საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საუკუნე და კიდევ 8 წელი...
2012/04/09 10:58:49

ამბობენ, ქალს ასაკს არ ეკითხებიანო, მაგრამ, როცა ქალბატონ მერის შესახებ გავიგე, ინტერესი კიდევ უფრო გამიღრმავდა, ან როგორ არ დავინტერესდებოდი, როცა ქალბატონი საუკუნეს და 8 წელს ითვლის.

 

მერი ანანიძე აჭარის რეგიონიდანაა, კერძოდ, ხულოს რაიონიდან. მასთან შეხვედრა სამტრედიის რაიონში, სოფელ გომში შედგა, როცა თავის გათხოვილ შვილს სტუმრობდა. ცოტა არ იყოს, გაკვირვებულიც დავრჩი, რადგან 108 წლის ქალბატონი ისეთი არაჩვეულებრივი მეხსიერებით, ომახიანი ხმით და დამახასიათებელი მიხვრა-მოხვრით გამოირჩევა. საწოლიდან რომ წამოდგა, ისეთი მაღალი და კოხტად გამართული მეჩვენა, მის ასაკს ნამდვილად რომ არ შეეფერებოდა. როგორც სიძე ეხუმრება, „130-წლიანი სიცოცხლე აქვს.“

„ანიკო („შვილოს“ ნიშნავს, მიმართვითი ფორმაა), ოცსა ოთხი წელი რომ აკლდა, მაშინა გავთხოვდი, მთელი ცხოვრებაი ვმუშაობდი, ათას ხათაბალას ვაწყდებოდი, ვშრომობდი, „სტახანოველი“ მუშა ვიყავი, ბევრ თამბაქოს ვიწევდი. თერთმეტი ბაღვის (ბავშვის) დედაი ვიყავი და თივის ნაზიდი, გვერდები მქონდა გადატყაული. ქმარი 45 წლის ასაკში დამეღუპა, სატირლიდან მოდიოდა და მთიდან დაგორებულმა ქვამ მოუსწრაფა სიცოცხლეი. მერე დამრჩა დასასახლებელი ბაღვები, დავასახლე ბევრი ჯაფით და შრომით. კარგიც მინახავს და ცუდიც. სიხარულს ჩემი დასაზრდელები მაძლევდნენ, მაგრამ რაღაი, დავზარდე და ოთხი კი დიმეღუპა, იმათმა სიკვდილმა გამანადგურა. აგერ თვალში ვეღარა ვხედავ. ერთ დროს სოფლის დეპუტატიც ვიყავი და მედლებიცა მაქვს აღებული, ბევრი კარგი საქმე გამიკეთებია, რითაც დღეს შემიძლია თავი მოვიწონოი.“

მერი ბებო ამბობს, რომ დღეს 40 ბადიშის (შვილიშვილი), 20 შვილთაშვილის და 13 შვილთაშვილის შვილის ბებიაა. მერე რა, რომ ცოტათი ვერ ხედავს, სამაგიეროდ, კარგად ესმის. წლების წინ აჭარული კულინარობით სახელგანთქმულ 108 წლის ქალბატონს გული სწყდება, რომ სამზარეულოში ძველებურად ვეღარ ფუსფუსებს, ენატრება საკუთარი ხელით გამომცხვარი აჭარული ხაჭაპური, რომლითაც ერთ დროს თავს იწონებდა მთელ სოფელში. ახლა კი ხანგრძლივი ზამთრის გამო შვილთან სტუმრობა გაუგრძელდა და საკუთარი სოფლის მთებს და მიწა-წყალს მისტირის.

როგორც მისი უმცროსი ქალიშვილი, ნათელა ვაშაყმაძე ამბობს, საკუთარ კუთხეს მონატრებული მერი ბებო, ცოტა არ იყოს, პრეტენზიულიც გახდა. „პრეტენზიობს ამ ბოლო დროს, საჭმელი იშვიათად მოსწონს, გამუდმებით გაიძახის, ჩემი ხალხი და ჩემი სოფელი მინდაო, არადა ზამთარი გაგრძელდა და სოფელში მისასვლელი გზაც ჩაკეტილია. დათბება და წავიყვანთ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ბავშვივით დაივლის ეზოს და სოფელს. ავადმყოფობით ხშირად არ ავადმყოფობს, პატარა ბავშვივით ჩვილი გული აქვს.“

„ჭირვეულ“ მერი ბებოს ამ საგაზაფხულოდ ბევრი გეგმა აქვს. უპირველეს ყოვლისა, მონატრებულ სოფელს მოინახულებს, თავისზე ბევრად უმცროს დაქალებს მოისიყვარულებს და მერე, შეძლებისდაგვარად, ჯოხზე დაყრდნობილი, შეუდგება ბაღ-ვენახში მუშაობას, რაც ასე ძალიან ახალისებს და ძალას მატებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია