დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზეციური ხმა
2011/05/23 12:52:48

ქალბატონი, რომელსაც გალობა თვით ანგელოზებმა ასწავლეს

 

სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახის მარცხენა კუთხეში შავი როიალი დგას, რომლის თავზეც ღვთისმშობლის ხატი კიდია. იშვიათი ხმის მქონე ქალბატონი სწორედ აქ ატარებს თავისი დროის მნიშვნელოვან ნაწილს. ამეცადინებს მოსწავლეებს, რომლებსაც საოპერო სფეროში გზის გაკვლევა სურთ და ეხმარება თავის ერთადერთ ქალიშვილს სოლო პარტიების მომზადებაში. ეს კი მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი დღის დასაწყისი ან დასასრული შეიძლება იყოს.“ 

 

ქალბატონი ნაირა ნაჩხატაშვილი სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელია. არ მეგულება ადამიანი, რომელზეც მისმა გალობამ წითელ პარასკევს, უფალ იესო ქრისტეს ჯვარცმის დღეს, ემოციური გავლენა არ მოახდინა. დავით გურამიშვილის ლექსზე „მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“ საგალობელი 31 წლის წინ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და მისი შესრულების უფლება მხოლოდ ქალბატონ ნაირას აქვს. „ჩემმა გალობამ ბევრს ცრემლი მოსწმინდა იმ დღეს და ყველა აღნიშნავს ამას. ეს ხომ რეალური გრძნობა იყო. ქრისტე დავიტირე, მოდი და ნუ იქნები ემოციური. წითელ პარასკევს მე ჭირისუფალი ვარ და სხვაგვარად ამ საგალობლის შესრულება შეუძლებელია. როცა ვგალობ, პარალელურად ვლოცულობ მთელი საქართველოსთვის.“ 

ვიდრე გალობას დაიწყებდა, მუსიკალურ ტექნიკუმში სწავლობდა სადირიჟოროზე. ხშირად სდევნიდნენ იმის გამო, რომ ტაძარს ემსახურებოდა. ტაძრებში, როცა ქართული ყოველდღიური წირვა-ლოცვა დაიწყო, ქალბატონი ნაირა პირველი მგალობელი იყო და 1980 წლიდან მოყოლებული, ანგელოზთა მიერ ნაკარნახევი ხმები ჩვენამდე მოაქვს. „პირველად როცა მითხრეს, რომ უნდა მეგალობა, იმ ღამეს ანგელოზების ხმები ჩამესმოდა. ახლა ასე ძალიან რომ მოსწონთ ჩემი გალობა, მინდა ვთქვა, რომ მე მაშინდელი მოსმენილის იმიტაციას ვაკეთებ.  მათ მასწავლეს, როგორ უნდა მეგალობა და ახლა ვბაძავ. როცა გალობა დავიწყე და თან კონსერვატორიაში ვსწავლობდი, მდევნიდნენ რელიგიის გამო. მაგრამ მიუხედავად ამისა, სახელმწიფო კაპელაში ხშირად მაძლევდნენ სოლო ნომრებს, ჯანსუღ კახიძის სიმფონიებსაც ყოველთვის მე ვასრულებდი. მაგრამ ძირითადი ჩემი აღიარება გალობაა, ხალხმა მე ამ გზით გამიცნო და შეიყვარა ჩემი ხმა. მაშინ გალობა მათ სულებს სჭირდებოდა. ეს ჩემთვისაც დიდი მადლია და მის გავლენას ყოველთვის ვგრძნობ ჩემი ცხოვრების მანძილზე. ჩემი შვილის ამდენი წარმატებაც უფლის წყალობაა.“

როგორც უკვე გითხარით, ქალბატონ ნაირას ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს, მაყვალა ასპანიძე, რომელიც 2004 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტია. პატარაობიდანვე დედას ტაძარში დაჰყავდა. როცა თვითონ გალობდა და ბავშვი ტირილს დაიწყებდა, გოგონა მონაზვნებს გაჰყავდათ დასამშვიდებლად. ახლა თავადაც ამაყობს, მე პატრიარქის კანფეტებითა და მისი ლოცვა-კურთხევით გავიზარდეო. მიუხედავად იმისა, რომ დედასაც და შვილსაც საზღვარგარეთიდან აქვთ მიწვევა, მაინც აქ არიან და ქართულ ხელოვნებას ემსახურებიან.

რაც შეეხება ქალბატონი ნაირას ხმას, რომელსაც ერთნაირად კარგად შეუძლია შეასრულოს საოპერო არიები, საგალობლები თუ ფოლკლორული სიმღერები, გენეტიკურია. როგორც თავად ამბობს, მამის და დედის მხრიდან მუსიკოსებით იყო გარემოცული. „ბაბუაჩემი, დავით ნაჩხატაშვილი, იეთიმ გურჯის მეგობარი იყო, ერთად სწავლობდნენ თურმე. მამაჩემი იხსენებდა ხოლმე, როგორ ასწავლიდა მამა სიმღერას. დედაჩემსაც საოცარი ხმა აქვს, მისი და-ძმები ყველანი მღეროდნენ. ერთხელ, სომხეთში ვიყავით საქველმოქმედო საღამოების ჩასატარებლად მიწისძვრით დაზარალებულთათვის. მთხოვეს, იეთიმ გურჯის შემოქმედებიდან შემესრულებინა რაიმე. რომ ვიმღერე, თავად ადგილობრივები აღფრთოვანდნენ, ასეთი შესრულება ჩვენ გვიკვირს აღმოსავლურ კილოშიო.“

თავად მუსიკას არ ქმნის, ერთადერთი, რაც მისი წარმოსახვის ნაყოფია ამ მხრივ, ეს დავით გურამიშვილის ლექსზე შექმნილი სწორედ ეს საგალობელია, ასე რომ შეიყვარა სრულიად საქართველომ.

განვლილი ცხოვრებით კმაყოფილია, თუმცა, თვლის, რომ მეტის გაკეთება შეეძლო. საოპერო კარიერის მხრივ სათქმელი არაფერი აქვს, რადგან დანაკლისს ქალიშვილის წარმატება უნაზღაურებს. მიამბო, რომ ცხოვრება ნულიდან  დაიწყო, საკუთარი ხმითა და დაუღალავი შრომით შექმნა ყველაფერი.

გარემო პირობებს ხელი რომ შეეწყო ჩემთვის, გაცილებით მეტის გაკეთება შემეძლოო, მითხრა. „ძალიან ენერგიული ვიყავი,  დატვირთული დღეები მქონდა. დილით ვიგალობებდი, მერე რაიონში გავიქცეოდი გაკვეთილის ჩასატარებლად, შუალედში სახლში მოვდიოდი და ორ მოსწავლეს ვამეცადინებდი, მერე ქალთა გუნდს ვამეცადინებდი, შემდეგ კი - შერეულ გუნდს. იმ პერიოდში, როცა სიონის ტაძარს ბევრი ხალხი მოაწყდა, ხშირად ღამის თორმეტ საათამდე მიწევდა გალობა. ამას დამატებული საოჯახო საქმეები, ეს ყველაფერი ძალაუნებურად უნდა მომესწრო, მიკვირს, როცა ქალები იტყვიან, რაიმე გავაკეთე ოჯახშიო და წუწუნებენ. ჩემთვის დაღლა არ არსებობდა.“

მოსწავლეებს ახლაც ამეცადინებს, ცდილობს, ყველა მათგანი უფლის გზაზე დააყენოს, სიკეთის კეთება ასწავლოს და კარგი მაგალითი მისცეს,

ადამიანებში ყოველთვის კარგი დაინახოს. მაგალითად, როცა გუნდში ახალი წევრის მიღების საკითხი წყდება, ყურადღებას მის ხმაზე ამახვილებს და თვლის, რომ ყველა დანარჩენი - ნაკლი თუ უარყოფითი თვისება - გამოსწორდება. გარდა ამისა, თვლის, რომ „ყველას მამიდაა“ - „როცა ადამიანები თავიანთ სატკივარს მანდობენ, იქვე მინდა გამოსავალი მოვუძებნო და დავეხმარო. როცა მოსწავლეები მოდიან, ვცდილობ, სწორი გზა დავანახო, თუ შესაბამისი ხმა არ აქვთ, ვურჩევ სხვა განხრით განაგრძონ კარიერა. მეტსახელად მამიდას მეძახიან ჩემი ამ თვისების გამო.“

კიდევ ერთი თვისება, რომელიც მასთან ურთიერთობისას შესამჩნევია - მხიარული ხასიათია. როცა გატაცების შესახებ ვკითხე (რომელსაც ჩვენ ჰობს ვეძახით), სიცილით საკუთარ მოსასხამზე მიმითითა. ტანისამოსზე სხვადასხვა დეკორატიული დეტალის დამატება იმ დროიდან დაიწყო, როცა სასცენო კოსტიუმები დასჭირდა. ახლა მისი შვილის გარდერობში ძნელია იპოვოთ ისეთი ნივთი, რომელსაც დედის ხელი არ ატყვია. „ჩემთვის უთქვამთ, რომ ამ ნაკეთობებით ერთი გამოფენის გაკეთება შემიძლია. ეს ჩემთვის სასიამოვნო პროცესია და ძალიან მამშვიდებს. ასევე მიყვარს მცენარეების მოვლა, ერთ ოთახში მაქვს თავმოყრილი, შეიძლება ეს პატრიარქის გავლენითაც ხდება. ჩემთვის ისინი სულიერები არიან, ცოცხალი არსებები.“

საუბრის დასასრულს, წარმატების მისეულ ფორმულაზე ვკითხე. მითხრა, რომ თვითონაც თავდაუზოგავი შრომით მიაღწია ყველაფერს და სხვებსაც ამას ურჩევს, უყვარდეთ თავიანთი საქმე, ჰქონდეთ უფლისა და საკუთარი თავის რწმენა და ახსოვდეთ, რომ მარტო ნიჭი საკმარისი არ არის. დედის მუცლიდან არავის არაფერი დაჰყოლია და ყველაზე დიდი ნიჭი საკუთარ თავთან მუშაობის უნარია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3268
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია