საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„მე ისევ ის მარიტა ვარ“
2012/03/26 14:22:18

დღეს ძნელია შოუბიზნესში თავის დამკვიდრება, მსმენელის ყურადღების მიპყრობა და, განსაკუთრებით, ხალხის სიყვარულის მოპოვება. ქუთაისში დაბადებულმა ახალგაზრდა შემოქმედმა კი ეს ყველაფერი 19 წლის ასაკში შეძლო.

 

 

მარიტა როხვაძე ამბობს, რომ ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, თუმცა მთლად ასეც ვერ ვიტყვით. იმიტომ, რომ 14 წლის ასაკიდან იპყრობდა ბავშვთა დაბადების დღის ცენტრ „ბასტი-ბუბუში“ პატარა მსმენელთა ყურადღებას. სწორედ აქედან მოსდევს ბავშვების უსაზღვრო სიყვარულიც.

მუდამ გადარბენაზე მყოფმა და დატვირთული დროის მქონე მომღერალმა მაინც გამონახა დრო და შეძლო, გაზეთ „P.S.“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიული, „ქართული ჟურნალისტიკის დღე“ მოელოცა. ჩვენი საუბარიც სწორედ რედაქციაში შედგა.

„ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული ცხოვრებით ვცხოვრობდი. სკოლის შემდეგ - ალბათ, როგორც ყველა დანარჩენი ბავშვი - ჩვეულებრივად დავდიოდი მუსიკალურ სკოლაში, ცეკვაზე და სიმღერის  პედაგოგთან. 14 წლის ასაკიდან ვმუშაობდი დაბადების ცენტრ „ბასტი-ბუბუში“, საიდანაც არაერთი ტკბილი მოგონება შემომრჩა, თითოეული იმ ბავშვის სიყვარული დღემდე მომყვება, ყველასი, ვინც იქ მოდიოდა. საერთოდ, ბავშვები ძალიან მიყვარს.“

სიმღერაზე უზომოდ შეყვარებულმა გოგონამ „რუსთავი-2“-ისა და ჯეოსელის პროექტ „ჯეოსტარში“ ძალა პირველად 15 წლის ასაკში მოსინჯა, მაგრამ, როგორც ამბობს, ასაკის გამო დაიწუნეს. ერთი წლის შემდეგაც იმავე პასუხით გამოისტუმრეს უკან. „შემდეგ ერთი წელი გამოვტოვე და 18 წლისა მოვხვდი „ჯეოსტარში“. პირველ ტურზე იმდენად არ მინერვიულია, მაგრამ მეორე ტურზე მარინას ფაქტორმა მაინც იმოქმედა. ნერვიულობა კი ნერვიულობად დარჩა, მაგრამ მთავარი მაინც ჩემთვის ის არის, რომ მარიტა დარჩა ისევ იმ მარიტად, რაც იყო პიროვნულად. არის შემთხვევები, როცა რაღაცას მიაღწევენ, ზემოდან იყურებიან და თავი რაღაც „საოცრებებად“ მოაქვთ. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს არასდროს ყოფილა. პირიქით, როცა ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, ეს ძალიან მახარებს. ვიტყოდი, რომ მთავარ ცვლილებად რაც შეიძლება ჩავთვალო, არის სწორედ იმ დიდი აუდიტორიის ყურადღება, რასაც ქუჩაში ვაწყდები. ამ ადამიანების გულისხმიერება მე განსაკუთრებით ვიგრძენი „ჯეოსტარის“ კონცერტებზე. ამ დროს ჩემს ირგვლივ იმდენი ადამიანი იყო! ყველას მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით - ჩემს იმერეთს, ჩემს ქუთაისს, უნივერსიტეტს, ყველას, ვინც კი ერთი SMS გამომიგზავნა.“

დღეს მარიტა როხვაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის სპეციალობის პირველი კურსის წარჩინებული სტუდენტია. „ჯეოსტარში“ გამარჯვების შემდეგ ბავშვობის ოცნება აუსრულეს და ეგვიპტის საგზური გადასცეს. იქ კი თავის მომავალ მეუღლესთან - ზურასთან და ზურას დედასთან ერთად გაემგზავრა. „ზურა ორი წლის წინ გავიცანი, როცა ქართულში ვემზადებოდით ერთად. ის ახლა ამერიკაში სწავლობს, „ჯეოსტარის“ კონცერტებზე დასწრებას ვერ ახერხებდა, მაგრამ ყოველი კონცერტის წინ და დასრულების შემდეგ მირეკავდა და მამხნევებდა: „შენ შეგიძლია და შეძლებ“ - ეს მისი სიტყვებია, რომელიც კონცერტებზე მამხნევებდა.

ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ ჩემი „ჯეოსტარის“ წარმატება დედას დამსახურებაა, სწორედ მისი ძალისხმევით გადავწყვიტე ამ სახალხო პროექტში მონაწილეობის მიღება. მე ჩემს წარმატებას ყოველთვის ჩემს მშობლებს ვუმადლი.“

ამჟამად მარიტა სხვადასხვა კონცერტში მონაწილეობს. ბოლოს სხვა ჯეოსტარელებთან ერთად იმღერა ჯეოსელის კონცერტზე, ძალიან მალე ჩაწერა ექნება „ანაბანას“ კონცერტზე, მშობლიურ ქალაქსაც უკვე აჩუქა ერთი კონცერტი და მალე რეგიონებსაც იმავე საჩუქარს ჰპირდება.

ახალგაზრდა შემოქმედს შემოთავაზება აქვს ასევე საბერძნეთიდან, სადაც აპრილის ბოლოს იგეგმება ქართველ ემიგრანტებთან გრანდიოზული კონცერტი მარიტას მონაწილეობით.

მომავალი სარძლოს შესახებ ზურას დედაც გვესაუბრა. ქალბატონი ლია ამბობს: „ფაქტიურად, ჩემი შვილია უკვე! ზურა წასული რომ არის, ეს მიადვილებს მის არყოფნას, თან გოგო არ მყავს და მარიტამ ეს დანაკლისი კარგად შემივსო. ძალიან მხიარული და მოსიყვარულე ბავშვია. ჩვენ დღეს კარგი მეგობრები ვართ. სულ ერთად დავდივართ დაქალებივით. მარიტას რომ დავურეკავ, დედამისი ეუბნება, შენი დაქალი გირეკავსო (იცინის). ეს ადამიანი ჩემს შვილს ისე უსაზღვროდ დიდ სიყვარულს ჩუქნის, რომ ამით ძალიან ბედნიერი ვარ.“

მიუხედავად მარიტასა და ზურას დიდი სიყვარულისა, ისინი ჯერ ოჯახის შექმნას არ ჩქარობენ, სწავლასა და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს სამომავლოდ უამრავი კარგი გეგმა აქვთ და ფიქრობენ, რომ დაუღალავი შრომის ფასად ამ გეგმების სრულყოფაში მოყვანას აუცილებლად შეძლებენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1960
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია