დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დიდი ოჯახის მამა
2011/07/04 12:39:23

როგორ ცხოვრობენ თურქი მესხები კოპიტნარის დასახლებაში

ქუთაისიდან სამტრედიისაკენ მიმავალს ყოველთვის თვალი მრჩებოდა კოპიტნარის ბაქნის მიმდებარე ტერიტორიაზე კუნძულივით განცალკევებულ „იანეთის მეცხრე უბანზე“. მას ადგილობრივი მოსახლეობა „თურქ მესხებს“ ეძახის.

რაც განსაკუთრებით მომწონდა და მხიბლავდა მათ სოფელში, ერთ მწკრივად განლაგებული სახლების გარშემო მინდვრებზე გაშლილი ცხვრის ფარები იყო;

რასაც მათ შესახებ ქუთაისში ვისმენდი, შიშისმომგვრელ ლეგენდებს უფრო ჰგავდა, ამიტომ ყოველთვის მქონდა მათი ცხოვრების ნირის გაცნობის სურვილი და... სრულიად მოულოდნელად, რამდენიმე თვის უკან მათი ნახვის საშუალებაც მომეცა.

მათ სახლებამდე მობალახე ბოჩოლებით, ახალდაბადებული ბატკნებითა და ცხვრის ფარებით მოფენილი ორკილომეტრიანი გზა ფეხით გავიარე. ფარას ჭაბუკები და ახალგაზრდა, შავთვალწარბა ყმაწვილი ქალები მწყემსავდნენ.

ჩემი მასპინძელი ისაკა აბიბოვი აღმოჩნდა, ტანმაღალი, კუნთმაგარი, ვაჟკაცური გარეგნობის ადამიანი,  ხმა - განსაკუთრებული, მჟღერი, თითქოს გირატას უკრავს ვიღაც შენს გვერდით, თითქოს გიმღერის...

პროფესიით ტრაქტორისტი აღმოჩნდა, შინაგანი მრწამსით კეთილშობილი მშრომელი და ალალი ადამიანი. შინ მეპატიჟება, ოჯახს მაცნობს, ყველანი ისეთი კარგები არიან, სტუმართმოყვარენი, ცოტა შორიდან მიყურებენ კრძალვითა და ცნობის მოყვარეობით. ვაჟი, იურა, ცოლშვილიანია, ჩემი უფროსი ვაჟის ტოლია, ისიც ხელს მართმევს, თავს მაცნობს. აქ, სამტრედიაში ქართული სკოლა აქვს დამთავრებული. მშობლიური ენა კარგად იცის, თუმცა სახლში თურქულ ენაზე საუბრობენ.

ისაკას მეუღლე და ოჯახის ახალგაზრდა რძალი მაყვალივით შავი, ცოცხალი თვალებით მიმზერენ, სუფრასთან მეპატიჟებიან.

მათი წესისამებრ, ფეხსაცმელს ვიხდი, ნოხებით მოფენილ ოთახებში შევდივარ, სუფრას შლიან, სახელდახელოდ კომბოსტოსა და პომიდვრის მწნილი გამოაქვთ და ვსაუბრობთ. მე ვეკითხები:

- ისაკა, კარგი გვარის შთამომავალი რომ ხარ, გეტყობა. მოდი, მომიყევი შენი წინაპრებისა და გვარის ამბავი, ძალიან მაინტერესებს.

და ისიც ყვება:

- ჩემი წინაპრები აღმავალი ხაზით მეოთხე თაობაში იყვნენ თურმანიძეები. მე დავიბადე 1958 წელს უზბეკეთში, ქალაქ სირდარიაში, მამაჩემი ჯალილ ხაბიბოვი დაიბადა 1901 წელს, ადიგენის რაიონის სოფელ სმალაში, ხოლო ბაბუა, ყოჩი ხაბიბოვი-ოღლი დაიბადა 1855 წელს - ისიც სოფელ სმალაში. სწორედ ყოჩის მამა გახლდათ თურმანიძე, მაგრამ სახელი აღარ გვახსოვს, ხოლო ჩვენი გვარი აბიბოვი ყოჩი ბაბუას სახელ-გვარისაგან გახლავთ ნაწარმოები. ყოჩი ბაბუა შეძლებული გლეხი ყოფილა, როგორც მამაჩემისაგან გადმოცემით ვიცი, ქუთაისში დადიოდა სავაჭროდ, ადიგენიდან საირმის გავლით ტვირთი ჩამოჰქონდა: კომბოსტო, კარტოფილი და პურის კაკალი. ორი დღე გზაზე მოჰქონდა და აქ, ქუთაისში, სიმინდზე ცვლიდა თურმე.

ბაბუა ხაბიბი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო მამაჩემი ჯალილი ომში იბრძოდა, როცა 1944 წელს ჩვენი სოფელი აუყრიათ და უზბეკეთში გადაუსახლებიათ.

გადასახლებულთა სიაში მოხვდა ბიძაჩემი დურსუნიც. ტაშკენტში მატარებლებით ჩასვლას თურმე ორი თვე მოანდომეს. მამაჩემის პირველი ცოლი და ერთი შვილი გზაზე შიმშილით, ვაგონშივე დახოცილან, ხოლო გადარჩენილი უფროსი შვილი ბიძია დურსუნს გაუზრდია. ომის დამთავრების შემდგომ ტაშკენტში ჩავიდა ძმის ოჯახში, სადაც მარტო ერთი შვილი იპოვა, მამაჩემი იბრძოდა კურსკში და სიმფეროპოლში, საიდანაც დაბრუნდა ინვალიდი, მუხლში დაჭრილი. ომიდან დაბრუნების შემდგომ ძმასთან ცხოვრობდა, მუშაობდა, ცოტაოდენი ფული იშოვა, ქოხი აიშენა და ახალი ცოლი მოიყვანა - ჩახო იუსუპოვა ადიგენის რაიონის სოფელ ჭულადან, დედაჩემს პირველი ქმრისაგან დანატოვარი ვაჟი მოჰყოლია, ხოლო მამაჩემთან 12 შვილი შეეძინა, მათგან, სამწუხაროდ, მხოლოდ ხუთნი გადავრჩით. ჩემი და - დულჩინა დღეს ცხოვრობს ამერიკაში.

- ამერიკაში საიდან მოხვდა?

- დულჩინა და მისი ოჯახი 2006 წელს ამერიკაში ხელისუფლებამ წაიყვანა. რუსებს სურდათ თურქი მესხების გადასახლება კრასნოდარიდან და ტაშკენტიდან. ფერგანის ამბებთან დაკავშირებით, როცა შეიქნა დიდი არეულობა, 1983 წელს ჩვენ ვცხოვრობდით სირდარიაში. როცა საქართველოდან ჩამოვიდნენ ქართველი ხელისუფლების წარმომადგენლები, შევარდნაძის სურვილი იყო, თურქი მესხები საქართველოში დაებრუნებიათ. შეგვპირდნენ, თუ დაბრუნდებით, იქ სახლებს და მიწებს დაგახვედრებთო, წამოვედით და ჯიხაიშის ტექნიკუმის საერთო ბინებში შეგვასახლეს. ამ უბანში 20 სახლი აგვიშენეს და 1983 წლის შემოდგომაზე ახალმოსახლეობა გვქონდა.

მე და ჩემი მეუღლე - ჯამილა კადიმოვა (ადიგენის რაიონის სოფელ ჯინეთიდან) 1980 წელს დავქორწინდით. როცა ამ სახლში შემოვედით საცხოვრებლად, ჩვენი უფროსი ვაჟი იუნუსი (შინაურულად იურას ვეძახით) მხოლოდ ათი თვისა იყო. იუნუსი - მუსულმანური წმინდანის სახელია, ჩვენ გვიყვარს, როცა შვილებს ჩვენი წმინდანების სახელებს ვარქმევთ, გვჯერა, რომ ჩვენი შვილები მათი მფარველობის ქვეშ გაიხარებენ. შემდეგ შეგვეძინა ორი ქალიშვილი: ნარგიზი - 1984 წელს და ნიგარი - ესეც წმინდანის სახელია. ნარგიზა საქართველოში გათხოვდა, მაგრამ ამჟამად ბაქოში ცხოვრობს. ცოლად გაჰყვა ილია სახანოვს, ორი ვაჟი ჰყავს - რვა წლის, ცისფერთვალა ილჰამი და 7 წლის ნიჰატი. ილიას მამას ბაქოში ერთი ჰექტარი ვაშლის ბაღი აქვს გაშენებული. ილიაც წავიდა მამასთან მისახმარებლად და, ჯერჯერობით, იქ ცხოვრობენ და მუშაობენ ოჯახთან ერთად.

უმცროსი ქალიშვილი, ნიგარი, 1986 წელს დაიბადა. 10 წლიანი სკოლა აქ დაამთავრა, მასაც ორი ბიჭი ჰყავს და ამ რამდენიმე თვის უკან მესამე ქალიშვილი შეეძინა, სახელად ასმათი.

აღმოჩნდა, რომ მე სწორედ მაშინ მოვხვდი აბიბოვების ოჯახში სტუმრად, როცა ნიგარი ქმარ-შვილიან სტუმრობა მამის სახლს.

ეს ჩვენი წესია ასეთი, როცა გათხოვილ ქალიშვილს შვილი შეეძინება, დედის სახლში მიდის და ორი თვე მასთან რჩება, - მიხსნის ისაკა, - დედა შვილს პატარა ჩვილის გაზრდაში ეხმარება.

ნიგარის მეუღლეს, თურმე, თბილისში, გლდანში, საკუთარი სახლი აქვს, პროფესიით ხელოსანია. ბავშვები ქართულ ბაღში დადიან და პატარა ვაჟები - ფირიდონ და მიხაელ თურღუნაშვილები ქართულადაც შესანიშნავად აზროვნებენ.

ბებია ჯამილა ამჟამად დიდ გასაჭირშია: სამი შვილი თავისი ნაბარტყით ერთ სახლშია თავშეყრილი. იურასაც ორი პატარა თვალმერცხალა გოგონა ჰყავს, მეუღლე - ილმირა ჰასანოვა (წარმოშობით ბაქოელი), მესამესაც ელოდება. იურა დასთან იყო თურმე ჩასული სტუმრად, შავთვალწარბა ილმირაც იქ გაიცნო და საქართველოში ჩამოიყვანა. პატარა გოგონებს ჰქვიათ სევდა, რაც თურმე, თურქულად სიყვარულის სახელია და ბაჰარი, რომელიც გაზაფხულს აღნიშნავს.

პატარები ერთმანეთს ეცილებიან, ყველას სათითაოდ უნდა, ბაბუას კალთაში მოიკალათოს, ირგვლივ შემოხვევიან და არ სცილდებიან.

- ამათზე ძვირფასი ამ ქვეყნად არავინ გამაჩნია, - მეუბნება ისაკა, - ხანდახან სამუშაოდან ისეთი დაღლილი მოვდივარ, რომ სკამისა და საწოლის ერთმანეთისგან გარჩევა მიჭირს. მაშინვე თავზე დამეხვევიან, მოაქვთ წყალი, ორი შვილიშვილი ფეხს მბანს, მესამე მიმშრალებს, საწოლში მაწვენენ და ჩემთან ერთად იძინებენ.

ერთმანეთი ძალიან უყვართ და უერთმანეთოდ ვერ ჩერდებიან. ბებია ჯამილა ამასობაში შვიდი შვილიშვილის ნახმარ სამოსს ერთ დიდ ვარცლში უყრის თავს და გამალებით რეცხავს, წყალს უზარმაზარ ქვაბში ადუღებს. ასეთი დიდი ქვაბი არასოდეს მინახავს.„ეს ქვაბი ტაშკენტიდან ჩამოვიტანე, ჩემი დაკვეთით გამოვაჭედინე, 100 ლიტრი ტევადობისაა და შიგ 200 კაცის საჭმელი შემიძლია მოვამზადო დღესასწაულებზე, - მიხსნის ისაკა, - ქვაბის გვერდით ძველებური რუსული ღუმელიც აუშენებია წითელი აგურით. ამ ღუმელში ფუმფულა შებრაწულ პურებს აცხობენ. მეც მომაწოდეს, ისეთი გემრიელია, მისი გემო არასოდეს დაგავიწყდება. ისაკა მდიდარი კაცია, მარტო შვილიშვილებით კი არა... ამოდენა ჯალაბს გამოკვება სჭირდება,  ისაკას ყველაფერი აქვს, რაც დიდი ოჯახის სარჩენად არის საჭირო. ტრაქტორი ჰყავს, 9 ჰექტარზე საშემოდგომო ქერს თესავს.

ივნისის თვეში მამა-შვილი ახალშემოსულ ქერს თიბავს, მუხლჩაუხრელად შრომობენ. მთელ უბანში თვალსაჩინო სანაშენო საქონელი ჰყავთ, 4 მეწველი ფური და 40 სული ცხვარი დაუდით მინდვრებში.

სახლს უკან ბოსტანი ბიბინებს, ოჯახის ქალებს თავისუფალ დროს ბაღჩეული მოჰყავთ. იმ 26 წლის მანძილზე, რაც აქ ცხოვრობენ, თავიანთი მუყაითი შრომით ეს ერთ დროს ჭაობიანი და უკაცრიელი ადგილი წალკოტს დაამგვანეს. გონივრულ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი და მათგან გაცოცხლებული უკაცრიელი მინდვრებიც ამის ნათელ დასტურს წარმოადგენს.

 

ლელა ფხაკაძე-ზარანდია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2007
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია