დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზღვის ხმაურით შთაგონებული პოეზია
2011/03/14 13:10:57

არსებობენ ადამიანები, რომელთა დასახასიათებლად სიტყვების ძებნაა საჭირო, რომლებიც თავიანთი გამორჩეულობით სიცოცხლეს მნიშვნელობას სძენენ და შენც ისეთ რამეზე დაგაფიქრებენ, რაც ადრე აზრადაც არ მოგსვლია. ასევე, არსებობენ ადამიანები, რომელთაც საკუთარი თავი უკვე იპოვეს და ამ ნიშნით გარკვეულ სრულყოფასაც კი მიაღწიეს. როგორც ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ყველაზე რთული ხომ საკუთარი თავის შეცნობა და პოვნაა.  და როცა ორივე ზემოთ თქმული  ერთ პიროვნებაშია თავმოყრილი, ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, ალბათ.

მასთან ინტერვიუ ძალიან საინტერესო იყო... მის მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა კი ემოციით და მნიშვნელობით სავსე.„პოეზია ჩემი ბედისწერაა... მე ვარ, როცა ვწერ... ამით შევიგრძნობ საკუთარ თავს და გარშემომყოფთ, მთელ სამყაროს ვითავისებ ლექსით და მიყვარს, როცა ასეა...“ -  ყველაზე მეტად ეს სიტყვები ჩამრჩა მეხსიერებაში, მათი მეშვეობით ხომ ბევრი რამ არის ნათქვამი რობერტ მესხის პიროვნებაზე. ლექსის წერა ბავშვობაში, სოხუმში, საკუთარ სახლში დაიწყო. შთაგონების წყარო წითელი ტყემლის ხე ყოფილა, რომლის   ნაყოფსაც    არაერთხელ   „დაუჭრია“   შიგ   გულში.   ლექსებიც   ამ         „ჭრილობებთან“ ერთად დაბადებულან. ტყემლის ხეზე შეყვარებულსა და მუზით აფორიაქებულს, უძილო ღამეებში ხშირად ელანდებოდა, თითქოს, ეზოში, წითელ კაბაში გამოწყობილი ქალი მას უხმობდა. მას შემდეგ ნამდვილი სიყვარული იპოვა, - 2000 წელს ფიქრია ჩხარტიშვილზე იქორწინა და მისთვის არაერთი ლექსი მიუძღვნია.

„ჰგავს ვერცხლის შანდალს შუაღამით წყნეთის ფერდობი,

ზედ რომ სანთლებად დანთებულან ლამპიონები.

კვლავინდებურად შენ მყავხარ და შენ ერთს გენდობი

გულით, გონებით...

და როცა გხედავ ასე ჩუმს და ასე ნაღვლიანს,

მახსენებ ნაცნობ ზღვაურსა და ცხუმის ამინდებს;

ადრეც გითხარი, წვიმა ჩვენი ბროლის სახლია, -

ნეტა გაწვიმდეს!..“

„წყნეთის ფერდობი,“ ასე ჰქვია ამ პატარა, მაგრამ ლამაზ ლექსს.

როგორც თვითონ მითხრა, რამდენიმეწლიან სიყვარულს ფრთები შეასხეს

და მოგონებები ერთად აკინძეს, მაგრამ არა ჩვეულებრივი მოგონებები, არამედ -  მოგონებები სოხუმიდან - ქალაქიდან, რომელიც რობერტ მესხისთვის „უძვირფასესი სევდის“ მომგვრელია ყოველთვის.

„ის ყოველთვის უძვირფასესი იყო ჩემთვის, როგორც, ჩვეულებრივ, მშობლიური ქალაქებს სჩვევიათ ხოლმე... სხვანაირი მოფერება იცოდა, ხავერდის წვიმებით, უთბილესი ბრიზით... რომ დადიოდი, „ბრეხალოვკის“ ყავის სურნელი დაგდევდა, მიმოზების მტვერი გეყრებოდა თავზე და ადამიანები ანათებდნენ მზეებივით... მე არსად, არასოდეს მინახავს ასეთი ბედნიერი ქალაქი, რომელსაც მერე ომმა თვალები დასთხარა, როგორც ჭურვის გასკდომამ - ჩემი მშობლიური სახლის ფანჯრებს... ხშირად მეზმანება თუ მესიზმრება, არც ვიცი, რა დავარქვა... ადრე, ქუთაისში რომ ვცხოვრობდი, მიწევდა სამტრედიის ხიდქვეშ, ლიანდაგების გადაჭრა, ასე გადავდიოდი სადგურიდან გუგუნავას ქუჩაზე... იქ ერთი ადგილი იყო, დაჭაობებული თითქოს... მზეც ვერ აშრობდა ხიდქვეშ... მახსოვს, იქ ვიდექი ხოლმე საათობით... ვიდრე „ლურჯა“ - ქუთაისი - წყალტუბოს მატარებელი - არ გამიწყვეტდა ხილვას... მშობლიური ზღვის სუნი ჰქონდა იმ ადგილს... ახლაც მახსოვს ეს სუნი...“

მაგრამ ყოველთვის იგრძნობთ, რას და ვის ეძღვნება ლექსი, ისე, როგორც ამ ფრაზებში:

„რაღაც შორეული მონატრებით,

რაღაც უცნაური რუდუნებით,

დგანან ქარაფებზე მონასტრები,

ცისკენ ილტვიან და... დუდუნებენ.

დამყავს გულის ჯიბით რვეულები,

დარდობს უმზეობას ბეგონია,

ჩემში - წვიმების და, ჩვეულებრივ,

შენი მონატრების სეზონია.“

სოხუმში, ზღვის სანაპიროზე ფეხადგმულს (რობერტ მესხი 1973 წლის 29 მარტს დაიბადა) ცხოვრებაში პირველი და მძიმე ნაბიჯების გადადგმა ქუთაისში მოუხდა. აქ 1993-1995 წლებში ცხოვრობდა. თსუ-ს სოხუმის ფილიალის სტუდენტმა სწავლა აქვე გააგრძელა, სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

„მყავდა დიდებული პედაგოგები, მეგობრები, მეზობლები (დღემდე დიდი სიყვარულით ვიხსენებ თითოეულ მათგანს), რამაც გადამატანინა ერთბაშად ორი „ცის ჩამოქცევა“ ჩემს ცხოვრებაში - აფხაზეთიდან წამოსვლა და დედის გარდაცვალება ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში, 1993 წლის 19 ოქტომბერს, მეათე დღეს ამ ქალაქში ჩამოსვლიდან... მერე მოხდა ისე, რომ დიპლომის ასაღებად წავედი თბილისში და დავრჩი...“ ახლაც დედაქალაქში ცხოვრობს და უკვე მეთერთმეტე წელია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს, ქართული ენათმეცნიერების განხრით. მანამ კი, 1997 - 2000 წლებში მუშაობდა გაზეთ „აფხაზეთის ხმის“ რედაქციაში. არამარტო სამსახურებრივი მოვალეობა აკავშირებს აფხაზეთთან და მშობლიურ სოხუმთან. მის პოეზიას „აფხაზური“ ზღვის სურნელი ასდის, მონატრებისა და ერთად აკინძული მოგონებების.

„ზღვა უსასრულობაა ჩემთვის... ბავშვობაა... სიყმაწვილეა... დედაა... ნოსტალგიაა...

ზღვაზე ვწერ მაშინაც, როცა არ ვწერ. ხანდახან მეჩვენება, რომ იგი ყველა ლექსში ლივლივებს, თვით ზღვის წყალი თუ არა, წყლის ზედაპირზე გადამტყდარი ათინათი მაინც... ნიჟარა, როგორც აფხაზეთში დაბრუნების სიმბოლო, დამაქვს გულით და გულში და თვითონ ვარ ნიჟარა, და ჩავალ, ასე მგონია, ვიდრე გამოვშრები, ასე ქვიშაში დაგდებული, ან ჩამიტანენ და გადამაგდებენ ზღვის წყალში ზვირთსაჭრელიდან... საოცრად მებრალება ზღვის ნაპირზე გამორიყული ნიჟარები, შემიძლია უსასრულოდ ვიარო და ვაგროვო, და ხელახლა დავუბრუნო ზღვას... ზღვის ხმის ფონზე თუ დამიწერია?.. კი, დამიწერია... „იდუმალებას მე ზღვიდან ვიღებ და ზღვაში ვძირავ“, - ამ წუთას ეს სტრიქონი მახსენდება სოხუმში, სწორედ ზღვის პირას დაწერილი ლექსიდან და შარშან ბათუმში დაწერილი ლექსიდან ეს: „მოვედი, ზღვაო, მოგიყოლე ქვეყნის მოკითხვა, - მოეფერეო, აკოცეო, - სოხუმელებმა.“

ზღვის გარდა, სიცოცხლე უყვარს, სისხლითა და თავისუფლებით სავსე... მოსწონს გულიანი ადამიანები, რადგან თვლის, რომ გული ყველაფრის ლაკმუსია, თვალებში ირეკლება ჭირშიც და  ლხინშიც... თვალებიდან გადმოდის... 

„მოხეტიალე“ პოეტს მოგზაურობა რომ უყვარდეს, რა გასაკვირი იქნება?! ფანტაზიის უნარით ათასჯერ მოვლილი სამყაროს რეალურად ხილვის სურვილი აქვს. ყველა საინტერესო ადგილი წარმოსახვის უნარით ახლოს მოაქვს, მასშტაბებს უცვლის და ტკბება ვირტუალური მოგზაურობით. კიდევ შანდლები უყვარს, სხვადასხვა ფორმისა და ზომის. ადამიანებივით სხვადასხვა წარსულისა და აწმყოს მქონენი. უნდა ერთხელაც, იმდენი შეაგროვოს, რომ მათმა ნათებამ დედამიწას ახალი მზე აჩუქოს. სიკეთისა და სიყვარულის მზე. რომლისკენაც ადრე თუ გვიან ყველა გაფრინდება, ისე როგორც სიკეთისაკენ მიფრინავს ყველა.

„დააკვირდი,

როგორ ჰგავს სარკეს დაშვებული მაღლიდან ყულფი,

როცა შიგ ზეცა ირეკლება...

მოგლიჯე და შემოაბრუნე, -

სარკეს ხშირად ფრანი სჯობია ან სულაც ბუშტი,

ადრე თუ გვიან ყველაფერი

მიფრინავს მზისკენ...“

„ადამიანი მზის ნაწილია, მზე სითბოა, სინათლეა, სიყვარულია, სინათლე და სიყვარული - უფალია და ეს ერთიანობა - მაკროსამყაროა, რომელსაც ჩვენ ვავსებთ, ვავსებთ სიკეთით... თეთრისა და შავის ჭიდილში, დღისა და ღამის ჭიდილში, კეთილისა და ბოროტის ჭიდილში ნათელი, დღე და კეთილი უპირატესია, „ბოროტსა სძლია კეთილმან“, ასეა  „ვეფხისტყაოსანში“, და სწორედ ამდენადაა მისი „არსება გრძელი“, გრძელი და დუსრულებელი!...“

სიკეთის ერთ-ერთი სახესხვაობა კი პოეზია და ზოგადად ხელოვნებაა. თვლის, რომ ლექსმა ადამიანი უნდა გაათავისუფლოს, საკუთარი თავიდან იქ უნდა გაიყვანოს, სადაც ბევრი სუფთა ჰაერი და ხასხასა ბალახია. ლექსი თავისუფლებაა და სწორედ ეს არის მისთვის პოეზიის უპირველესი ნიშანი. თავად კი ბედნიერი იქნება, თუკი მისი შემოქმედება ხელოვნების ამ დარგით დაინტერესებული ადამიანებისთვის სუნთქვას ოდნავ მაინც გააიოლებს. ჯამში, ოთხი პოეტური კრებული აქვს გამოცემული: „აპრილი უშენოდ,“ „წაშლილი ბაიათი,“ „ნიჟარები“ და „მთვარე და ქუჩა.“ კრებულებში ერთსა და იმავე ლექსს ვერ შეხვდებით, ცდილობს, ყველა განსხვავებული იყოს და საკუთარი სათქმელი მიაწვდინოს მკითხველს.

თვლის, რომ პოეტი ყოველთვის მოხეტიალეა, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, ხანდახან კი ორივეთი ერთად. „იგი ყოველთვის არღვევს ბარიერს, გადმოდის, დუღს, ვერ ისვენებს, ეძებს... თვით ადამიანის ბუნებაა ასეთი, შემოქმედის ბუნება კი - მითუმეტეს... მას უნდა ჩასწვდეს ახალს, შეუცნობელს... მიდის საკუთარი თავის ძიებისკენ, უფლის ძიებისკენ და „ხეტიალობს“... ეს ერთგვარი პროტესტია, რითაც პოეტები „გაურბიან“ დროსა და სივრცეს, თან ისე, რომ ყოველთვის  რჩებიან  მშობლიური  სიტყვის წიაღში... ეს ლოცვასავითაა... მედიტაციაა ერთგვარი... ხეტიალი, ალბათ, ისაა, რაც გაახლოებს საკუთარ თავთან და გვერდში მდგომ ადამიანებთან, მერე მთელ სამყაროსთანაც...“

ბედნიერების განცდას კიდევ ის ანიჭებს, რომ თავისუფლებითა და უფლის სიტყვით სავსე ახალგაზრდა, ქართველ, „მოხეტიალე“ პოეტებს იცნობს და მათთან ერთად სუნთქავს. „ეს საოცარი შვებაა ამ მძიმე და ხშირად ერთფეროვნებისგან გაუფერულებულ დროში... თანადგომა ყველაზე დიდი პოეზიაა... ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც!...“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2274
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია