საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ავთანდილ სტურუა: „თუ მოსახლეობა არ იქნება დასაქმებული, მათთვის ყველაფერი დანარჩენი მეასეხარისხოვანია
2011/04/11 14:05:29

ჩვენი რუბრიკის სტუმარი  სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ სტურუაა. ის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში. სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს , მეუღლესთან და 5 წლის ვაჟთან ერთად. საკმაოდ მოკრძალებული ქონების პატრონია. ბატონ ავთოს ძალიან უყვარს კითხვა, ვერ იტანს ამპარტავან ადამიანებს და, როცა ატყუებენ, ცდილობს, გაუგოს, რადგან თვლის, რომ ადამიანმა, შეძლება, გაჭირვების გამოც მოიტყუოს.   

 

 

ნაწილი პირველი - უჰალსტუხოდ

 

- ბატონო ავთანდილ, სად დაამთავრეთ უნივერსიტეტი და რა პროფესიის ბრძანდებით?

- პროფესიით ვარ ინჟინერ-მექანიკოსი, დავამთავრე  ქუთაისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.

- როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი კრედო, რისთვისაც იბრძვით და მიგაჩნიათ, რომ ჯერ კიდევ მისაღწევი გაქვთ?

- ჩემთვის მთავარია, გვქონდეს  ძლიერი სახელმწიფო. ქართველებს, თავისი ისტორიიდან გამომდინარე, ეკუთვნით, ცხოვრობდნენ ძლიერ ქვეყანაში. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, უფროსი, მომავალი და ჩემი თაობის წარმომადგენლები ერთად ვაშენებთ ახალ სახელმწიფოს. ჩვენ გავიარეთ სამოქალაქო დაპირისპირება, ომი რუსეთთან, დავკარგეთ ტერიტორიების გარკვეული ნაწილი. ეს ყველაფერი დასაბრუნებელია, ამასთანავე, სახელმწიფო უნდა გაძლიერდეს, რომ ეს ქვეყანა ჩამოყალიბდეს და გახდეს ძლიერი ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. ეს არის ის ყველაფერი, რისთვისაც ვიბრძვით და ჩემი საზრუნავიც სწორედ ეს გახლავთ.

- რამდენად თვითკრიტიკული ადამიანი ბრძანდებით,  სამართლიან კრიტიკაზე  როგორ რეაგირებთ?

-საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ. როდესაც ადამიანი თანამდებობის პირი ხდება, გეწყება განდიდების მანია, თვითკმაყოფილების განცდა და უკვე ახალს ვერ შექმნი, ვერ იფიქრებ საკუთარ ქვეყანაზე. სამართლიან კრიტიკას საკმაოდ ნორმალურად ვხვდები. ადამიანმა აუცილებლად უნდა მიგითითოს შენს უარყოფით მხარეებზე, რათა იცოდე, რა არის გამოსასწორებელი და რა მიმართულებით უფრო მეტია გასაკეთებელი.

- რადგან თვითკრიტიკულ ადამიანად მიიჩნევთ თავს, მაშინ გაგვიმხილეთ, რა უარყოფითი თვისებები გაქვთ და თუ ცდილობთ, დაძლიოთ? ამავე დროს, თქვენს რომელ დადებით თვისებას გამოყოფით?

- ვცდილობ, წლების მატებასთან ერთად დავძლიო ჩემი უარყოფითი თვისებები. მიუხედავად ჩემი ასაკისა, მაინც დავრჩი რადიკალურ მიმართულებებზე და ვარ მაქსიმალისტი.  სწორედ ამას ვთვლი ჩემს უარყოფით თვისებად. მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსისთვის თავშეკავება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - მაქსიმალისტობა. თუმცა, დადებით თვისებები უფრო აჭარბებს უარყოფითს. ყოველთვის ვცდილობ, ადამიანში დავინახო ადამიანი და ნებისმიერი პიროვნების გაჭირვებას შევხედო მისი თვალით, გვერდით დავუდგე და დავეხმარო.

- საერთოდ,  ამბობენ,  ვისაც იუმორის გრძნობა აქვს, მისთვის ცხოვრება გაცილებით ადვილიაო. თქვენ თუ გაქვთ იუმორის გრძნობა და რამდენად გეხმარებათ ეს პრობლემების დაძლევაში?

- იუმორის გარეშე ცხოვრება ძნელად წარმოსადგენია. თუ კი ყველაფერს სერიოზულად უყურე, შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს ნორმალურ აზრზეც ვერ დადგე. მე, პირადად, ძალიან მეხმარება და მართლაც მიადვილებს ცხოვრებას.

- მკითხველისთვის, უდაოდ, საინტერესოა, როგორ მიხვედით მაჟორიტარ დეპუტატობამდე, რა გზა გაიარეთ?

- 1990 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული პოლიტიკაში. ერთი წელი სპეციალობით მუშაობა  მომიწია ეგრეთწოდებულ „პე-ემ-კა“-ში, შემდეგ ვმუშაობდი სამხედრო სექტორში - მრჩევლად, ვიყავი ასევე არჩევითი ორგანოს წევრი,   ვიყავი სამტრედიის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე. მთელი ჩემი ცხოვრება დაკავშირებული არის პოლიტიკასთან და პარტიულ სიტუაციებთან.

 

- როგორია თქვენი ქონებრივი მდგომარეობა, საბანკო ანგარიშზე თუ გაქვთ თანხა?

- სახლი მაქვს სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში, ძალიან მიყვარს იქაურობა. თბილისში მთავრობამ მიქირავა ბინა. ანგარიშზე არაფერი მაქვს, სესხი მაქვს აღებული. მყავს ძველი მოდელის „მერსედესი - 124“.

- რამდენია თქვენი ჯიბის ფული ყოველდღიურად?

- გააჩნია, ხელფასს როცა ვიღებ, ძალიან ბევრია, მერე თანდათან იკლებს და თვის ბოლოს - თითქმის აღარაფერი.

- სიგარეტს  ეწევით თუ ჯანსაღი წესით ცხოვრობთ? რომელიმე სპორტს ხომ არ მისდევთ?

- არ ვეწევი და არც არასდროს ვეწეოდი. სპორტს ადრე მივსდევდი, ახლა უკვე აღარ.

- ჰალსტუხის ტარება  თუ გიყვართ?

- მიყვარს, როცა სამსახურში ვარ და მაქვს შეხვედრები, მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო ჰალსტუხით.

 

ნაწილი მეორე - ჰალსტუხით

 

ახლა უფრო სერიოზულ თემებზე გადავიდეთ...

- ბატონო ავთანდილ, თქვენი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი სლოგანი და  დაპირება რა იყო? 

- ჩვენ უნდა ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო, სადაც ყველა ადამიანს ექნება საშუალება, თავისი შრომით და უნარით დაიმკვიდროს მისი ადგილი ქართულ სახელმწიფოში. ძალიან ბევრი დაპირება გვქონდა. ერთ-ერთი მთავარი იყო დასაქმება. ჩვენ უნდა შევძლოთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავასაქმოთ, რათა მათ შეძლონ თავიანთი ოჯახის რჩენა. ამ მიმართულებით ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ. არის მთელი რიგი პროექტები და პროგრამები, რომელსაც ხელისუფლება და მთავრობა ცდილობს, გაატაროს. წელს დავიწყეთ სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტები. საკმაოდ სერიოზულ თანხას, 150 მილიონს ვხარჯავთ ქვეყნის მასშტაბით სოფლის განვითარებაზე. მეორე დაპირება არის მთლიანად რაიონის გაზიფიცირება. ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზულად ვმუშაობთ და 2-3 წელიწადში სამტრედიის მოსახლეობა მთლიანად იქნება გაზიფიცირებული. ამას გარდა, ამომრჩეველს მივეცით დაპირება, რომ მოვაწესრიგებდით ინფრასტრუქტურას. ამ კუთხით საკმაოდ სერიოზული პროექტები ხორციელდება, წესრიგდება გზები.

- რა საკითხები დააყენეთ ბოლო პერიოდში პარლამენტში?

- ძალიან ბევრი საკითხი, ინფრასტრუქტურასა და  ჯანდაცვის პროექტებთან დაკავშირებული. დახმარება მაქსიმალური მივიღეთ. არა მარტო პარლამენტში, მთავრობის წინაშეც ვაყენებთ სხვადასხვა საკითხს და შემიძლია ვთქვა, რომ მაჟორიტარის მიმართ მთავრობის ყურადღება არის განსაკუთრებული. იმ პროექტების მიმართ, რაც სამტრედიას უკავშირდება, გვაქვს სერიოზული მხარდაჭერა. პირადად ჩემი ინიციატივით შევძელი, სამტრედიაში გაგვეკეთებინა ტრაქტორების პარკი. უკვე ვმუშაობთ იმაზე, რომ გაკეთდეს სოფლის მეურნეობის განვითარების სამეცნიერო ცენტრი, ასევე - მიდის  ახალი საავადმყოფოს მშენებლობა.  

- და მაინც, რა მიგაჩნიათ სამტრედიის ყველაზე მთავარ პრობლემად? 

- არა მარტო სამტრედიაში, არამედ მთელ საქართველოში უმთავრესია დასაქმების პრობლემა. ჩვენი ერთ-ერთი საზრუნავი არის, რაც შეიძლება ბევრი ინვესტორი დავაინტერესოთ, რათა სამტრედიაში ააშენონ საწარმოები, სადაც დასაქმდებიან ადამიანები. დამიჯერეთ, რამდენი გზაც არ უნდა დავაგოთ, რაც არ უნდა  ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ, თუ მოსახლეობა არ იქნება დასაქმებული, მათთვის ეს ყველაფერი მეასეხარისხოვანია.

- სამტრედიას რკინიგზელთა ქალაქადაც იცნობდნენ, ამ სფეროში რა ვითარებაა ამჟამად, როგორია დასაქმებულთა რაოდენობა?

- სამტრედია ყოველთვის რკინიგზელთა ქალაქი იყო და კვლავ ინარჩუნებს ამ სახელს. თავის დროზე აშენდა იმისთვის, რომ რკინიგზამ გაიარა, მოხდა ფოთისა და ბათუმის სარკინიგზო გზების გადაკვეთა. ამ ტერიტორიაზე იყო პატარა სოფელი სამტრედია, რომელიც შემდეგ გაფართოვდა და გადაიქცა ქალაქად. დღეს 1800 სამტრედიელი მუშაობს რკინიგზაში.

- საინტერესოა,  როგორ მუშაობთ ამომრჩეველთან, ძირითადად რა პრობლემებით მოგმართავენ ამომრჩევლები და რამდენად ახერხებთ მათ დახმარებას?

- როდესაც  ხალხის რჩეული ხარ, ისინი შენგან არამარტო პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაწყვეტას, არამედ უშუალოდ კონკრეტული პრობლემების მოგვარებას თხოვენ. ჩემი სამუშაო დროის ნაწილს ვატარებ სამტრედიაში, მაქვს ჩემი ბიურო, მყავს თანამშრომლები, ვხვდები მოსახლეობას და ვცდილობ, გადავუწყვიტო პრობლემები. ძირითადად სოციალური პრობლემები არის. ვცდილობ ადგილობრივ თვითმმართველობის, ჯანდაცვის სამინისტროს, პრემიერმინისტრის მეშვეობით ის პრობლემები, რაც აქვს მოსახლეობას, გადავწყვიტოთ.

- თქვენი მაჟორიტარობის ვადაში კიდე რას უნდა ელოდეს ამომრჩეველი, რა გეგმები გაქვთ? 

- ამჟამად სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ სიმინდის პროგრამაზე და შემოდგომამდე ამ პროექტით ვიქნებით დაკავებული. წელს აქტიურად ვიქნებით ჩართული სოფლის განვითარების პროექტებში, რომელიც ითვალისწინებს თითოეულ სოფელზე გარკვეული თანხის გამოყოფას  და კონკრეტული საქმის გაკეთებას. ეს იქნება გზების, სასმელი წყლის, სკოლების და სხვადასხვა ობიექტის მოწესრიგება. გარდა ამისა, სერიოზულად ვმუშაობთ ახალგაზრდულ პროექტებზე და სხვადასხვა   ინიციატივითაც გამოვდივართ. ბოლო წლებში დამამთავრებელ კლასებს დავუფინანსეთ ექსკურსია და მომავალშიც გავაგრძელებთ. ასევე, ვთანამშრომლობთ არასამთავრობო სექტორთან, რათა რაც შეიძლება მეტი თანხები მოვიძიოთ.

- ჰიბრიდული სიმინდის საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თქვენ რას ფიქრობთ, რატომ უნდა დათესოს გლეხმა ეს სიმინდი?

- ამ სიმინდს ძალიან ბევრი დადებითი თვისება გააჩნია. ის ითესება ერთმანეთთან ახლოს, იწამლება ჰერბიციდით, ეს საწამლავი საშუალებაა და ბალახი არ ამოდის, არ უნდა გათოხნა, სინათლის ნაკლებად მომთხოვნია, უძლებს გვალვას და ქარს, იძლევა ოთხჯერ მეტ მოსავალს და იღებს კომბაინი. ჩვეულებრივ სიმინდს კომბაინი ვერ აღებს.  აქვს ასევე უარყოფითი მხარეც - ჰიბრიდია და მეორე წელს თესლად არ გამოიყენება, ამიტომ თავიდან უნდა შეიძინო. ღირებულება ამ სიმინდისა არის საკმაოდ სერიოზული, ჰექტარს სჭირდება 240 ლარი. სამტრედიამ ამ სიმინდზე უკვე გააკეთა განაცხადი და ჩვენთან 1000 ჰექტარზე დაითესება ჰიბრიდული სიმინდი. წელს ეს იქნება წარმატებული პროექტი და წინაპირობა იმისი, რომ მომავალ წელს ამ თესლზე ორჯერ და სამჯერ გაიზრდება მოთხოვნა. როგორც ექსპერტები ამბობენ, მარცვლეული კულტურის მიმართ სერიოზული დეფიციტია მსოფლიოში და უახლოესი ათი წლის განმავლობაში გასაღების პრობლემა არ იქნება. წელს ჩვენ ვიქნებით ექსპორტიორი ქვეყანა, რომელიც მარცვლეულს გაიტანს მსოფლიო ბაზარზე.

 

სალომე სანიკიძე

 

P.S. ჰიბრიდულ სიმინდს, ამას გარდა, სხვა უარყოფითი თვისებებიც გააჩნია - ის მხოლოდ საქონლის გამოსაკვებად გამოიყენება, მაგრამ საქართველოში და მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში მას საჭმელადაც მოიხმარენ. სიმინდის თესლი დამუშავებულია ფუნგიციდებით - ქიმიური საშუალებებით, რომლებიც ებრძვიან სოკოს. მისი თესლი უნდა ინახებოდეს ბავშვებისა და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რეკომენდებულია თესლთან ხელთათმანებით მუშაობა და მასთან კონტაქტის შემდეგ აუცილებლად ხელი უნდა დაიბანოთ. ამასთანავე, იმ მიწაზე, სადაც გლეხი ჰიბრიდულ სიმინდს მოიყვანს, ხუთი წელი თითქმის ვეღარაფერს მოიწევს.

 

ამ ყველაფრის გაცნობის შემდეგ გლეხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ღირს თუ არა, მოიყვანოს ეს სიმინდი და გააცნობიეროს, რამდენად საშიშია ის მისი ჯანმრთელობისთვის.

რას ფიქრობენ სამტრედიელები თავიანთ დეპუტატზე?

ნანა არველაძე, დიასახლისი: ჩვენს ქალაქში უმთავრესი პრობლემა უმუშევრობაა, მაგრამ ეს ზოგადად საქართველოს აწუხებს და ავთანდილ სტურუა, ბუნებრივია, ვერ შეცვლის. ძალიან გულისხმიერი და კარგი ადამიანია. ალბათ, სხვანაირად არც შეიძლება იმიტომ, რომ გლეხის ოჯახში, კეთილშობილი ადამიანების გარემოცვაში დაიბადა.

ირაკლი ჯოჯუა,  სტუდენტი: ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ სტურუაა. მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი, როცა გასულ წელს თვითმმართველობის საარჩევნო პიარკამპანიას ატარებდა. მაშინ სოფელ გომის ცენტრში მოსახლეობას გაზიფიცირება დაგვპირდა. თუმცა მას შემდეგ არც კი გავხსენებივართ და დღესაც შეშის ღუმელით ვთბებით. სამტრედიაში უამრავი პრობლემაა და, ფაქტიურად, უპერსპექტივო ქალაქად ითვლება.იმედია, მომავალში ჩვენი მთავრობა ყურადღებას მოგვაქცევს.

ნინო, პედაგოგი: მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ფაქტია, რომ სამტრედია ჩაძინებული ქალაქია და არაფერი კეთდება. მართალია, დაპირებები მრავლად გვესმის, მაგრამ რეალურად რა კეთდება, ეს ცოტა რთული სათქმელია.

თამარ კილაძე (ბაში), პენსიონერი: ავთანდილ სტურუას ბავშვობიდან ვიცნობ, ძალიან კარგი ოჯახის შვილია. ადამიანების პრობლემები გულთან ახლოს მიაქვს და, შესაბამისად, ცდილობს დახმარებას. სამტრედიაში ბევრი რამ კეთდება.

ფოთოლა ზაქარიაძე (ჭაგანი), პენსიონერი: ჩვენს დეპუტატზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. როგორც ვიცი, სამტრედია უახლოეს მომავალში ძალიან განვითარებული და მდიდარი ქალაქი იქნება. ყოველ შემთხვევაში, დეპუტატი ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად და ქალაქის გასალამაზებლად.

ვლადიმერ სტურუა: ავთანდილ სტურუას მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. სოფლის მეურნეობის სფეროში ძალიან ბევრი სასიკეთო რამ ხდება. დეპუტატის ინიციატივით, სოფელ ჯიხაიშში ლაბორატორია შენდება, სადაც შემოწმდება ამა თუ იმ პროდუქტის ხარისხიანობა, რასაც, რა თქმა უნდა, მივესალმები.

მარინა ზაქარიაძე, დიასახლისი: სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ სტურუა არის. ვიტყვი იმას, რომ ძალიან კარგი პიროვნებაა. რამდენჯერმე შვილის ავადმყოფობის გამო ფინანსური დახმარება დამჭირდა და დეპუტატი მხარში ამომიდგა. ქალაქიც გალამაზდა. ბევრი რამ კეთდება.

ნუგზარი, 58 წლის, უმუშევარი: ავთანდილ სტურუაზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პრობლემაა და ძალიან დუხჭირად ცხოვრობს მოსახლეობა. დეპუტატი, შეძლებისდაგვარად, მხარში გვიდგას.

ლელა (გვარის დასახელება არ ისურვა): მიუხედავად იმისა, რომ სამტრედიის დეპუტატს მშვენივრად ვიცნობ, ვერ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანი რაიმე კეთდება ჩვენი ქალაქისათვის. უამრავი პრობლემებია, რომელსაც გადაჭრა სჭირდება.

გრიგოლი: როგორც ვიცი, ავთანდილ სტურუაა დეპუტატი. თუმცა რეალურად რა კეთდება ქალაქისათვის, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ხალხს პურის ფული არა აქვს და ამ დროს რა კეთილმოწყობაზეა საუბარი.

 

ნანა კუკულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1701
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია