დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი მკვლევარის ესსე მსოფლიო ათეულში მოხვდა!
2011/06/21 15:30:58

ქართველების წარმატებას, ხშირ შემთხვევაში, სამშობლოს გარდა თითქმის მთელ მსოფლიოში ტაშს უკრავენ. რამდენი შემთხვევა ყოფილა ასეთი, გვიან ან საერთოდ ვერ გაგვიგია „ჩვენიანის“ კარიერული წინსვლა სხვა ქვეყანაში, სანაცვლოდ, უნიჭოთა „პარპაშს“ მთელი გულისყურით ვადევნებთ თვალს ჩვენი ტელევიზიების ეთერით.

ამჯერად ახალგაზრდა თამარ ჭეიშვილის იმ წარმატებებზე უნდა მოგიყვეთ, აშშ-ში რომ მიაღწია, ეს ახალგაზრდა ქალბატონი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპული და ამერიკული ლიტერატურის კათედრაზე ლექციებს კითხულობს და სამეცნიერო მუშაობას ეწევა.

ამერიკული „ზღაპარი“ კი 2009 წელს დაიწყო, როცა მისმა საგრანტო პროექტმა, სახელწოდებით „ედგარ ალან პო და პოსტმოდერნიზმი“, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

თავდაპირველად, ქალბატონმა თამარმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიტყო ამ კონკურსის შესახებ და, ასე რომ ვთქვათ, ბედი სცადა, რადგან არ სჯეროდა, რომ კონკურსანტები ობიექტურად შეირჩეოდნენ. თუმცა, გაუმართლა და საქართველოდან მხოლოდ ის წავიდა აშშ-ში. მის გუნდში 18 მკვლევარი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და თვენახევრიან ინტენსიურ სადოქტორო კურსს გადიოდნენ ლუივილის უნივერსიტეტში. პროგრამას თავად ხელმძღვანელობდნენ ის მწერლები და პოეტები, რომელთა შემოქმედებასაც კურსის განმავლობაში კონკურსანტები აანალიზებდნენ.

„ამ პროგრამის დასრულების შემდეგ ამერიკიდან ჩამოვედი და ეს იყო ერთგვარი სტიმული ჩემთვის, მინდოდა, მეორედაც წავსულიყავი. სურვილი გამიჩნდა, გამეღრმავებინა ჩემი სადოქტორო ნაშრომი, რომელიც იყო ედგარ ალან პოზე. მე შევისწავლე ამერიკაში გაცნობილი თანამედროვე პოეტების ნამუშევრები. ეს განვახორციელე კიდეც. 2010 წელს მონაწილეობა მივიღე ლოს ანჯელესში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „ახალი მიმართულებები ჰუმანიტარულ მეცნიერებაში.“ ვაშინგტონში ერთ-ერთ შეხვედრაზე მე წარმოვთქვი საიტყვა და გავაკეთე ჩემი ქვეყნის წარდგენა, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. განსაკუთრებით, იმ ფაქტმა მოხიბლა ამერიკელები, რომ მე არგონავტებთან დაკავშირებული კოლხეთიდან ვიყავი,“ - აღნიშნა ქალბატონმა თამარმა ჩვენთან საუბრისას.

რაც შეეხება ლოს-ანჯელესში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა ჩემი რესპონდენტისთვის, მისმა ნაშრომმა „ედგარ ალან პო და პოსტმოდერნიზმი“ 100 ქულიდან 95 მოიპოვა ანონიმურ ექსპერტთა შეფასებით და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა რეფერირებად და რეცენზირებად საერთაშორისო ჟურნალში დაიბეჭდა.

ის, რომ მისმა ესსემ მაღალი შეფასება მიიღო, უყურადღებოდ არ დარჩენილა, თუმცა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ ელოდებოდა ავტორს.

ზემოხსენებულმა ჟურნალმა გამოაცხადა კონკურსი სახელწოდებით „ჯილდო მაღალი აკადემიური დონის ნაშრომისთვის“ და მისი ესსე მსოფლიოს მასშტაბით ათეულში მოხვდა და ერთ-ერთ ინტერნეტ-გვერდზეც განთავსდა. „კონკურსის შედეგები ნამდვილად არ ვიცი როდის იქნება ცნობილი, საიტზე დაიდება პასუხები, ალბათ. მაინტერესებს, ვისი ნამუშევარი გაიმარჯვებს. მხოლოდ იმიტომ, რომ გავიგო, რას მიანიჭეს პრიორიტეტი და არა პიროვნული ინტერესების ან ამბიციურობის გამო. ჩემი ნამუშევარი „ედგარ ალან პო და პოსტმოდერნიზმი“ იყო სულის ფარულ ხვეულებზე, ავანგარდულ ლიტერატურაზე, თანამედროვე სიახლეებსა და ბიბლიურ ალუზიებზე.“ 

ამ წარმატებას საზღვარგარეთიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საქართველოში ამერიკის ელჩმაც მიულოცა წინსვლა ქართველ ფინალისტს. თუმცა, ქუთაისელი მკვლევარის წინ გადაგმულ ნაბიჯს არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია ქართული სამეცნიერო თუ კულტურული სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. ქალბატონი თამარი თავადაც გულის წყვეტით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ უცხოელებისგან უფრო მეტი მილოცვა მიიღო, ვიდრე ქართველებისგან.

აშშ-ს შემდეგ კი იტალიას სტუმრობდა, ისევ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით, თუმცა, მეცნიერთა შეკრების ინიციატორი ნიუ-იორკის ამერიკანისტიკის უნივერსიტეტი იყო. იტალიაშიც მოხსენებით გამოვიდა და მისი ნაშრომი კვლავ დაიბეჭდება საერთაშორისო ჟურნალში. სულ ბოლოს კი მისი გამოცდილების ნუსხას კიდევ ერთი კონფერენცია უნდა შემატებოდა, რომელიც ესპანეთში იმართებოდა, თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო წასვლა ვერ შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ აქ არც თუ ისე დალხენილი ცხოვრება აქვს, ურჩევნია, შეძენილი ცოდნა ქუთაისს მოახმაროს და საკუთარი საქმე აქ აკეთოს. „მინესოტას შტატში მიწვევდნენ სამუშაოდ კოლეჯში, მაგრამ არ წავედი. იქით რომ ვიყავი, მაინც მომენატრა ჩემი ქვეყანა, მიუხედავად სიღარიბისა, დანგრეული კედლებისა... ვფიქრობ, რომ აქაც საჭირო ვარ, ჩვენს უნივერსიტეტში.“

ახლა ჩვეულებრივ ცხოვრობს, უნივერსიტეტით, ლიტერატურითა და პოეზიით. თავადაც წერს, მხოლოდ მაშინ, როცა შთაგონებულია. ხშირად მარტო რჩება საკუთარ თავთან და, როგორც ამბობს, დუმილს ესაუბრება.

თვლის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და წინასწარ არაფრის დაგეგმვას აქვს აზრი. წლების წინ ისიც არ სჯეროდა, როცა ამბობდნენ, რომ ამერიკა არის ქვეყანა, სადაც ოცნებები სრულდება. ახლა კი დანამდვილებით იცის, რომ ამ ფრაზას აღარასოდეს შეეწინააღმდეგება...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1978
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია