დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხვიჩა სიმონია და „ბრმათა ქალაქში ნამღერი“
2012/03/05 13:32:49

ის ამ ქალაქში ცხოვრობს, ამ ქალაქის სიხარულით ხარობს და ამ ქალაქის წუხილით წუხს. გული შესტკივა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს არ აწუხებთ მისებრი ადამიანების ბედი. ეს ხვიჩა სიმონიაა, უსინათლო შემოქმედი.

რვა წლის ასაკიდან მღერის. ოცი წლის წინ უბედურმა შემთხვევამ თვალის ჩინი დაუკარგა(ავტოკატასტროფაში მოჰყვა) და ბას-გიტარიდან საესტრადო სიმღერაზე გადაინაცვლა.

„რა ვიცი, ვფიქრობ, ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებ, მაგრამ ხელის შემშლელი ფაქტორებიც ბევრია. არაერთი კონცერტი დამიბლოკეს. მაგალითად, აგერ გასული წლის ოქტომბერში ოპერის თეატრში შეთამხმებული ღონისძიება გამიუქმეს. ასეთი შემთხვევები არაერთია. სხვადასხვა ქალაქში ვატარებ კონცერტებს, შემოსულ თანხას კი ინვალიდთა ფონდებში ვრიცხავ. მქონდა საკუთარი სტუდია მწერალთა სახლში, სადაც ყოველთვიურ გადასახადს ვიხდიდი. იქაც მომიხურეს კარები. ახლა სტუდია სახლში მაქვს და აქ იქმნება ჩემი მუსიკალური ნაწარმოებები. მუსიკის და ტექსტის ავტორი თავად ვარ, მეგობრებიც მიწერენ ტექსტებს. ჩემს მუსიკალურ სტუდიაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა სწავლობდა და ბევრმა თბილისისკენაც გაიკვლია გზა, მაქვს მათთან ჩაწერილი დუეტები. ახლა კი ვმუშაობ ალბომზე, რომელშიც ახალთან ერთად აუცილებლად შევა ჩემი ძველი სიმღერები.“ - ამბობს ხვიჩა.

ალბომამდე კი მომღერალს სხვა, მნიშვნელოვანი ჩანაფიქრიც აქვს: ათ მარტს წყალტუბოში უნდა ჩაატაროს კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატალია ვეფხვაძე და კიდევ ერთი უსინათლო, ფოთელი მომღერალი.

ხვიჩა სიმონია ვერ ხედავს, მაგრამ მზერას სიმღერით გამოხატავს. მსმენელისთვის მისი ყველა სიმღერა სასიამოვნო მოსასმენია. არ შეიძლება, არ დაგამახსოვრდეს: „უნდა გამათავისუფლო“, „მაპატიე“, ან თუნდაც „ბრმათა ქალაქი“,  ახალი წლის ღამეს, სანთლის შუქზე რომ უმღერა ქუთაისს.

„მადლობა ღმერთს, რომ დღეს ბევრი ისეთი ადამიანი არსებობს, რომლებსაც გული შესტკივათ და სულერთი არ არის მათთვის ინვალიდთა ბედი. ერთ-ერთი მათგანია ბატონი თემურ სულაძე. მის თანადგომას ყოველთვის ვგრძნობთ, რისი საშუალებაც აქვს, უშურველად ემეტება ჩვენთვის. პირადად მე ვარ ინვალიდთა ასოციაციის დამფუძნებელი. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მარტო უსინათლოებს, ვცდილობ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა ადამიანს დავეხმარო. ვთანამშრომლობ ბავშთა გასართობ ცენტრ „სიმბასთან“, სადაც მიგვყავს უნარშეზღუდული ბავშვები. ცენტრიც ყველანაირად გვერდით გვიდგას და გვეხმარება.“

უსინათლო მომღერალს მეუღლეც შემართებით უდგას გვერდით. სწორედ ქალბატონ მზიას დახმარებით ახერხებს იგი ტექსტების ჩაწერას.

„უცბად მოიფიქრებს ტექსტს და დამიძახებს, სწრაფად ჩაეწერეო, თავად ვერ ხედავს და ვცდილობ, როგორმე არ გამომრჩეს რომელიმე სიტყვა. ყველანაირად ვეხმარებით მეც და ჩემი შვილებიც, მას უყვარს ეს საქმე და გული მწყდება, რომ მისი ქველმოქმედება არ ჩანს.“ - ამბობს ქალბატონი მზია.

ეკონომიურად შეჭირვებულ ადამიანს გულგრილობა და უყურადღებობა გაცილებით მეტად სტკენს გულს. ბევრისათვის უფუნქციობის განცდა სიკვდილის ტოლფასია. ხვიჩა სიმონიას კი, საბედნიეროდ, დღეს უფუნქციობის განცდა არ აწუხებს და ცდილობს, თავადაც ყველას დაუდგეს გვერდით.

სამომავლოდ მის არაერთ კონცერტს ვიხილავთ, არამარტო ქუთაისში, არამედ - სხვა ქალაქებშიც.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2741
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია