დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მტრედებს ესმით ამ კაცის...
2011/06/13 13:09:08

გინდათ ნახოთ პატარა ფლორენცია ქუთაისში? მაშინ შეგიძლიათ გრიშაშვილის ქუჩაზე გაიაროთ და ავტომობილების სადგომბზე მომსახურების საფასურის ამკრებ კაცთან (ჩვენთან რომ „სტაიანშიკებს“ ეძახიან) ცოტა ხნით შეჩერდეთ.

73 წლის ჯუმბერ სახამბერიძე უკვე ოთხი წელია ამ ქუჩაზე მუშაობს. მრავალმხრივი პროფესიული განათლების მიუხედავად, ბოლოს ბედმა აქ მოიყვანა. დაამთავრა პედაგოგიური ინსტიტუტის ჯერ რუსული ფილოლოგიური და შემდეგ ისტორიული სპეციალობები. სწავლის დასრულებიდან 5 წლის მანძილზე მუშაობდა პედაგოგ-ორგანიზატორად, სადაც ბავშვების ფიზიკური აღზრდა და ღონისძიებების ორგანიზება ევალებოდა.

ახლა კი ჩვეულებრივ ცხოვრობს, დილით საფიჩხიიდან 19 ნომერ ავტობუსს მადლიერების სახლამდე მიჰყავს, სადილს წამოიღებს და სამუშაო ადგილამდე ფეხით ბრუნდება. ამბობს, რომ ჯანმრთელობას არ უჩივის, თუმცა მარილების დაგროვების გამო უკვე მეოთხე წელია, მოიხარა და სწრაფად გადაადგილებაც უჭირს. ახალგაზრდობისას კი ბევრს ვარჯიშობდა და ქალაქის ფიზკულტურის კომიტეტმა ბავშვების ვარჯიში და მსაჯობაც კი დაავალა.

ახლა მუშაობას დილის 12 საათზე იწყებს. სწორედ ამ დროისთვის შემოხვდებიან ხოლმე მას მტრედები ხეების ტოტებზე და მას უცდიან. შემდეგ ფრინველები ნელ-ნელა ასფალტზე ინაცვლებენ და გამვლელებს ფეხებში ეხლართებიან. თუმცა, უკვე იმდენად შეჩვეულნი არიან ადამიანებს, აღარც ეშინიათ და არც გაფრენას ცდილობენ მიახლოებისას. ბატონი ჟორა უკვე ოთხი წელია მათ აპურებს, შინ მორჩენილ პურის ნამცეცებს აგროვებს და შემდეგ ამ ჭკვიანი ფრინველებისთვის მოაქვს. თავიდან ცოტანი იყვნენ და ამ ბოლო დროს უკვე მომრავლდნენო, - მითხრა, - თანაც დილის საათებში უფრო მეტნი არიან, შემდეგ ნელ-ნელა იკლებს მათი რიცხვი...

ბატონი ჯუმბერი შინ მარტო ცხოვრობს, მეუღლე თერთმეტი წლის წინ გარდაეცვალა და შვილები არ დარჩენიათ. ახლა ძალიან მოსწონს მტრედებთან ურთიერთობა, თვლის, რომ ისინი ერთადერთი არსებები არიან, რომლებიც მას ელიან და მისი იმედი აქვთ.

მუშაობას საღამოს 5-6 საათზე ამთავრებს, შემდეგ ბაზარში გაივლის, საკუთარ და მტრედების საკვებს იყიდის და შინ მიდის. გათენებისთანავე კი იგივე მეორდება.

ბატონი ჯუმბერი კმაყოფილია ცხოვრებით, თუმცა, ამბობს, რომ უკეთესიც შეიძლებოდა. „მაგრამ რას ვიზამთ, ასე მოხდა და ჩემი ნება ვერაფერს შეცვლის. მიხარია, რომ ჩიტებს ესმით ჩემი და ვწუხვარ, რომ ლაპარაკი არ შეუძლიათ.“ 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1928
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია