დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას ფიქრობენ ზესტაფონელები თავიანთ დეპუტატზე?
2011/03/21 13:01:51

ნათელა კაპანაძე: „დედა, რა ვქნა ახლა, დეპუტატის სახელი და გვარი დამავიწყდა. ნამდვილად არ მახსოვს, ვერ გეტყვით. ჩემო კარგო, პრობლემები ყველგან ბევრია, ჩვენს უბანში გაზი არ არის, ქვედა საქარაში ვცხოვრობ, თითქმის ქალაქს ეკუთვნის, ჩუბინიძეების ქუჩადაა მოხსენიებული. დავწერეთ განცხადება, შეგვპირდნენ და, ალბათ, გააკეთებენ.“

 

დავით ჩუბინიძე: „მგონი, კახა გეწაძეა... რა ვიცი, ზესტაფონი შენდება, ყველაფერს ერთად ვერ გააკეთებენ. ქალაქში მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. ეგ კაცი, თუ არ ვცდები, ახალი დანიშნულია და შეიძლება რაიმე გააკეთოს.“

 

შუახნის ქალბატონი (სახელი და გვარი არ გაგვიმხილა): „არ ვიცი, შვილო, ვინაა ჩვენი დეპუტატი. ქალაქში მოსახლეობის 80 პროცენტი დაუსაქმებელია, ორი ობოლი ბავშვი და სტუდენტი მყავს, მხოლოდ 55 ლარი პენსიით ვირჩენთ თავს.

 

მამუკა ნიკოლაძე: „კახა გეწაძეა ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი. რა ვიცი, ჩემთვის არაფერი დაუშავებია, არც ფული მოუცია არავის (იცინის.). კი, ჩამოდის ხოლმე, მაგრამ მასთან საერთოდ არ მაქვს კონტაქტი. პრობლემების მეტი რაა. აი, თუნდაც დასუფთავებისა და უმუშევრობის მხრივ. სატვირთო მანქანა მყავს და ერთი თვეა, არ დამიქოქია. ეხ, ქე ხედავ, რომ ტყუილად ვაგდივარ აგერ. გავიგე, ავტობანის მშენებლობა იწყებაო და იქნებ დაგვასაქმონ.“

 

მერაბ ცერცვაძე: „რაიონის მაჟორიტარს არ ვიცნობ, მაგრამ ამბობენ, ცუდი ადამიანი არ არისო. ქალაქში უამრავი პრობლემებია, გზები არის გასაკეთებელი, ძალიან გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტები, ხალხი უმუშევარი ვართ. მე, პირადად, ვეძებ სამსახურს, თუმცა ვერსად ვიპოვე. C ჰეპატიტით დაავადებული ბავშვი მყავს, მკურნალობისთვის 12, 000 დოლარია საჭირო, რომლის საშუალება არ მაქვს. საიდან ვიშოვო, ვის მივმართო? არ შეიძლება ასე უყურადღებობა!“

 

რომან ღამბაშიძე: „არ ვიცი, ბიძია, დამანებე თავი ამ მოხუც კაცს. პრობლემები ის არის, რომ გაძვირდა ცხოვრება, გაჭირვებულია ხალხი, მეტი რაღა გითხრა. სამუშაო არ არის, ამას სადაც მინდა, იქ ვიტყვი, თუნდაც-სააკაშვილთან.“

 

თამაზ აბულაძე: „გეწაძეა ჩვენი დეპუტატი, მშვიდობის მხრივ კარგადაა ყველაფერი, მხოლოდ დასასაქმებელია ხალხი, უამრავი საწარმოა გაჩერებული და ცხოვრება გაუსაძლისდა.“

 

ნუგზარ კირკიტაძე: „ვინ არის ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი და - მერაბ მეშველიანი. ასე ამბობენ, კაი კაციაო. თავად არასოდეს შევხვედრივარ. ქალაქში პრობლემების მეტი რაა, ხომ ხედავთ, ორმოებია გზაზე. მე, როგორც ზესტაფონის მკვიდრი, დადებითად ვაფასებ მაგ პიროვნებას და გასაკეთებელი კიდევ ბევრია.“

 

რომან ბენიძე: „გეწაძეს ვიცნობ, კაცო, რას გადამეკიდე, ჰა? ძალიან კარგი მუშა კაცია. ქალაქში მაგის რეკომენდაციებით კეთდება ყველაფერი. გადახედეთ, როგორი იყო უწინ ზესტაფონი და მერე დასვით კითხვები. ყველა სოფლის გაზიფიცირება მიმდინარეობს, ისე გაზარმაცდა ხალხი, ქარხნები რომ აუშენო, მაინც არ იმუშავებენ. ურჩევნიათ, „ჯოკერი“ ითამაშონ ქუჩაში.“

 

ქალბატონი, (სახელი და გვარი არ გაგვიმხილა): „ ჩვენი დეპუტატი კახა გეწაძეა, ძალიან კარგი პიროვნებაა. ქალაქში მთავარი პრობლემა დასაქმებაა. აქ ქუჩაში ყველა დიპლომიანები ვვაჭრობთ, მაგრამ რა ვქნათ? ასე ვარჩენთ ოჯახს. პრობლემაა სამედიცინო სფეროში, ბავშვი ავად გამიხდა და, რაც ერთ თვეში გამოვიმუშავე, სულ აფთიაქებში მივიტანე. ექიმთან მიხვალ 25, 30 ლარი გინდა კონსულტაციაზე. ახლა ეს ვაუჩერები რომ რიგდება, ნახეთ „ლიბერთი“-ბანკში რა ამბავია. ლამის ერთმანეთი დახოცეს. ხომ შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო, მოეცათ უფლება, ქაღალდი მაღაზიაში მიგვეტანა და იქიდან სურსათი წამოგვეღო.“

 

დავით ბუცხრიკიძე: „ზესტაფონის მაჟორიტარია კახა გეწაძე, ძვირფასი კაცია, რაიონი ცუდს ხომ არ აირჩევდა. პრობლემები ყველგანაა, ბიძია, ბინაში ვცხოვრობ, ლიფტია გასაკეთებელი, დასაქმება გვინდა, ყველაფერს ასე უცებ ვერ მოაგვარებენ და იმედია, თანდათან გაკეთდება ყველაფერი.“

 

ქალბატონი, (ვინაობა არ გაგვიმხილა): „ჩვენი რაიონის მაჟორიტარი გეწაძეა, პრობლემების მეტი რაა საქართველოში, საჭმელი არ არის, ფული არ იშოვება და გაჩერებულია საწარმოები. ზესტაფონში უკიდურესად უმძიმესი სოციალური პრობლემებია, ხალხი შიმშილობს, ერთეულები კი ხარობენ. მე ძალიან მიჭირს, დღეში ერთი ლარი არ მაქვს შემოსავალი.“

 

ამირან მემანიშვილი: „კახა გეწაძეს ჩვენთვის არაფერი გაუკეთებია. კვალითში, ფერმის უბანში, 20 მოსახლე ვცხოვრობთ, გასულ წელს გეწაძე მოვიდა, ჩაატარა თათბირი და გაზიფიცირებას დაგვპირდა, მაგრამ მას შემდეგ ჩვენთვის ყურადღება არავის მოუქცევია.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2095
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია