დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოფთალმოლოგი, რომელსაც განსაკუთრებით ბავშვები უყვარს
2011/12/26 13:16:17

ექვსი წლის სენაკელ ბიჭუნას თამაშისას თვალში ფანქრის წვერი მოხვდა. ახალგაზრდა დედის უყურადღებობით, ბავშვი დაგვიანებით, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მიიყვანეს ადგილობრივ ექიმთან, ამ უკანასკნელის რეკომენდაციით კი მაშინვე ქუთაისისაკენ გამოაქანეს.

 

 

აქ, თვალის განყოფილებაში, უამრავი ხალხი იცდიდა. შუადღით მისულ და რიგში მოკრძალებით მდგარ დედა-შვილს მიღების დრო მაშინ დაუდგათ, როცა სამუშაო დღე ამოიწურა და სიქაგაცლილი ექიმი გარეთ გამოვიდა. ექთნები, ის იყო, უკვე ხალათებს იხდიდნენ. დედის კალთაში თავჩარგულ, მოთენთილ ბავშვს თვალი რომ მოჰკრა, ექიმს მისი მეორე დღისთვის დაბარება აღარც უფიქრია, უმალ კაბინეტში შებრუნდა. როგორც კი თვალში უბრალოდ ჩახედა, მაშინვე იყვირა: „ჩქარა, ჩქარა, საოპერაციო გაამზადეთ! დაუძახეთ ნარკოზისტს! ადგილზე ყველა!“

მთელი დღის ნაშრომი, ძალღონეგამოცლილი კაცი სასწაულებრივად, სულ წამებში აივსო ახალი ენერგიით.

„ექიმო, ოპერაციის ფული რომ არ წამოგვიღია? ჩვენ არ ვიცოდით...“ - მორიდებით დაიწყო ახალგაზრდა ქალმა.

„რა ფულზე ლაპარაკობთ, ქალბატონო!- შეაწყვეტინა აღშფოთებულმა ექიმმა, - თქვენი შვილის მხედველობის გადარჩენისთვის ვიბრძვით. მხედველობა კი არა, თვალის გადარჩენაც სათუოა, ისეა დაგვიანებული!“

ოც წუთში ოპერაცია დაიწყო...

და იმ დღეს პატარა ბიჭის ცხოვრებაში ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ემახსოვრება: თეთრხალათიანმა ბიძებმა და დეიდებმა მტკივანი თვალი სავსებით გადაურჩინეს.

ბიჭმა პირველად გაიგონა სახელი და გვარიც, რომელიც მანამდე არასოდეს სმენოდა, და რომელსაც მისი ოჯახის წევრები, წამდაუწუმ, მადლიერებით ახსენებდნენ:

ზაზა სინაურიძე.

 

*** 

უკვე წლებია, ქუთაისში, იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში, ოფთალმოლოგ ზაზა სინაურიძის კაბინეტთან პაციენტების გრძელი რიგი დგას. ხშირია გადაუდებელი თუ გეგმური ოპერაციები. ზოგიერთ პაციენტს მატერიალურად უჭირს და წამლის ყიდვის საშუალება არა აქვს. მედიკოსი მათ დახმარებას სხვადასხვა გზით ცდილობს. განსაკუთრებულ ყურადღებას ბავშვების მიმართ იჩენს. 16 წელია, ასეა.

საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარს, ურჩევნია, პროფესიულმა მიღწევებმა ილაპარაკოს მასზე.

ჩვენი საუბარი მაშინ შედგა, როცა ბატონი ზაზა მორიგ პაციენტს სინჯავდა, გულისყურით უსმენდა საკმაოდ ასაკოვან მამაკაცს. გარეთ კი, ჩვეულებისამებრ, უამრავი პაციენტი იცდიდა, თუმცა ამის გამო, ექიმს ოდნავადაც არ მოუკლია ყურადღება კაბინეტში მყოფისათვის.

- არ მინდა, სიჩქარით რომელიმე მათგანს ყურადღება დავაკლო. ეს ადამიანები იმისთვის არიან მოსულები, რომ გულდასმით გავსინჯო, მოვუსმინო, რჩევები და დანიშნულება მივცე. - გვითხრა საკმაოდ გადაღლილმა ექიმმა.

- უმეტესად, რა ასაკის პაციენტები გაწუხებენ? 

- რამდენიმე დღის ჩვილით დაწყებული, ღრმად მოხუცებით დამთავრებული, საკმაოდ ბევრი პაციენტი მყავს. ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა თვალის დაავადებები.

- მაინც, რა სახის დაავადებებით მოდიან?

- სხვადასხვა სახის დაავადებები აწუხებთ: მხედველობა, ტკივილები, ტრავმები. ასაკოვნებში, ძირითადად, არის კატარაქტები. ბავშვებში გვხვდება ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი. მომრავლდნენ გლაუკომით დაავადებული პაციენტები. ეს ავადმყოფობა ჩუმად  და შემპარავად იწყება. ვერც ამჩნევენ, შემდეგ იწყება დაბურვა, რომელიც ცისარტყელასავით შემოეკვრება თვალის ნაწილს. ბევრი არ აქცევს ყურადღებას, ნელ-ნელა კი თვალის შეუქცევადობა ხდება და ვითარდება მხედველობის დაქვეითება. ამიტომ აუცილებელია ექიმთან დროული კონსულტაციები.

ბატონი ზაზა იქვე გვიხსნის, რომ კომპიუტერთან დიდხანს ყოფნაც თვალისთვის სასურველი არაა, თუმცა, დღეს მის გარეშე წარმოუდგენელია არსებობა.

- ზოგჯერ, როცა თვალთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ვეძებ, მეც საათობით ვზივარ კომპიუტერთან. მაგრამ, საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ კომპიუტერთან სპეციალური სათვალის ტარება აუცილებელია, ის მეტ-ნაკლებად იცავს ჩვენს თვალებს.

როგორც ოფთალმოლოგი ზაზა სინაურიძე გვირჩევს, მხედველობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას - ვიტამინებით გამდიდრებული საკვები არა მხოლოდ თვალებზე, არამედ მთელ ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. ძალიან კარგია მოცვის პროდუქტები და თევზეულობა.

ზაზა სინაურიძის სამუშაო დღე დილის ცხრა საათზე იწყება და ხუთზე სრულდება. თუმცა, ზოგჯერ დრო ისე გადის, ვერც კი ამჩნევს. პაციენტების სიმრავლის გამო გვიანობამდეც მუშაობს. რაკი ბევრი მათგანი რაიონიდან ჩამოდის, ექიმი გულისხმიერებას იჩენს და, გადაღლის მიუხედავად, პროფესიულ მოვალეობას მეორე დღისთვის თითქმის არ გადადებს.

საახალწლო სურვილი რა აქვს?

გვიპასუხა, რომ სურს, ადამიანები ბედნიერები და გახარებულები იყვნენ. მიეღწიოთ დასახული მიზნებისთვის და გაჭირვებას აღარ ეარსებოს.

მიუხედავად იმისა, რომ ექიმია, თვალით დაავადებულთა მომრავლებას ურჩევნია, ეს ავადმყოფობა უფრო იშვიათი გახდეს და ადამიანები ჯანმრთელები იყვნენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4491
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია