დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ორი საოპერო ვარსკვლავის დედა
2011/03/28 12:42:04

ბავშვობის აუხდენელი ოცნება მას შვილებმა აუსრულეს. უნდოდა სცენაზე მდგარიყო, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო (მამა პატარაობისას გარდაეცვალა, დედა პედაგოგი იყო და სამ შვილს ზრდიდა) ვერ შეძლო. ახლა კი, როცა ორ ვაჟს სიმღერისას ხედავს, უნდა, სცენა დაკოცნოს. შვილებს აკვნიდანვე ატყობდა, რომ განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდათ, „სხვანაირად ღუღუნებდნენო“, მითხრა. თავადაც კარგად მღერის, ბავშვობაში შემოქმედებით ოლიმპიადებზე გამოდიოდა და ფილარმონიაშიც კი უმღერია. ხმა და სმენა გენში მოსდევთ, მისი წინაპრებიც ამ უნარით ყოფილან დაჯილდოებულნი.

ქალბატონი ნაირა არაბიძე ორი ვაჟის დედაა, ორივე სცენას და ხელოვნებას აჩუქა. 27 წლის უჩა და 25 წლის გოჩა აბულაძეები ამჟამად იტალიის ქალაქ ოზიმოში, ამავე სახელწოდების საერთაშორისო საოპერო დაოსტატების აკადემიაში სწავლობენ.

იტალიამდე კი გრძელი გზა განვლეს. ქუთაისში ფეხადგმულებმა კლასიკური მუსიკის სიყვარულიც აქვე ისწავლეს, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში, ქალბატონ ლუბა ლომაკინას დახმარებით. თუმცა, მათი გზის განსაზღვრაში მთავარი მაინც დედა იყო, რომელმაც შეამჩნია თუ არა შვილების განსაკუთრებული ნიჭი, მაშინვე გვერდზე გადადო საკუთარი კარიერა და ხელოვნების სამსახური არჩია. არა და13 წლის განმავლობაში ქალბატონი ნაირა ავტოქარხნის დასახლებაში, ?3 ბაგა-ბაღში მუშაობდა პედაგოგად. პროფესიით ლიტერატორია. „კარგი იქნებოდა, ჩემი პირადი ცხოვრებაც მქონოდა, თუმცა, მათ რომ მივუძღვენი თავი, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. არ ვნანობ ამ ნაბიჯს. ბიჭებიც ამბობენ, რომ მშობლები მათთვის პირველები არიან. მე დღემდე მათთვის და მათით ვარსებობ, მომავალშიც ასე გაგრძელდება. მიხარია, რომ ჩემმა შვილებმა ჩემი და ჩემი მეუღლის თავგანწირვა სათანადოდ დააფასეს. მათი წარმატება ჩვენთვის საზღაურია,“ - გამიმხილა ქალბატონმა ნაირამ.

ბავშვობიდან მოყოლებული, მათთან იყო, მათ ლამაზ ხმებს უვლიდა და ცდილობდა, ხელი არაფერში შეშლოდათ. როცა ბიჭებმა თბილისში, კონსერვატორიაში ჩააბარეს (ორივე პირველ ცდაზევე მოეწყო, თანაც უფასო ადგილები დაიკავეს), დედაც თან წაჰყვათ, მამა კი რუსეთში წავიდა საქართველოში დატოვებული ცოლ-შვილის ფინანსური უზრუნველყოფისათვის. დედასა და შვილებს ქირით უწევდათ ცხოვრება, ხელოვანებისთვის გაუსაძლის პირობებში. „ასე გავატარეთ 6 წელი. მათ განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდათ. გოჩას ხმა ბარიტონია, უჩასი - ტენორი. ამის გამო მათ სხვადასხვაგვარი ინჰალაციები და კვება სჭირდებოდათ. მე, როგორც შემეძლო, ხელს ვუწყობდი. სასწავლებელშიც აღნიშნავდნენ, თურმე, რომ მათ ჩემი ზრუნვა ეტყობოდათ“.

უჩა და გოჩა კონსერვატორიაში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდნენ, მათ წინსვლასა და წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს დიდმა მაესტრომ ნოდარ ანდღულაძემ, ვაჟა ჩაჩავამ და გულიკო კარაულმა. ძმებმა იტალიაში გამგზავრების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს. 2010 წელს ოზიმოს აკადემიაში სულ 6 კაცი მოეწყო და აქედან ორი ქართველი, ერთი ოჯახიდან. მიუხედავად დიდი ბედნიერებისა, დაბრკოლება მაინც არსებობს და ეს მხოლოდ ფინანსური მხარეა. მათი სწავლა წლიურად 3000 ევრო ღირს, რომელსაც საქართველოში დარჩენილი მშობლები ანაზღაურებენ. ამას ემატება საყოფაცხოვრებო დანიშნულების ხარჯებიც. ბატონი ვასო  და ქალბატონი ნაირა ახლა სოფელ სიმონეთში ცხოვრობენ. (ქუთაისის ბინა ბიჭების სწავლას შეეწირა), მცირე ბიზნესით არიან დაკავებულნი და შვილების წარმატებისთვის დაუღალავად შრომობენ, იციან, რომ აუცილებლად დაუფასდებათ ამაგი. 

ქალბატონი ნაირა არაბიძე ცნობილი იუმორისტის, ნიკა არაბიძის ბიძაშვილია და გასაკვირიც არ იქნება, ალბათ, რომ მასაც იუმორის გრძნობა მძაფრად აქვს განვითარებული. ქალბატონი ნაირას ერთ-ერთმა ნაცნობმა მითხრა, რომ ნიკა არაბიძის ზოგიერთი ხუმრობის ავტორი სწორედ ის ყოფილა, იმერელი ქალი - განსაკუთრებულად მახვილი ენით. ამავე ნაცნობმა (რომელმაც სახელის და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა) ისიც მითხრა, რომ ნიკას ისე კარგად არ გამოსდის ხუმრობები, როგორც ქალბატონ ნაირას, იმედია, ნიკას არ ეწყინებაო.

იუმორის გრძნობა შვილებსაც გამოჰყვათ, კიდევ ბევრ სხვა ნიჭთან ერთად.

ქალბატონი ნაირა და ბატონი ვასო სიყვარულით დაქორწინდნენ, ამ გრძნობას შეჩვეული ბავშვებიც განსაკუთრებულად თბილ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. ალბათ, არც არის გასაკვირი, რომ დიდი სამეგობრო წრე ჰყავთ, მათ შორის ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: ნინო სურგულაძე, ნინო მაჩაიძე, ანიტა რაჭველიშვილი და ხელოვნების არაერთი სხვა წარმომადგენელი. აქ დარჩენილი მეგობრები ახლა მათ მშობლებს სტუმრობენ ხოლმე. ღამითაც რჩებიან და ქალბატონი ნაირას გამომცხვარი იმერული ხაჭაპურის გემოც არ ავიწყდებათ. ბატონი ვასოც ძალიან მეგობრულია და ახალგაზრდების კარგად ესმის.

შვილებს კი ყოველ საღამოს უკავშირდებიან ინტერნეტის მეშვეობით, „სკაიპით“ ხედავენ კიდეც, მაგრამ მშობლის გულისთვის ეს, ალბათ, მონატრების დასაძლევად საკმარისი არ არის. „იმ დღეს, როცა ვერ გვიკავშირდებიან, ან მათი მეგობრები არ ჩანან, ძალიან დეპრესიული ვარ. სოფელში გვაქვს ინტერნეტი და კარგი საშუალებაა ურთიერთობისთვის. ყოველ საღამოს მირეკავენ ხოლმე, დამიძახებენ: „დედულიკ“ და მიყვებიან თავიანთი „იტალიური“ ცხოვრების შესახებ.“

ქალბატონ ნაირას კლასიკური მუსიკა თავიდან დიდად არ ჰყვარებია, მაგრამ შვილების 4-ჯერ დანახვა სცენაზე საკმარისი აღმოჩნდა, რომ ხელოვნების ამ ჟანრს მისთვის თავი მოეწონებინა. ახლა ყოველ დღე უსმენს ან შვილების აუდიო ჩანაწერებს ან სხვადასხვა ცნობილ საოპერო არიებს.

ჩვენ დავუკავშირდით იტალიაში მყოფ ძმებს და ვთხოვეთ, ორიოდე სიტყვით აღეწერათ რა დამოკიდებულება აქვთ როგორც ერთმანეთთან, ისე მშობლების მიმართ.

მათ პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. როგორ შეხმატკბილებულადაც ვმღერით, ასეთივე ძმობა გვაქვს. ერთმანეთისთვის ჩვენ ვართ მშობლებიც, დედმამიშვილებიც და მეგობრებიც. ერთად ბევრ სპექტაკლში გვითამაშია და ბევრ კონცერტზეც გვიმღერია. რაც შეეხებათ მშობლებს, ისინი არიან ჩვენთვის მაგალითი პატიოსნების, დაუზოგავი შრომის, თავდადების, სტუმართმოყვარეობისა და სიყვარულის მხრივ. დიდება უფალს, რომ ახლა ჩვენ ვახარებთ ჩვენი წარმატებებით, სხვაგვარად ვერ წარმოგვიდგენია იმ ამაგის დაფასება, რაც მათ ჩვენზე გასწიეს.“ 

წინსვლა და მისით გამოწვეული სიხარული კი იშვიათი არ არის აბულაძეების ოჯახისთვის.

სულ ორიოდე კვირის წინ გოჩამ გამარჯვება მოიპოვა ქალაქ ფერარაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე და პირველი ადგილის ტიტულის მფლობელთან ერთად გახდა                    „მაყურებლის სიმპათიაც“. გოჩა სამ აპრილს იმღერებს ფერარას ოთხსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე საოპერო თეატრის სცენაზე. კონკურსში უჩასაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა, როგორც ქალბატონმა ნაირამ მითხრა, ძმებმა გადაწყვიტეს, რომ ერთმანეთს კონკურენცია არსად გაუწიონ. სადაც გოჩა მიიღებს კონკურსში მონაწილეობას, იქ უჩა არ გამოვა და - პირიქით.

როგორც ხედავთ, მშობლების თავგანწირვა უკვალოდ არ ქრება და ეს მხოლოდ დასაწყისია...

ვაჟების წარმატებით განებივრებულ დედას ახლა ერთი ოცნება აქვს: უნდა, რომ ბიჭებმა სიყვარულით იცხოვრონ და როგორც ადრე თავადვე ოცნებობდნენ, ბევრი შვილი გააჩინონ, ბებია კი საკუთარი შვილიშვილების ბაღის გამგედ დანიშნონ და კარიერის მხრივ დაკარგული წლები ამით აუნაზღაურონ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2107
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია