დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გზა სტუდიიდან ევროვიზიამდე
2011/12/12 12:15:54

გიგა კუხიანიძის კიდევ ერთი საბავშვო ჯგუფის გამარჯვება!

ქართული შოუ-ბიზნესის მთავარი პრობლემა ქართველებშია. არ ვიცით, შეიძლება ეს პროდიუსერების ბრალია, რადგან დღემდე საქართველოში გადაღებული ისეთი კლიპი ან სიმღერა არ შესრულებულა, რომელიც კონკურენციას გაუწევდა უცხოურ სიმღერებს ან მომღერლებს.

 

დაგვეთანხმებით, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ე.წ. „შოუ-ბიზნესი“ წლების წინ დაიმარხა, თითზე ჩამოსათვლელად დარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ხარისხიანი მუსიკის შექმნას. და მაინც, თუ ჩაუკირკიტდებით და გაკვირვებული დასვამთ კითხვას: გვითხარით, რომელია ხარისხიანი მუსიკა? - ნებისმიერი მუსიკოსი ერთსა და იმავეს გიპასუხებთ: ხარისხის რა მოგახსენოთ, მაგრამ იქმნება ის, რასაც ითხოვს „გემოვნებიანი“ მასა. ვერც გავამტყუნებთ, თუ ბიზნესია, ბიზნესის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.

თითზე ჩამოსათვლელ ადამიანთა შორის გვინდა გამოვარჩიოთ კარგად ცნობილი მუსიკოსი და პროდიუსერი გიგა კუხიანიძე.

იგი ხელოვანია, რომელიც ნაკლებად ჩნდება ტელესივრცესა და პრესის ფურცლებზე, განსხვავებით სხვა, ახლად გამოჩეკილი მუსიკოსებისა.

ჩვენ არც გიგას ფანები ვართ და არც მისი რომელიმე კოლეგის, სიმართლე  გითხრათ, საერთოდ არ ვუსმენთ ქართულ ესტრადას (ხარისხიდან გამომდინარე). ჩვენ, უბრალოდ, გვინდა, ჩრდილში მყოფი მუსიკოსის შესახებ კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, რადგან მან ბოლო პერიოდში საგრძნობლად გამოანათა.

ეს ადამიანი, გარდა იმისა, რომ „მოკაშკაშე ვარსკვლავების“ მუსიკალურ კარიერას ქმნის, რამდენიმე წელია, სიახლით წარსდგა ქართველი მსმენელის წინაშე.

ნიჭიერი პატარების ნიჭიერმა ხელმძღვანელმა საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი პატარების გამარჯვება უკვე ტრადიციად აქცია. 2008 წელს კვიპროსზე საქართველოდან წარგზავნილმა ჯგუფმა „ბზიკებმა“ პირველი ადგილი მოიპოვა. 2007 წელს მარიამ რომელაშვილმა როტერდამში მეოთხე ადგილი დაიკავა; 2009 წელს კიევში ჯგუფი „პრინცესები“ მეექვსე ადგილზე გავიდა; 2010 წელს მინსკში მარიამ კახელიშვილმა სიმღერით  „მარი-დარი“ მეოთხე ადგილი დაიკავა. გასულ კვირას კი ერევანში გამართულ საბავშვო „ევროვიზია 2011-ზე“ ქართველი გოგონების ჯგუფმა „ქენდიმ“ პირველი ადგილი აიღო.

ახალგაზრდა მუსიკოსმა თბილისში დააარსა საბავშვო სტუდია „Bzikebis studio“ და g n k (ამ ინიციალებში იგულისხმება გიგა, ნინო, კახა).

მოკლედ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მზიურის“ სამშობლოში ევროვიზიიდან ხელდამშვენებულ გამარჯვებულთა დაბრუნებას სისტემატური სახე მიეცა.

ასეთი ზედიზედ წარმატებული მოღვაწეობის შედეგად, ალბათ, დაგაინტერესებთ გიგა კუხიანიძის უფრო ახლოს გაცნობა და უარს ვერ იტყვით მის შემოქმედებით „სამზარეულოში“ შეჭვრეტაზე.

რამდენიმე დღეა, გიგას მშობლიურ ქალაქ ქუთაისში იმყოფება გიგას დედა, მუსიკის თეორეტიკოსი თამარ მერკვილაძე. სწორედ მას ვეწვიეთ სასაუბროდ.

„მამაჩემი ჯაზმენი იყო და თავისი ბენდი ჰყავდა, მე მუსიკის თეორეტიკოსი ვარ, გიგა მუსიკოსია, კახა მომღერალია. შეიძლება ითქვას, მუსიკით დაავადებული ვართ მთელი ოჯახი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მუსიკის სიყვარული გენეტიკურად გადადის.

გიგა წლის და ერთი თვის იყო, როდესაც კლავიატურაზე გამართა თითები, შემდეგ თანდათან გადავიდა შემოქმედებით პროცესში. პატარა ასაკიდან უკვე სიმღერებს წერდა და პირველს ყოველთვის მე მაკითხებდა. მე-6 კლასში იყო, როდესაც გამართა კონცერტი. პატარა ბიჭი შორტებში ჩაცმული მივიდა ელექტრომექანიკურ კლუბში და დირექტორს კონცერტის ჩატარება შესთავაზა. მან კი გაკვირვებით ჰკითხა: მშობლები გყავსო? ამ კითხვას იმით უპასუხა, რომ თავად დაბეჭდა აფიშები და ეზოს ბავშვებთან ერთად კლუბში კონცერტი გამართა. გიგას ბავშვობიდან აქვს ორგანიზატორული ნიჭიც. ის ეზოს ბავშვებთან ერთად ხშირად დგამდა სპექტაკლებს, ატარებდა კონცერტებს...

ჩემს შვილს დამთავრებული აქვს ქუთაისის პირველი მუსიკალური. 16-17 წლისა დედაქალაქს გაემგზავრა, სადაც მუსიკის თეორიული განყოფილება დაამთავრა. მას შემდეგ დღემდე არ დაუზოგავს თავი და აქტიურად მოღვაწეობს ამ სფეროში,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თამარ მერკვილაძემ.

მუსიკა ცხოვრობს გიგას შინაგან სამყარაოში, გიგა კი ცხოვრობს ამ მუსიკით.

მან საუკეთესო არანჟირებისთვის როგორც თბილისში, ისე მოსკოვში პირველი ადგილი დაიკავა.

როგორც გავიგეთ, ჯერჯერობით ჯგუფის შექმნაზე არ ფიქრობს, მაგრამ მომავალი ევროვიზიისთვის აუცილებლად მოემზადება. მან კარგად იცის, რა სჭირდება მუსიკალურ ბაზარს და, თუ ამ გადმოსახედიდან ვიფიქრებთ, გამარჯვება ისევ ქართველებს ერგებათ.

გიგას სურვილი აქვს, საზღვარგარეთ მოსინჯოს თავისი შესაძლებლობები.

მას გაცილებით მეტის შექმნა  შეუძლია, ამის ასპარეზი   კი    ჩვენს    ქვეყანაში, „სამწუხაროდ, დღეს არ არის, ღირებული მუსიკის შექმნა აღარაა მოთხოვნადი, სამწუხაროდ, მას უწევს შემკვეთის მიერ მსმენელის გემოვნებას მორგებული მუსიკის შექმნა,“ - განაცხადა ქალბატონმა თამარმა.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ნიჭიერ მუსიკოსს წარმატებები, ხოლო ქართველ ხალხს გემოვნების დახვეწა და  ნებისმიერ მუსიკალურ კონკურსში გამარჯვება ვუსურვოთ.  

სალომე კოხრეიძე, მალვინა ზარანდია                                                       

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2025
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია