დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კაცი „მსახიობების ბინიდან“
2011/04/11 14:14:37

1941 წელს, რეჟისორის ოჯახში დაიბადა. მსახიობების წრეში გაზრდილმა შემდეგ თავადაც ეს გზა აირჩია და უკვე რამდენი ათეული წელია, თეატრი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ ხნის მანძილზე გახდა საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ითამაშა უამრავი როლი მესხიშვილის თეატრის სცენაზე. ამ ყველაფერთან ერთად ნამდვილი ქუთაისელია, ქალაქის წარსულის საინტერესო ფაქტებით მოგონებადახუნძლული.

 

ვაჟა ოყრეშიძეს ძველი ქუთაისი ახსოვს ისეთი, ადრინდელ ფილმებში რომაა შემორჩენილი, - ნამდვილი ბაღის კიდითა და ერთმანეთის სიყვარულით სავსე, მხიარული ხალხის ქალაქი. ბატონ ვაჟას გულის წყდება, რომ ბაღის კიდემ სახე იცვალა, ახლა აქ ქალაქის მასპინძლები აღარ იკრიბებიან, როგორც მის ბავშვობაში. „ზოგი ამბობს, რომ უსაქმურები იყრიდნენ იქ თავს, მაგრამ ასე არ არის. ისინი ინტელიგენტები იყვნენ და შეეძლოთ, ნებისმიერ თემაზე ემსჯელათ. იყო რამდენიმე კაცი, არ მუშაობდნენ და დგებოდნენ ბაღის კიდეზე. ეს იყო მთელი კულტურა, ცუდ სიტყვასა და ჩხუბს იქ ვერ გაიგონებდით. შეგეძლოთ გენახათ: ექიმები, მსახიობები, მუსიკოსები, მუშები და ა.შ.“ 

თავადაც იქვე, ახლოს, წმინდა ნინოს ქუჩის ?21-ში ცხოვრობდა, „მსახიობების ბინაში.“ განსაკუთრებულად თბილი და საინტერესო სამეზობლო ჰყოლია. ერთი ოჯახი რომ გააკეთებდა სადილს, იმ დღეს ყველას უნაწილებდაო. აქ ცხოვრობდნენ: მარი გელაშვილი, ირაკლი ბალიაშვილი, ბარნაბა კოკელაძე, იპოლიტე ხვიჩია, თიკო ღვინიაშვილი და თეატრის სხვა მსახიობები. სიყვარულით სავსე ეზოს თურმე პრობლემა მხოლოდ წყალზე ექმნებოდა საერთო ონკანის გამო და სათლების გრძელი რიგი ხშირად ქუჩაშიც კი გამოდიოდა. იქვე ცხოვრობდა ცნობილი დიმიტრი გელოვანის პროტოტიპი, ისიც გელოვანი, ოღონდ სახელად - გიორგი. ქირურგი კაცი ბუნებითაც ბრწყინვალე ადამიანი ყოფილა. პაციენტს რეცეპტს რომ გამოუწერდა, თან წამლის საყიდლად ფულსაც მისცემდა, თუკი ოჯახს გაჭირვებას შეამჩნევდაო. იხსენებს, რომ მსახიობებს გართობის თავისებური ფორმა ჰქონდათ.   „საღამოს, სპექტაკლის შემდეგ შეიკრიბებოდნენ თიკო ღვინიაშვილის სახლში და ჩაის თანხლებით თამაშობდნენ ლოტოს, ძალიან უყვარდათ საღამოს ასე გატარება, მხიარულობდნენ და ანეკდოტებს ყვებოდნენ. „ჩაიობას“ ეძახდნენ ამ ყველაფერს და ხანდახან ქალები არაყსაც ურევდნენ ჩაიში. ამ ეზოში ორი ოჯახი იყო მხოლოდ არამსახიობების. ერთი - რეზო გაბრიაძის მამა და მეორე - ელექტრიკოსი კაცი.“

ამ ეზოს მთავარი ბინადარი, ყველაზე საპატიო და საამა-ყო, იპოლიტე ხვიჩია გახლდათ, რომელიც 1952-53 წლებამდე ცხოვრობდა იქ. შემდეგ საჯარო ბიბლიოთეკასთან ახლოს გადასულა და მეორე სართული დაუშენებია ერთ-ერთი სახლისთვის. თურმე, იმ პერიოდში  „იპსტროის“ ეძახდნენ და ყველას მოჰქონდა სამშენებლო მასალები დასახმარებლად. ბატონი ვაჟა იხსენებს, რომ იპოლიტე, რეალურად, ძალიან ჩვეულებრივი კაცი იყო, კომიკოსობა მხოლოდ სცენაზე გამოსდიოდა და თან - ძალიან ბუნებრივად. ხუმრობა უყვარდა, დალევა და არღანი. ადამიანები უყვარდა კიდევ ძალიან. ვისაც რა უნდა ეთხოვა, ყველას ყველაფერს უსრულებდა, ყველას ეხმარებოდა, როგორც შეძლებდა. უყვარდა მიმართვის ფორმა: „ბატონო ჩემო“ და თითქმის ყველას ასე მიმართავდა.  „ერთხელაც, იპოლიტე ქუთაისის ძველ თეატრში აირჩიეს პარტბიუროს თავმჯდომარედ. იუარა თურმე იპოლიტემ, არ არის ეგ ჩემი საქმეო, მაგრამ დაარიგეს, საკითხი რომ მომწიფდება, ჩაატარებ კრებას და შეადგენ ოქმსო. გავიდა ერთი წელი ისე, რომ იპოლიტეს კრება არ ჩაუტარებია. დაინიშნა არჩევნები და იპოლიტე უნდა წარდგეს მოხსენებით. არაფერი რომ არ ჰქონდა ნამუშევარი, ჰკითხეს იპოლიტეს მიზეზი. მე ვთქვი, რომ არ შემეძლო თავმჯდომარეობაო, უთქვამს იპოლიტეს. დამარიგეს, საკითხი რომ მომწიფდება, ჩაატარებ კრებას და დაწერ ოქმსო. მერე, რატომ არ იმუშავეთო? - არ მომწიფებულა, ბატონო ჩემო, ჯერ საკითხი და რა განგვეხილაო? - უპასუხია მსახიობს. ნათლია იყო ჩემი. პატარაობისას მსუქანი ბავშვი ვყოფილვარ და ზამთრის პერიოდში, თურმე, შემოვიდოდა იპოლიტე ჩვენთან, გამხდიდა ფეხზე, ნაცარში ჩაასხამდა წყალს და მაჭყაპუნებდა ამ წყალში. მოსწონდა ეს და კვდებოდა სიცილითო, დედა იხსენებდა.“

ბავშვობისას ვაჟა თეთრ ხიდზე დადიოდა საბანაოდ, თუმცა იქიდან არ გადმომხტარა არასდროს. ამის უფლება მხოლოდ განსაკუთრებულად კარგ მოცურავეებს ჰქონიათ. სანამ ხიდიდან გადმოხტებოდი, თურმე, დაოსტატების რამდენიმე საფეხური უნდა გაგევლო. ამას ბიჭები აკონტროლებდნენ, რომლებიც უკვე პროფესიონალებად ითვლებოდნენ ამ საქმეში. როცა „მწვერვალიდან“ ხტომის უფლებას მოიპოვებდა, მერე „აფირისტობაც“ უნდა ესწავლა: დალოდებოდა ცილინდრიან კაცს, ეთხოვა, დახმარებოდა გადახტომაში და... ზუსტად იგივე მეორდებოდა, რაც   „არაჩვეულებრივ გამოფენაში.“ ცილინდრები უცებ რიონში ცვიოდა. ბატონი ვაჟას ბავშვობისას რიონი ლურჯი ყოფილა, ძალიან ლურჯი და სუფთა.

შემდეგ თეატრის პერიოდი დადგა მის ცხოვრებაში. უკვე იმდენი წელია იქაა, რომ 15-მდე ხელმძღვანელი გამოიცვალა. განსაკუთრებით გოგი ქავთარაძისა და იური კაკულიას ხელმძღვანელობის პერიოდი ახსოვს.„იური კაკულიას არ უყვარდა გასტროლები, თვლიდა, რომ ამ დროს სპექტაკლის მთელი ხიბლი იკარგებოდა. მე ამ სპექტაკლს ამ თეატრისთვის ვდგამ და სხვა სცენაზე მთელი სტრუქტურა ირღვევაო. თანაც, ისეთი რეჟისორი იყო, შეუმჩნევლად გაგაკეთებინებდა როლს თავის ნებაზე, ვერ მიხვდებოდი და არც დაგღლიდა. როცა გოგი ქავთარაძე იყო სამხატვრო ხელმძღვანელი, ვდგამდით „ალუდა ქეთელაურს.“  მეგობრები დილის 6 საათამდე ვსვამდით, არადა რეპეტიცია 11-ზე გვქონდა დანიშნული. გოგის არ უყვარდა, როცა ვინმე აგვიანებდა, ან ნაბახუსევზე მიდიოდა თეატრში. ვდგავართ და გვეუბნება, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ეპიზოდი, ჩვენი არაფრის თავი არ გვაქვს. ამოვიდა სცენაზე და გამალებული გვიხსნის, რა უნდა ვთქვათ. სასმელის სუნი ეცა და გაბრაზებულმა წამოიძახა:  „მარანში ვარ თუ თეატრშიო“ და ჩავიდა ძირს. თუმცა აღარაფერი უთქვამს მერე.“

ახსოვს, ფოტოგრაფ ილოს კოლორიტული სახელოსნო, პატარა კიბის ქვეშ, მაგიდაზე დადგმული არყის ბოთლი და ჭიქა - ნებისმიერი სტუმრისთვის მისაწოდებლად გამზადებული. ძალიან გულჩვილი იყო და სწყინდა, თუკი თეატრს სურათი დასჭირდებოდა და მას არ მივმართავდით დასახმარებლად. განსაკუთრებული ადამიანი იყო, უყვარდა დალევა და ხალხის შეპატიჟება სახელოსნოში.

იუმორის ქალაქში ვაჟა ოყრეშიძის ახალგაზრდობისას განსაკუთრებული ადამიანები ცხოვრობდნენ, განსაკუთრებული ხუმრობა იცოდნენ და ცხოვრებას თავიანთი კვიმატი ენით ამრავალფეროვნებდნენ. ასეთი ორი პიროვნება იყო განსაკუთრებით ცნობილი, ანტუშა საკანდელიძე - ექიმი და ბიძინა ღოღობერიძე - ლოტბარი და წყალტუბოს სიმღერის გუნდის ხელმძღვანელი. „ერთმანეთს იყვნენ გადაკიდებული კარგი გაგებით. ერთ დღეს თურმე ანტუშამ დაურეკა ბიძინას საძმაკაცოს, დღეს ბიძინას დაბადების დღე აქვს და თვითონ ვერ მოახერხა თქვენი დაპატიჟება, მე დამავალა და საღამოს გელოდებათ შინო. 20 კაცი დაპატიჟა ასე. ეს ყველაფერი გაუგია ბიძინას. მაშინ ერთ ოთახში ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად. კარზე გააკრა განცხადება: „ბინის სივიწროვის გამო დაბადების დღეს აღვნიშნავ ანტუშა საკანდელიძის სახლში. გთხოვთ მობრძანდეთ იქ!“ ყველამ ანტუშასთან მოიყარა თავი, საღამოს ბიძინაც მივიდა გამოწყობილი და პურ-მარილიც მასპინძელმა გაშალა.“

ერთხელ ერთი ქუთაისელი ჟურნალისტი ხუმრობით  ბატონ ვაჟას ასე გაეპაექრა:

„მრავლად გყავს ძმა და მოკეთე, არც როდის იყავ ეული, ქუთათურების ვაჟა ხარ, სხვებისგან გამორჩეული. გიქებენ ნიჭს და კაცობას, კიდეც დაგძახეს „ვაშაო,“ ბევრი რომ გარბის თბილისში, შენ რას აპირებ, ვაჟაო?!“

ბატონმა ვაჟამ კი ასე უპასუხა:

„ბაგრატი და გელათი, გაბაშვილის გორა. უქიმერიონი და ჩვენი ტკბილი ჭომა,  ბალახვანი, საფიჩხია, საღორიის ტყე, დანიელას არღანი და შიგ ჩამდგარი მზე, ბაღის კიდის ხუმრობები, ხალხი პირიმზე. ჯაჭვისა და თეთრი ხიდი დედა რიონზე. ჩემი ტკბილი მეგობრები, ჩემი ბავშვობა, აქ განცდილი სიყვარული... ამის დათმობა?“

კარგი იქნება, ვაჟა ოყრეშიძის მსგავსად, ყველამ განიცადოს მშობლიური ქალაქის ისეთი სიყვარული, რომელსაც ვეღარასოდეს დათმობს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2235
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია