დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩქარ მდინარეებთან შერკინებული ბიჭი
2012/03/12 12:26:50

ვისაც ექსტრემი უყვარს და აქტიური დასვენებისათვის მზად არის,  შეუძლია, იჯომარდოს. ჯომარდობისათვის ანუ რაფტინგისათვის გასაბერი ნავი უნდა გვქონდეს და სხვადასხვა სირთულის მდინარეებზე დაეშვა, დიდი ადრენალინის თანხლებით. რაც შეეხება აკადემიურ ნიჩბოსნობას, ესაა სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და განვითარებული სახეობა, რბოლა აკადემიური (ცალმოსასმელიანი, წყვილმოსასმელიანი, უმესაჭეო, მესაჭიანი) ნავებით...

 

 

ჩვენი რესპონდენტი 21 წლის ირაკლი უკლებაა, რომელიც ამ ორივე სახეობას ძალიან კარგად ფლობს და ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ უკვე არაერთ შეჯიბრში წარმატებით მიუღია მონაწილეობა.

ირაკლი ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში ცხოვრობს, „ტურიზმის“ ფაკულტეტის სტუდენტია. 13 წლის იყო, როცა ნიჩბოსნობაზე დაიწყო სიარული. მისი თქმით, ეს ოჯახის ტრადიცია არ არის, უბრალოდ, მოსწონდა და შემდეგ იმდენად შეიყვარა, ჯომარდობასა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში დღემდე დიდი მონდომებით ვარჯიშობს.

„მამაჩემი ფეხბურთელი იყო და თავიდან ფეხბურთზე დავყავდი, - გვიამბობს ირაკლი, - ფეხბურთი, როგორც სპორტი, მაინცდამაინც არ მიტაცებდა, ისე კი მიყვარს თამაში. მერე, როცა ჭომაში ფეხბურთზე დავდიოდი, ვუყურებდი, ნიჩბოსნობაში რომ ვარჯიშობდნენ, ძალიან მომეწონა სპორტის ეს სახეობა. ნუკრი მიქაუტაძემ მასწავლა ნიჩბოსნობა, ჩემი მწვრთნელი არის. 13 წლიდან ვვარჯიშობ. როცა ვარჯიში დავიწყე, ვფიქრობდი, რომ ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვრებდი. ეს ისეთი სპორტია, ადამიანს წყალთან რომ გექნება შეხება, მერე ვეღარ ანებებ თავს. ამ საქმეს ბოლომდე მინდა გავყვე.

დედაჩემი მეჩხუბებოდა, დაანებე თავი, აღარ სწავლობ, რაც მანდ დაიწყე სიარულიო. იმ პერიოდში ბაზა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, არც ნავები გვქონდა, არც ნიჩბები, ბავშვები რიგში ვიდექით, რომ ნავებზე დავმსხდარიყავით. ამ წუთში თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ძალიან გამოსწორდა სიტუაცია, დიდ ყურადღებას გვაქცევენ. ფედერაციიდანაც გვეხმარებიან, მაგრამ უფრო - ქუთაისის მერიიდან და გუბერნიიდან. ახალი ბაზა გაკეთდა და ახალი ხელმძღვანელიც გვყავს, ბევრი რამ კეთდება ამ წუთში.“

ირაკლის თქმით, ჯომარდობა ძალიან დიდი ექსტრემია, ხოლო ნიჩბოსნობა - როცა დამდგარ წყალზე გადიხარ და შენი ნიჩბების ხმა გესმის, - დიდი სიმშვიდე.

„პირველად, როცა ჩქარ მდინარეზე, რიონზე ვიჯომარდე, ალბათ, სადღაც 15 წლის ვიქნებოდი. ადამიანებიც მყავს გადარჩენილი, სპორტსმენებიც, რომლებსაც ნავი გადატრიალებიათ და მერე უთქვამთ, რომ ცურვა დამავიწყდა იმ წუთშიო.“

16 წლის იყო, როცა პირველად გავიდა ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონატზე, ფოთში. პირადული შეჯიბრი იყო.

„გუნდური შეჯიბრებებიც არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში პირადული იყო, პალიასტომის ტბაზე ტარდებოდა და მოვიგე ის შეჯიბრი. შემდეგ, აქედან წამიყვანეს ავსტრიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე. სიმაღლის ყველაზე მეტად მეშინია, აქაფებულ წყალსა და ჩქარ მდინარეზე კი ვშიშობ. აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა გადაფრენა. იქ მსოფლიო ფედერაცია გვაფინანსებდა, როცა სასტუმროში მივედით, ჩვენი ნავი და ნიჩბები მოგვცეს, იქაც გავაგრძელეთ ვარჯიში, სპეციალური, ხელოვნურად გაკეთებული წყლები იყო, სადაც ვვარჯიშობდით. ავსტრიაში დაახლოებით ერთი კვირა ვიყავით.“

ავსტრიაში შეჯიბრის პირველ დღეს (აკადემიურ ნიჩბოსნობაში) მსაჯები აკონტროლებდნენ. ირაკლის თქმით, იქ ასევე იმყოფებოდნენ მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლებიც:

„14 ქვეყანა მონაწილეობდა და ექვს-ექვს ნავად იყო დაყოფილი, ჩვენ ნახევარფინალში გავჩერდით, ფინალში ვეღარ მოვახერხეთ გადასვლა, ძალიან ცოტა დაგვაკლდა, მგონი, ერთი წამი, თორემ გადავიდოდით. მაგრამ ასე იყო - მოგვიგეს ამერიკელებმა. ნახევარფინალში მოხდა ისე, რომ მესამეები მოვედით.“    

ავსტრიიდან გერმანიაში გაემგზავრნენ. გათვალისწინებული იყო, რომ ასაკობრივად მათზე დიდები წასულიყვნენ, მაგრამ:

„იმათაც მოვუგეთ და ჩვენ გაგვიშვეს. გერმანიაშიც დიდები იყვნენ. იქ, სამწუხაროდ, ელემენტარულ შეცდომასაც არავინ გაპატიებს, ამიტომაც წავაგეთ. ჯომარდობა, როგორც იცით, უფრო დიდი და აქაფებული წყალია, თუმცა ჩვენთან, საქართველოში, სულ სხვა განცდაა, რადგან ბუნებრივ მდინარეზე ვარჯიში ძალიან კარგია, დიდი ადრენალინი და ექსტრემია. როდესაც ინსტრუქტორი მოგვყვება, ის მაშველი და რაღაც მხრივ იმედია, - რასაც გეტყვის, უნდა მიჰყვე იმ მიმართულებით, მასზე ხარ დამოკიდებული.“

როცა საჯომარდოდ ტურისტები მიჰყავთ,მაშინ არა, მაგრამ, როდესაც სპოტსმენები მიდიან, ისეთ ადგილებში შედიან, სადაც გაცილებით მეტი ექსტრემია. უსაფრთხოების ზომები დაცულია, ჯომარდობაში მონაწილე ყველა მსურველს ჟილეტი აცვია და თავზეც ახურავს, სხეულის სერიოზული დაზიანება რომ თავიდან აიცილოს. ინსტრუქტორი თუ ხედავს, რომ ნავი ამოტრიალდა (რაც თურმე იშვიათად ხდება), ნავს ატრიალებს და ხალხიც ნელ-ნელა ამოჰყავს მდინარიდან.

„2008 წლის სექტემბერში ვიყავი საბერძნეთში. მიუხედავად იმ დაძაბული სიტუაციისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო, მაინც არ დაგვტოვეს და გაგვიშვეს, რომ მონაწილეობა მიგვეღო შეჯიბრში და ძალები მოგვესინჯა. ამ ზაფხულს ვიყავით მოსკოვში, ჰოლანდიაში, იქ სპორტულ  ტანსაცმელზე გვეწერა „საქართველო“, ხალხი გვაჩერებდა და გვეუბნებოდა, წარმატებებს გისურვებთო.“

ირაკლის უამრავი მედალი აქვს აღებული, მათგან 21 მედალი მაჩვენა, ხოლო სხვა ჯილდოები საელჩოებში გამებნაო, გულდაწყვეტილმა თქვა.

ჩვენმა რესპონდენტმა გაგვიმხილა, რომ აპირებს, ზაფხულში რაღაც ისეთი გააკეთოს, რაც „ისტორიაში ჩაიწერება“. ამიტომ, კვირის გარდა, ყოველდღე ვარჯიშობს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2741
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია