საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სანამ ისლის სახლი აშენდება...
2011/07/11 13:23:18

გიორგი შალამბერიძე - ორი „ბატონის“ მსახური

პოეზია მისი ცხოვრების წესია, სუნთქვასავით აუცილებელი და საჭირო, მსახიობობა კი პროფესიაა, რომელიც ბედნიერებას ანიჭებს. ხელოვნებისა და ლიტერატურის ამ ორ მიმდინარეობას შორის საერთოს თითქმის ვერაფერს ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გახშირდა პოეტი მსახიობები.  

 

ამჯერად მსახიობსა და პოეტზე გიორგი შალამბერიძეზე უნდა მოგიყვეთ, რატომღაც, უმრავლესობას თბილისელი რომ ჰგონია. „აქაური ვარ, აქ დავიბადე, სკოლაც აქ დავამთავრე. მაგრამ ყველას რატომღაც უჩნდება ის აზრი, რომ მე ვარ თბილისელი და გიორგი ზანგურია აქაური. ალბათ, იმიტომ, რომ ქუთაისსა და თბილისს შორის მჭიდრო კულტურული კავშირია. ხშირად, დედაქალაქში მიწვევენ პოეზიის საღამოებზე და ეს შეხედულებაც, შესაძლოა, ამიტომ გაჩნდა.“

თეატრალური განათლება თბილისში მიიღო, მანამ კი ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე თამაშობდა სხვადასხვა სპექტაკლში. როცა უნივერსიტეტი დაამთავრა, თავისუფალი თეატრის სცენაზეც იდგა, მაგრამ მაინც ქუთაისში დაბრუნდა. თავად თვლის, რომ მაშინ ასე იყო საჭირო, იმხანად ქალაქში მსახიობთა ახალი თაობა დაბრუნდა რეჟისორ გიორგი სიხარულიძესთან ერთად. გიორგი შალამბერიძემაც მეგობრებთან ერთად ქუთაისის თეატრისთვის სამსახური ამჯობინა.

ქუთაისელები მას ახლა შემდეგი სპექტაკლებიდან იცნობენ: „ანა კარენინა“, „სათაგური“. მუშაობს ახალ როლზე პიესაში „უსასრულობის ათვლა  დაიწყო“.

მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას თან მოჰყვა მკითხველისთვის პოეზიის გაცნობა. გიორგი შალამბერიძე, გიორგი ზანგურთან და დავით გოგიბედაშვილთან ერთად, პოეტური ორდენის „სამკაულის“ წევრი იყო.

„სამკაული“  პირველი  ორდენია  21-ე საუკუნეში, ისე როგორც მეოცეში იყვნენ ცისფერყანწელები, ამის თქმა თამამად შემიძლია. პირველად ჩემი პოეზიის საღამო შედგა გიორგი ზანგურთან და დავით გოგიბედაშვილთან ერთად ქუთაისში, მწერალთა სახლში. იქვე გაჩნდა ორდენის დაარსების იდეაც და შემდეგ მთელი საქართველო შემოვიარეთ, ხან რომელ კუთხეს ვუკითხავდით ჩვენს ლექსებს და ხან - რომელს. მიუხედავად იმისა, რომ „სამკაული“ დაიშალა, ჩვენ მაინც ვმეგობრობთ და პირად ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. როგორც ჩანს, იმ ეტაპმა საკუთარი სათქმელი თქვა. ყველაფერს თავისი დრო აქვს.“

როდის გახდა მუზა მისეული, არ ახსოვს, არც ის იცის, რამდენი ლექსი აქვს დაწერილი საერთო ჯამში. მისი პოეზიის მხოლოდ მცირედი ნაწილის ხილვა შეგიძლიათ ინტერნეტის მეშვეობით, ისიც - ვიდეოჩანაწერების სახით. მკითხველს შემოდგომაზე საკუთარი ლექსების კრებულის გამოცემას ჰპირდება. „მირჩევნია, მკითხველს ჩემი ლექსები წიგნის სახით ჰქონდეს თაროზე, ვიდრე თვალები აიჭრელონ ინტერნეტიდან კითხვით.“ 

თავად თვლის, რომ პოეზიით იწყება და მთავრდება ყოველი დღე, მუზა კი დაუმორჩილებელია, არასდროს იცის, როდის ეწვევა, რა დროით, ან რა ადგილას. რაც შეეხება მსახიობის პროფესიას, თვლის, რომ ეს მაინც ჩარჩოში მოქცევაა, რადგან მის ნებაზე არ არის დამოკიდებული, რომელ როლს ითამაშებს, როდის და რამდენი ხნით. მაგრამ ამ ჩარჩოსაც სიამოვნებით ემორჩილება, იმ მიზეზით, რომ საყვარელ საქმეს აკეთებს:

„ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ მე ვერასოდეს ვიქნებოდი ექიმი, მათემატიკოსი, კოსმონავტი და ა.შ. პროფესია ხომ შენი სულიერი სამყაროს, შენი სათქმელის, შინაგანი პრობლემის გამოხატვის საშუალებაა. მსახიობობა საკუთარი სათქმელის მიწოდების გზაა იმ ხალხისთვის, რომელთა წინაშეც შენ ამაღლებულ ადგილას დგახარ. ამაში არ არის რაიმე ამბიცია. ამ დროს მაყურებელს უზიარებ სიყვარულს, უპირველესად, შენს ნაგრძნობს, განცდილს. სცენა არენაა, საიდანაც შენ ხალხს რაღაც ისეთი უნდა უთხრა და აგრძნობინო, რომ ცოტათი უკეთესი გავიდეს თეატრიდან. ისე, როგორც კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ უნდა მოხდეს ადამიანში რაიმე ცვლილება.“

მსახიობობა დედამიწასთან, მიწიერ ცხოვრებასთან ბრძოლის საშუალებად მიაჩნია. დედამიწა მისთვის დროებითი ნავსაყუდელია, სადაც ყველანი მგზავრები ვართ, უბრალო გამვლელები და მივდივართ მარადიულობისკენ. გიორგისთვის იმდენად მნიშვნელოვანი აქ ყოფნა არ არის, რამდენადაც - ის გზა, რომელიც აქ გასავლელი აქვს. მთავარი ოცნებაა, რომ რაღაც ისეთი დატოვოს, რომელიც გახსენების ღირსი იქნება დედამიწიდან წასვლის შემდეგ. სწორედ ამ იდეით შეიქმნა ლექსი „დედამიწას:“

 

„შენი სამყარო ისე მკაცრია,

ვერ შეითვისებს სიმძაფრეს ჩემსას.

მე მხოლოდ შენით დამიმარხია,

რასაც ოცნებით ვქმნიდი და ვძერწავ.

შენ არ გაშინებს წარსული, აწმყო,

არც მომავალი დღეების სიგრძე,

და შენთან ბრძოლა მე მერგო მარტო,

მე უნდა ვპოვო შენს მიღმა სივრცე.

შენ, ალბათ, ტკბები, როცა იბრუნებ

თიხიდან შექმნილს, მტვერივით წასულს.

მე უნდა მივხვდე, რომ გრძნობ და გესმის,

რომ შენი არ ვარ და შენთან არ  მსურს.

მე შენ გასწავლი ჩემამდე ფრენას,

და თუ ოდესმე ჩვენ შევხვდით, ვინძლო.

მე ჩემი მიწა და ჩემი მზე მაქვს,

არ დამივიწყო, რომ იქაც მიცნო.“

 

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისელია, აქ მის პოეზიას ნაკლებად იცნობენ, უფრო მეტად თბილისში იწვევენ შემოქმედებით საღამოებზე.

საკუთარ სუსტ მხარედ იმას მიიჩნევს რომ ეთანხმება შემდეგ მოსაზრებას - „ღვინოშია ჭეშმარიტება,“ ამ სიტყვებს ლექსიც მიუძღვნა სახელწოდებით „In vino veritas.“ თუმცა, თავად არაფხიზელი მუზას არასდროს ემორჩილება. „არასდროს დამიწერია ნასვამს, ეს ლექსის შეურაცხყოფად მიმაჩნია. ამ დროს საღად ვერ აზროვნებ, გგონია, რომ კარგს აკეთებ და მერე ხვდები, რომ სისულელეა. ერთხელ დავწერე ნასვამმა ლექსი და, რომ გამოვფხიზლდი, ის ლექსიც ცეცხლს ეზიარა. არ შეიძლება, არაფხიზელი გონებით აკეთო ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტ სიამოვნებას განიჭებს. ამ დროს აბსოლუტურად გაწონასწორებული და ნამდვილი უნდა იყო.“

ყველაზე მეტად სინამდვილე, ბუნებრიობა და უბრალოება უყვარს. უყვარს ასეთი ადამიანები, ასეთი ბუნება, ასეთი ხელოვნება. თვლის, რომ უბრალო ადამიანი თავისთავად კარგი თვისებების მქონე უნდა იყოს. განსაკუთრებით მთაში ყოფნა მოსწონს, ალბათ, იმიტომ, რომ ღმერთი და პირველყოფილი ბუნება აქ უფრო ახლოს მოდის სულთან. მიუხედავად ყველაფრისა, არ იცის, თავად როგორია, ბოლომდე ვერ გავრკვეულვარ საკუთარ თავშიო, მითხრა.

ამბობს, რომ თავისი აწმყოთი ბედნიერია, ხანდახან ზედმეტადაც კი, მაგრამ მაინც მსახიობის გულს თან ახლავს სევდა და ლირიკა:

 

„სცენას და პარტერს ერთი ჰყოფს ფარდა,

დღეს ყველა თამაშობს, არტისტის გარდა.

მრავალი ნიღაბი, მრავალი მიმიკა,

გულში კი ერთია: სევდა და ლირიკა.

გიტოვებთ ჰაერს, ჩემს ფერთა გამას,

თქვენ მორჩით ტირილს, მე მოვრჩი - თამაშს.“

(„მსახიობის ანდერძი“)

 

გიორგი შალამბერიძის აზრით, თეატრი არის ის ადგილი, სადაც ყველაზე გულწრფელი უნდა იყო, ამიტომ სდევს მას სევდა. „როცა შენი გმირის მეშვეობით სცენიდან ქადაგებ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, თანაც შენ იზიარებ რომელიმე პერსონაჟის ცხოვრებას, ბუნებრივია, რომ ამ პროცესს თან ახლავს პასუხისმგებლობა, რომელიც ხანდახან სევდად იქცევა ხოლმე.“

მასზე თხრობას კი მისი ერთ-ერთი, ყველაზე ცნობილი ლექსიდან ამონარიდით დავამთავრებ, რომელსაც „სურვილების ყულაბა“ ჰქვია.

სახლი მინდოდა მქონოდა,

უბრალო, ხის და ისლის.

სასთუმლად ნუშის ბაღნარი,

საბნად თიბათვის ნისლი,

ბაღი მინდოდა მქონოდა

თვალუწვდენელი ჩრდილით,

გადავრეკავდი მინდვრებზე

შავ-თეთრა კრავებს დილით.

როგორც ამბობს, მისი „სურვილების ყულაბა“ არ შეცვლილა, ისევ უბრალო ხის და ისლის სახლი უნდა უკაცრიელ მთაში, სადაც სიცოცხლის დასასრულს გაატარებდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2008
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია