფრო, რომ ქართულ მედიასივრცეში არ მეგულება სხვა ვინმე, ვისაც, როგორც ჟურნალისტს, წილად ხვდა ბედნიერება, ყოფილიყო მსოფლიოს 9 და ევროპის 8 ჩემპიონატის უშუალო მონაწილე, გამშუქებელი და შემფასებელი. მოკლედ, ჩვენი სტუმარია ბატონი დავით ქლიბაძე.

 

 

- ბატონო დავით, თქვენნაირი ბევრისმნახველი კაცის გადმოსახედიდან, საინტერესოა, რა არის ქართული ფეხბურთის ჩავარდნის მიზეზი?

- მე ასე მგონია, რომ ქართულ ფეხბურთს ჩავარდნის ბევრი მიზეზი ჰქონდა. ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჩამოვრჩით მსოფლიო ფეხბურთის განვითარებას. და გეტყვით, რა თვალსაზრისით: პირველი, სტიქიურად ნიჭიერი თაობის გამოჩენისას (ბორის პაიჭაძეს და მთელ მის თაობას ვგულისხმობ), ფეხბურთი ახალშემოსული იყო და მას დაინტერესება და ენთუზიაზმიც დიდი ჰქონდა. ეს თაობა აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მაინც ფეხბურთში დარჩა, იშვიათი გამონაკლისის გარდა. გაიხსნა 35-ე საფეხბურთო სკოლა, სადაც გაიოზ ჯეჯელავამ მიიწვია ვეტერანი „დინამოელები“.

ერთ მაგალითს გეტყვით, ბორის პაიჭაძის პერიოდში ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ არჩილ კიკნაძე. ბატონმა არჩილმა ხსენებული სკოლისთვის ბავშვების აყვანა დაიწყო. ორი კვირის შემდეგ თქვენსავით გურულმა, ერთ-ერთმა ბავშვმა, ავთანდილ ხელაძემ, მას მეზობლის ბიჭი მიუყვანა, რომელიც უარზე იდგა, ფეხბურთი არ მინდა, ჭიდაობაზე დავდივარო. ეს იყო გაზაფხულზე. მერე, არდადეგებიდან დაბრუნებულ ავთანდილ ხელაძეს არჩილმა უთხრა, იმ შენს მეზობელ ბიჭს თუ არ მომიყვან, სკოლაში აღარ მიგიღებო. არ დამღუპო, ფეხბურთის თამაში მინდაო - ძალით მიიყვანა ის პატარა ბიჭი ავთომ კიკნაძესთან. და, იცით, ის ბიჭი ვინ აღმოჩნდა? მიშა მესხი! ეს დაინახა არჩილ კიკნაძემ იმიტომ, რომ თვითონ ჰქონდა ფეხბურთი ნათამაშები.

სწორედ იმ პერიოდში წამოვიდა უამრავი შესანიშნავი ფეხბურთელი: შოთა იამანიძე, ზაურ კალოევი, სერგო კოტრიკაძე... მერე, სამწუხაროდ, ეს თაობა პრაქტიკულად დაიკარგა ფეხბურთიდან. მხოლოდ მიშა მესხმა გახსნა „ავაზა“, კოტრიკაძეც, ასე თუ ისე, ფეხბურთს შერჩა, დანარჩენები წავიდნენ სხვა პროფესიაში. როცა მიშა მესხი მიდიოდა დიდი ფეხბურთიდან, მთელი თბილისი ლაპარაკობდა, „დეზერტირების“ ბაზრის დირექტორად წავა იმიტომ, რომ ხალხი პატივს სცემს და ბევრ ფულს მისცემენო. მაგრამ მიშამ ფეხბურთის სკოლა ამჯობინა. ანუ რას ვამბობ: პირველი თაობა დარჩა ფეხბურთში, მეორე თაობის უმეტესობა კი დაიკარგა. მერე და მერე, იგივე ყიფიანი და მისი თაობა გავიხსენოთ, - დათო დარჩა ფეხბურთში, თორემ დანარჩენები... დათომაც ერთხანს პროკურატურაში დაიწყო მუშაობა, მერე დაუბრუნდა ფეხბურთს მწვრთნელად თბილისში, ქუთაისში, ნაკრებში. ფეხბურთში უნდა იყოს ის, ვისაც ფეხბურთი აქვს ნათამაშები. გამორიცხულია, რომ დილეტანტმა რამე გააკეთოს, ფეხბურთელი აღმოაჩინოს, რამე ასწავლოს.

გაწყდა კარგი ფეხბურთელების დარჩენის ეს ჯაჭვი.

თბილისში იყო ასეთი შემთხვევა, კაცს მანქანების საკუთარი პროფილაქტორიუმი ჰქონდა გახსნილი. რომ ვერეფერი გააკეთა, ადგა, გაყიდა, მოედანი შეიძინა და თვითონ ასწავლიდა ფეხბურთს. მაგრამ როგორ უნდა ესწავლებინა?!

ამიტომ მოხდა ეს ჩავარდნა, გარკვეულწილად, დილეტანტებს ჩაუვარდა ხელში ფეხბურთი. მგონი, ახლა მდგომარეობა გამოსწორების გზაზეა. ცოტა მოთმინება უნდა ვიქონიოთ, რადგან ასე ადვილად, კონვეიერულად არ მოდიან ნიჭიერები. ფეხბურთში ეს ტალღასავითაა, მეშვიდე ტალღა რომ წამოვა, ისე. ბრაზილიასაც ჰქონდა ვარსკვლავების ჩავარდნის გარკვეული პერიოდი.

- ამდენი მოთმინების შემდეგ, უფრო საიდან უნდა ველოდოთ წარმატებას, საკლუბო გუნდებიდან თუ ნაკრებიდან?

- მე მაინც მიმაჩნია, რომ ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიცაა საქართველო, საერთაშორისო ასპარეზზე ნაკრებით სატრაბახო დიდხანს არაფერი ექნება, უფრო საკლუბო გუნდებიდან უნდა ველოდოთ მიღწევას, თუ კარგ ფეხბურთელებს გაზრდიან. ყოფილ საბჭოთა კავშირში იმიტომ კი არ გვცემდნენ პატივს, რომ ქართული ფეხბურთი უყვარდათ, არამედ - პაიჭაძის, მესხის, ჩივაძის და, ვთქვათ, ხურცილავას გამო.

შარშან ხურცილავა, ჩივაძე და მე ერთად ვიყავით ერევანში. მოსკოვსა და სხვაგან არ გეუბნებით, მაგრამ ჩივაძე თუ ასე უყვარდათ სომხეთში, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. სომხეთის პრეზიდენტობაზე რომ იყაროს კენჭი, ალბათ, აირჩევენ. კი, კარგი მეზობლური ურთიერთობა გაგვაჩნია, მაგრამ ისიც ხომ იცით, ერთმანეთში რაღაც პაექრობაც გვაქვს.

საქართველოს ნაკრების წარმატება დიდხანს არ არის მოსალოდნელი, ჯერ არ გვაქვს ის, რაც კარგ ფეხბურთელებს მოაქვთ. ვთქვათ, დადგა პერიოდი და ორ თუ ხუთ წელიწადში საქართველოს ნაკრები მოხვდა რომელიმე დიდ ჩემპიონატში, ჩვენ ის ჩემპიონატი შეგვძულდება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ავტორიტეტიანი, მსაჯი თავში ჩაგვარტყამს. 9 მსოფლიო და 8 ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი, როგორც ჟურნალისტი, მე ხომ ვიცი, როგორი განწყობილებით შეხვდნენ ბულგარეთს, რუმინეთს. ცოტა ხანი აცალეს და მერე წაარტ-ყეს თავში. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, ვეძიოთ ვარსკვლავები, ვარსკვლავები აინტერესებს ხალხს.

- ამ ეტაპზე თუ ხედავთ ქართულ ფეხბურთში ვარსკვლავებს?

- ამ ეტაპზე რეალურად ვარსკვლავს ვერა, მაგრამ პერსპექტიულ ფეხბურთელებს ვხედავ. მე ვარსკვლავების ცქერით გავიზარდე. იგივე მიშა მესხი, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, მერე მურთაზ ხურცილავა, კახი ასათიანი, საშა ჩივაძე, დავით ყიფიანი, აი, ამ რანგის ვარსკვლავებს ნამდვილად ვერ ვხედავ. პერსპექტივა აქვთ, რა თქმა უნდა, წინა თაობას აჯობებენ, არველაძეების თაობას არ ვგულისხმობ იმიტომ, რომ იქ იყო უდიდესი ტალანტის ფეხბურთელი ქინქლაძე, ვისაც გამოკვეთილად დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა,

- მაგრამ, ვინც ვერ გამოიყენა თავისი შესაძლებლობები...

- დიახ, სამწუხაროდ, ვერ წაი-ყვანა თავისი კარიერა მიზანმიმართულად.

- საქართველოს ნაკრების წარმატებებს უფრო შორეულ პერსპექტივაში ხედავთ. რას იტყვით ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელის თემურ ქეცაიას შესახებ?

- ძალიან დიდი იმედი მაქვს. ქეცბაია გამორჩეული ფეხბურთელი იყო ნაკრებში. პრაქტიკულად, მისი ჩავარდნილი თამაში არავის ახსოვს, ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობდა. მახსოვს მისი მოსვლაც, მერე უცხოეთში წასვლაც, მაღალ დონეზე მინდა ვითამაშოო, რომ გამოაცხადა და შეასრულა კიდეც. პრინციპული კაცია, მგონია, რომ ძალიან დიდი მწვრთნელის სახელს მოიპოვებს, საქართველოს ნაკრების დონეზე არ დაამთავრებს თავის კარიერას, უფრო დიდ დონეზე იქნება.

- ბატონო დავით, წეღან ბრძანეთ, რომ მსოფლიოს 9 და ევროპის 8 ჩემპიონატის მონაწილე ხართ, როგორც ჟურნალისტი. დაგვისახელეთ თითო საუკეთესო ამ ჩემპიონატებიდან.

- რა ვიცი, არგენტინისაც კარგი იყო, ესპანეთისაც, მერე და მერე ისეთი დონე ვერ დავინახე. მაგალითად, იტალიის მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან ჩავარდნილი მეჩვენა, ამერიკისაც. ევროპის ჩემპიონატებიდან საფრანგეთში ჩატარებულს გამოვარჩევდი, ფინალს თუ არ ჩავთვლით. ფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრები განახევრებული იყო და ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია საფრანგეთს. ძალიან კარგი იყო 1988 წლის ჩემპიონატი, ჰოლანდიამ რომ გაიმარჯვა. ახლა იგრძნობა ერთი ტენდენცია: ფეხბურთი ძალიან მარტივდება და გუნდები ერთმანეთს ემსგავსება. თავიანთი ხელწერა შეინარჩუნეს მხოლოდ ინგლისმა და ბრაზილიამ. ესპანეთის ნაკრებს კი, ევროპის ჩემპიონიც არის, მსოფლიოსიც, მაგრამ ესპანური ფეხბურთის ტრადიციული ხელწერა არ აქვს.

- ვინ მიგაჩნიათ ყველა თაობის ყველაზე დიდ ქართველ ფეხბურთელად?

- ბორის პაიჭაძე, ტყუილად კი არ უწოდეს „გენია ფუტბოლა“. ბორია ვეტერანი და დიდი ფეხბურთიდან წასული გახლდათ, როცა მისი თამაში ვნახე. კინაღამ გავგიჟდი, ისეთი რაღაცები აკეთა, მიჰქონდა ბურთი და უაზროდ მისდევდნენ მცველები აქეთ-იქით. საერთოდ, ბორის პაიჭაძემ და ეროსი მანჯგალაძემ უდიდესი საქმე გააკეთეს საქართველოში ფეხბურთის პროპაგანდისთვის, ბორიამ - თამაშით, ეროსიმ - რეპორტაჟებით. ყველაზე საყვარელ ფეხბურთელს თუ შემეკითხებით, ვინც მინახავს მოედანზე, ეს იყო მიშა მესხი, მე „მიშისტი“ ვარ. ვგიჟდები, როცა ფეხბურთელი თავისი მოულოდნელი გადაწყვეტილებებით ისე ერთვება თამაშში, როგორც სპექტაკლის მთავარი გმირი - თეატრში.

- ყიფიანზე მინდა გკითხოთ. პასის კულტურის შეუდარებელ ფეხბურთელს ეძახდნენ...

- შეუდარებელს ვერ ვიტყვი. მიმაჩნია, რომ ეს პასის კულტურა ძალიან მაღალ დონეზე შემოიტანა კახი ასათიანმა. ყიფიანი იყო გამგრძელებელი ამ კულტურისა, რასაკვირველია, დათომ თავისი ნიუანსებიც დაამატა.

- ბატონო დათო, შეიძლება დილეტანტური აზრია, მაგრამ დღეს კომენტატორებიც ისეთივე სუსტი გვყავს, როგორც ფეხბურთელები.

- მე გეტყვით ახლა ერთ რამეს: ჯერ ერთი, ეროსი და კოტე იყვნენ არტისტები, მერე მეორე, ეროსი ძალიან კარგად თამაშობდა ფეხბურთს, კოტე კი - კალათბურთს თბილისის „დინამოში“, ისინი სპორტთან ახლოს იყვნენ. კი, დღევანდელ კომენტატორებშიც არიან ისეთები, ვისაც ბურთი გაუგორებია, მაგრამ არც ერთი არ არის ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენი, თანაც ყველას აკლია არტისტიზმი. მათში ჭარბობს გულშემატკივრის პოზიცია. გამოდის კომენტატორი და თავიდანვე ამბობს, რომ არის ამა თუ იმ გუნდის გულშემატკივარი. ეს მაყურებელს აღიზიანებს. კოტე მახარაძეს, მოსკოვისთვისაც რომ გადასცემდა თბილისიდან რეპორტაჟებს, არასოდეს მიუცია თავისთვის უფლება, ეთქვა, ვისი გულშემატკივარი იყო.

- ქართველ გულშემატკივარზე რა აზრის ბრძანდებით?

- მე არ ვიცი, რა ხდება რეგიონებში, დიდი ხანია, თამაშებს არ დავსწრებივარ სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ თბილისის გულშემატკივართა დიდი ნაწილის გემოვნება დაქვეითებულია ძალიან. ისეთ რაღაცებზე აქვთ რეაქცია და ისეთ ფეხბურთელებს უკრავენ ტაშს, როგორსაც შანსი არ ჰქონდა, შეეღო თბილისის „დინამოს“ დიღმის საწვრთნელი ბაზის კარი. ესენი მოსწონთ. რა ხდება, იცით? რაც ნახეს, იმას გულშემატკივრობენ. არ სჯერათ, რომ 1978-1979 წლებში თბილისის „დინამო“ მესამე ადგილზე იყო ევროპაში მაყურებლის დასწრებით, ნოუკამპისა და გლაზგოს სტადიონების შემდეგ.

 

გიორგი სირაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2800
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია