დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭობი - ქართული სულის მხატვარი
2011/11/14 14:36:54

„გურამ გაგოშიძე, მეტსახელად „ჭობი“ (ასე იცნობდა დიდი და პატარა ქუთაისში), ჭეშმარიტი ბოჰემა და კოლორიტი ქუთაისის, განსახიერება იყო კეთილშობილებით აღსავსე იმ ქართველი კაცისა, ვისაც გულის ფიცარზე სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული აწერია, ვის ცრემლშიც მარადდღე კიანთობს ტანჯული ხვედრი თავისი დიდი წინაპრებისა...“ - ასეთი შტრიხებით იწყებს შემოქმედის პორტრეტის მოხაზვას ტერენტი გრანელის ცხოვრებისა და შემოქმედების დიდებული მკვლევარი, მწერალი ლერი ალიმონაკი.

 

აგერ უკვე 16 წელი გავიდა გარდაცვალებიდან, მისი შემოქმედების დამფასებელთ კი დღემდე ფერუცვლელად შემორჩათ ხსოვნა მხატვრისა, ასე რუდუნებით რომ ხატავდა მშობლიური რაჭისა თუ ქუთაისის პეიზაჟებს, საქართველოს ბუნებას... თუმცა, როგორც ერთ-ერთი მისი დამფასებელთაგანი იტყოდა, „იგი, უპირველესად, ქართული სულის მხატვარი იყო, ქართველის შინაგანი ბუნების ფერმწერი. ეს ჩანს არა მარტო ადამიანთა სახეებსა და პლასტიკაში, არამედ მის მიერ დახატული უსულო საგნებიდანაც გამოსჭვივის.“

ახლახან მომხდარი ერთი ღირსშესანიშნავი ფაქტიც ადასტურებს, რომ ჭობის ხელოვნება დღესაც ახსოვთ, ახალ თაობასაც მოსწონს: გამომცემლობა „პეგასის“ მიერ დაბეჭდილ „ილუსტრირებული ბიოგრაფიების“ VIII ტომს დართული აქვს ქუთაისელი ფერმწერის, გურამ გაგოშიძის მიერ ბრწყინვალედ შექმნილი და გააზრებული ვაჟას პორტრეტი (თვით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოწონებული). თუ იმ საყოველთაო გამოხმაურებასაც გავითვალისწინებთ, რაც ინტერნეტში ამ პორტრეტის დადებას მოჰყვა, შეიძლება, დავასკვნათ, რომ მხატვრის ამქვეყნიური სიცოცხლე მისი ნაწარმოებებით გრძელდება.

იშვიათად თანხვდება ხოლმე ერთურთს კარგი შემოქმედი და პიროვნება, გურამ გაგოშიძე კი სწორედ ასეთი ჰარმონიულობით იყო გამორჩეული: შესანიშნავი მხატვარი, კეთილშობილი პიროვნება, საოცარი არტისტიზმით აღსავსე, სასიამოვნო ადამიანი.

იგი გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ჩაერთო ქუთაისის კულტურულ ცხოვრებაში. 1975 წელს გახდა მხატვართა კავშირის წევრი, იყო საქალაქო და რესპუბლიკური გამოფენების აქტიური მონაწილე, თუმცა, სამწუხაროდ, სიცოცხლეში არ ჰქონია პერსონალური გამოფენა. აღიარება მაინც არ აკლდა: მისი ნამუშევრები მოსწონდათ, სპეციალისტები მაღალ შეფასებას აძლევდნენ, იწერებოდა გამოფენების რეცენზიები, სადაც განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ გურამ გაგოშიძის შემოქმედებით თვითმყოფადობას. მხატვრის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა მხოლოდ გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე - 1996 წელს მოეწყო დავით კაკაბაძის სახელობის სახელმწიფო გალერეაში, მეორე გამოფენა (მხატვრის დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი)- 2001 წელს, გალერეა „ვარლა“-ში, ხოლო მესამე - 2003 წელს, ბათუმში, აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. იმავე წელს ბათუმშივე გამოიცა გურამ გაგოშიძის შემოქმედების ამსახველი, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი კატალოგიც.

მასზე ამბობენ, რომ „მთელი ცხოვრება პროფესიონალის ცხოვრებით იცხოვრა, არ უმუშავია სახელმწიფო სამსახურში...“ მართლაც, მთელი არსებით, მთელი მოწოდებით შემოქმედი იყო. ნაყოფიერად მუშაობდა მონუმენტურ და დაზგურ ფერწერაში, ქმნიდა თეატრალურ დეკორაციებსაც (მას ეკუთვნის რეზო მიშველაძის და ზურაბ ქაფიანიძის „ჩემი ქუთაისის“ სცენოგრაფია). 1985 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში პრემია დაიმსახურა მისმა დიდმა ფერწერულმა ტილომ „ძლევაი საკვირველი“. გურამ გაგოშიძის სურათებიდან საუკეთესოა: „შემოდგომა იმერეთში“, „სოფლის განაპირას“, „კვირადღე“, „ძველი ქუთაისი“, „ქუთაისი“, „რაჭის პეიზაჟი“, „წვიმის შემდეგ“, „სოფელი რიონი“, „ქარი ქრის“, „ლილეო“, „ოჯახი“ და მრავალი სხვა.

განსაკუთრებული ღირსებებით გამორჩეულ, შინაგანად მდიდარ ადამიანს, დიდი და გულწრფელი მეგობრობა აკავშირებდა ქართული კულტურის მრავალ თვალსაჩინო წარმომადგენელთან. „ის თავად იყო ხელოვნება, თავად იყო ფერწერა, მუსიკა, პოეზია - ერთ ადამიანში თავმოყრილი. რომ არა მხატვარი, ალბათ, მუსიკოსი იქნებოდა,“ - აღნიშნავს მისი მეგობარი ვოვა ტორბინი.

სხვებიც იგონებენ ტილოზე მუშაობისას მის მიერ შესრულებულ საოპერო არიებს, მშვენიერ ხმას, თანამედროვე მომღერალთა რეპერტუარის განსაკუთრებულ ცოდნას. ზოგს მისი პეწიანი, განუმეორებელი თამადობა ახსენდება, ზოგსაც - მისი ხელმარჯვეობა თუ სასმელების შექმნის განსაკუთრებული ოსტატობა.

53 წლის ასაკში, მოულოდნელად აღესრულა ეს საინტერესო შემოქმედი, ადამიანებისთვის კი, ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია, დღემდე ახლობელი და ძვირფასია ჭობის შემოქმედებითი ხელწერა, ჟღერადი კოლორი, ღრმა ეროვნულობით გამსჭვალული ტილოები, ცხოვრებისეული წესი და ტრადიციები. საზოგადოების მეხსიერებაში დღემდე ცოცხლობს გურამ გაგოშიძის და ანა ასათიანის ოჯახში გამართული ულამაზესი პოეტური საღამოები, სადაც ხელოვნებისა და თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებს განიხილავდნენ; არც სოფელ რიონში ხელოვანთა თავშეყრის ადგილად ქცეული ის პატარა ოდა ავიწყდებათ, რომლის კედელზეც გამოსახა ჭობიმ ვაჟა-ფშაველას ცნობილი პორტრეტი, ბუხარზე კი - საოცარი სიყვარულით ნაძერწი ჩუქურთმები და ფიგურები...

დღეს ის ოდა აღარ არსებობს, სტიქიამ შეიწირა, გურამ გაგოშიძის შემოქმედებითი მემკვიდრეობის უმეტესი ნაწილი კი დაცულია ქუთაისისა და თბილისის საგამოფენო დარბაზებში, გალერეებსა და მუზეუმებში, საზოგადოებრივ დაწესებულებებში, კერძო კოლექციებში.

ჭობის წელს 70 წელი შეუსრულდებოდა.

თუმცა, ბუნებამ არ ინება, მისი მჩქეფარე, სიყვარულით დაუღლელი ცხოვრება სიბერის შტრიხებით მოსილიყო.

 

ნანული ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3190
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია