დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზარათელი ქალბატონების ჩიჩილაკები
2011/01/20 14:09:46

თეთრი დედოფალი, ოღონდ თხილისგან გამოთლილი, ულამაზესი „კულულებით“ დამშვენებული, თავზე მწვანე სურომოხვეული, წითელი კურკანტელით გაფორმებული...  ყოველ შობა-ახალი წლისთვის ამაყად დგას ნაძვის ხის გვერდით და ხვავის, ბარაქის მოტანა შეუძლია ჩვენი ოჯახებისთვის. ყოველ შემთხვევისთვის „ძველები“ ასე ამბობენ.“

 

დიახ, ეს „ჩიჩილაკი“ გახლავთ, ვისთვის უბრალოდ ინტერიერის სადღესასწაულო სამკაული, ვისთვის - ტრადიცია, ვისთვის კი აუცილებელი ატრიბუტი ახალი წლის დღეებში. ჩიჩილაკი, ძირითადად, გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით - გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში. „ქართული ნაძვის ხე“, სხვა რიტუალური ხეების მსგავსად, სათავეს იღებს ცხოვრების ხესა და ნაყოფიერებასთან დაკავშირებული იდეებიდან.

გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლნი ნამდვილად არ დარჩებიან უკმაყოფილონი, თუკი გაიგებენ, რომ მამაპაპურ ჩიჩილაკს დღეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ზარათში, მამაკაცები კი არა, ქალბატონები თლიან. მათ ქალაქში ჩამოსატანად უკვე აქვთ გამზადებული რამდენიმე ასეული „ქართული ნაძვის ხე“.

მარინა ძოწენიძე რიტუალური ხის დამზადების პროცესს შემდეგნაირად აგვიწერს: „თხილის მასალისგან კეთდება. ეზოს თხილი არ არის ძალიან კარგი, ღელის პირას გაშენებული უფრო ვარგა, რადგან წყლიანია და ადვილად მუშავდება. როცა ღეროს მოვჭრი, ჯერ ვფხიკავ, მერე კი ვაშრობ. ძირისთვის დასადგმელად ნებისმიერი ხის მასალა შეიძლება გამოიყენო, მე თხმელას ვუკეთებ. სანამყენო დანით ბოლოდან წვეროსკენ ვიწყებ ათლას. ბურბუშელას წვეროდან ცოტა დაშორებით გავიტან და ავკეცავ. ამას ულვაშებს ვეძახით, აკეცილს შემდეგ ისევ გადმოვფენ. ჩიჩილაკი იღებს თეთრი ან ოქროსფერი ხის ფორმას. თუ სხვა საქმე არ მაქვს, ღღეში ოც ცალს ვაკეთებ.“

ქალბატონმა მარინემ ჩიჩილაკის გაკეთება მზია მაღლაფერიძისგან ისწავლა, რომელიც აი რას გვიყვება: „პირველად სოფელში მამაჩემმა დაიწყო გამოთლა, ის არასოდეს ყიდდა. გააკეთებდა და მეზობლებს ურიგებდა. მამაჩემს ხშირად ვუყურებდი და ადვილად შევძელი მისი ხელობის გაგრძელება. ჩიჩილაკი ოჯახში აუცილებლად უნდა იყოს. ხვავისა და ბარაქისთვის თავზე წითელმარცვლიან კურკანტელას და სუროს ვუკეთებთ, ეს ლამაზიც არის და უფრო ამშვენებს. ღორის თავი აუცილებელია ძველით ახალ წელს გობზე დასადებად, ხილთან ერთად ჩიჩილაკსაც ვდგამთ და სანთლებს ვანთებთ მოსალოცად. თუმცა ნელ-ნელა ეს ტრადიცია იკარგება.“

ჩიჩილაკი სარიტუალო დანიშნულების გარდა, სოფელში შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდაც ითვლება. ჩემს რესპონდენტებს უკვე დამზადებული აქვთ რამდენიმე ასეული ჩიჩილაკი და იმედი აქვთ, რომ საახალწლო ბაზრობა იქნება. მათი თქმით, შარშან კინო „საქართველოს“ წინ ყიდდნენ, წელს კი, თუ რამდენიმე დღით ადრე არ დართავენ ნებას გასაყიდად, ერთ დღეში ვეღარ მოასწრებენ ყველას გაყიდვას.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციები ჩვენს ქვეყანაში ნელ-ნელა გვავიწყდება, ჩიჩილაკი, ჯერჯერობით, ისევ პოპულარულია. არავინ იცის,  ეს მისი სილამაზის გამოა, თუ ხვავისა და ბარაქის იმედით...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4602
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია