დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოეტი ბიჭი „ჭკვიანი შუბლით“
2011/04/04 12:52:48

მიწასთან ურთიერთობა ხშირად ადამიანის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ეს კავშირი ბუნებრივი და საჭიროა გარკვეული დოზით. ჩემი რესპონდენტიც დღემდე ინარჩუნებს სოფელთან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ყოველ შაბათ-კვირას იქ ატარებს და გლეხურად შრომობს. ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ არც ერთია ყალბი და მისთვის შეუსაბამო. სამუშაო დღეებში პოლიტიკის ავან-ჩავანს  სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქალაქური ცხოვრებით დაღლილი, ბობნევისკენ მიიჩქარის და მუზაც იქ მოდის, სოფლის უბრალო ღამეებში, შრომით დაღლილ სხეულს ეწვევა და ერთად ლექსებს ქმნიან.

პოეზია მისთვის გრძნობაა, ემოცია და სინამდვილეა. ურჩევნია, ლექსი იყოს მახინჯი და ნამდვილი, ვიდრე ლამაზი, მაგრამ - ხელოვნური.

ჩემი ლექსების აბსოლუტური უმრავლესობა ბობნევში იწერება, გვიან ღამით. მთელი კვირა, ალბათ, გროვდება რაღაცები ქვეცნობიერში, შაბათ-კვირას,  ძილის წინ, ცალთვალგახელილი ვწერ მობილურ ტელეფონში და მაშინვე ჩემს საყვარელ ადამიანთან ვგზავნი, რომელსაც დილით მისდის ეს ყველაფერი და მიფასებს. ჩემს მიერ ღამით დაწერილს მეც დილით ვკითხულობ და ვიაზრებ, თუმცა არასოდეს შემაქვს შესწორებები, სასვენი ნიშნების გასწორებაც კი მეძნელება. ამიტომ არის ხშირად ჩემი ლექსები სუსტრითმიანი, პოეტური სახეებით ნაკლებად დატვირთული და ვიღაცისთვის, შეიძლება, გაუგებარიც. არ ვწერ მე ლექსს მკითხველისთვის, არც ჩემთვის, არც არავისთვის... უბრალოდ, მეწერება რაღაც და ვწერ... მოდებული ვარ ყველა სტილსა თუ მიმდინარეობას და ხშირად სრულიად „უსტილობასაც“... გააჩნია ემოციას... თუმცა ბევრჯერ ლექსი ავტობუსში, ქუჩაში ან ლექციაზეც დამიწერია, ვერ ვიტყვი, რაღაც სხვაგვარი მემართება ამ დროს, ერთგვარი გათიშვა.“ 

იხსენებს, რომ საკმაოდ აქტიური ბავშვი ყოფილა. სოფელ ბობნევში დაბადებულმა სკოლა გორში დაამთავრა. პატარაობიდანვე მღეროდა, ცეკვავდა, დგამდა შოუებს, მსახიობობდა, კითხულობდა ლექსებს, როგორც თავად ამბობს, უფერულ 90-იან წლებში კარგი გასართობი ვიყავი გარშემომყოფებისთვისო. ლექსების წერა პატარაობიდანვე დაიწყო. მაგრამ მეცხრე კლასში შეწყვიტა, არ უნდოდა, ვინმესგან გამორჩეული ყოფილიყო.

თუმცა, მუზამ, რომელიც ბავშვობიდანვე მისი მეგობარი იყო, არ ისურვა დაშორებოდა და სტუდენტობის წლებში კვლავ შეახსენა თავი. კვლავ ორი ლევან ქერდიყოშვილი გაჩნდა ერთ სხეულში, როგორც ლექსში „გლეხში პოეტი“ თავად ამბობს:

„გული მიწაა,

ცხოვრებაა ბასრი სახნისი

და ტკივილები შავ ბელტებად სულზე მაყრია,

გრძნობის თესლს ვთესავ

და ფრაზებით გულდაგულ ვფარცხავ,

ფიქრებად მაწვიმს,

სიყვარულიც მზედ არ მაკლია.

 

და ყოველ დილით იბადება  გლეხში პოეტი!“

ერთდროულად არის გლეხი, ქალაქელი, პოეტი, პოლიტოლოგი, ცოტა ლოთი, ცოტა კარიერისტი, იდეალისტიც და რეალისტიც, როცა საქმე მოითხოვს, თან „სვეტსკია“ და თან - ტეტია.

„გორელებისთვის ბობნეველი ვიყავი, თბილისელებისთვის - გორელი,  ბობნეველებისთვის  კი  - „ქალაქელი.“  მაგრამ  დამეფიცება,  რომ არასოდეს ვარ ყალბი. გულახდილად რომ გითხრათ, ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი ვარ, რომელიც ყველაში სიმართლეს ეძებს.“

თვლის, რომ ერთი შეხედვით განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, სწავლობს, ბარავს, სხლავს, სამსახურს ეძებს და რაღაცებს ჯღაბნის. ცხოვრებით კმაყოფილია, პასუხისმგებლობას არ გაურბის და არც საკუთარ პრობლემებზე წუწუნი სჩვევია. „არაფერ განსაკუთრებულშიც“ პოულობს ბევრ განსაკუთრებულს და ბედნიერების მიზეზიც არ ელევა. ცხოვრებას სიყვარულით ილამაზებს და მისი პოეზიის მამოძრავებელი ძალაც ხშირად ეს გრძნობაა.  ლექსი „მიყვარხარ ცამდე“ მის საცოლეს, თაკოს მიუძღვნა:

„ცამდე ვოცნებობ,

ცამდე ვცოცხლობ,

ცამდე მიყვარხარ!

მაცადე ცამდე ვცადო კოცნა მწველი ტუჩების...

და შეიცოდე უკოცნელობა...

და შეიცადე უსასრულო ამბორების დასასრულამდე....

მესურვილები და მე სულელს ზედ სულზე მყავხარ

(სულელს სრულიად),

ცისფერ ოცნებად ატყორცნილი მიწიდან ცამდე...

არ მეშინია - მე შენ მიყვარხარ!“

ლევანი თვლის, რომ ძალიან დამთმობი და შემწყნარებელი  შეყვარებულია, ცოტა რომანტიკული და ყველაზე მეოცნებე. ერთი გაღიმების ფასად საყვარელ ადამიანს ყველაფერს აპატიებს, რადგან მხოლოდ ამ გრძნობის დახმარებით არის სრულყოფილი.

უყვარს უბრალო ადამიანები, თუმცა „ბრალიანები“ აინტერესებს. ცდილობს, გარშემომყოფების კეთილგანწყობა დაიმსახუროს. „მე მჯერა ადამიანებისა და მათი სიკეთის... მჯერა, ყველა ადამიანს შეუძლია სწორ გზაზე დადგომა, თუ სათანადო მხარდაჭერა ექნება. ყველა ადამიანმა შეიძლება ძალიან საინტერესო რამ დაგანახოს, მთავარია, ამ ყველაფრის გამოვლენაში დაეხმარო. ბევრია სხვადასხვა „ცუდ“ ნიღაბს ამოფარებული, რაც ცხოვრებამ და გარემოებამ დააჭირვა, მაგრამ, თუ მისი გულის გასაღებს იპოვი, ასეთ „ცუდ“ ადამიანშიც შეიძლება მარგალიტების პოვნა... ამიტომ მხიბლავს ამ მარგალიტების ძიება.“

ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, ნამდვილი ლევან ქერდიყოშვილი საკუთარ თავში უკვე იპოვა, მრავალმხრივი ინტერესებითა და შესაძლებლობებით. „ჭკვიანი შუბლის“ წყალობით საკუთარ სათქმელს სტროფებად გადმოსცემს და მომავლის რწმენას არ კარგავს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1858
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია