საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ბატონი ოტიადან“ - „შეყვარებულ ბაყაყებამდე“
2012/02/21 13:12:35

როგორ ეძებს ქვაში ჩადებულ საიდუმლოს ხელოვანი ქალბატონი

 

თელაველი მარიამ კოზმანიშვილის შემოქმედებას ბევრი მისი ნაცნობი და სოციალური ქსელის მომხმარებელი იცნობს. პატარა იყო, პოეზია მის ცხოვრებაში რომ შეიჭრა. პირველად სამშობლოზე დაწერა, შემდეგ - დედაზე. დღეს ორი კრებული აქვს გამოცემული. წერს ყველაფერზე, რაც მის გონებაში მტკივნეულად აღიბეჭდება, მუზაც განწყობის მიხედვით ეწვევა ხოლმე.  

რამდენიმე წლის წინ ქალბატონი მარიამის ცხოვრებაში ახალი მუზა გამოჩნდა, სახელად-ქვა.

 

ჩვენც სწორედ ამ მიმართულებით წარმოვაჩენთ მის საქმიანობას.

ქვა მოგვიანებით, 2007 წელს „შემოიჭრა“ მის ცხოვრებაში: „სრულიად მოულოდნელად, ერთ მშვენიერ დღეს ქუჩაში ვიპოვე უჩვეულო ფორმის ქვა,რომელიც ძალიან ჰგავდა ბატონ ოტიას. ამას თითქოს რაღაცნაირი  სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა ჩემთვის. მას შემდეგ ქვის სიყვარულით „დავსნეულდი“, - იხსენებს ქალბატონი მარიამი.

ქვების მუდმივ ძიებაში იყო. ეძებდა და პოულობდა კიდეც ერთმანეთისგან განსხვავებულ და საოცრად ლამაზ მასალებს. ასე იქმნებოდა უამრავი სახე ადამიანების, ცხოველების თუ ფრინველების. 800-ზე მეტი ნამუშევარი შეუქმნია, ამათგან ზოგი უკვე გაყიდული, ბევრიც - გაჩუქებული აქვს. როგორც ქალბატონი მარიამი ამბობს, ნამუშევრების ყველაზე დიდი ღირსება ბუნებრიობაა. არც ერთი ქვა ხელოვნურად არ არის დამუშავებული.

„მერე და მერე თანდათან აღმოვაჩინე, რომ ბუნებაში უამრავი საინტერესო მასალა მოიპოვება, რომლებსაც დამუშავება არ სჭირდება. ნამუშევრები მზადდება ჩემსავე ბინაში - მეოთხე სართულის ერთ-ერთ ოთახში, რაც ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ოჯახის წევრების თანადგომისა, პატარა ბინას არ შეუძლია დაიტიოს ქვის, თუნდაც ულამაზესი ქვის, სიმრავლე.“

ქალბატონი მარიამის თქმით, ნამუშევარი ყოველთვის აბმობს თავის სათქმელს. სიხარულსაც და სევდასაც თავისებურად გადმოსცემს: „მასალა თვითონ განსაზღვრავს თემატიკასაც. ანუ რისი დანახვა შესაძლებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვა, უცხო თვალისათვის. ასე შეიქმნა, მაგალითად, „ძაღლების კოლექცია“, „ფეხსაცმელების სერია“, „ბაყაყები“. „შეყვარებული ბაყაყებიც“ კი...“

თელავის სამხატვრო გალერეაში ორჯერ მოაწყო ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, რამაც დამთვალიერებელთა აღფრთოვანება გამოიწვია. მათ შორის ბევრი უცხოელიც იყო - განცვიფრებულები კითხულობდნენ, ვინ იყო ამ ყველაფრის შემქმნელი.

მარიამ კოზმანიშვილი ნამუშევრებით ცდილობს, ადამიანებს ბუნების სილამაზე დაანახოს. აჩვენოს მათ, რომ ყველაზე დიდი მხატვარი და შემოქმედი თავად დედა ბუნებაა, რომელთანაც უდიერი და გულგრილი დამოკიდებულება არ შეიძლება. თუნდაც იმიტომ, რომ უბრალო, ერთი შეხედვით არაფრისმთქმელ ქვასაც თავისი ღირსება გააჩნია. „მინდა, ადამიანებმა უფრო მეტად შევიყვაროთ მიწა, რომელზედაც დავაბიჯებთ. ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ.“ - ამბობს ქალბატონი მარიამი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2338
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია