დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უბერებელი გული
2011/10/17 12:33:35

პროფესორი კოტე სვანაძე იმ იშვიათ გამონაკლისთაგანია, საკუთარ პერსონაზე ხმამაღლა ლაპარაკი რომ არ სჩვევია და განსაკუთრებული თავმდაბლობით გამოირჩევა. არადა, ცნობილ მათემატიკოსსა და უმაღლესი სკოლის დამსახურებულ პედაგოგს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, საპატიო უნივერსიტეტელს ამ დღეებში 80 წელი უსრულდება.

ვიცოდით, იუბილარი საკუთარ მიღწევებზე საუბარს არ ისურვებდა, ამიტომ, მასთან ინტერვიუს ჩაწერამდე, მისი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის მოკლე რეზიუმე მოვიძიეთ: კოტე სვანაძე 56 სამეცნიერო შრომის ავტორია. მათი დიდი უმრავლესობა დაბეჭდილია საერთაშორისო მნიშვნელობის მათემატიკურ ჟურნალებში. აღნიშნული შრომები შეეხებიან მომენტური დრეკადობის და დრეკად ნარევთა მათემატიკური თეორიის ორგანზომილებიანი ამოცანების გამოკვლევას.

ხანგრძლივი სამეცნიერო და პედაგოგიური კარიერის მანძილზე, აქტიურად მონაწილეობდა, როგორც რესპუბლიკურ, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო კონფერენციებში.

წელს აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის შრომების ?155 კრებულში დაიბეჭდა მისი 18-გვერდიანი სამეცნიერო შრომა, რომელიც ეხება დრეკად ნარევთა სტატიკის ერთი შებრუნებული ამოცანის ამოხსნას. კრებულში მისი შრომა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ რეზო ბანცურის რეკომენდაციით გამოქვეყნდა.

განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ მისი საკანდიდატო დისერტაციის მეცნიერხელმძღვანელი იყო ცნობილი მათემატიკოსი, პროფესორი მ. ბაშელეიშვილი, ხოლო დისერტაციის პირველი ოპონენტი - აკადემიკოსი ვიქტორ კუპრაძე.

მოპოვებული აქვს ორი გრანტი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გრანტი (2005 წ.) და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გრანტი (2010 წ.).

ჩვენი საუბარი იმით დაიწყო, თუ როგორია ბატონი კოტე სტუდენტებთან დამოკიდებულებაში.

რესპონდენტი კეთილად იღიმება:

- ახალგაზრდებთან ძალიან მოსიყვარულე, მშობელივით ურთიერთობა მაქვს. შრომისმოყვარე სტუდენტები მყავს. უბრალოდ, ჩვენ, უფროსებს, გვევალება, მათ სწორად მივუტანოთ საგნის არსი და სიყვარული. როცა მისიას ბოლომდე კეთილსინდისიერად ვასრულებთ, ეს შედეგს აუცილებლად იძლევა.

სიმკაცრით და მომთხოვნელობით გამორჩეულს, სტუდენტის გარიცხვის შემთხვევებიც ახსოვს. თუმცა, როგორც ამბობს, „ისინი თვითონ ირიცხავდნენ თავს.“ - დღეს მსგავსი რამ აღარ ხდება. ეს რაღაც კუთხით, ალბათ, კარგიც არის.

უნივერსიტეტში მუშაობას შუადღის 4 საათზე ამთავრებს. შინ დაბრუნებული პროფესორი საათობით კითხულობს, როგორც მხატვრულ, ისე-პროფესიულ ლიტერატურას. პარალელურად, ტელევიზორს უყურებს, ცდილობს, ყველაფრის შესახებ იყოს ინფორმირებული და დროს არ ჩამორჩეს. შესაბამისად, ერთნაირად ასწრებს როგორც მეცნიერულ, ისე პედაგოგიურ საქმიანობას.

80 წლის წინ იგი ცნობილი პედაგოგების ოჯახში დაიბადა. მამა ნოე და ბიძა ნიკო სვანაძეები მათემატიკოსები იყვნენ. წლების წინ ქალაქში მათი სახელობის სკვერიც კი ფუნქციონირებდა, თუმცა, დღეს ეს სკვერი საერთოდ აღარ არსებობს...

ბატონი კოტე ქუთაისის ?2 საშუალო სკოლაში სწავლობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მშობლიურ ქალაქშივე, პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა.

ფეხბურთის თამაშითაც იყო გატაცებული, დაცვის პოზიცია ეკავა. როცა თამაშობდა, ეკითხებოდნენ კიდეც, შენ იმ კოტე სვანაძის ძმა ხომ არ ხარ, ფიზიკა-მათემატიკურზე წარჩინებით რომ სწავლობსო. ერთნაირად კარგად ახერხებდა, როგორც სალექციო მასალების მომზადებას, ისე სპორტში თავის გამოჩენას.

მე-4 კურსის სტუდენტმა მათემატიკის კათედრაზე უფროს ლაბორანტად დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით იყო კათედრის ასისტენტი, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, 1975 წელს კი დოცენტი გახდა.

- ეს საგანი ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა. ძალიან ადვილია და ყველაზე ნაკლებ დროს მოითხოვს, თუ, რა თქმა უნდა, მუშაობის უნარი გაქვს. ამიტომაც დავრჩი ბოლომდე ამ სფეროში - მიმხელს ჭაღარა რესპონდენტი.

„ბოლომდე ამ სფეროში“ დარჩენილი მეცნიერი ხანდაზმულ ასაკშიც ჭაბუკური შემართებით შრომობს. უკვე მზადა აქვს და აპირებს. უახლოეს მომავალში გამოსცეს „ინტეგრალური განტოლებების“ სახელმძღვანელო...

- კარგა ხანია, ამაზე ვფიქრობ. წიგნის გამოსაცემად ყველაფერი მზად მაქვს. თუმცა ახლა, რაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა შეიცვალა, არ ვიცი, როდის გამოვა. ჩემი ხარჯებით რომ გამომეცა,  სტუდენტებისთვის უნდა მეთქვა, რომ ეყიდათ. მე კი იმ  კატეგორიის ადამიანი არა ვარ, ვინც თავის წიგნებს სტუდენტებში გაყიდის.

ასევე აპირებს მონოგრაფიის გამოცემასაც, სახელწოდებით - „დრეკად ნარევთა მათემატიკური თეორიის ორგანზომილებიანი ამოცანები.“

თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე კოტე სვანაძეს განსაკუთრებული შემთხვევებიც ახსოვს. მაგალითად, ის, რომ მის საკანდიდატო ნაშრომს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ამერიკის მიჩიგანის უნივერსიტეტიდან. მაშინ კომუნიზმის ეპოქა იყო, ასეთი რამ იშვიათად ხდებოდა...

დროის დაბრუნება რომ შეიძლებოდეს და პროფესიის ხელახლა არჩევაზე მიდგეს საქმე, ისევ განვლილ გზას აირჩევდა. პატიოსნება, ერთგულება და ადამიანური ურთიერთობა მისი ცხოვრების დევიზია. სხვანაირად, უბრალოდ, არ შეუძლია. საკუთარ თავს ყოველთვის ბევრს სთხოვს, თვითკრიტიკულია, ასეა სტუდენტებთანაც. თბილი, ობიქტური და სამართლიანი. საკმაოდ მრავალრიცხოვანი სამეგობრო წრე ჰყავს. მეგობრობს კოლეგებთან, ყოფილ სტუდენტებთან და ყველა კარგ, ერთგულ ადამიანთან.

ბატონი კოტეს მეუღლე, ქალბატონი თალიკო ყიფიანიც ასევე ფიზიკა-მათემატიკოსია.

კოტე სვანაძე მაშინ ახალგაზრდა პედაგოგი ყოფილა, ლექციაზე ერთი გამორჩეულად ლამაზი გოგო რომ შეუნიშნავს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს პატარა გოგონა მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. თუმცა ამ თემაზე არ საუბრობს. დღეს უკვე ორი შვილიშვილიც ჰყავთ - კოტე და თეკლა ფანცხავები.

- ჯერჯერობით, უფალი არ მჩაგრავს და ისევ ძველებურად ენერგიული და მიზანსწრაფული ვარ. გული არ ბერდება. - გვეუბნება პროფესორი, რომელსაც 23  ოქტომბერს 80 წელი უსრულდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2039
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია