დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სანთლად ანთებული დიდი ქალბატონი
2011/05/09 15:28:06

ქუთაისს ქალბატონი ელიკო ნუცუბიძე დააკლდა - დიდი ქალბატონი! დააკლდა მისი უკიდეგანო სიკეთე, სათნო ღიმილი, თანამლმობი გამომეტყველება, გამამხნევებელი სიტყვა, გულდინჯი რჩევა-დარიგებანი, თამამი აზროვნება, მდიდარი ცოდნა-გამოცდილება. დააკლდა და მერე რარიგ დააკლდა!

ქუთათურებს სამარადისოდ დაამახსოვრდებათ მისი გამოხედვა - „სავსე ქართული პატიოსნებით“, პედაგოგის, სიტყვიერების მასწავლებლის, ჭეშმარიტი პროფესიონალის საუკეთესო ნიშან-თვისებებს რომ იტევდა, კრძალვით, რიდით რომ აღგავსებდა, ადამიანობის კრიტერიუმებზე რომ დაგაფიქრებდა....

იგი მასწავლებელთა მასწავლებელი იყო. ამ აზრს ისე შევეზარდეთ, ვერც კი წარმოგვედგინა, განშორების წამი თუ ჩამოჰკრავდა. აკი ჩამოჰკრა!

თუ დავეყრდნობით დოსტოევსკის სიტყვებს: „ჩვენ, ყველანი, გოგოლის      „შინელიდან“ გამოვედითო, - გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ, სიტყვიერების მასწავლებლები, ქ-ნი ელიკო ნუცუბიძის „შინელიდან“ გამოვედით. მისი ყოველი სიტყვა, არაპათეტიკური, არამაღალფარდოვანი, მაგრამ საქმიანი, გულში ჩამწვდომი და დამაფიქრებელი, იმდენად ტევადი იყო, იმდენად ყოვლისმომცველი და შთამაგონებელი, რომ გარშემო მყოფთ სათქმელი აღარაფერი რჩებოდათ. მახსოვს, საგანთა საგნის მასწავლებელთა შეკრებაზე მოხსენება წაიკითხა მოსწავლეთა საკონტროლო ნამუშევრების გასწორების სპეციფიკაზე და საგნის მეთოდისტმა, ნეტარხსენებულმა ამირან გვილავამ, საკითხთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა რომ მთხოვა, გამოსვლისაგან თავის შეკავება ასე განვმარტე: როცა ჯავახეთის საეკლესიო კრებაზე გუარამ მამფალმა ეფრემ მაწყვერელს პაექრობაში ჩაბმა უბრძანა, ამ უკანასკნელმა განაცხადა: „სადა მამა - გრიგოლ იყოს, მე მუნ არა ვაკადრებ სიტყუადო“ და, სადაც ქალბატონი ელიკო კითხულობს მოხსენებას, მე იქ როგორ გავბედავ სიტყვის თქმას-მეთქი!

და ჩემს ნათქვამში არაფერი ყოფილა გადაჭარბებული (თუმცა იმ დღეს მაინც გავკადნიერდი და რამდენიმე მოსაზრება გამოვთქვი დასმულ საკითხთან დაკავშირებით).

თავის საგანზე უსაზღვროდ შეყვარებული და ყოველგვარი სიახლის ფრიადი შრომა-რუდუნებით დამნერგავი, ქართულ მწერლობასთან სულის უფაქიზესი შრეებით დაკავშირებული და მისი საუკუნო არსებობისათვის მლოცველ-მღაღადებელი, იგი, აგერ ლამის ნახევარი საუკუნეა, უშურველად უზიარებდა თავის დიდ ცოდნასა და გამოცდილებას ყველას, ვისაც კი „ამას ენასა შინა დამარხული ყოველი საიდუმლოს“ წვდომის სურვილი გააჩნდა.

უფროსი თაობის წარმომადგენლები საიმედო დასაყრდენად იგულებდნენ, ახალმორჩნი - გზის გამკვალავ-დამლოცველად, დამაფრთიანებლად. საოცრად ესალბუნებოდა ნიჭიერი, მზარდი კადრების გამოჩენა, გულწრფელად ამხნევებდა, კეთილი სიტყვით აგულიანებდა, პრაქტიკული რჩევა-მითითებებით ასაზრდოებდა მათ. რარიგ ხარობდა მწიდნავი იგი, ოდეს მტევნებს მოისთვლიდა! სახლ-სამყოფი არ ჰყოფნიდა, ცასმცა გაიდარბაზებდა, როცა კარგ მოხსენებას მოისმენდა ან ღრმააზროვან სტატიას წაიკითხავდა. მისი გამამხნევებელი სიტყვა, აღფრთოვანებული გამომეტყველება, თბილი გამოხედვა ცის გახსნას უთანაბრდებოდა.

ელიკო ნუცუბიძის შექებაზე დიდი ჯილდო რა უნდა ყოფილიყო! მისი გულითადი მითითებები ზრდიდა, მისეული სიბრძნის დაუფლების სურვილით აღავსებდა, საკუთარი ხმის პოვნის წყურვილით აღაგზნებდა ახალუხლებთ.

მისი თანდასწრებით ვერავინ იბილწსიტყვებდა. იმდენად მაღლა იდგა ყოველგვარ უხამსობაზე, იმდენად ძლიერი იყო და შეუვალი, რომ მიწიერი სისაძაგლე ახლოს ვერ გაუვლიდა, სილაგაწნულივით განერიდებოდა, ცხრა მთას გადაღმა გადაიხვეწებოდა და მხოლოდ მაშინ მიეახლებოდა, როცა, თუ ბოლომდე ვერ განიწმინდებოდა, იმ დისტანციის დაცვას მაინც შეძლებდა, რომელსაც უსიტყვოდ, მხოლოდ თავისი ცხოვრების წესით მოითხოვდა. მასთან სიახლოვით, გურამ დოჩანაშვილს დავესესხები, ხდებოდი ოდნავ უკეთესი, ვიდრე იყავი.

მოსწავლეებთან ურთიერთობაში ფლობდა რაღაც გამოუცნობ, მხოლოდ მისეულ ღრმა საიდუმლოს, რომლის წყალობითაც არავის უნახავს განრისხებული, მოთმინებიდან გამოსული, წონასწორობადაკარგული. რატომ უყვარდათ ბავშვებს? რატომ შესციცინებდნენ თვალებში? რატომ ეკრძალებოდნენ? რით აბამდა მათ: სიღრმით? დიქციით? პირადი მაგალითით? - ყველაფრით ერთად! და კიდევ: იგი არასოდეს არავის ამუნათებდა, არავის კილავდა, არავის ლანძღავდა. ბავშვი მისთვის პიროვნება იყო, მთელი სამყარო, რომელსაც აფასებდა, უფრთხილდებოდა, ესათუთებოდა, ყურს მიაპყრობდა, პატივს სცემდა, ანგარიშს უწევდა, თანაც ისე, და ეს უმთავრესია, რომ გარკვეულ ზღვარს უსიტყვოდ, ძალდაუტანებლად, შინაგანი მუხტის წყალობით დაუსაზღვრავდა და მას ვერავინ გადააბიჯებდა, თვით ყველაზე ანცი და ონავარიც კი!

დღეს იგი ყველას დააკლდა. დააკლდა სავარდო და სამაისო ქუთაისს, თავისი დის, პოეტ ლილი ნუცუბიძის მიერ მრავალგზის განდიდებულსა და ხოტბაშესხმულს,   დააკლდა ოცხელის სახელობის საჯარო სკოლას, რომლის ტრადიციებსაც ღირსეულად იცავდა; დააკლდა პედაგოგიურ საზოგადოებას, აღზრდილებსა და აღსაზრდელებს, რომელთაც გულის სისხლს უძღვნიდა; დააკლდა ოჯახს, შვილებს, შვილიშვილებს, რომელთაც სანთლად ენთებოდა. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?! ბედნიერება, დიახ, ბედნიერება!

ბრალი მისი, ვინც არავის დაჰ-კლებია.  

 

როზა დევდარიანი,

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2144
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია