დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მამუკა სანებლიძე: „ძალიან ბევრი ამომრჩეველი მკურნალობის ხარჯებისთვის მოგვმართავს“
2011/04/04 12:48:17

ამჯერად ჩვენი რუბრიკის სტუმარია პარლამენტარი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა სანებლიძე. მას თსუ-ს საინჟინრო-ეკონომიური ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. სანამ პარლამენტში აირჩევდნენ,  სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. უყვარს ოჯახი და მეგობრები.  ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი.

 

 

ნაწილი პირველი - უჰალსტუხოდ... 

- ბატონო მამუკა, რა პროფესიული გზა განვლეთ, ვიდრე მაჟორიტარი დეპუტატი გახდებოდით?

- სტუდენტობამდე კოლმეურნეობაში ვმუშაობდი მუშად, შემდეგ გავხდი სტუდენტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მეგობრებთან ერთად დავაფუძნეთ „მწვანეთა მოძრაობა“ წყალტუბოში, შემდეგ მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე გახლდით. ვიყავი ასევე გაერთიანებული დემოკრატების თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ეს ყველაფერი - წყალტუბოს რაიონში, ვიყავი წინა მოწვევის პარლამენტის წევრი და ახლა ვარ წყალტუბოს მაჟორიტარი.

- რა არის თქვენი ცხოვრების არსი?

- ვიყო ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ვაკეთო ის საქმე, რაც ძალიან მიყვარს. ვიყო ერთგული, უღალატო, მიყვარდეს ჩემი ქვეყანა და აღვზარდო ჩემი ვაჟი პატრიოტ კაცად.

- ყველაზე მეტად რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ თქვენი პიროვნული თვისებებიდან?

- ალბათ, უფრო მეტი უარყოფითი თვისება მაქვს. ყველაზე მეტად რაც არ მომწონს ჩემში, არის სიჯიუტე, უკან დახევა არ მიყვარს, რის გამოც ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები. სხვა არ ზარალდება ჩემი სიჯიუტით, ისევ და ისევ - მე. დადებითი თვისება ის მაქვს, რომ უზომო სიყვარული შემიძლია.

- როგორია თქვენი ქონებრივი მდგომარეობა, რა ქონების მფლობელი ბრძანდებით?

- როცა ვავსებ ქონებრივ დეკლარაციას, ყველაზე ადრე მე გამოვდივარ. სულ „ზეტებს“ ვხაზავ. მაქვს მამაპაპისეული სახლი წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში, წყალტუბოში მაქვს ბინა. თბილისში, ვცდილობ, შევიძინო ბინა კრედიტის საშუალებით.

- საბანკო ანგარიშზე რა თანხა გიდევთ?

- ამ წუთში ყველა „კარტაზე“ მინუსში ვარ.

- რამდენია ხოლმე თქვენი ჯიბის ფული?

- თუ არ ჩავთვლით ბენზინის ხარჯებს, ჩემი ყოველდღიური ჯიბის ფული 10-15 ლარით განისაზღვრება.

- რა მანქანა გყავთ?

- „ტოიოტა პრადო“.

- რომელი ფირმის ტანისამოსს, ფეხსაცმელსა და სუნამოს იყენებთ?

- ბრენდს მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მთავარია, კომფორტულად ვიგრძნო თავი. ბაზრობაზე არ ვყიდულობ, ძირითადად - მაღაზიებში.

- ჰალსტუხი თუ გიყვართ? თუ მას თანამდებობრივი მდგომარეობის გამო ხმარობთ?

- მიყვარს და ხშირადაც ვატარებ. სპორტულადაც მაცვია ხოლმე. გააჩნია განწყობას და ამასთანავე - სად მივდივარ, იმასაც. როცა პარლამენტის სხდომებია, ჰალსტუხით დავდივარ, კომიტეტის სხდომებზე შეიძლება თავისუფლად ჩავიცვა ხოლმე.

- რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად ადამიანში?

- სიცრუე, ღალატი, ორპირობა, საკუთარი თავის გადარჩენისთვის სხვისი ჩაძირვა, რაც ძალიან გახშირდა ამ ბოლო დროს.

- რა განცდა გაქვთ, როცა გატყუებენ?

- მინდა ვცემო, მაგარამ მერე გონება უფრო წინა პლანზე გადმოდის და ვიკავებ თავს.

 

ნაწილი მეორე - ჰალსტუხით...

- რა იყო თქვენი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი სლოგანი?

- ჩემი წინასაარჩევნო სლოგანი არ იყო პარტიისგან დამოუკიდებელი. ისევე, როგორც ყველა მაჟორიტარს, გვქონდა ერთი სლოგანი: „საქმე ლაპარაკის ნაცვლად.“ ძალიან ვიწროდ თუ დავკონკრეტდებით, განსხვავებული რაც შეიძლება, ყოფილიყო, ეს არის წყალტუბოს პრობლემები, მისი აღდგენა-განვითარება.

- თქვენი საარჩევნო დაპირებებიდან რისი გაკეთება შეძელით და რისი ვერა?

- ჩემი და პარტიის დაპირებები უმეტესად შესრულებულია(?). ჩვენი ამოცანა არის, წყალტუბო, როგორც კურორტი, აღდგეს და განვითარდეს. ამ კუთხით მნიშვნელოვანი ძვრები არის გადადგმული. წყალტუბოს თითქმის ყველა სანატორიუმში ლტოლვილები ცხოვრობენ. თუ ჩვენ არ გავათავისუფლეთ სანატორიუმები, ისე ინვესტორი არ შემოვა. ამიტომ ხელისუფლებამ დევნილებისათვის დაიწყო ბინების მშენებლობა. წყალტუბოში გამოყოფილია მიწის ნაკვეთი, სადაც უკვე ათი ბინის მშენებლობა დაწყებულია და ნახევრამდეა აშენებული. ეს არის წელიწადნახევრიანი პროექტი, ამ პერიოდში უნდა დასრულდეს ბინების მშენებლობა. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება, სანატორიუმები გამოვათავისუფლოთ და დევნილები გაცილებით უკეთეს პირობებში გადავიყვანოთ. ეს ბინები იქნება მათი საკუთრება . ამის შემდეგ დაიწყება კურორტის აღდგენის პირველი ეტაპი.   

ამას გარდა, მოგეხსენებათ, პარლამენტი  ქუთაისში გადადის. იქ ჩატარდება პლენარული და კომიტეტის სხდომები. ამიტომ დეპუტატების საცხოვრებლად შეირჩა წყალტუბო. შერჩეულია ერთ-ერთი სანატორიუმი, რომელიც გარემონტდება ამ დროისათვის. ამით ჩვენ ორ საქმეს ვაკეთებთ, - ერთი ის, რომ დეპუტატებს ექნებათ საცხოვრებელი და მეორე - ეს არის ძალიან დიდი სტიმული წყალტუბოს განვითარებისათვის. ინფრასტრუქტურის შექმნა დადებითად იმოქმედებს კურორტის აღდგენა-განვითარებაზე, ინვესტიციის მოზიდვაზე.

- ბატონო მამუკა, პირადად თქვენ რა საკითხები დააყენეთ პარლამენტში თქვენი მაჟორიტარობის პერიოდში?

- წყალტუბოში მიმდინარე პროცესებზე, დევნილების საკითხთან დაკავშირებით, შუქის პრობლემებზე, რომელიც ადრე იყო და დღეს უკვე მოგვარებულია. ასევე - სოფლის პრობლემებთან დაკავშირებით. შეიძლება, საჭირო არ გახდეს მაინცდამაინც მიკროფონთან მისვლა და ხმამაღლა ამ საკითხებზე საუბარი. ეს საკითხები კაბინეტებში და კომიტეტის სხდომებზე წყდება. შეიძლება, არ ჩანდეს, მაგრამ მაჟორიტარის სამუშაო ძალიან მნიშვნელოვანია.  პასუხისმგებლობა  შენი ამომრჩევლის წინაშე არ გაძლევს უფლებას, თავი არ შეიწუხო თითოეული მოქალაქისათვის. ძირითადად, ჩვენ გვჭირდება ძალისხმევა ჯანდაცვის კუთხით იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ამომრჩეველი სწორედ მკურნალობის ხარჯებისათვის მოგვმართავს. ჩვენც ვცდილობთ, დავეხმაროთ და ვუშუამდგომლოთ სამინისტროსთან.

- მაინც, რა მიგაჩნიათ თქვენი საარჩევნო ოლქის, ამ შემთხვევაში - წყალტუბოს, უპირველესად მოსაგვარებელ პრობლემად?

- წყალტუბოში უპირველესად მოსაგვარებელი პრობლემა არის დევნილების დაკმაყოფილება ბინებით, რაც  ინვესტიციების მოზიდვის საფუძველია. ეს ყველაფერი კი დასაქმების პრობლემასაც მოხსნის წყალტუბოში. როცა კურორტი ფუნქციონირებდა, ათი ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული. კურორტის ამ დონეზე აღდგენა ნიშნავს, რომ წყალტუბოს პოტენციალი ამას არ ეყოფა და მეზობელი რაიონებიდანაც დასაქმდება ხალხი. კურორტის აღდგენა 100 პროცენტით გადაჭრის დასაქმების პრობლემას წყალტუბოში.

- მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობა, ალბათ, სპეციფიკურია, როგორ მუშაობთ ამომრჩევლებთან?

- რეგულარულად ვხვდები ამომრჩეველს. როცა სასესიო კვირაა, მაშინ აუცილებლად ვიმყოფები თბილისში, არასასესიო კვირაში ვცდილობ, ვიყო რაიონში, თუ კომიტეტის აუცილებელი სხდომა არ არის. თვეში ერთხელ უთუოდ ჩავდივარ ერთ სოფელში და ვხვდები ამომრჩეველს, ეს უკვე ტრადიციად მაქვს დამკვიდრებული. ჩვენთან სულ 16 სოფელია და წლის განმავლობაში ერთხელ მაინც მიწევს ჩასვლა თითოეულში. ვისმენ მათ პრობლემებს და შეძლებისდაგვარად ვცდილობ დახმარებას.

- საინტერესოა, რამდენად გულწრფელი იყავით ინტერვიუს დროს?

- გულწრფელი ვიყავი, ჩემი აზრით,100%-ით. ვერ ვიხსენებ კითხვას, რომელზეც არ გიპასუხეთ გულწრფელად. არის რაღაცები, რაც ჩემთვის დავიტოვე.

- შეაფასეთ თქვენი გულწრფელობა 10-ბალიანი შკალით. რა ნიშანს იმსახურებთ?

- 9 ქულას დავუწერდი,  ის ერთი არის - ჩემთვის რომ დავიტოვე.

 

სალომე სანიკიძე

 

 

 რას ფიქრობენ წყალტუბოელები თავიანთ დეპუტატზე?

 ზურაბ იოსელიანი: „კი, როგორ არ ვიცნობ, მამუკა სანებლიძეა. ძალიან გადასარევი კაცია, ხშირად ხვდება მოსახლეობას და განიხილავს პრობლემებს. წყალტუბოში უამრავი პრობლემაა, ძირითადად - უმუშევრობაა ქალაქში. რა ვიცი, იმედია, დაგვასაქმებენ და ამოძრავდება ცოტა ქალაქი“.

მაგული ჩაკვეტაძე: „ვინაა ჩვენი დეპუტატი და - მამუკა სანებლიძე. კარგი პიროვნებაა და ხშირად ხვდება წყალტუბოელებს. პირადად სანებლიძემ რა გააკეთა არ ვიცი, მაგრამ ცხადია, წყალტუბოში კეთდება საქმე. ძირითადი პრობლემები ისაა, რომ სურსათი გაძვირდა და ხალხს ძალიან უჭირს. წყალტუბო საკურორტო ქალაქია, თუმცა დღეს დაკარგა ეგ სტატუსი.“

მამაკაცი (სახელი და გვარი არ გაგვიმხილა): „რაში გაინტერესებს, დეპუტატის სახელი? მამუკაა, სანებლიძე, ბატონო რა ვიცი, შეკრებაზე დადის ხოლმე, გველაპარაკება და შეძლებისდაგვარად აკეთებს საქმეს. მამუკას კი არა, პრეზიდენტს არ უჯერებს ადგილობრივი მთავრობა. პრობლემების მეტი რაა ქალაქში, უმუშევარია 95 პროცენტი, ბაბუ. ქალაქი კი არა, პატარა სოფელია. სასამართლო და ელექტროობა არ არის აქ. რაის ქალაქია წყალტუბო, დარჩა მარტო შენობები.“

ხნიერი ქალბატონი (სახელი და გვარი არ გაგვიმხილა): „კი, ვიცი, მამუკა სანებლიძე, მაგრამ ხალხისთვის არაფერი გაუკეთებია. უამრავი პრობლემაა ქალაქში, დაუსაქმებელია წყალტუბოელები.“

მოხუცი მამაკაცი (სახელი და გვარი არ გაგვიმხილა): „ჩვენს დეპუტატს არ ვიცნობ, ბაბუ. მე სოფელ ქვილიშორიდან ვარ. უმძიმესი მდგომარეობაა სოფელში. რაც პროდუქტი გაძვირდა, ვიხოცებით შიმშილით. ცაგერისკენ გზა რომ გაიყვანეს, ჩვენ რა, მოქალაქეები არ ვართ? წყალი გამოგვიყვანეს, მაგრამ გაავდარდება თუ არა, ტალახიან წყალს ვსვამთ. ამბობენ, გეიზარდა პენსიაო. თქვე კაი ხალხო, რომ მოვკვდები, მერე რად მინდა ეს ოხერი ფული! ხელისუფლება კიდევ გვატყუებს, ბაბუ.“

მზია: „მაპატიეთ, დეპუტატის გვარს ვერ ვიხსენებ. ისე კი ვიცნობ, ვინც არის. დეპუტატის უკმაყოფილო არ ვარ. ჩემ ახლობელს, წერეთლის უნივერსიტეტში რომ სწავლობდა, თანდათანობით გადაუხადა გადასახადი. რა თქმა უნდა, პრობლემები არის და სულ იქნება. ყველაზე მეტად ქალაქში ეკონომიური სიდუხჭირეა.“

გურამ კილაძე: „აუ, დეპუტატის სახელი და გვარი დამავიწყდა. არასდროს მინახავს ეგ ადამიანი. შე კაცო, პრობლემების მეტი რაა, წყალტუბოში ეკონომიურად ყველას უჭირს. აგერ, ბაზრობაზე, ლუკმაპურის საშოვნელად ვარ გამოსული, მეტი შემოსავალი არაფერი მაქვს“.

ხნიერი კაცი (სახელი და გვარი არ გაგვიმხილა): „არ ვიცნობ, ბაბუ, ერთი კვირა ვარ საავადმყოფოდან გამოსული და საკუთარი სახელი არ მახსოვს.“

ნათელა: „არ ვიცი, ბებო, ვინ არის ჩვენი დეპუტატი. ძალიან ცუდ დღეში ვართ წყალტუბოელები, დაუსაქმებელია ხალხი და ვშიმშილობთ“.

თინათინ ჩუბინიძე. (მეგობარს): „გოგო, რა ჰქვია ჩვენს დეპუტატს? უი, სანებლიძე ყოფილა, შვილო. პრობლემების მეტი რაა ჩვენს ქალაქში, აგერ, ქუჩაში, ორი კაპიკის საშოვნელად ვართ გამოსულები“.

მარგო ნავროზაშვილი: „მე არ ვიცი, ვინ არის ჩვენი დეპუტატი. წყალტუბოში, ძირითადად, უმუშევრობის პრობლემაა. ძალიან უჭირს ხალხს. აქ, ბაზრობაზე, 18 წელია ვმუშაობ და პროდუქტის მყიდველი ნაკლებად არის“.

 

კუთხეში მდგომი ადამიანები:

დათო: რა ვიცი, მგონი, სანებლიძეა ჩვენი დეპუტატი.

მიხეილი (აფხაზეთიდან ლტოლვილი): ეგ არის, ხო.

ემზარი: პირველად გავიგე თქვენგან. როდის ვახსენებთ, რომ გვახსოვდეს? პირადად არასოდეს მინახავს.

მიხეილი: უამრავი პრობლემაა წყალტუბოში. ჩვენ, დევნილებს, სახლებს რომ გვიშენებენ, მასზედ უკეთესი ტუალეტი არის. რა ბინაა მაგი, სამი კაცი თუ ვერ დაჯდა სამზარეულოში.

ემზარი: რაო სანებლიძემ, გიგინობს წყალტუბოში ხალხიო? ისე უგიგინებიათ მაგენს.

დათო: გაჩერდი, ბიჯო, გეიგებენ და სამივეს დაგვიჭერენ.

მიხეილი: 20 წელია, ვიხოცებით შიმშილით.

ემზარი: ამეიღე მერე ხმა, რაა, გეშინია მაგათი?..

დათო: ჩუმად, ვერ ხედავ, რომ იწერს?

ემზარი: ჩაიწეროს, მე არავის მეშინია. პრობლემაა, აბა, რაა! უმუშევარი, მშიერ-მწყურვალი ყრია ქუჩაში ხალხი და ჩინოვნიკები რესტორნებში ერთობიან, მაგენის დედავატირე მე!


ნოდარ ჯოჯუა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2106
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია