საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კლასიკური მუსიკის კვირეული
2011/05/25 15:00:14

კლასიკური მუსიკის მოყვარულებმა წინა კვირას უთუოდ გაიხარეს, რადგან ჩვენს ქალაქში, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრში „კლასიკური მუსიკის კვირეული“ გაიმართა.

კვირეული თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „Georgian Symphonieta“ კონცერტით გაიხსნა. მომდევნო დღეებში კი რუსთავის რევაზ ლაღიძის სახელობის  №3 სამუსიკო სკოლის აკადემიური გუნდი, ქუთაისის სამუსიკო სკოლების საგუნდო კოლექტივები, ქუთაისის კამერული ორკესტრი წარსდგა მსმენელების წინაშე. კვირეული დახურა ცნობილმა პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა, თავის არტაკადემიის პიანისტებთან ერთად.

კლასიკური მუსიკის კვირეულის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად  თავდაპირველად ოპერის  თეატრის მმართველს, როზა დვალიშვილს მივმართეთ, მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იგი საქმის კურსში არ აღმოჩნდა: ქალბატონ როზას კვირეულის შესახებ მხოლოდ წინა დღით გააგებინეს... 

ღონისძიებაზე ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი გვესაუბრა:

„კვირეული არ არის ახალი ჩვენი ქალაქისთვის, მაგრამ ეს ტარდებოდა, ძირითადად, ადგილობრივი ძალებით, კამერული ორკესტრის ხელმძღვანელობით, რაც იყო ძალიან საინტერესო. შემდეგ მოინდომეს მერიის კულტურის სამსახურში, რომ უფრო დიდი მასშტაბი მიეღო ამ ღონისძიებას. ეს არის დასაწყისი იმისა, რომ ჩვენ დავაფუძნოთ კლასიკური მუსიკის ფესტივალი მაისის თვეში იმიტომ, რომ ძალიან აქტუალურია მაისის თვე. 2 მაისიდან დაწყებული, საინტერესო იქნებოდა, რომ ჩავატაროთ კულტურული ერთი ან თუნდაც მეტი კვირა. ღონისძიება, კარგია, რომ იყოს ძალიან წარმომადგენლობითი, ამას რა თქმა უნდა, დაჭირდება თანხები, რასაც სახელმწიფო მარტო ვერ შეძლებს, უნდა ვიპოვოთ თანადამფინანსებლები და, მე მგონი, გამოგვივა. წელს საინტერესოდ წარმოჩინდა ეს კვირეული, კმაყოფილი ვარ ამ ყველაფრით, რადგან მე ნდობა გამომიცხადა კულტურის სამსახურმა, მეც ძალიან მოვინდომე, რომ ყოფილიყო მრავალფეროვანი პროგრამა.

წელს ღონისძიებას არ ჰქონდა იმდენი დაფინანსება, რომ უცხოელები მოგვეწვია. პირადი კონტაქტებით შევძელით, მოგვეყარა თავი ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამისათვის.

ეს კვირეული  არის დიდი მხარდაჭერა - კლასიკური მუსიკის განვითარებისათვის. რომ დაიწყო ამაზე ფიქრი, ძალიან კარგია. მომავალში შევეცდებით, რომ უფრო მასშტაბურები ვიყოთ. დაფუძნდეს სერიოზული ფესტივალი, თავისი ბიუჯეტით, თავისი დირექტორატით, მენეჯმენტით,  იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, ფესტივალი არ კეთდება ერთ და ორ თვეში, ამას სჭირდება ერთი წელი, რათა ცნობილი მუსიკოსები ჩამოიყვანო.

წელს ძალიან დაბალი ბიუჯეტია გამოყოფილი, როგორც მე ვიცი,

ყველა მონაწილე ჩამოვიდა ჰონორარის გარეშე.“- გვითხრა რევაზ ჯავახიშვილმა.

„კლასიკური მუსიკის კვირეულის“ ორგანიზატორი იყო მერიის

კულტურის, სპორტის,განათლების,  ძეგლთა დაცვის და ახლგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და ოპერის თეატრი.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება მცირებიუჯეტიანი იყო, (მერიიდან, დაახლოებით, 3000 ლარი იქნა გამოყოფილი), ღონისძიება საკმაოდ ორგანიზებულად და საინტერესოდ წარიმართა. ქუთაისელი მსმენელი საკმაოდ ნასიამოვნები დარჩა.

იმედი ვიქონიოთ, რომ მომდევნო წელს „საბანი უფრო დიდზე გაგვწვდება“.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1445
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია