საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რამდენად თვითკრიტიკულია ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი
2011/03/28 12:39:42

ჯაბა მაღლაკელიძე: ჩემი სახლი ყველამ იცის და არასამუშაო საათებშიც შეიძლება ჩემი ნახვა.

ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა მაღლაკელიძე 2003 წლიდან ნაციონალური მოძრაობის წევრია. მისი ცხოვრების მთავარი კრედო ქვეყნის წინსვლაა. არის თვითკრიტიკული ადამიანი. არ უყვარს საკუთარ დადებით თვისებებზე საუბარი და ურჩევნია, მისი შემფასებელი ამომრჩეველი იყოს. თავისუფალ დროს, როგორც ყველა მამაკაცი, უყურებს ტელევიზორს.  ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 

 

ნაწილი პირველი - უჰალსტუხოდ... 

- ბატონო ჯაბა, რა პროფესიული გზა განვლეთ, ვიდრე მაჟორიტარი დეპუტატი გახდებოდით? 

- უფრო პოლიტიკური გზა გავიარე. სკოლის დამთავრების დღიდან ჩართული ვიყავი ეროვნულ მოძრაობაში. პირველ წელიწადს ვერ მოვეწყვე უნივერსიტეტში და საბავშვო ბაღში ვმუშაობდი ცეცხლფარეშად, შემდეგ მომიწია მექანიკოსად მუშაობა და ასე შემდეგ. სანამ პარლამენტში მოვიდოდი, მნიშვნელოვანი თანამდებობა არ მქონია. მაჟორიტარობამდე იყო ერთი თანამდებობა - გახლდით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში დეპარტამენტის უფროსი.

- გაგვიმხილეთ  თქვენი სამი უარყოფითი თვისება, რაც არ მოგწონთ  და  სამი დადებითი თვისება, რაც მოგწონთ თქვენში.

- ვარ ძალიან ფიცხი, ზედმეტად ემოციური. ეს არის ყველაზე უარყოფითი თვისება ჩემში. ამის გამო ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები. თანამშრომელს ხანდახან საყვედურს რომ ვეტყვი, შემდეგ ვნანობ. ძირითადად სამართლიანი ვარ, მაგრამ თვით ფორმა არ მომწონს. ვაღიარებ, რომ გაცილებით ბევრი მაქვს უარყოფითი თვისებები, მაგრამ ზედმეტი ემოციურობა არის ყველაზე უარყოფითი ჩემში. დადებითი თვისებების ჩამოთვლისაგან თავს შევიკავებ. მე ისეთი პროფესია მაქვს, რომ ჩემს დადებით მხარეებზე, ჯობია, სხვებმა ისაუბრონ. ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი ცოტა უხერხულია. 

- იუმორთან როგორა ხართ?

- მეგობრებს თუ დავუჯერებთ იუმორი საკმაოდ კარგად გამომდის.

- სამაგიდო წიგნი თუ გაქვთ და თუ გახსოვთ, ამ ბოლო ხანს რა წაიკითხეთ?

- ჩემი სამაგიდო წიგნი არის და იქნება კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“. ახლა კი დაემატა ნოდარ გრიგალაშვილის „თანამდევი სული“, რომელსაც ამჟამად  ვკითხულობ. ჯერჯერობით ვერ მოვახერხე დამთავრება, თუმცა მინდა ვუთხრა ყველა წიგნის და ამავდროულად, დიდი ილიას მოყვარულებს, რომ ეს წიგნი აუცილებლად წაიკითხონ.  ეს არის ჩვენი უდიდესი ქართველისა და საქართველოს მე-19 საუკუნის საათობრივ-წამობრივი ისტორია, პრაქტიკულად.
- გაზეთებს თუ ეცნობით და რომელს უფრო ენდობით?

- გაცნობით ვეცნობი, მაგარმ რაც შეეხება ნდობას, ვენდობი გაზეთებს და არა - პროკლამაციებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ნიჭის დაცემით. ალბათ, ადვილი მისახვედრია, რომელი გაზეთები მაქვს მხედველობაში. ჩემი პოლიტიკური პოზიცია, ალბათ, იძლევა იმის მიხვედრის საშუალებას, თუ რომელია ჩემთვის უფრო სანდო. გაზეთია ეს თუ სხვა საშუალება, აუცილებლად უნდა იყოს ობიექტური, უნდა ხედავდეს როგორც დადებით, ასევე - უარყოფით მხარეებს ამა თუ იმ მოვლენისას.

- ხარაგაულში თუ არსებობს  დამოუკიდებელი გაზეთი და თუ ეცნობით საერთოდ ადგილობრივ პრესას?

- არსებობს, უკვე დიდი ხანია, აბსოლუტურად თავისუფალი გაზეთი          „ჩემი ხარაგაული“. ყოველ ორშაბათს გამოდის და თუ არ გინდა, მოწყდე რაიონის ცხოვრებას, აუცილებლად უნდა გაეცნო მას.

- ბატონო ჯაბა,  თქვენი ქონებრივი მდგომარეობა როგორია?

- დეკლარაციაში თუ ჩაიხედავთ, თითქმის ყველა გრაფა ცარიელია. განსაკუთრებული არაფერი მაქვს. ერთადერთი, ავტომობილია ჩემს საკუთრებაში, 2007 წლის „ნისან მაქსიმი“, რომელიც, ჯერჯერობით,  ბანკისაა.

- საბანკო ანგარიშზე რა თანხა გიდევთ?

- მაქვს საკრედიტო ბარათი, რომელზეც ამ წუთისათვის არაფერი დევს.

- რამდენია ხოლმე თქვენი ჯიბის ფული?

- სხვადასხვანაირად. არასოდეს არის ბევრი და ხშირად არის ცოტა.

- რომელ სიგარეტს ეწევით, თუ ცხოვრების ჯანსაღი წესი მოგწონთ?

- „კენტს“ ვეწევი და თანაც - ძალიან ბევრს.

- რომელიმე სპორტით ხომ არ ხართ დაკავებული?

- ბავშვობიდან მიყვარს ფეხბურთი. შესაბამის ასაკში ბურთს დავდევდი, მაგრამ ფეხბურთელი არასოდეს ვყოფილვარ. ახლა მხოლოდ ტელევიზორიდან ვადევნებ თვალყურს საქართველოსა და მსოფლიო საფეხბურთო მატჩებს.

- რომელი ფირმის ტანისამოსს, ფეხსაცმელსა და სუნამოს იყენებთ?

- სიმართლე გითხრათ, ამ კუთხით ძალიან გათვითცნობიერებული არ ვარ. სუნამოებს რაც შეეხება, ძირითადად რაიმე დღესასწაულებზე მეგობრები მჩუქნიან. ისე, „ჰუგო ბოსს“ და „გუჩის“ ვანიჭებ უპირატესობას.
- ჰალსტუხი გიყვართ თუ მას თანამდებობრივი მდგომარეობის გამო ხმარობთ?

- „თავისუფლების მოყვარე კაცს, არამგონია, ჰალსტუხი მაინცდამაინც უყვარდეს. თუმცა, ოფიციალურ შეხვედრებზე და სხვა მიღებებზე ვერ გაექცევი მის ტარებას. არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელთაც უხდებათ და ელევიან თავისუფლების რაღაც ნაწილის შეზღუდვას. ჩემი პიროვნებისთვის მაინცდამაინც სასურველი ატრიბუტი არ არის, უჰალსტუხოდ უკეთესად ვგრძნობ, თავს.

- რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად ადამიანში?

- უმადურობა ძალიან მაღიზიანებს. კონსტანტინე გამსახურდია გავიხსენე წეღან, იქ ამბობს მეფე გიორგი, რომ ადამიანი შეიძლება ნებისმიერ მდგომარეობაში ჩავარდე, შეიძლება იყო გულბოროტიც და ძალიან ლმობიერიც. უმადური, ალბათ, არ უნდა იყო კაცი. უნდა შეგეძლოს როგორც კარგის, ასევე - ცუდის შემჩნევა.

- ჭორები თუ გაგიგიათ თქვენს შესახებ და რა რეაქცია გაქვთ?

- ეს ჩვეულებრივი ამბავია, რა პრობლემაა, იჭორაონ. ვფიქრობ, რომ შავი პიარიც პიარიაა.

- რა განცდა გაქვთ, როცა გატყუებენ?

- თუ ვგრძნობ, რომ მატყუებენ, განცდა კი არა,  რეაქცია მაქვს და თან - ძალიან ცუდი.

 

ნაწილი მეორე - ჰალსტუხით...

- ბატონო ჯაბა, რა იყო თქვენი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი სლოგანი?

- „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“. მე ხომ კენჭს ვიყრიდი ერთიანი გუნდიდან, რომელიც დღემდე ასეა და, იმედი მაქვს, ყოველთვის ასე იქნება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც წარმატებას ერთად აღწევს და, შესაბამისად, მეც ამ გუნდის ნაწილი ვარ.

- გაიხსენეთ თქვენი  საარჩევნო დაპირებები, რისი გაკეთება შეძელით და რისი - ვერა.

- ჩემი საარჩევნო დაპირება იყო ზუსტად ის, რა გეგმა და პროგრამაც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას მთელი საქართველოს მასშტაბით. მქონდა დაახლოებით ასამდე შეხვედრა ხარაგაულში. არცერთი პირადი დაპირება მე არ გამიცია, ეს იყო ერთიანი გუნდის გეგმა. ინფრასტრუქტურის გამოსწორება და გაზიფიკაციის საკითხების მოგვარება ხარაგაულში. გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა უკვე მიდის, გაზიფიკაცია, სავარაუდოდ, დაიწყება ამ წლის ბოლოს. ჩვენ რასაც დავპირდით მოსახლეობას, მომდევნო არჩევნებისთვის იქნება თითქმის შესრულებული. ზოგი რამ, შეიძლება, ტექნიკური პრობლემების გამო,  ვერ მოესწროს იმ დროში. მე შეგახსენებთ, რომ ამ ოთხ წელიწადს დაემთხვა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, ამის შემდეგ - ცნობილი რუსთაველის ბლოკირება, რამაც შეაფერხა ყოველმხრივი სამუშაოები და მათ შორის, შეაჩერა საქართველოს განვითარების გეგმა. რუსთაველის აქციებს 2008 წლის ომზე ნაკლები დარტყმა მაშინ საქართველოსთვის არ მოუტანია. ყველაფერი ამის გამო რაღაც სააქმეების დასრულება გაგვეწელა. ეს იქნება პრობლემა, რაც შეიძლება, შეიქმნას ჩვენს დაპირებებში.

- რა საკითხები დააყენეთ პარლამენტში თქვენი მაჟორიტარობის პერიოდში?

- მე  გახლავართ გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების, ასევე - მაღალმთიანი რეგიონის და  რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის წევრი. ხარაგაული გახლავთ ბუნებრივ რესურსთან, ანუ ხე-ტყესთან დაკავშირებული რაიონი. არ არის კომიტეტის არცერთი სხდომა, სადაც არ განხილულა ხე-ტყის მოვლა-პატრონობა და მეურნეობის განვითარების საკითხები. ასევე, გახლავართ რამდენიმე პროექტის თანაავტორი, მათ შორის, ეგრეთ წოდებული მუნიციპალიტეტის რწმუნებულის ინსტიტუტთან დაკავშირებით. სადაც რწმუნებულებს კონსტიტუციურად გაუმყარდათ და გაუმაგრდათ ის უფლებამოსილებები, რომელიც უფრო ეფექტურს გახდიდა მათ მუშაობას სოფლებში.

- რა მიგაჩნიათ თქვენი საარჩევნო ოლქის, ამ შემთხვევაში - ხარაგაულის უპირველესად მოსაგვარებელ პრობლემად?

- ხარაგაულისათვის უმთავრესი პრობლემა, ისევე, როგორც მთელი საქართველოსათვის, არის დასაქმება. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ამ  კუთხით წელს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგმული. იწყება ძალიან დიდი მშენებლობები, როგორც საავტომობილო გზებზე, ასევე - სარკინიგზო მაგისტრალზე, სადაც 90 პროცენტი - ხარაგაულელი მოსახლე იქნება დასაქმებული.

- პრიორიტეტების მიხედვით დაგვისახელეთ კიდევ სამი პრობლემა, რომლის მოგვარებაც  აუცილებელია ხარაგაულისათვის და რა წვლილის შეტანას აპირებთ მათ გადაჭრაში?

- დასაქმება, გაზიფიცირება და ეს პრობლემა არ არის სპეციფიური, გეგმა შედგენილია, მუშაობა მიდის. მოგეხსენებათ, გაზიფიცირება ვერ მოხდება ალაგ-ალაგ, ეს უნდა მოხდეს სწორხაზობრივად. ჩვენი წვლილი იქ უკვე შეტანილია, როგორც გუნდის, ასევე - ჩემი პირადი.

- თქვენ, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, მაინც როგორ მუშაობთ ამომრჩევლებთან?

- დეპუტატის საქმიანობაში უმთავრესია, იდგეს თავის ხალხის გვერდით, იცოდეს პრობლემები. მაჟორიტარი დეპუტატი არის უმოკლესი გზა ამბის მოტანისა ცენტრალურ ხელისუფლებაში. პარლამენტში მოდის მოქალაქეების თხოვნები, ამა თუ იმ საკითხზე და ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ იმის ფარგლებში, რა კომპეტენციაც საქართველოს პარლამენტს და მის წევრებს გაგვაჩნია.

- თუ გაქვთ ადგილზე, რაიონში მოქმედი ბიურო და რა შედეგი აქვს ამ ბიუროს საქმიანობას?

- ბიურო არის კომუნიკაციის საშუალება მოქალაქეებსა და ჩემს შორის. იმ დროს, როცა არ ვიმყოფები ხარაგაულში, ბიურო, პრაქტიკულად, 24 საათის განმავლობაში არის მობილიზებული. ხარაგაულში ხშირად მიწევს ჩასვლა და მოსახლეობასთან მაქვს ახლო კონტაქტი. ჩემი სახლი ყველამ იცის და არასამუშაო საათებშიც შეიძლება ჩემი ნახვა.

- ძირითადად რა პრობლემებით მოგმართავენ თქვენი ამომრჩევლები?თუ ახერხებთ დახმარებას?

- პრიორიტეტული პრობლემა არის უმუშევრობა.. ასევე, პირველ წელს იყო ძალიან ინტენსიურად ოპერაციებზე თანხებით დახმარება და ეს შემცირდა მას შემდეგ, რაც მოსახლეობა დაეზღვია. თუ რაიმე გაუგებრობა არ მოხდა სადაზღვეოსა და მოქალაქეს შორის, ჩვენამდე მოსახლეობა ამ პრობლემით თითქმის  აღარ მოდის.

- რას უნდა ელოდოს სამომავლოდ თქვენი ამომრჩეველი? რა გეგმები გაქვთ?

- ჩვენი ამომრჩეველი უნდა ელოდოს ყველა იმ პროექტის დასრულებას, რომელიც უკვე დაწყებულია. ძალიან მალე ბევრი ხარაგაულელი დასაქმდება, დაიგება უფრო მეტი გზები ხარაგაულში, ამ წლის ბოლოსათვის შემოვა გაზი. ასევე, იქნება კიდევ უფრო მეტი თანადგომა, შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმის გაკეთება, რაც შეიძლება, ერთმა ჩვეულებრივმა ხარაგაულელმა და ერთმა ჩვეულებრივმა დეპუტატმა გააკეთოს.

- რამდენად გულწრფელი იყავით ინტერვიუს დროს?

- ეს უკვე იმ მკითხველმა და ამომრჩეველმა შეაფასოს, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს.

- შეაფასეთ თქვენი გულწრფელობა 10 ბალიანი შკალით. რა ნიშანს იმსახურებთ?

- ალბათ, 9 ქულას დავწერდი, რადგანაც არ ვთქვი ისეთი რაღაცეებიც, რაც ჩემს პიროვნებას შეეხებოდა.

 

რა იციან ხარაგაულელებმა თავიანთ დეპუტატზე?

შორენა მანჯავიძე: ჩვენი რაიონის დეპუტატი, მე მგონი, ჯაბა მაღლაკელიძეა. პირადად არ ვიცნობ, რადგან არასდროს შევხვედრივარ. რას აკეთებს რაიონისთვის, არაფერი ვიცი. რომ შევხვდე, რას გამიკეთებს და ამიტომ არც მასთან შეხვედრა მაინტერესებს.

 

ოთარ იჩქიტიძე: ჩვენი რაიონის დეპუტატი ჯაბა მაღლაკელიძეა. რა გააკეთა, კარგად არ ვიცი. სოფელში ვცხოვრობ, სახლიდან ვერსად გავდივარ და მიჭირს გაგება, დეპუტატი რას აკეთებს...

ისე, ჩემს უბანში გზა არის გასაკეთებელი.

 

თამრიკო კიკნაძე: დეპუტატმა რა გააკეთა? ვაიმე... ვინ არის, როგორ არ ვიცი - ჯაბა მაღლაკელიძეა, მაგრამ... გონების თვალს ვავლებ ახლა და მისგან გაკეთებულს ვერაფერს ვიხსენებ... ნამდვილად არ ვარ ინფორმირებული.

ნინო ტაბატაძე: რაიონის დეპუტატი ჯაბა მაღლაკელიძეა. თუ რამე გააკეთა, ნამდვილად არ ვიცი და ხალხისთვის რომ არაფერი გაუკეთებია, ფაქტია. ჩვენს დასახლებაში გზა არ გვაქვს. გაზს შეგვპირდნენ, გზის გაკეთებას, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. ერთი, წყალი გაგვიკეთეს და ისიც მღვრიე მოდის. ნამდვილად არ ვართ კმაყოფილნი.

იზა შარიქაძე: არაფერზე არ ვარ ინფორმირებული, რა გააკეთა დეპუტატმა ჯაბა მაღლაკელიძემ. არაფერი ვიცი მისი საქმიანობის შესახებ, ვერ გიპასუხებთ და რა ვქნა?!

 

ინტერვიუები ჩაიწერეს  და მოგვაწოდეს ხარაგაულელმა კოლეგებმა

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1485
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია