დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართველი მებრძოლი ფრანგული არმიის ლეგიონში
2012/03/12 12:24:01

„იქ ყველასათვის შენი ქვეყნის „სახე“ ხარ, ამიტომ უფლება არ გაქვს, უკან დაიხიო...“

მირზა ხურციძე იმ 7700 მებრძოლთაგანია, ვინც ფრანგული არმიის უნიკალურ ქვეით დანაყოფში - უცხოურ ლეგიონში მსახურობს. ეს ლეგიონი 1831 წელს, სხვა ქვეყნების იმ მოხალისეებისაგან დაკომპლექტდა, რომელთაც დროებითი კონტრაქტი გააფორმეს ფრანგულ შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დასაწყებად. ლეგიონის დაფუძნების მიზანს უცხოეთის მოქალაქეთა ფრანგულ არმიაში მოზიდვა წარმოადგენდა მე-19 საუკუნეში საფრანგეთის კოლონიალური იმპერიის საზღვრების გაფართოების მიზნით. დროთა განმავლობაში, უცხოეთის ლეგიონი ფრანგული შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი გახდა. მან სტრუქტურა კოლონიალური იმპერიის დაცემის შემდეგაც შეინარჩუნა, გადაიტანა ორი მსოფლიო ომი და ლეგენდარულ ქვედანაყოფად იქცა.

 

საფრანგეთის ლეგიონი ელიტური სამხედრო ქვედანაყოფია, რომლის მებრძოლები გამოირჩევიან ბრწყინვალე ფიზიკური მომზადებით, ემოციური სტაბილურობით, ძლიერი კოლექტიური სულით. ლეგიონში ნებისმიერი წარმომავლობის, ეროვნების, სარწმუნოების, სოციალური სტატუსის და მატერიალური მდგომარეობის ადამიანს იღებენ. უცხოეთის ლეგიონის სამხედრო მოსამსახურეები საფრანგეთის სახელმწიფოს ინტერესებს ევროკავშირის და ნატოს ფარგლებში იცავენ, კერძოდ: საფრანგეთის მოქალაქეებს - უცხოეთში არსებული საფრთხეებისაგან; გაეროს ეგიდით მონაწილეობენ შეტაკებებში ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიცაა ავღანეთი, კოსოვო... ადამიანებს ეხმარებიან ევაკუაციაში და მათ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ. ამის გამო მებრძოლები ფლობენ საკმარის მომზადებას ტერორისტების წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაციების საწარმოებლად, მძევლების გამოსახსნელად. შეუძლიათ, აწარმოონ სადღეღამისო ბრძოლა ჩვეულებრივად და ასევე იბრძოლონ ჯუნგლების პირობებში.

ამ დროისათვის ლეგიონი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 7700 ადამიანს ითვლის და მათ შორის ერთ-ერთი მირზა ხურციძეა, რომელმაც ვანიდან საფრანგეთამდე საკმაოდ გრძელი და რთული გზა განვლო. ის 1980 წელს დაიბადა. დაამთავრა ვანის პირველი საშუალო სკოლა და შემდეგ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკის ფაკულტეტი, სადაც პარალელურად გადიოდა სამხედრო კათედრას. ალბათ, სწორედ სამხედრო კათედრამ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ გასჩენოდა სურვილი - გამხდარიყო ჯარისკაცი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 2003 წელს, ჩავიდა საჩხერეში, სადაც შეიქმნა პირველი საკონტრაქტო ბატალიონი. წვრთნებს ატარებდნენ ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები. აქ დაფუძნდა პირველი ქართული გვარდია, საიდანაც ჩამოყალიბდა ქართული ჯარი. საჩხერის ბატალიონში იღებდნენ მხოლოდ უნივერსიტეტდამთავრებულებს. სწორედ აქ მიღებული სწავლითა და გამოცდილებით, მირზა ხურციძე თავის ჯგუფთან ერთად გაგზავნეს ერაყში, საერთაშორისო მისიების შესასრულებლად. მას ორჯერ მოუწია კონტრაქტით წასვლა ერაყ-ის სხვადასხვა ქალაქში: ბაკუბასა და ბაღდადში. ამ კონტრაქტის დამთავრების შემდეგ მირზამ საბრძოლო განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ასასვლელად დაიწყო მზადება. დატვირთული და დაძაბული ცხოვრება როდი ღლიდა, პირიქით, უფროდაუფრო უმძაფრდებოდა მეომრული სულისკვეთება. დაგროვილმა სამხედრო ცოდნამ და გამოცდილებამ უბიძგა თითქოსდა წარმოუდგენელი ოცნებისაკენ - გამხდარიყო მსოფლიოში ცნობილი „საფრანგეთის ლეგიონის“ ჯარისკაცი.

„ჩემი მოწოდება სიმამაცე და პატრიოტიზმია. იმიტომ ავირჩიე სამხედრო სტრუქტურა, რომ ბოლომდე გამომეცადა და დამეხარჯა ჩემი შესაძლებლობები,- გვიამბობს მირზა, - მაინტერესებდა, სადამდე მივიდოდი ამ ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით. ამიტომ დავიწყე ელექტრონული ქსელებით ინფორმაციის მოპოვება მსოფლიოში ცნობილი და უმაღლესი დონის „საფრანგეთის ლეგიონის“ შესახებ. ყოველდღე ვკითხულობდი, ვერკვეოდი ამ ლეგიონის სტრუქტურასა და მოვალეობაში. იქ მოხვედრა არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველა ჯარისკაცისათვის დიდი ღირსებისა და პატივისცემის საგანია. იმის მიუხედავად, რომ ფრანგულ ენას მაღალ დონეზე ვერ ვფლობდი, მაინც გავრისკე და 2008 წელს საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში, მარსელთან ახლოს, ჩავედი. იქ ჩავაბარე საგანმანათლებლო, თეორიული, პრაქტიკული, სპორტული და ფსიქოლოგიური ტესტები.“

ჩაბარებული გამოცდების შედეგების მიხედვით, ჯარისკაცებს სპეციალურ სამხედრო ჯგუფებში ანაწილებდნენ. მირზას ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო - „საერთაშორისო მისიების შემსრულებელთა ჯგუფში“ მოღვაწეობა დაეკისრა. ბაზაზე მყოფი ერთადერთი ქართველი წარმატებით ასრულებდა თავის მოვალეობებს და წელიწადსა და 8 თვის შემდეგ მისიის შესასრულებლად გაუშვეს ლათინური ამერიკის - გუიანასა და ამაზონის ჯუნგლებში. იქ ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანები ცხოვრობენ, ყოველგვარი ცივილიზაციის გარეშე. ასევე იქ არსებობს ჰექტრობით ადგილი, სადაც ადამიანს ფეხი არ დაუდგამს.

მირზა: „როცა იქ ჩავედით, ადგილობრივებს პირველად ჩვენი დანახვის ეშინოდათ. ფორმა და იარაღი მათში შიშსა და ზოგჯერ აგრესიასაც იწვევდა. ვუხსნიდით, რა მიზნითა და მოვალეობებით ვიყავით იქ, ვუწევდით ჰუმანიტარულ დახმარებას. ჩაგვქონდა მედიკამენტები და ტანსაცმელი, თუმცა, იმის გამო, რომ აბსოლუტურად შიშვლები დადიან, ჩასაცმელს ვერ ეგუებოდნენ. ჩვენს მიერ მიცემულ სამოსს ხევდნენ, ჩეხავდნენ და თავისებურ მოსაფარებლებს იკეთებდნენ სხეულის ქვედა ნაწილისათვის. ცხადია, არ იციან, რა არის შუქი, გაზი და სხვა უამრავი რამ, რაც ცოცხალ ადამიანს დღეს სჭირდება. იკვებებიან ცხოველებითა და მცენარეებით.“

მისიის წარმომადგენლები იქაურ ბავშვებს გაკვეთილებს უტარებდნენ, რათა საერთაშორისო ასპარეზზე გამოეყვანათ და ცივილიზებულ ადამიანებად ეგრძნოთ თავი.  რა თქმა უნდა, ასეთ ტომებში ცივილიზაცია სწრაფად ვერ შევიდოდა, მაგრამ, ლეგიონერების მეოხებით, მათ წარმოდგენა ცოტათი მაინც შეექმნათ ცივილურ ცხოვრებაზე.

ყველა სამხედრო მისიის დასრულების შემდეგ ჯგუფი „საფრანგეთის ლეგიონში“ ბრუნდება. მცირე დასვენების შემდეგ, აღდგენილი ძალებით და კარგი ფიზიკური მომზადებით, კვლავ ახალი მისიების შესრულებას შეუდგებიან.

ბევრი მისიის შესრულებით, გამუდმებული წრთვნითა და გამოცდილებით იმდენად ჩამოყალიბდა მირზას ჯგუფი, რომ 2011 წელს კვლავ გაგზავნეს სამხედრო მისიების შესასრულებლად, ამჯერად - ცენტრალურ აფრიკაში: ნიგერიაში, ლიბანში, კამერუნში. მათი იქ ყოფნის მიზანი პატრულირება იყო - საერთაშორისო დონის ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ, ასრულებდნენ სხვადასხვა სახის ოპერაციებს.

მირზა: „ჩვენი მისია იყო, ხელი შეგვეშალა ისეთი ტერორისტული დაჯგუფებების ჩამოყალიბებისათვის, რომლებიც საშიშები იყვნენ არამხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის, არამედ - ნატოსა და საერთაშორისო ქვეყნებისათვის. ვპატრულირებდით საფარის უდაბნოში, სადაც ასობით კილომეტრს გავდიოდით.“

მირზამ ცენტრალურ აფრიკაში ხუთი თვე გაატარა და კვლავ დაუბრუნდა დისლოკაციის ადგილს. კონტრაქტის ამოწურვამდე წელიწადი და რვა თვე დარჩა.

„საფრანგეთის ლეგიონი“ ერთადერთი ბატალიონია, სადაც ცოდნისა და სამხედრო სწავლების უმაღლესი დონეა. ამიტომ აქ სწავლის დასრულების შემდეგ მირზას უდიდესი სურვილი სამშობლოში დაბრუნებაა, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ქართველ ჯარისკაცებს გაუზიაროს.

მირზა: „როცა იქ მსახურობ, თითქმის ყველა ქვეყნის ადამიანთან გაქვს შეხება და ურთიერთობა. შესაბამისად, ყველა ქვეყანას ეცნობი შენი სამშობლოს კულტურით, ტრადიციებით და ღირსებით. ყველასთვის შენი ქვეყნის „სახე“ ხარ, ამიტომ უფლება არ გაქვს, რაიმე მიზეზის გამო უკან დაიხიო, პრობლემას შეუშინდე და გასაკეთებელზე უარი თქვა. პირიქით, სურვილი გიჩნდება იმისა, რომ შენი ქვეყანა ყოველთვის ღირსეულად წარმოაჩინო. პრინციპი იმისა, რომ შენი ვაჟკაცობით და პირველობით სამშობლოს სახე ხდები, ყოველგვარ დაბრკოლებას დაგაძლევინებს.“

თავისუფალ დროს ქართველი ლეგიონერი ბევრს კითხულობს, ძალიან უყვარს პოეზია და უამრავი ლექსი იცის ზეპირად - სიყვარულზე, სამშობლოზე, რწმენაზე... საუბრის დროსაც არაერთი საყვარელი ლექსი წაგვიკითხა. იმაშიც გამოგვიტყდა, რომ თავადაც დაუწერია...

მირზა ხურციძეს არაერთი საბრძოლო ჯილდო, სიგელი და სამადლობელი წერილი მიუღია საფრანგეთის ხელისუფლებისაგან, თუმცა საკუთარ დამსახურებაზე ლაპარკი, როგორც ვაჟკაცებს სჩვევიათ, მას არ უყვარს.

ფრანგულ სამხედრო ლეგიონს საკუთარი ხასიათობრივი გამოსახულება აქვს: ფორმა - მწვანე-წითელ ფერებში; დევიზი - „ლეგიონი ჩვენი მამულია“; სიმღერა - მუსიკალური აკომპანიმენტის თანხლებით და მისალმების განსაკუთრებული ცერემონია.

 

ალბათ, მალე დადგება ის დღეც, როცა ლათინური ამერიკის ჯუნგლებსა თუ აფრიკის უდაბნოებში უშიშრად ნახეტიალები, მრავალ განსაცდელსა და დაბრკოლებასთან პირისპირ შებმული ქართველი ლეგიონერი მირზა ხურციძე მშობლიურ ქვეყანას დაუბრუნდება და ახალბედა ქართველი ჯარისკაცების წინაშე, გულზე მიდებული ხელით, ამაყად იმღერებს საქართველოს დროშასთან: „ჩემი ხატია სამშობლო...“

 

ხატია გორგოძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8586
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია