დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიკეთის გზა
2011/04/27 12:17:34

„ძალიან მწყდება ამაზე გული, შოთას ოჯახი ასე არ უნდა იყოს“

 

ძველი სახლი, ისეთი, ისტორია რომ იკითხება მისი კედლებიდან... თვალშისაცემად ბევრი წიგნი, სიძველის სუნით... რატომღაც, ყოველთვის ვთვლიდი, რომ ჭეშმარიტად მდიდარი ის ოჯახია, რომელშიც ბევრი წიგნი ინახება.  

მეორე სკოლის წინ სწორედ ასეთი სახლია, მასავით საინტერესო მეპატრონეებით. აქ ბატონი შოთა კაკაბაძე და მისი მეუღლე ციალა ჭაბუკიანი, ვაჟთან ერთად, უკვე წლებია, ცხოვრობენ.

შოთა კაკაბაძე 1925 წელს დაიბადა ქუთაისში, ცნობილი იურისტის დავით კაკაბაძის ოჯახში. მამას ნიკოლოზის მმართველობის დროს დაუმთავრებია მოსკოვში იურიდიული ფაკულტეტი, მისი ძმა კი რუსეთ-პოლონეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულა. ბატონი შოთას მამიდაშვილი, გრიშა შავგულიძე 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. მან დააარსა საქართველოში მუშურ-გლეხური თეატრი და იყო მუსკომედიის თეატრის ხელმძღვანელი, სადაც ილიკო სუხიშვილსა და ნინო რამიშვილს აუდგამთ ფეხი. ასევე რეპრესირებული იყო შოთა კაკაბაძის მამაც, რომელიც სამი წელი იყო გადასახლებაში, იმ მიზეზით, რომ „ქალაქის საქმეებში ერეოდა“ და ამ თემაზე წერდა ხოლმე. როგორც ბატონი შოთა იხსენებს, მამას კერძო პრაქტიკა ჰქონდა და კარგი შემოსავალიც, ამასთან ერთად. მაგრამ ღარიბი კლიენტებისგან გასამრჯელოს არასდროს იღებდაო.

კაკაბაძეების ოჯახში 4 შვილი იზრდებოდა: სამი ვაჟი და ერთი ქალი. ბატონი შოთას ძმა, ოთარი, მამის მსგავსად, იურისტი გახდა და წლების მანძილზე ემსახურებოდა ქალაქს.

შოთა კაკაბაძეს 1941 წელს დაუმთავრებია ქუთაისის (იმხანად) ?2 გიმნაზია.

იხსენებს, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში მამის გადაწყვეტილებით მოხვდა: „სკოლა რომ დავამთავრე, 16 წლის ვიყავი და სამხედრო სამსახური ჯერ არ მიწევდა. თუმცა, ომი უკვე დაწყებული იყო. მამაჩემმა გადაწყვიტა, თუ ომში წაიყვანენ, რადგან სამედიცინოზე სწავლობს, ფრონტის წინა ხაზზე არ გაუშვებენ და კაცის მოკვლა არ მოუწევსო.  მამის და დედის სიტყვა კანონი იყო ჩვენთვის. 18 წელი რომ შემისრულდა და ჯარში წასვლის დრო დადგა, კოწია ერისთავმა, სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორმა, იმდენი იწვალა, რომ სასწავლებელს ჯავშანი მოუპოვა და მისი სტუდენტები სამხედრო სამსახურისგან გაათავისუფლა. ასე გადამარჩინა მამის წინდახედულებამ.“

სტუდენტობა ძალიან მძიმე პერიოდი იყო მის ცხოვრებაში. თბილისში წასასვლელადაც შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატისგან სჭირდებოდა ნებართვა.

სწავლის დასრულების შემდეგ (1947 წელს დაასრულა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, ამას გარდა 1955-1958 წლებში სწავლობდა მოსკოვის კლინიკურ ორდინატურაში) მუშაობდა მოსკოვისა და ქუთაისის სხვადასხვა საავადმყოფოებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში. „ ბონინი, გენერალ-კონსტრუქტორი, ჩემი პაციენტი იყო მოსკოვში მუშაობისას, ასევე ბელიცინი, რომელმაც საფეიქრო მრეწველობა დააარსა საბჭოთა კავშირში. ჩვენი ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოში ვმუშაობდი თერაპიული განყოფილების ორდინატორად,  შემდეგ 1971-77 წლებში - ავტოქარხნის ახლადგახსნილ საავადმყოფოში განყოფილების გამგედ. როცა ფიზიოთერაპიული საავადმყოფოს მთავარ ექიმად დავინიშნე, იქ არაფერი დამხვედრია თითქმის და ნორმალურ პირობებამდე მივიყვანე. რაც მოსკოვში მქონდა ნანახი, აქ გადმოვიტანე. ექიმებს „ვაიძულებდი“, თეორიული ცოდნა აემაღლებინათ.  იმერეთის რევმატოლოგიურ ცენტრში მთავარი რევმატოლოგი ვიყავი წლების მანძილზე. ეს დაწესებულება  ემსახურებოდა 11 რაიონს. ავიყვანე ახალგაზრდა ექიმები და გავანაწილე ადგილ-მდებარეობის მიხედვით. ზოგი მოსკოვში გავუშვი კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ზოგი თბილისში.“

შოთა კაკაბაძე პენსიაში გასვლის შემდეგ უფასოდ ემსახურებოდა ქუთაისელებს. 12 დაწესებულებაში მიდიოდა და კონსულტაციას უწევდა პერსონალს. გარდა ამისა, 90-იან წლებში, მაშინ, როცა ძალიან უჭირდა ქართველობას, „მადლიერების სახლში“ დევნილებსაც უფასოდ ემსახურებოდა. თავად მითხრა, როცა ქალაქში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმას აპირებდნენ და ფულს აგროვებდნენ ამისთვის, მე იქ მისატანი 2 ლარიც არ მქონდა. მაშინ გადავწყვიტე, როგორმე დავეხმარები ქუთაისს-მეთქი და ეს გზა ავირჩიეო. „რამდენჯერ მხოლოდ ტყემალი მიჭამია ქუჩაში და მაინც მივსულვარ პრესის სახლში ჟურნალისტების გასასინჯად, მაშინ ყველას ძალიან უჭირდა.“ 

ყველაზე რთულ საქმედ თვლის - ერქვას ექიმი. „ექიმობა უმძიმესი მოვალეობაა. ექიმი ღვთის წინაშე დგას, დაშვებული შეცდომა და... ადამიანი იღუპება. ექიმს პირველ რიგში უნდა სწამდეს ღმერთი, უნდა იყოს მისაბაძი პიროვნება. დღე და ღამე ავადმყოფზე უნდა ფიქრობდეს. კეთილშობილი ადამიანი უნდა იყოს. თანამედროვე ექიმები დამოკიდებულები არიან აპარატურაზე, მათ კი ისევ ადამიანები ქმნიან. რომ შეცდეს აპარატი? მაშინ რა უნდა ქნას ექიმმა ან პაციენტმა? ექიმი უნდა იყოს გამომძიებელი, უნდა ჰქონდეს სამედიცინო ცოდნა და მხოლოდ ტექნიკას არ მიენდოს. ავადმყოფის გასინჯვაში მე მინდა სამი წუთი, მაგრამ გამოკითხვას სჭირდება საათები. უნდა გამოვიკითხო მისი დაბადებიდან ყველაფერი დღემდე.“

პაციენტებს ვეღარ იღებს, უკვე ხუთი წელია, შინიდან ვერ გამოდის ჯანმრთელობის პრობლემების გამო. თანაც 14 აპრილს უკვე 86 წელი შეუსრულდა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და პიროგოვის მედლით. შრომის ვეტერანის მედლებით, არის ქუთაისის საპატიო მოქალაქე და კარგი მეუღლე.

ქალბატონი ციალა და ბატონი შოთა 1974 წელს შეუღლდნენ, მათი შეყვარებულობის პერიოდი თურმე სულ რაღაც სამი დღე გაგრძელდა და თბილისიდან ბიძაშვილთან სტუმრად ჩამოსული ქალი ქუთაისის რძალი გახდა.

„შოთა კარგი მეუღლეა, ცუდი არაფერი მახსენდება. ვცხოვრობდით მშვიდად, ვიდრე სამსახურები გვქონდა. წმინდად ხეფასის ხალხი ვიყავით. დღეს ძალიან გაჭირვებულად ვართ. სოციალურად დაუცველ ოჯახთა რიგს მივეკუთვნებით. ძალიან მწყდება ამაზე გული, შოთას ოჯახი ასე არ უნდა იყოს, ეს გვიქნა ჩვენმა პატიოსანმა ცხოვრებამ,“ - მითხრა ქალბატონმა ციალამ სევდიანი სახით.

ახლა მხოლოდ ორი ადამიანის პენსიის იმედად ცხოვრობენ (შვილი, გრიგოლ კაკაბაძე ექიმია, თუმცა უმუშევარია). ხანდახან კვირა ისე გადის, პურის საყიდელი ფული არ გვქონდეს, შეიძლებაო, მითხრა ბატონმა შოთამ.

„ახლა აღდგომა მოდის და როგორ უნდა შევხვდეთ, არ ვიცი. იმედს არ ვკარგავ, ვიცი, რომ ღმერთი გამოცდას მიწყობს. მძიმე ცხოვრება გავიარე და, იმედია, უფალი ყველაფერს ხედავს.“

ბოლოს, თავისი ხელით მოწნული პაწაწკინტელა კალათები მაჩუქა, ყვავილებისთვის. ხეზე მუშაობა მისი გატაცება ყოფილა ახალგაზრდობიდანვე, სიკეთის კეთება კი, თვითონ რაც არ უნდა მოკრძალებით უარყოს - მისი ცხოვრების წესი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1945
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია