დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კაცი, რომელიც უსაქმურობას ვერ იტანს
2011/05/03 12:58:44

„უნაგირის დამზადება რთულია...“

 

პირველი უნაგირი 7 წლის წინ გააკეთა, მაშინ ეს საქმე საერთოდ არ იცოდა. არც ის იცოდა, სად რომელი ნაწილის ყიდვა შეიძლებოდა, ან როგორი იყო ამ ნივთის შექმნის პროცესი. ხელობა მეზობლისგან ნათხოვარი უნაგირის დაშლითა და თარგის გამოჭრით ისწავლა. ამის გამო სერიოზული უთანხმოებაც მოსვლია თანასოფლელთან, თუმცა, როცა გაახლებული ნივთი დაუბრუნებია პატრონისთვის, ბოდიშებიც მიუღია და ახლა უკვე 40-მდე უნაგირი აქვს დამზადებული.  

72 წლის სულიკო ფანქველაშვილი ხარაგაულის რაიონში სოფელ ჩრდილში ცხოვრობს. თავს ზემოთ ხსენებული ხელობით ირჩენს, სოფლის მეურნეობასაც მისდევს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი სოფელი საკმაოდ მოუსავლიანი და ღარიბია. საშუალო სკოლის 8 კლასი დაუმთავრებია მხოლოდ, მას შემდეგ სულ მუშაობს და უსაქმოდ ვერ ისვენებს. თავიდან ხაშურში რკინიგზაში მუშაობდა, შემდეგ თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში. როცა ჯანმრთელობის გამო პრობლემები შეექმნა, ქარხანაში მუშაობას თავი დაანება და მძღოლობას მიჰყო ხელი. შემდეგ, შემთხვევით, რუსი მეგობრისგან ნუტრიების მოშენებისა და მათი მოვლის შესახებ გაიგო და თავადაც გადაწყვიტა, იგივე საქართველოში გაეკეთებინა. ოთხი წლის განმავლობაში მათ ტყავს ამუშავებდა და ბეწვს ყიდდა. იხსენებს, რომ საკმაოდ კარგად იყიდებოდა და ბევრი მთხოვნელიც ჰყავდა. „მეც კმაყოფილი ვიყავი და მეზობლებიც. რომ გავატყავებდი ნუტრიას, ხორცს მეზობლებსაც ვუწილადებდი. არაჩვეულებრივი ხორცი აქვს, გოჭისას სჯობს.“

ამ საქმიანობას რუსეთში წასვლის გამო შეელია, რადგან აქ ცხოვრების პირობები სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. იქედან 1999 წელს დედის ავადმყოფობის გამო დაბრუნდა. 10 თვის წინ კი შვილიც დაეღუპა. ახლა სოფელში მხოლოდ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, ორი ქალიშვილი კი თბილისში ჰყავს გათხოვილი. უსაქმოდ ვერ ჩერდება, უნაგირზეც განსაკუთრებული მოთხოვნა არ არის, წელიწადში 10-15 ცალი თუ გაიყიდება. ერთი ცალის დამზადებას კი 3-4 დღე სჭირდება. გააჩნია, რამდენად ადვილად იპოვის საჭირო მასალებს. „ჯერ უნდა შეიძინო საქონლის დამუშავებული ტყავი, უზანგები, ქამრები. შემდეგ თარგი უნდა გამოჭრა. ფანერებისგან კონსტრუქცია უნდა გააკეთო და ტყავი გადააკრა. ძალიან რთულია, თან მარტო ვმუშაობ. ყოფილა შემთხვევა, დილის 6 საათზე დამიწყია უნაგირის გაკეთება და ღამის 12 საათამდე მიმუშავია. მერე, გულმა რომ შემაწუხა, შვილებმა ჩხუბი დამიწყეს, ამდენს ნუ მუშაობო. მაგრამ, რა ვქნა. სოფელში „ბირჟაზე“ უსაქმოდ მყოფ ხალხს რომ ვუყურებ, ისიც მაწუხებს და თანაც, თავის რჩენა ხომ გვინდა?“

ბატონი სულიკოს მიერ დამზადებული თითოეული უნაგირი დიდ შრომას მოითხოვს. როგორც თავად ამბობს, მისი ნამუშევრები არც იმდენად ძვირფასია, მდიდარ კაცს რომ დარჩეს მასზე თვალი და არც იმდენად იაფი, რომ გლეხისთვის იყოს ხელმისაწვდომი.  

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2467
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია